არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ, რადგან „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“

ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ, რადგან „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“

ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ, რადგან „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“

„ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“ (ებრ. 6:1).

1, 2. რისი საშუალება მიეცათ იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრებ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?

ერთხელ იესოს მოწაფეებმა ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ იესომ იწინასწარმეტყველა იმ ნიშნის შესახებ, რომელიც თავდაპირველად შესრულდა პირველ საუკუნეში. მან მოიხსენია ის უჩვეულო მოვლენები, რომლებიც მოახლოებული აღსასრულის მოსვლას მოასწავებდა. ამ ნიშნის დანახვაზე ‘იუდეაში მყოფნი მთებში უნდა გაქცეულიყვნენ’ (მათ. 24:1—3, 15—22). ამოიცნობდნენ იესოს მოწაფეები ამ ნიშანს და მოიქცეოდნენ მისი მითითებებისამებრ?

2 დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ, ახ. წ. 61 წელს პავლე მოციქულმა საკმაოდ პირდაპირი და გამომაფხიზლებელი წერილი მისწერა იერუსალიმსა და მის მიდამოებში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს. მაშინ არც პავლემ და არც მისმა თანამსახურებმა არ იცოდნენ, რომ „დიდი გასაჭირის“ ნიშნები სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდებოდა (მათ. 24:21). ახ. წ. 66 წელს ცესტიუს გალუსის ჯარებს ის-ის იყო იერუსალიმზე იერიში უნდა მიეტანათ, რომ მოულოდნელად უკან დაიხიეს, რითაც ქრისტიანებს უსაფრთხო ადგილას გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ.

3. რისკენ მოუწოდა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს და რატომ?

3 ამ ქრისტიანებს გამჭრიახობა და სულიერი ხედვა უნდა ჰქონოდათ, რომ ამოეცნოთ ნიშანი და გაქცეულიყვნენ იერუსალიმიდან და იუდეიდან. მაგრამ ზოგი ‘ყურმძიმე გახდა’. მათ, როგორც სულიერად ჩვილებს, რძე ესაჭიროებოდათ (წაიკითხეთ ებრაელების 5:11—13). კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ჭეშმარიტების გზით დადიოდნენ, მაგრამ შეიმჩნეოდა, რომ ისინი ‘ცოცხალ ღმერთს შორდებოდნენ’ (ებრ. 3:12). ზოგს ჩვევად ჰქონდა ქრისტიანული შეხვედრების გაცდენა, მაშინ როცა უბედურების დღე ახლოვდებოდა (ებრ. 10:24, 25). პავლემ დროულად მოუწოდა მათ შემდეგი სიტყვებით: „ამიტომ, რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისები, ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“ (ებრ. 6:1).

4. რატომ არის სულიერი სიფხიზლე აუცილებელი და რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში?

4 დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა იესოს წინასწარმეტყველება საბოლოოდ შესრულდება. „იეჰოვას დიდი დღე“, ანუ ის დღე, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებს სატანის ქვეყნიერებას, „ახლოს არის“ (სოფ. 1:14). დღეს ისე, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ გამჭრიახები და ვიფხიზლოთ (1 პეტ. 5:8). ვართ გამჭრიახები და ვფხიზლობთ? სულიერი მოწიფულობა დაგვეხმარება, რომ არასდროს დავივიწყოთ, რა დროში ვცხოვრობთ.

რას ნიშნავს სულიერი მოწიფულობა?

5, 6. ა) რას ნიშნავს სულიერი მოწიფულობა? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, სულიერად მოწიფულები რომ გავხდეთ?

5 პავლე მოციქულმა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს არა მხოლოდ მოწიფულობისკენ მოუწოდა, არამედ მისი მნიშვნელობაც განუმარტა (წაიკითხეთ ებრაელების 5:14 ). მოწიფული ადამიანი არ კმაყოფილდება მხოლოდ „რძით“. ის „მაგარი საჭმლითაც“ იკვებება; აქედან გამომდინარე, მან იცის როგორც ჭეშმარიტების საფუძვლები, ისე მისი სიღრმეები (1 კორ. 2:10). გარდა ამისა, სულიერად მოწიფულ ადამიანს აღქმის უნარი აქვს გაწაფული იმის გამოყენებით, რაც იცის, რათა კარგი და ცუდი ერთმანეთისგან გაარჩიოს. როცა გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგას, გაწაფული აღქმის უნარი ეხმარება, დაინახოს, რომელი ბიბლიური პრინციპი გამოიყენოს და როგორ მოიქცეს.

