არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა გავყვეთ ქრისტეს?

რატომ უნდა გავყვეთ ქრისტეს?

რატომ უნდა გავყვეთ ქრისტეს?

„თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი . . . და გამომყვეს“ (ლუკ. 9:23).

1, 2. რამდენად მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, თუ რატომ უნდა გავყვეთ ქრისტეს?

წარმოიდგინეთ, როგორ უხარია იეჰოვას, როცა თავის მიწიერ მსახურებს შორის ხედავს ახალ დაინტერესებულებს და ახალგაზრდებს! თუ სწავლობთ ბიბლიას, რეგულარულად ესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს და ღვთის სიტყვის შესახებ ცოდნას იღრმავებთ, უნდა დაუფიქრდეთ იესოს შემდეგ სიტყვებს: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (ლუკ. 9:23). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო ამბობს, რომ უნდა გვსურდეს საკუთარი თავის უარყოფა და მისი მიმდევრობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, თუ რატომ უნდა გავყვეთ ქრისტეს (მათ. 16:13—16).

2 რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც უკვე მიჰყვება იესო ქრისტეს კვალდაკვალ? ბიბლია მოუწოდებს მათ, რომ ‘ეს უფრო სრულად აკეთონ’ (1 თეს. 4:1, 2). ახლახან გავხდით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თუ ათწლეულების წინ, იმ მიზეზებზე ფიქრი, რის გამოც ქრისტეს გავყევით, დაგვეხმარება, რომ გავითვალისწინოთ პავლეს რჩევა და ვეცადოთ, რაც შეიძლება კარგად მივბაძოთ იესოს ცხოვრების ყველა სფეროში. ახლა განვიხილოთ ხუთი მიზეზი, რატომ უნდა გვსურდეს ქრისტეს მიმდევრობა.

უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას

3. რომელი ორი საშუალებით გავიცნობთ იეჰოვას?

3 პავლე, როცა ათენელებს მიმართავდა, „არეოპაგის შუაში დადგა“ და თქვა: „[ღმერთმა ადამიანებს] დაუნიშნა დროები და დაუდო საზღვრები, რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:22, 26, 27). ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ ღმერთი და კარგად გავიცნოთ ის. მაგალითად, ღვთის შემოქმედებიდან კარგად ვხედავთ, რა თვისებები და შესაძლებლობები აქვს ღმერთს. შემოქმედის ხელთა ქმნილებაზე დაკვირვებით ბევრს ვსწავლობთ თავად მასზე (რომ. 1:20). იეჰოვა აგრეთვე უფრო კარგად გვაცნობს საკუთარ თავს თავის სიტყვაში, ბიბლიაში (2 ტიმ. 3:16, 17). რაც უფრო ბევრს ‘ვიფიქრებთ მის ნამოქმედარზე და მის საქმეებს ჩავუკვირდებით’, მით უფრო კარგად გავიცნობთ იეჰოვას (ფსალმ. 77:12).

4. როგორ გვეხმარება იესოს მიბაძვა ღმერთთან დაახლოებაში?

4 იეჰოვას რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ, ყველაზე საუკეთესო საშუალებაა გავყვეთ ქრისტეს ნაკვალევს. მხოლოდ დაფიქრდით იმ დიდებაზე, რომელიც იესოს „ქვეყნიერების შექმნამდე“ მამის გვერდით ყოფნისას ჰქონდა! (იოან. 17:5). ის იყო „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხ. 3:14). იესო, როგორც „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, დიდი ხნის მანძილზე თავის მამასთან, იეჰოვასთან იყო. სანამ დედამიწას მოევლინებოდა, ის მხოლოდ მამის გვერდით კი არ იყო, არამედ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოვლისშემძლე ღმერთთან და სიხარულით თანამშრომლობდა მასთან. არავის არასდროს ჰქონია ერთმანეთთან ასეთი ახლო ურთიერთობა, როგორც იეჰოვასა და იესოს ჰქონდათ. იესო არა მარტო აკვირდებოდა მამამისის საქმეებს და ხედავდა მის გრძნობებსა და თვისებებს, არამედ კარგად ითავისებდა და აკეთებდა ყველაფერს, რასაც მამისგან სწავლობდა. ამის წყალობით, მორჩილი ძე მამის მსგავსი გახდა. ეს მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ბიბლიაში იესოს „უხილავი ღვთის ანარეკლი“ ეწოდება (კოლ. 1:15). რაც უფრო ზუსტად მივყვებით იესოს ნაკვალევს, მით უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას.

უფრო მეტად მივბაძოთ იეჰოვას

5. რა დაგვეხმარება, უფრო მეტად მივბაძოთ იეჰოვას, და რატომ?

