არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკვდარ ენაზე შემონახული ბიბლია

მკვდარ ენაზე შემონახული ბიბლია

მკვდარ ენაზე შემონახული ბიბლია

ბოლო რამდენიმე საუკუნეში მსოფლიო ენების სულ მცირე ნახევარი აღარ გამოიყენება. ენა მაშინ კვდება, როცა ამ ენაზე აღარ მეტყველებენ. ლათინურიც „მკვდარი ენების“ ჯგუფს განეკუთვნება მიუხედავად იმისა, რომ ის ვატიკანის ოფიციალური ენაა.

ლათინური ერთ-ერთი პირველი ენა იყო, რომელზეც ბიბლიის თარგმანები გაკეთდა. შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მკითხველზე იმ ენაზე შესრულებულმა ბიბლიის თარგმანებმა, რომლებზეც აღარ მეტყველებენ? ასეთი თარგმანების ისტორიის გამოკვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.

უძველესი ლათინური თარგმანები

ლათინური პირველი ენა იყო რომში. თუმცა, როდესაც მოციქულმა პავლემ იქ მცხოვრებ ქრისტიანებს წერილი მისწერა, ის ბერძნულ ენაზე დაწერა. * ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იქ ხალხმა ორივე ენა იცოდა. რომის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩამოსული იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ერთ დროს საბერძნეთის იმპერიას ეკუთვნოდა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რომი ბერძნულენოვანი ქალაქი გახდა. რომის იმპერიის რეგიონებში ხალხი სხვადასხვა ენაზე მეტყველებდა, მაგრამ, როცა იმპერია გაიზარდა, ლათინურ ენაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობდა. სწორედ ამის გამო ითარგმნა წმინდა წერილები ბერძნულიდან ლათინურზე. როგორც ჩანს, თარგმანზე მუშაობა ახ. წ. მეორე საუკუნეში დაიწყეს ჩრდილოეთ აფრიკაში.

სხვადასხვა ტექსტები, რომლებიც იმ დროს გაკეთდა, ცნობილი გახდა „ვეტუს ლათინას“ ანუ ძველი ლათინური თარგმანის სახელით. ჩვენამდე არ მოაღწია ისეთმა უძველესმა ხელნაწერებმა, რომლებშიც შესული იქნებოდა წმინდა წერილების სრული ლათინური თარგმანი. ჩვენამდე შემონახული თარგმანების, აგრეთვე ძველი მწერლების ციტატების საფუძველზე ჩანს, რომ „ვეტუს ლათინა“ არ იყო ერთი მთლიანი ნაშრომი. როგორც ჩანს, ის რამდენიმე მთარგმნელის მიერ გაკეთდა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას მუშაობდნენ. ამგვარად, ის ბერძნული ენიდან გაკეთებული ზუსტი თარგმანების კრებული იყო.

რამდენადაც მთარგმნელები ინდივიდუალურად ცდილობდნენ თარგმანების გაკეთებას, წმინდა წერილების ზოგიერთი ნაწილის ლათინურმა თარგმანმა დაბნეულობა გამოიწვია. ახ. წ. მეოთხე საუკუნის ბოლოს ავგუსტინე ამბობდა, რომ „ყველამ, ვისაც ბერძნული ხელნაწერები ჩაუვარდა ხელში, და ვინც ფიქრობდა, რომ ცოტა მაინც ერკვეოდა ორივე ენაში, ლათინური თარგმანის გაკეთება დაიწყო“. ავგუსტინე და მისი თანამედროვეები ფიქრობდნენ, რომ ძალიან ბევრი თარგმანი იყო ხელმისაწვდომი და მათ სიზუსტეში ეჭვი ეპარებოდათ.

იერონიმეს თარგმანი

იერონიმე, რომელიც ახ. წ. 382 წელს პაპ დამასუს I-ის მდივანი იყო, შეეცადა ბევრი თარგმანით გამოწვეული დაბნეულობისთვის წერტილი დაესვა. პაპმა იერონიმეს დაავალა, გადაემუშავებინა ლათინურ ენაზე ნათარგმნი სახარებების ტექსტები. იერონიმემ ამ საქმეს რამდენიმე წელიწადში გაართვა თავი. შემდეგ მან ლათინურ ენაზე ნათარგმნ ბიბლიის სხვა წიგნებზეც დაიწყო მუშაობა.

