არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთია იესო?

ღმერთია იესო?

ღმერთია იესო?

მრავალი ადამიანი სამების დოგმატს „ქრისტიანული რელიგიების მთავარ მოძღვრებად“ მიიჩნევს. ამ სწავლების თანახმად, მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და წმინდა სულიც არის ღმერთი, მაგრამ ეს სამი ერთი ღმერთია. კარდინალი ო’კონორი სამების შესახებ ამბობს: „ჩვენ ვიცით, რომ ეს ამოუხსნელი საიდუმლოა, რომლის გაგებას არც კი უნდა ვეცადოთ“. რატომ არის სამების დოგმატი ასეთი რთული ასახსნელი?

ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ამის ერთი მიზეზია მოყვანილი. მასში ნათქვამია: „ეს არ არის ბიბლიური სწავლება, რადგან არ არსებობს ისეთი მუხლები, რომლებიც სამების დოგმატს ახსნიდა“. რამდენადაც სამება „არ არის ბიბლიაზე დაფუძნებული სწავლება“, ამ სწავლების მომხრეები ყველანაირად ცდილობენ, იპოვონ ისეთი ბიბლიური მუხლები, რომლებსაც სამების დოგმატის მხარდასაჭერად გამოიყენებდნენ. ისინი ზოგჯერ მუხლებს არასწორად ხსნიან (The Illustrated Bible Dictionary).

ბიბლიური მუხლი, რომელსაც სამების მხარდასაჭერად იყენებენ

ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი, რომელსაც სამების მხარდამჭერები ხშირად არასწორად ხსნიან, არის იოანეს 1:1. „ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის“ მიერ გამოცემულ ბიბლიაში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან [ბერძნულად ტონ თეონ], და სიტყვა იყო ღმერთი [თეოს]“. ამ მუხლში გამოყენებულია ბერძნული არსებითი სახელის თეოსის (ღმერთი) ორი ფორმა. პირველ სიტყვას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი ტონ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ეხება ყოვლისშემძლე ღმერთს. მეორე სიტყვას, თეოსს კი წინ არა აქვს განსაზღვრული არტიკლი. შეცდომაა დაშვებული, რომ მეორე სიტყვას არტიკლი არ უძღვის?

იოანეს სახარება დაიწერა კოინე ანუ საერთო ბერძნულ ენაზე, რომელზეც განსაზღვრული არტიკლის გამოყენების გარკვეული წესებია შემუშავებული. ბიბლეისტი ტომას რობერტსონი ამბობს, რომ თუ შემასმენლისა და ქვემდებარის წინ არტიკლები გამოიყენება, „ორივე არტიკლი განსაზღვრულია, ერთმანეთის იდენტურია და აბსოლუტურად ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს“. ამის მაგალითად რობერტსონს მოჰყავს მათეს 13:38, სადაც ვკითხულობთ: „მინდორი [ბერძნულად ო აგროს] ქვეყნიერებაა [ბერძნულად ო კოსმოს]“. ბერძნული გრამატიკის ცოდნა გვეხმარება იმის გაგებაში, რომ სიტყვები „ქვეყნიერება“ და „მინდორი“ ერთი და იმავე მნიშვნელობას ატარებს.

მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ ქვემდებარეს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, შემასმენელს კი არა, როგორც ეს იოანეს 1:1-შია? ბიბლეისტი ჯეიმს ჰიუეტი ამ მუხლის ციტირებისას ამბობს: „ამ შემთხვევაში ქვემდებარესა და შემასმენელს არა აქვს ერთი და იგივე მნიშვნელობა. ისინი არც იდენტურია და არც სხვა სახის მსგავსებაა მათ შორის“.

ჰიუეტს ამის მაგალითად მოჰყავს 1 იოანეს 1:5, სადაც წერია: „ღმერთი სინათლეა“. ამ მუხლში სიტყვა „ღმერთს“ (ო თეოს) ბერძნულ ორიგინალში წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, სიტყვა „სინათლეს“ (ფოს) კი არა. ჰიუეტი აღნიშნავს: „შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი სინათლეა, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ სინათლე ღმერთია“. მსგავსი მაგალითი მოყვანილია იოანეს 4:24-ში — „ღმერთი სულია“ და 1 იოანეს 4:16-ში — „ღმერთი სიყვარულია“. ორივე მუხლში ქვემდებარის წინ დგას განსაზღვრული არტიკლი, მაგრამ შემასმენლების წინ არ დგას. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ამ კონტექსტში ქვემდებარესა და შემასმენელს ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ „სული ღმერთია“ ან „სიყვარული ღმერთია“.

„სიტყვა“ არ არის ღმერთი

ძველი ბერძნული ენის მრავალი სპეციალისტი და ბიბლიის მთარგმნელი აღიარებს, რომ იოანეს 1:1-ში „სიტყვის“ ვინაობაზე კი არ არის საუბარი, არამედ მის თვისებაზე. ბიბლიის მთარგმნელი უილიამ ბარკლეი ამბობს: «რამდენადაც [მოციქულმა იოანემ] სიტყვა თეოსის წინ განსაზღვრული არტიკლი არ გამოიყენა, ის განსაზღვრებაა . . . იოანე არ ამბობს, რომ „სიტყვა“ არის „ღმერთი“. მარტივად რომ ვთქვათ, მას არ უთქვამს, რომ იესო ღმერთია». რელიგიათმცოდნე ჯეისონ დეივიდ ბედუნი მსგავს აზრს გამოთქვამს: «ბერძნულში თუ სიტყვა თეოსის წინ არ გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი ისეთ წინადადებაში, როგორიცაა იოანეს 1:1გ, მკითხველი იფიქრებს, რომ აქ ნაგულისხმევია „ღვთის მსგავსი“ ანუ „ღვთაებრივი“ . . . სიტყვა თეოსთან არ გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი, ამიტომ მისი მნიშვნელობა სრულიად განსხვავდება ო თეოსისგან». შემდეგ ბედუნი დასძენს: «იოანეს 1:1-ში „სიტყვა“ არ არის ერთადერთი ღმერთი, არამედ ღვთაებრივი პიროვნებაა». პროფესორი ჯოზეფ ჰენრი ტეიერი, რომელიც ბიბლიის „ამერიკულ სტანდარტულ თარგმანზე“ მუშაობდა, ამბობს: „ლოგოსი [ანუ სიტყვა] იყო ღვთაებრივი და არა თავად ღმერთი“.

„ამოუხსნელი საიდუმლოა“, ვინ არის ერთადერთი ღმერთი? იესო ასე არ ფიქრობდა. მამისადმი ლოცვაში იესომ ნათელყო, რომ ის და მამა სხვადასხვა პიროვნებები არიან. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თუ გვწამს იესოსი და გვესმის ბიბლიური სწავლებები, სათანადო პატივს მივაგებთ მას, როგორც ღვთის ღვთაებრივ ძეს. ჩვენ აგრეთვე თაყვანს ვცემთ იეჰოვას, „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“.

[ჩანართი 19 გვერდზე]

რატომ არის სამების მოძღვრება რთული გასაგები?

[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]

იესომ ნათელყო, რომ ის და მამა სხვადასხვა პიროვნებები არიან

[ჩანართი 19 გვერდზე]

Church at Tagnon, France