6 პავლემ დაწერა: „საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრ. 2:1). გზას შეიძლება ისე ავცდეთ, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწროთ. ეს არ მოხდება, თუ ‘განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ’ იმას, რასაც ვსწავლობთ. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: მხოლოდ ჭეშმარიტების საფუძვლების ცოდნით ვკმაყოფილდები? მექანიკურად და უგულისყუროდ ხომ არ ვკითხულობ ღვთის სიტყვას? რა არის საჭირო ნამდვილი სულიერი პროგრესისთვის? სულიერად მოწიფულები რომ გავხდეთ, სულ მცირე, ორი რამ უნდა გავაკეთოთ დიდი მონდომებით: კარგად გავეცნოთ ღვთის სიტყვას და ვისწავლოთ მორჩილება.

კარგად გაეცანით ღვთის სიტყვას

7. რაში დაგვეხმარება ღვთის სიტყვის უკეთ გაცნობა?

7 „ყოველი, ვინც რძით იკვებება, არ გასცნობია სიმართლის სიტყვას, რადგან ჩვილია“, — ამბობდა პავლე (ებრ. 5:13). სულიერი მოწიფულობისთვის საჭიროა, კარგად გავეცნოთ ღვთის სიტყვას. ვინაიდან მისი სიტყვა ბიბლიაა, ბიბლიასა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებს გულმოდგინედ უნდა ვსწავლობდეთ (მათ. 24:45—47). ასეთი სახით გავეცნობით, რას ფიქრობს ღმერთი ამა თუ იმ საკითხზე; ეს კი თავის მხრივ აღქმის უნარის გაწაფვაში დაგვეხმარება. აი, რას ამბობს და ორქიდი *: „ბიბლიის რეგულარული კითხვის შესახებ რჩევის გათვალისწინებამ ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ბიბლიის მთლიანად წაკითხვას ორი წელიწადი მოვანდომე და ისეთი განცდა მქონდა, რომ შემოქმედი პირველად გავიცანი. მის შესახებ ბევრი გავიგე: რა მოსწონს და რა — არა, რაოდენ დიდ ძალასა და სიბრძნეს ფლობს. ბიბლიის ყოველდღიურმა კითხვამ ურთულესი მომენტები გადამატანინა ცხოვრებაში“.

8. რა გავლენას ახდენს ღვთის სიტყვა ჩვენზე?

8 თუ ბიბლიას რეგულარულად ვკითხულობთ, მოქმედებს ჩვენზე და ‘სულს აღწევს’ (წაიკითხეთ ებრაელების 4:12). ამის წყალობით იეჰოვასთვის სასურველ პიროვნებად ვყალიბდებით. ამიტომ, უფრო მეტი დრო ხომ არ დაგეთმოთ ბიბლიის კითხვისა და წაკითხულზე ფიქრისთვის?

9, 10. რას გულისხმობს ღვთის სიტყვის ცოდნა? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ბიბლიის გაცნობა მხოლოდ მისი შინაარსის ცოდნას არ გულისხმობს. პავლეს დროს იყვნენ სულიერად ჩვილები, რომლებიც ზედაპირულად იცნობდნენ ღვთის სიტყვას. მაგრამ იმის გამო, რომ ნასწავლს არ იყენებდნენ, მისი ფასი არ იცოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ იცნობდნენ ღვთის სიტყვას, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისას მისით არ ხელმძღვანელობდნენ.

10 ღვთის სიტყვის ცოდნა ნიშნავს, ვიცოდეთ, რა წერია მასში და ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებდეთ. ამის კარგ მაგალითს გვაძლევს კაილი, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა თანამშრომელთან. რა გააკეთა მან უთანხმოების მოსაგვარებლად? ის ყვება: «პირველი, რაც გამახსენდა, რომაელების 12:18 იყო, სადაც წერია: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“. ამიტომ ვთხოვე თანამშრომელს, სამუშაოს შემდეგ შემხვედროდა». ამ შეხვედრამ კარგი ნაყოფი გამოიღო. თანამშრომელი გაკვირვებული დარჩა კაილის მიდგომით. „დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიური პრინციპებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, — ამბობს კაილი.

ისწავლეთ მორჩილება

11. საიდან ჩანს, რომ მორჩილება ადვილი არ არის, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში?