იერონიმეს თარგმანს, რომელიც მოგვიანებით ვულგატის სახელით გახდა ცნობილი, საფუძვლად სხვადასხვა წყარო უდევს. იერონიმემ ფსალმუნების თარგმანი დააფუძნა სეპტუაგინტაზე ანუ ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანზე, რომლის გაკეთებაც ძვ. წ. მეორე საუკუნეში დასრულდა. მან აგრეთვე შესწორებები შეიტანა სახარებების თარგმანებში. გარდა ამისა, იერონიმემ ებრაული წერილების დიდი ნაწილი ორიგინალიდან, ებრაული ენიდან თარგმნა. წმინდა წერილების სხვა ნაწილების თარგმანები, როგორც ჩანს, სხვებმა გადაამუშავეს. „ვეტუს ლათინაც“, საბოლოოდ, იერონიმეს ვულგატასთან გააერთიანეს.

იერონიმეს ნამუშევარმა თავიდან დიდი მოწონება არ დაიმსახურა; მას ავგუსტინეც კი აკრიტიკებდა. მაგრამ მოგვიანებით ის ყველაზე კარგ, ერთტომიან ნამუშევრად აღიარეს. VIII და IX საუკუნეებში სწავლულებმა, ალკუინმა და თეოდულფმა, იერონიმეს ნამუშევარში შეასწორეს გრამატიკული და აზრობრივი შეცდომები, რომლებიც ლათინური ვულგატის რამდენჯერმე გადაწერის დროს გაიპარა. სხვებმა ტექსტი თავებად დაყვეს, რომ ადვილი ყოფილიყო საჭირო ადგილების მოძებნა. როდესაც საბეჭდი დაზგა გამოიგონეს, იერონიმეს ბიბლია პირველი იყო, რომელიც ამ დაზგაზე დაბეჭდეს.

1546 წელს ტრიენტის საეკლესიო კრებაზე კათოლიკურმა ეკლესიამ იერონიმეს თარგმანს „ვულგატა“ უწოდა. კრებამ ეს ბიბლია „სარწმუნოდ“ აღიარა და ის კათოლიციზმის ძირითად სახელმძღვანელოდ გამოაცხადა. ამასთანავე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს თარგმანი ხელახლა გადაემუშავებინათ. ამისთვის შექმნეს სპეციალური კომიტეტი, მაგრამ პაპმა სიქსტუს V-მ, რომელიც მოუთმენლად ელოდა ამ ნაშრომის დასრულებას და, როგორც ჩანს, საკუთარ შესაძლებლობებშიც მეტისმეტად დარწმუნებული იყო, გადაწყვიტა, თავად დაესრულებინა ეს საქმე. ამ გადამუშავებული ვერსიის ბეჭდვა ახალი დაწყებული იყო, როცა 1590 წელს პაპი გარდაიცვალა. კარდინალებმა მაშინვე შეაჩერეს თარგმანის ბეჭდვა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის შეცდომებით იყო სავსე.

ამ თარგმანის ახალი ვერსია გამოიცა 1592 წელს პაპ კლემენტ VIII-ის ხელმძღვანელობით და „სიქსტესა და კლემენტის“ თარგმანის სახელწოდებით გახდა ცნობილი. ის დიდი ხნის მანძილზე კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური სახელმძღვანელო იყო. „სიქსტესა და კლემენტის ვულგატა“ ასევე საფუძვლად დაედო სხვა კათოლიკური ქვეყნების ენებზე შესრულებულ თარგმანებს, მაგალითად ანტონიო მარტინის თარგმანს იტალიურ ენაზე, რომელიც მან 1781 წელს დაასრულა.

თანამედროვე ბიბლია ლათინურ ენაზე

მე-20 საუკუნეში იერონიმეს ვულგატის შემოწმებამ ნათელი გახადა, რომ, როგორც სხვა, ისე ამ თარგმანსაც გადამუშავება სჭირდებოდა. ამ მიზნით 1965 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა „ახალი ვულგატის ჯგუფი“, რომელსაც ლათინური თარგმანის გადამუშავება დაევალა. ბიბლიის თარგმანის ეს ახალი ვერსია კათოლიკებს რელიგიური მსახურების ლათინურ ენაზე ჩატარების დროს უნდა გამოეყენებინათ.

ახალი თარგმანის პირველი ნაწილი გამოიცა 1969 წელს და 1979 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ მოიწონა „ნოვა ვულგატა“. ბიბლიის ამ ლათინური გამოცემის სხვადასხვა მუხლში გამოყენებული იყო ღვთის სახელი იეჰოვა, მათ შორის გამოსვლის 3:15-სა და 6:3-ში. 1986 წელს, როდესაც მეორე ოფიციალური ვერსია გამოიცა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სიტყვების თანახმად, «ინანეს, რომ ვულგატაში ღვთის სახელი ჩაწერეს. ამიტომ თავიანთი „დანაშაული“ იმით მოინანიეს, რომ ახალ გამოცემაში „იეჰოვას“ ნაცვლად „დომინუსი“ [უფალი] გამოიყენეს».