5 ჩვენ ‘ღვთის ანარეკლად, მის მსგავსებად ვართ შექმნილნი’, ამიტომ ძალგვიძს ღვთიური თვისებების გამოვლენა (დაბ. 1:26). პავლე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1). თუ ქრისტეს გავყვებით, გაგვიადვილდება ჩვენი ზეციერი მამის მიბაძვა. იესოზე უკეთ არავის მიუბაძავს იეჰოვასთვის — იესოს ისეთივე აზროვნება, გრძნობები და თვისებები ჰქონდა, როგორიც მამას, ამიტომ მასზე უკეთ ვერავინ გაგვაცნობს იეჰოვას. დედამიწაზე იესომ არა მხოლოდ გააცხადა იეჰოვას სახელი, არამედ დაანახვა კიდეც ხალხს, თუ ვინ იდგა ამ სახელის მიღმა (წაიკითხეთ მათეს 11:27). ეს კარგად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან, საქმეებიდან, სწავლებიდან და მაგალითიდან.

6. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ იესოს სწავლებებიდან?

6 იესოს სწავლებებიდან ჩანს, თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან და რას გრძნობს თავისი თაყვანისმცემლების მიმართ (მათ. 22:36—40; ლუკ. 12:6, 7; 15:4—7). მაგალითად, მას შემდეგ, რაც ათი მცნებიდან ერთ-ერთი მოიხსენია, კერძოდ, „არ იმრუშო“, იესომ ღვთის თვალსაზრისი დაგვანახვა იმაზე, თუ რა ხდება ადამიანის გულში ამ ცოდვის ჩადენამდე დიდი ხნით ადრე. მან ხაზგასმით თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (გამ. 20:14; მათ. 5:27, 28). გარდა ამისა, როცა ფარისევლების ინტერპრეტაცია მოისმინა მოსეს კანონში ჩაწერილ სიტყვებზე — „მოყვასი გვიყვარდეს და მტერი გძულდეს“, იესომ შემდეგი სიტყვებით დაანახვა მათ, თუ რას ფიქრობს ღმერთი: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:43, 44; გამ. 23:4; ლევ. 19:18). თუ გვეცოდინება, რას ფიქრობს ღმერთი ამა თუ იმ საკითხზე, რას გრძნობს და რას მოითხოვს ჩვენგან, უფრო მეტად მივბაძავთ მას.

7, 8. როგორ გაგვაცნო იესომ თავისი მამა?

7 იესომ თავისი ცხოვრებით დაგვანახვა, თუ როგორია სინამდვილეში მამა. სახარებებში აღწერილია, თუ როგორ თანაუგრძნობდა იესო გაჭირვებულებს, ტანჯულებს, აგრეთვე ის, თუ როგორ გაკიცხა მოწაფეები იმის გამო, რომ ხალხს მასთან ბავშვების მიყვანა დაუშალეს. განა ეს იეჰოვას სათუთ გრძნობებზე არ მეტყველებს?! (მარ. 1:40—42; 10:13, 14; იოან. 11:32—35). ახლა დავფიქრდეთ, როგორ გამოვლინდა იესოს საქციელში ღვთის მთავარი თვისებები. მაგალითად, ქრისტეს სასწაულებმა ცხადყო, რომ იგი დიდ ძალას ფლობს, თუმცა ის არასდროს იყენებდა ამ ძალას თავის საკეთილდღეოდ ან სხვების საზიანოდ (ლუკ. 4:1—4). იესო აგრეთვე სამართლიანობის მოშურნე იყო, რაც კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ტაძრიდან გაუმაძღარი ვაჭრები განდევნა (მარ. 11:15—17; იოან. 2:13—16). იესოს სოლომონზე გაცილებით დიდი სიბრძნე ჰქონდა, რაც იქიდან ჩანს, რომ მისი სწავლება და მადლიანი სიტყვები არავის ტოვებდა გულგრილს (მათ. 12:42). მას იმდენად უყვარდა ადამიანები, რომ სიცოცხლეც კი გაიღო მათთვის. მართლაც ამაზე „დიდი სიყვარული არ არსებობს“! (იოან. 15:13).

8 ღვთის ძე სიტყვითა თუ საქმით იმდენად სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, რომ სრული სითამამით თქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (წაიკითხეთ იოანეს 14:9—11 ). ასე რომ, თუ იესოს ვბაძავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას ვბაძავთ.

იესო — იეჰოვას ცხებული

9. როდის და როგორ გახდა იესო ღვთის ცხებული?