11 ცოდნის გამოყენება ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში. მაგალითად, მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელის ძეები ეგვიპტელთა მონობიდან იხსნა დიდი დრო არ იყო გასული, რომ ‘ხალხმა დავა დაუწყო მოსეს და სცდიდა იეჰოვას’. ისრაელები ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ წყალი არ ჰქონდათ (გამ. 17:1—4). ორი თვეც არ იყო გასული, რაც ღმერთთან შეთანხმება დადეს და განაცხადეს, რომ ‘იეჰოვას ყველა სიტყვას შეასრულებდნენ’, მაგრამ კერპთაყვანისმცემლობა დაიწყეს (გამ. 24:3, 12—18; 32:1, 2, 7—9). მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ მოსე დაყოვნდა ხორების მთაზე და შეეშინდათ? ან ხომ არ იფიქრეს, რომ ამალეკელები კვლავ დაესხმოდნენ თავს, მოსეს გარეშე კი, რომელმაც მანამდე იეჰოვას დახმარებით ამალეკელებზე გაამარჯვებინა, ვერაფერს გახდებოდნენ? (გამ. 17:8—16). შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ფაქტია, რომ ისრაელები ‘არ დაემორჩილნენ’ ღმერთს (საქ. 7:39—41). პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ‘ყველანაირად ეცადათ, არ მიებაძათ ისრაელების ურჩობის მაგალითისთვის’, რომლებსაც აღთქმულ მიწაზე შესვლის შეეშინდათ (ებრ. 4:3, 11).

12. როგორ ისწავლა იესომ მორჩილება და რა მიიღო სანაცვლოდ?

12 მოწიფულები რომ გავხდეთ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, დავემორჩილოთ იეჰოვას. ხშირად ადამიანი მორჩილებას ცხოვრებაში გადატანილი ტანჯვით სწავლობს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც იესო ქრისტეა (წაიკითხეთ ებრაელების 5:8, 9). ზეცაში იესო თავისი მამის მორჩილი იყო, მაგრამ მამის ნება დედამიწაზე რომ შეესრულებინა, ფიზიკური და ემოციური ტკივილი უნდა აეტანა. უკიდურესი განსაცდელის დროს მორჩილებით იესო „სრულყოფილი გახდა“ და მზად იყო ახალი დავალების შესასრულებლად; იეჰოვამ ის ღირსად ჩათვალა, რომ გამხდარიყო მეფე და მღვდელმთავარი.

13. რა ცხადყოფს, ვისწავლეთ თუ არა მორჩილება?

13 რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? ვცდილობთ დავემორჩილოთ იეჰოვას განსაცდელების დროსაც კი? (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:6, 7 ). რაც შეეხება ზნეობას, პატიოსნებას, ენის მართებულად გამოყენებას, ბიბლიის კითხვასა და პირად შესწავლას, კრების შეხვედრებზე დასწრებასა თუ ქადაგებაში მონაწილეობას, ღვთის რჩევები სავსებით ნათელია (იეს. 1:8; მათ. 28:19, 20; ეფეს. 4:25, 28, 29; 5:3—5; ებრ. 10:24, 25). ვემორჩილებით იეჰოვას და ვითვალისწინებთ ამ საკითხებში იეჰოვას რჩევებს, მაშინ როცა პრობლემები გვაქვს? თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწიფულობისკენ ვისწრაფვით.

რატომ არის საჭირო სულიერი მოწიფულობა?

14. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია მოწიფულობისკენ სწრაფვას ქრისტიანის დაცვა.

14 ქრისტიანი, რომელსაც აღქმის უნარი გაწაფული აქვს კარგისა და ცუდის გასარჩევად, დაცულია ‘ყველანაირად ზნედაცემულ’ ქვეყნიერებაში (ეფეს. 4:19). მაგალითად, ჯეიმზი, რომელიც აფასებს და რეგულარულად კითხულობს ბიბლიურ ლიტერატურას, მუშაობდა ისეთ სამსახურში, სადაც ყველა მისი თანამშრომელი ქალი იყო. ის იხსენებს: «თანამშრომლების უმეტესობა უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ იყო ერთი, რომელიც თავშეკავებული ჩანდა და ბიბლიური ჭეშმარიტების მიმართაც ავლენდა ინტერესს. ერთხელ, როცა ოთახში მარტონი ვიყავით, მოულოდნელად ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო. ჯერ ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი, მაგრამ შევცდი. მისი შეჩერება ძალიან გამიჭირდა. იმ წუთებში „საგუშაგო კოშკიდან“ გამახსენდა ერთი ძმის შემთხვევა, რომელიც სამსახურში მსგავსი ცდუნების წინაშე აღმოჩნდა. ამავე სტატიაში იოსებისა და ფოტიფარის ცოლის შემთხვევა განიხილებოდა. * მე მყისვე მოვიშორე თავიდან და ისიც გამეცალა» (დაბ. 39:7—12). ჯეიმზი ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ არაფერი მოხდა და სუფთა სინდისი შეინარჩუნა (1 ტიმ. 1:5).

15. როგორ განამტკიცებს ჩვენს სიმბოლურ გულს მოწიფულობისკენ სწრაფვა?