„ნოვა ვულგატასაც“ გამოუჩნდნენ კრიტიკოსები ისევე, როგორც საუკუნეების წინ აკრიტიკებდნენ იერონიმეს ვულგატას; ამ ახალმა თარგმანმა ვერც კათოლიკე სწავლულების მოწონება დაიმსახურა. მართალია, თავიდან ეგონათ, რომ თარგმანი გააერთიანებდა მრავალ ქრისტიანულ რელიგიას, ბევრს მაინც მიაჩნდა, რომ მთარგმნელები საერთო აზრამდე ვერ მივიდოდნენ, რადგან სხვა ენებზე ბიბლიის ახალი თარგმანები მის საფუძველზე უნდა შესრულებულიყო. გერმანიაში ხანგრძლივად მიმდინარეობდა დავა პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის „ნოვა ვულგატადან“ ორივესთვის მისაღები თარგმანის გასაკეთებლად. პროტესტანტები ადანაშაულებდნენ კათოლიკებს, რომ მათი თარგმანი „ნოვა ვულგატადან“ სიტყვასიტყვით იყო გაკეთებული.

თუმცა ლათინური ენა ფართოდ აღარ გამოიყენება, ლათინურმა ბიბლიამ პირდაპირ თუ ირიბად დიდი გავლენა მოახდინა მილიონობით მკითხველზე. მისი მეშვეობით მრავალ ენაში ბევრი რელიგიური ტერმინი დამკვიდრდა. რომელ ენაზეც არ უნდა იყოს გამოცემული, ღვთის სიტყვა კვლავაც მოქმედია და ცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებას, რომლებიც ცდილობენ ბიბლიაში ჩაწერილი სწავლებების თანახმად მოიქცნენ (ებრაელები 4:12).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მეტი ინფორმაციისთვის, თუ რატომ დაიწერა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ბერძნულ ენაზე, იხილეთ რუბრიკა „იცოდით თუ არა?“ გვერდი 13.

[ჩანართი 23 გვერდზე]

პაპმა იოანე პავლე II-მ მოიწონა „ნოვა ვულგატა“. ბიბლიის ამ გამოცემის პირველ ნაწილში გამოყენებული იყო ღვთის სახელი „იეჰოვა“

[ჩარჩო 21 გვერდზე]

თარგმანების მეშვეობით დამკვიდრებული სიტყვები

ბერძნულიდან ნათარგმნი „ვეტუს ლათინა“ შეიცავს უამრავ სიტყვას, რომლებიც სხვადასხვა ენაში დამკვიდრდა. ერთ-ერთი მათგანია სიტყვა „დიათეკე“, რომელიც „შეთანხმებად“ ან „აღთქმად“ ითარგმნება (2 კორინთელები 3:14). შესაბამისად, უამრავი ადამიანი დღემდე ებრაულ და ბერძნულ წერილებს ძველ და ახალ აღთქმას უწოდებს.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

სახელმძღვანელოს გარშემო გამართული დებატები

2001 წელს, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, ვატიკანის კრებამ ღვთისმსახურებასა და ზიარების საიდუმლოებებთან დაკავშირებით გამოსცა სახელმძღვანელო „ჭეშმარიტი ლიტურგია“. ეს სახელმძღვანელო ბევრმა კათოლიკე სწავლულმა გააკრიტიკა.

ამ სახელმძღვანელოს თანახმად, ვინაიდან „ნოვა ვულგატა“ კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური გამოცემა იყო, ის საფუძვლად უნდა დასდებოდა ყველა სხვა თარგმანს, თუნდაც ისინი ორიგინალებისგან განსხვავებული ყოფილიყო. კათოლიკური ეკლესია მხოლოდ ამ შემთხვევაში აღიარებდა ბიბლიის ახალ თარგმანს. სახელმძღვანელოში ასევე ნათქვამია, რომ კათოლიკურ თარგმანებში «ყოვლისშემძლე ღვთის სახელი, ებრაული ტეტრაგრამატონით (ჲჰვჰ), ნებისმიერ თარგმანში უნდა გადმოვიდეს მისი ეკვივალენტით „დომინუსით“ ანუ „უფლით“ ისევე, როგორც „ნოვა ვულგატას“ მეორე გამოცემაშია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გამოცემაში იაჰვე წერია». *

[სქოლიო]

[სურათი 22 გვერდზე]

ლათინური ბიბლის ალკუნისეული ვერსია, ახ. წ. 800 წელი

[საავტორო უფლება]

From Paléographìe latine, by F. Steffens (www.archivi.beniculturali.it)

[სურათები 22 გვერდზე]

„სიქსტესა და კლემენტის ვულგატა“, 1592 წელი

[სურათები 23 გვერდზე]

გამოსვლის 3:15, „ნოვა ვულგატა“, 1979 წელი

[საავტორო უფლება]

© 2008 Libreria Editrice Vaticana