9 ახლა გავიგოთ, რა მოხდა ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე, როცა 30 წლის იესო იოანესთან მოსანათლად მივიდა. „როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული“. იმ დროს იესო გახდა ქრისტე ანუ მესია. იეჰოვამ თავად გააცხადა, რომ იესო მისი ცხებული იყო: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:13—17). განა ეს შესანიშნავი მიზეზი არ არის, რომ ქრისტეს გავყვეთ?!

10, 11. ა) იესოსთან მიმართებით რა და რა სახით არის ტიტული „ქრისტე“ მოხსენიებული? ბ) რატომ უნდა მივყვებოდეთ იესო ქრისტეს?

10 ბიბლიაში ტიტული „ქრისტე“ იესოსთან მიმართებით სამგვარად გამოიყენება: იესო ქრისტე, ქრისტე იესო და ქრისტე. იესო პირველი იყო, რომელმაც საკუთარი თავი „იესო ქრისტეთი“ ანუ ჯერ სახელით და შემდეგ წოდებით მოიხსენია. მამას ლოცვით რომ მიმართავდა, თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოან. 17:3). ჯერ სახელისა და შემდეგ ტიტულის მოხსენიებით ყურადღება მახვილდება მასზე, ვინც ღმერთმა გამოგზავნა და ვინც მისი ცხებული გახდა. იმ შემთხვევაში, როცა წოდება წინ უსწრებს სახელს, ანუ „ქრისტე იესო“, უფრო მეტად ხაზი ესმება იესოს მდგომარეობას და არა მის პიროვნებას (2 კორ. 4:5). თუ მხოლოდ ტიტული „ქრისტეა“ მოხსენიებული სახელის გარეშე, ამ შემთხვევაშიც ხაზგასმულია მისი, როგორც მესიის როლი (საქ. 2:31).

11 მნიშვნელობა არა აქვს, ტიტული „ქრისტე“ სახელის წინ დგას თუ მის შემდეგ, ერთი რამ ცხადი და ჭეშმარიტია: მართალია, ღვთის ძე დედამიწას ადამიანად მოევლინა და ღვთის ნების შესახებ გააცხადა, მაგრამ ის არ ყოფილა ჩვეულებრივი ადამიანი ან წინასწარმეტყველი, არამედ იეჰოვას ცხებული. ჩვენ უნდა გავყვეთ იესოს, როგორც ცხებულს.

იესო — ხსნის ერთადერთი გზა

12. მოციქულ თომას გასაგონად ნათქვამ იესოს რომელ სიტყვებს აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა?

12 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც უნდა მივყვებოდეთ მესიას, კარგად ჩანს თავად იესოს სიტყვებიდან, რომლებიც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ერთგული მოციქულების გასაგონად წარმოთქვა. როდესაც თომას კითხვა წამოეჭრა იმის თაობაზე, თუ როგორ მოუმზადებდა იესო მოწაფეებს ადგილს, იესომ უპასუხა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 14:1—6). ამ სიტყვებით იესომ 11 ერთგულ მოციქულს მიმართა. ის დაჰპირდა მათ, რომ ადგილს მოუმზადებდა ზეცაში, მაგრამ მისი ეს სიტყვები მათთვისაც არის მნიშვნელოვანი, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს (გამოცხ. 7:9, 10; 21:1—4).

13. რა გაგებით არის იესო „გზა“?

13 იესო ქრისტე არის „გზა“. ის არის ერთადერთი, ვისი მეშვეობითაც შეგვიძლია ღმერთს დავუახლოვდეთ. გარდა ამისა, მხოლოდ იესოს სახელით შეგვიძლია ჩვენს ზეციერ მამას ლოცვით მივმართოთ და რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, შეისმენს ჩვენს ლოცვას (იოან. 15:16). მაგრამ იესო „გზა“ სხვა მხრივაც არის. ცოდვამ ადამიანები ღმერთს დააშორა (ეს. 59:2). იესომ კი „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათ. 20:28). შედეგად, ბიბლია ამბობს, რომ „იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოან. 1:7). ღვთის ძემ თავისი მსხვერპლით გზა გაგვიხსნა ღვთისკენ და მასთან შეგვარიგა (რომ. 5:8—10). ღმერთთან კარგი ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება, თუ იესოსადმი რწმენას გამოვავლენთ და დავემორჩილებით მას (იოან. 3:36).

14. რა გაგებით არის იესო „ჭეშმარიტება“?