15 მოწიფულობა ჩვენს სიმბოლურ გულსაც განამტკიცებს და გვიცავს იმისგან, რომ არ ‘გაგვიტაცოს სხვადასხვა, უცხო სწავლებამ’ (წაიკითხეთ ებრაელების 13:9). როდესაც ვცდილობთ სულიერად გავიზარდოთ, ჩვენი გონება მეტად არის კონცენტრირებული იმაზე, რაც „უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:9, 10). შედეგად მადლიერების გრძნობა ყველაფრისთვის, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა, უფრო გაიზრდება (რომ. 3:24). ‘აზროვნებით ზრდადასრულებული’ ქრისტიანი მადლიერების გრძნობით არის აღვსილი და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა აქვს (1 კორ. 14:20).

16. რა დაეხმარა ერთ ქრისტიან დას ‘გულის განმტკიცებაში’?

16 ქრისტიანი და, ლუიზა აღიარებს, რომ მონათვლის შემდეგ გარკვეული დრო სხვების მოსაჩვენებლად მსახურობდა. ის ამბობს: „ცუდს არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ გული მსახურებისკენ არ მეწეოდა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეღონა, თუ მსურდა, იეჰოვასთვის საუკეთესო გამეღო. მთელი გულით უნდა მემსახურა ღვთისთვის“. დიდი ძალისხმევის შედეგად ლუიზამ ‘განიმტკიცა გული’, რაც განსაკუთრებით მაშინ დაეხმარა, როცა ჯანმრთელობა შეერყა (იაკ. 5:8). ის დასძენს: „ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ იეჰოვასთან სიახლოვე მაძლიერებდა“.

„გულით დაემორჩილეთ“

17. რატომ აღმოჩნდა მორჩილება პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

17 პავლეს რჩევის გათვალისწინებამ, რომ ‘ესწრაფათ მოწიფულობისკენ’, იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები პირველი საუკუნის ქრისტიანები სიკვდილს გადაარჩინა. ისინი, ვინც გამოეხმაურა ამ მოწოდებას, გამჭრიახები იყვნენ, რაც იმაში გამოვლინდა, რომ ამოიცნეს იესოს მიერ მოხსენიებული ნიშანი და „მთებში გაიქცნენ“. როცა დაინახეს, რომ „გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე“ იდგა, კერძოდ, რომაელების ჯარები გარს შემოერტყა იერუსალიმს, მიხვდნენ, რომ გაქცევის დრო იყო (მათ. 24:15, 16). ქრისტიანებმა იერუსალიმი მის განადგურებამდე დატოვეს და, როგორც საეკლესიო მწერალი და ისტორიკოსი ევსები ამბობს, გალაადის მთაგორიან მხარეში მდებარე ქალაქ პელაში დასახლდნენ. ვინც ასე მოიქცა, გადაურჩა იერუსალიმის ისტორიაში მომხდარ უდიდეს საშინელებას.

18, 19. ა) რატომ არის მორჩილება უაღრესად მნიშვნელოვანი დღეს? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

18 მორჩილება, რომელსაც ქრისტიანი მოწიფულობისკენ სწრაფვით სწავლობს, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, როცა იესოს წინასწარმეტყველება „დიდ გასაჭირზე“ მსოფლიო მასშტაბით შესრულდება (მათ. 24:21). დავემორჩილებით ნებისმიერ გადაუდებელ მითითებას, რომელსაც მომავალში „ერთგული მმართველი“ მოგვცემს? (ლუკ. 12:42). რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ‘გულით მორჩილება’! (რომ. 6:17)

19 სულიერი მოწიფულობისთვის აუცილებელია აღქმის უნარის გაწაფვა. როგორც დავინახეთ, ამისათვის კარგად უნდა გავეცნოთ ღვთის სიტყვას და ვისწავლოთ მორჩილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის რთული. შემდეგი სტატია განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს სირთულეების გადალახვა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 14 იხილეთ 1999 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „მტკიცენი ცოდვის ჩადენაზე უარის სათქმელად“.

რა ვისწავლეთ?

• რა არის სულიერი მოწიფულობა და როგორ შეგვიძლია მისკენ სწრაფვა?

• როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვასთან გაცნობა მოწიფულობისკენ სწრაფვაში?

• როგორ ვსწავლობთ მორჩილებას?

• რატომ არის აუცილებელი სულიერი მოწიფულობა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

ბიბლიური რჩევების გამოყენება დაგვეხმარება, პრობლემები ისე მოვაგვაროთ, როგორც მოწიფულ ქრისტიანებს შეშვენით

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

იესოს რჩევის გათვალისწინებამ პირველი საუკუნის ქრისტიანები სიკვდილს გადაარჩინა