არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკეთ

მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკეთ

მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკეთ

„ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფეს. 4:25).

1, 2. როგორ უყურებს ხალხი ჭეშმარიტებას ანუ სიმართლეს?

საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტების ცნება ადამიანების მსჯელობის საგანი იყო. ძვ. წ. VI საუკუნეში მოღვაწე ბერძენი პოეტი ალკეოსი ამბობდა: „ჭეშმარიტება ღვინოშია“. მისი აზრით, ადამიანი ჭეშმარიტებას ანუ სიმართლეს მხოლოდ სიმთვრალეში ლაპარაკობდა. პირველ საუკუნეში მცხოვრებ რომაელ მმართველს, პონტოელ პილატესაც არ ჰქონდა სწორი შეხედულება ჭეშმარიტებაზე, რაც იესოსთვის დასმული მისი ცინიკური შეკითხვიდან გამოჩნდა: „რა არის ჭეშმარიტება?“ (იოან. 18:38).

2 ამ საკითხზე დღესაც დავობენ. ბევრი თვლის, რომ სიტყვა „ჭეშმარიტებას“ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და ის, რაც ერთისთვის ჭეშმარიტებაა, მეორისთვის სულაც არ არის ასე. ზოგი ჭეშმარიტებას ანუ სიმართლეს მაშინ ლაპარაკობს, როცა თავად აწყობს. ერთ წიგნში ნათქვამია: „პატიოსნება მაღალი იდეალია, მაგრამ ვერაფერში გამოგადგება, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. კაცს დიდი არჩევანი არა აქვს — თუ უნდა, რომ იარსებოს, უნდა მოიტყუოს კიდეც“ (The Importance of Lying).

3. რა მხრივ იყო იესო სამაგალითო?

3 ქრისტეს მოწაფეებს სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ჭეშმარიტებაზე, რადგან იესო მას ფილოსოფიური შეხედულებებით არ აბუნდოვნებდა. ის ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა. ამას მისი მტრებიც კი აღიარებდნენ: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას“ (მათ. 22:16). ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ მხრივ იესოს ჰბაძავენ. ისინი არ გაურბიან სიმართლის თქმას, რადგან მთელი გულით იზიარებენ იმას, რაც მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფეს. 4:25). მოდი, განვიხილოთ პავლეს სიტყვების სამი მხარე, კერძოდ: ვინ არის ჩვენი მოყვასი? რას ნიშნავს ჭეშმარიტების ლაპარაკი? როგორ გამოვიყენოთ პავლეს რჩევა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ვინ არის ჩვენი მოყვასი?

4. რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, ვის უწოდებდა იესო მოყვასს?

4 ახ. წ. I საუკუნეში ზოგი იუდეველი რელიგიური წინამძღოლის აზრით, ებრაელის მოყვასი მხოლოდ ებრაელი ან ახლო მეგობარი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ იესო ამ საკითხს მამის თვალით უყურებდა (იოან. 14:9). მან თვალნათლივ დაანახვა თავის მოწაფეებს, რომ ღმერთი ერთ ეროვნებას მეორეზე მაღლა არ აყენებდა (იოან. 4:5—26). წმინდა სულმა მოციქულ პეტრეს გაუმჟღავნა, „რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:28, 34, 35). ჩვენ ყველა ადამიანს მოყვასად მივიჩნევთ და სიყვარულს მათ მიმართაც ვავლენთ, ვინც მტრულად გვექცევა (მათ. 5:43—45).

5. რა იგულისხმება ჭეშმარიტების ლაპარაკში?

5 რა იგულისხმება პავლეს სიტყვებში, რომ მოყვასს ჭეშმარიტება ველაპარაკოთ? ჭეშმარიტების ლაპარაკში მხოლოდ სიმართლის თქმა იგულისხმება. ქრისტიანები არ ამახინჯებენ ფაქტებს, რადგან არ სურთ, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ. მათ ‘შეიზიზღეს ბოროტება და სიკეთეს მიეკვრნენ’ (რომ. 12:9). ჩვენ ვბაძავთ „ჭეშმარიტების ღმერთს“ და ვცდილობთ, ყველაფერში პატიოსნები და გულწრფელები ვიყოთ (ფსალმ. 15:1, 2; 31:5). თუ სიტყვებს სწორად შევარჩევთ, ყველაზე უხერხული სიტუაციებიდანაც შევძლებთ თავის დაღწევას ტყუილის თქმის გარეშე (წაიკითხეთ კოლოსელების 3:9, 10).

6, 7. ა) ნიშნავს ჭეშმარიტების ლაპარაკი იმას, რომ ყოველთვის ყველაფერი ვილაპარაკოთ? ახსენით. ბ) ვის შეგვიძლია გავანდოთ ამომწურავი ინფორმაცია?

6 ნიშნავს ჭეშმარიტების ლაპარაკი იმას, რომ ნებისმიერს, ვინც კითხვას გვისვამს, ყველაფერი ვუთხრათ? არა. დედამიწაზე ყოფნისას იესომ პირადი მაგალითით გვაჩვენა, რომ საჭირო არ არის ყველას გავცეთ ზუსტი პასუხი ან მივაწოდოთ რაიმე ინფორმაცია. როცა თვალთმაქცმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს ჰკითხეს, რა ძალით ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს, მან უთხრა: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“. მწიგნობრებმა და უხუცესებმა თავი აარიდეს ამ კითხვაზე პასუხს. მაშინ იესომ მიუგო: „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“ (მარ. 11:27—33). მათი გახრწნილებისა და ურწმუნოების გამო იესომ საჭიროდ არ ჩათვალა მათთვის პასუხის გაცემა (მათ. 12:10—13; 23:27, 28). მსგავსადვე, იეჰოვას დღევანდელ მსახურებს სიფრთხილე მართებთ, როცა საქმე განდგომილებს ან იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ეგოისტური მიზნებისთვის მზაკვრობასა და სიცრუეს მიმართავენ (მათ. 10:16; ეფეს. 4:14).