14 იესო არის „ჭეშმარიტება“ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყოველთვის ლაპარაკობდა ჭეშმარიტებას და ცხოვრობდა მის თანახმად, არამედ იმიტომაც, რომ ყველა წინასწარმეტყველება მესიის შესახებ მასზე შესრულდა. «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, — წერდა პავლე მოციქული. — ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით» (2 კორ. 1:20). ‘მომავალ კურთხევათა ჩრდილიც კი’, ანუ მოსეს კანონი ‘სინამდვილე გახდა იესო ქრისტეში’ (ებრ. 10:1; კოლ. 2:17). იესო იყო ის, ვისზეც ყველა წინასწარმეტყველი მოწმობდა; მათ ნათელი მოჰფინეს იმას, თუ რა როლს შეასრულებდა იესო იეჰოვას განზრახვის შესრულებაში (გამოცხ. 19:10). ჩვენ უნდა გავყვეთ მესიას, თუ გვინდა, რომ ღვთის განზრახვის განხორციელების შედეგად კურთხევები მივიღოთ.

15. რა გაგებით არის იესო „სიცოცხლე“?

15 იესო არის „სიცოცხლე“, რადგან მან ადამიანთა მოდგმისთვის საკუთარი სისხლი დაღვარა; მარადიული სიცოცხლე არის ძღვენი, რომელსაც ღმერთი სწორედ „ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ გვაძლევს (რომ. 6:23). იესო მათთვისაც არის „სიცოცხლე“, ვინც მოკვდა (იოან. 5:28, 29). გარდა ამისა, დაფიქრდით, რას გააკეთებს ის, როგორც მღვდელთმთავარი, ათასწლიანი მეფობის დროს. ის სამუდამოდ გაათავისუფლებს თავის მიწიერ ქვეშევრდომებს ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან (ებრ. 9:11, 12, 28).

16. რატომ უნდა გავყვეთ იესოს?

16 თომასთვის ნათქვამ სიტყვებს ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იესო არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. იესო სწორედ ის არის, ვინც ღმერთმა გამოგზავნა ქვეყნიერების სახსნელად (იოან. 3:17). მის გარეშე ვერავინ მივა მამასთან. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს: „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქ. 4:12). რა რწმენაც არ უნდა გვქონოდა წარსულში, ბრძნული იქნება, თუ ვიწამებთ იესოს, გავყვებით მას და ამგვარად, მისი მეშვეობით სიცოცხლეს მივიღებთ (იოან. 20:31).

მოვუსმინოთ ქრისტეს

17. რატომ არის მნიშვნელოვანი, მოვუსმინოთ ღვთის ძეს?

17 პეტრე, იოანე და იაკობი იესოს გარდასახვის მოწმენი იყვნენ. იმ დროს მათ ზეციდან ხმა მოესმათ: „ეს არის ჩემი ძე, რჩეული, მას უსმინეთ“ (ლუკ. 9:28, 29, 35). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ მესიას (წაიკითხეთ საქმეების 3:22, 23).

18. როგორ შეგვიძლია მოვუსმინოთ იესო ქრისტეს?

18 იესოს მოსმენა გულისხმობს ‘დავაკვირდეთ და დავფიქრდეთ მასზე’ (ებრ. 12:2, 3). აქედან გამომდინარე, კარგია, თუ ‘განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ’ იმას, რასაც იესოს შესახებ ვკითხულობთ ბიბლიაში და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში, და აგრეთვე რასაც ქრისტიანულ შეხვედრებზე ვისმენთ (ებრ. 2:1; მათ. 24:45). მთელი გულისყურით მოვუსმინოთ ჩვენს მწყემსს, იესოს და გავყვეთ მას (იოან. 10:27).

19. როგორ არის შესაძლებელი, ყოველთვის მივყვეთ იესოს?

19 შესაძლებელია ყოველთვის მივყვეთ იესოს დაბრკოლებების მიუხედავად? რა თქმა უნდა, ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ‘ჩავეჭიდებით ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს’, ანუ ნასწავლს გამოვიყენებთ „რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმ. 1:13).

რა ისწავლეთ?

• რატომ დავუახლოვდებით იეჰოვას, თუ ქრისტეს გავყვებით?

• რატომ არის ქრისტეს მიბაძვა იეჰოვას მიბაძვის ტოლფასი?

• რა გაგებით არის იესო „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“?

• რატომ უნდა მოვუსმინოთ იეჰოვას ცხებულს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 29 გვერდზე]

იესოს სწავლებებში კარგად ჩანდა იეჰოვას შეუდარებელი სიბრძნე

[სურათი 30 გვერდზე]

ჩვენ ერთგულად უნდა გავყვეთ იეჰოვას ცხებულს

[სურათი 32 გვერდზე]

იეჰოვამ გააცხადა: „ეს არის ჩემი ძე . . . მას უსმინეთ“