არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს

იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს

ასწავლეთ შვილებს

იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს

რთული დრო იყო იერუსალიმში, ქალაქში, სადაც ღვთის ტაძარი იდგა. მეფე ახაზია ახალი მოკლული იყო. იმის წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა გააკეთა ათალიამ, ახაზიას დედამ. მან ახაზიას ვაჟები — თავისი შვილიშვილები — დაახოცვინა. იცი, რატომ? ~ * იმიტომ, რომ თავად ყოფილიყო მმართველი და არა რომელიმე მათგანი.

მაგრამ ათალიას ერთი შვილიშვილი, პატარა იეჰოაში გადამალეს, რის შესახებაც ბებიამისმა არაფერი იცოდა. გინდა გაიგო, როგორ გადაურჩა იეჰოაში სიკვდილს? ~ ის ღვთის ტაძარში დამალა მამიდამისმა, იეჰოშებამ, მღვდელმთავარ იეჰოიადას ცოლმა. იეჰოაში იქ უსაფრთხოდ იყო.

იეჰოაშს ექვს წელს მალავდნენ ტაძარში. იქ მან ბევრი რამ ისწავლა ღვთისა და მისი კანონების შესახებ. ბოლოს იეჰოიადამ იზრუნა, რომ შვიდი წლის იეჰოაში მეფე გამხდარიყო. იცი, როგორ გააკეთა მან ეს და რა დაემართა იეჰოაშის ბოროტ ბებიას, დედოფალ ათალიას? ~

იეჰოიადამ ჩუმად მოუხმო მცველებს, რომლებიც მეფეებს ჰყავდათ იერუსალიმში, და მოუყვა მათ, როგორ გადაარჩინეს მან და მისმა ცოლმა მეფე ახაზიას ვაჟი. შემდეგ მან იეჰოაში უჩვენა მცველებს, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ ის იყო მეფის კანონიერი მემკვიდრე. მათ გეგმა შეიმუშავეს.

იეჰოიადამ გამოიყვანა იეჰოაში და მას გვირგვინი დაადგა. ამ დროს ხალხმა ტაში შემოჰკრა და შესძახა: „იცოცხლოს მეფემ!“ მცველები გარს შემოერტყნენ იეჰოაშს. როცა ათალიას ხალხის შეძახილები შემოესმა, მან დაიყვირა, რომ შეთქმულება იყო და გაიქცა. მაგრამ იეჰოიადას ბრძანებით, ათალია დაიჭირეს და მოკლეს (2 მეფეები 11:1—16).

როგორ ფიქრობ, იეჰოაში ყოველთვის უსმენდა იეჰოიადას და სწორად იქცეოდა? ~ ის კარგად იქცეოდა, სანამ იეჰოიადა ცოცხალი იყო. იეჰოაშმა ხალხის მიერ გაღებული ფულით ტაძარი შეაკეთებინა, რომელიც იეჰოაშის მამამ ახაზიამ და პაპამ იეჰორამმა უყურადღებოდ დატოვეს. მაგრამ მოდი ვნახოთ, რა მოხდა, როცა მღვდელმთავარი იეჰოიადა მოკვდა (2 მეფეები 12:1—16).

იმ დროს იეჰოაში დაახლოებით 40 წლისა იყო. ნაცვლად იმისა, რომ მათთან გაეგრძელებინა ურთიერთობა, ვინც იეჰოვას ემსახურებოდა, იეჰოაში ცრუღმერთების თაყვანისმცემლებს დაუმეგობრდა. იმ პერიოდში იეჰოვას მღვდელი იყო იეჰოიადას ვაჟი ზაქარია. როგორ ფიქრობ, რას გააკეთებდა ზაქარია, როცა გაიგებდა, რომ იეჰოაში ცუდ საქმეებს სჩადიოდა? ~

ზაქარიამ იეჰოაშს უთხრა: „რაკი მიატოვეთ იეჰოვა, ისიც მიგატოვებთ!“ ამ სიტყვებმა ისე განარისხა იეჰოაში, რომ ზაქარიას ჩაქოლვა ბრძანა. წარმოიდგინე, იეჰოაში მკვლელისგან იხსნეს, მაგრამ მოგვიანებით თავად გასცა ზაქარიას მოკვლის ბრძანება (2 მატიანე 24:1—3, 15—22).

რის სწავლა შეგვიძლია ამ ბიბლიური მონაკვეთიდან? ~ არასოდეს უნდა დავემსგავსოთ ათალიას, რომელიც ბოროტი და სასტიკი იყო. პირიქით, როგორც იესო გვასწავლიდა, ჩვენ უნდა გვიყვარდეს თანამორწმუნეები და ჩვენი მტრებიც კი (მათე 5:44; იოანე 13:34, 35). გახსოვდეს, თუ გსურს, კარგად მოიქცე, მეგობრებად ისინი უნდა აირჩიო, ვისაც იეჰოვა უყვარს და ვინც მისდამი მსახურებაში მხარს დაგიჭერს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ის, თავისი აზრი გამოთქვას.

კითხვები:

○ ვინ იხსნა იეჰოაში მკვლელისგან და როგორ?

○ როგორ გახდა იეჰოაში კანონიერი მეფე და რომელი კარგი საქმე გააკეთა მან?

○ რატომ გადაუხვია იეჰოაშმა სწორი გზიდან და ვინ მოაკვლევინა?

○ რის სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?

[სურათი 25 გვერდზე]

იეჰოაში სიკვდილს გადაურჩა