7 პავლეს სიტყვებიდანაც გამოჩნდა, რომ არ ღირს ყველას ამომწურავი პასუხი გავცეთ. მან თქვა, რომ ‘ჭორიკნები და სხვის საქმეში ჩამრევები იმაზე ლაპარაკობენ, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ’ (1 ტიმ. 5:13). ჩვეულებრივ, ადამიანები გულს არ უშლიან მას, ვისაც სხვის საქმეში ჩარევა უყვარს ან არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ამიტომ გონივრულია, მივყვეთ პავლეს რჩევას და ‘მიზნად დავისახოთ, რომ მშვიდად ვიცხოვროთ და მივხედოთ ჩვენს საქმეს’ (1 თეს. 4:11). მაგრამ დროდადრო შეიძლება საქმემ მოითხოვოს და უხუცესებმა პირადული კითხვები დაგვისვან. ასეთ დროს ჩვენგან მხოლოდ სიმართლის თქმა მოითხოვება (1 პეტ. 5:2).

სიმართლე ილაპარაკეთ ოჯახში

8. როგორ უწყობს ხელს სიმართლის ლაპარაკი ოჯახური კვანძების გაძლიერებას?

8 ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებთან ყველაზე ახლო ურთიერთობა გვაქვს. ოჯახური კვანძების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, ერთმანეთს სიმართლე ველაპარაკოთ. გულღია და თავაზიანი საუბრები მრავალ პრობლემასა და გაუგებრობას აგვაცილებს თავიდან. ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას მეუღლის, ბავშვების ან ოჯახის სხვა წევრების წინაშე? გულწრფელი მობოდიშება ოჯახში მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8—10).

9. რატომ არ ნიშნავს სიმართლის თქმა უხეშობას?

9 სიმართლის თქმა იმას არ ნიშნავს, რომ უხეშები და უტაქტოები ვიყოთ. ნათქვამს ფასი ეკარგება, თუ სიმართლეს ვამბობთ, მაგრამ უხეშად. მოციქულმა პავლემ თქვა: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად. კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:31, 32). ნათქვამს მეტი ფასი აქვს, როცა თავაზიანად და მოკრძალებით ვლაპარაკობთ. ასე იმ ადამიანისადმი პატივისცემასაც ვავლენთ, ვისაც ვესაუბრებით (მათ. 23:12).

სიმართლე ილაპარაკეთ კრებაში

10. რაში შეუძლიათ მიჰბაძონ ქრისტიანმა უხუცესებმა იესოს?

10 იესო თავის მოწაფეებს პირდაპირ და გასაგებად ელაპარაკებოდა. ის ყოველთვის სიყვარულით აძლევდა მათ რჩევებს, თუმცა მსმენელის გულის მოსაგებად სიმართლის შელამაზებას არ ცდილობდა (იოან. 15:9—12). მაგალითად, იესო მოთმინებით, მაგრამ მტკიცედ შეეცადა მოწაფეებისთვის დაენახვებინა თავმდაბლობის აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის დიდი (მარ. 9:33—37; ლუკ. 9:46—48; 22:24—27; იოან. 13:14). მსგავსადვე, ქრისტიანი უხუცესები მტკიცედ იცავენ სიმართლეს, მაგრამ არ ბატონობენ ღვთის სამწყსოზე (მარ. 10:42—44). ისინი ქრისტეს ჰბაძავენ, როცა ‘კეთილად ექცევიან სხვებს და დიდად თანაუგრძნობენ’.

11. როგორ დაგვეხმარება სიყვარული ენის გაკონტროლებაში?

11 ჩვენ გულწრფელად შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი თვალსაზრისი სხვებისადმი ოღონდ ისე, რომ არავინ შეურაცხვყოთ. არ გვინდა, რომ ენა ‘სამართებელივით გვქონდეს გალესილი’ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გულს ვტკენდეთ სხვებს (ფსალმ. 52:2; იგავ. 12:18). სიყვარული აღგვძრავს, „ენა ცუდის თქმისგან [დავიცვათ] და ბაგეები — მზაკვრული ლაპარაკისგან“ (ფსალმ. 34:13). ამგვარად, ღმერთს მივაგებთ პატივს და ხელს შევუწყობთ კრების ერთიანობას.

12. რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო საქმის სამართლებრივი წესით განხილვა? ახსენით.

12 უხუცესები ყველანაირად ცდილობენ, კრება დაიცვან მათგან, ვინც სხვების საზიანოდ იტყუება (წაიკითხეთ იაკობის 3:14—16 ). ასეთი ტყუილი სხვისთვის ტკივილისა და ზიანის მისაყენებლად არის გათვლილი. ამაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე უმნიშვნელო, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან ფაქტების გაზვიადება. ცხადია, ყველანაირი ტყუილი დასაგმობია, მაგრამ ყველა შემთხვევა არ განიხილება სამართლებრივი კომიტეტის მიერ. უხუცესებს გაწონასწორებულობა, გონიერება და განსჯის უნარი სჭირდებათ იმის განსასაზღვრავად, იყო თუ არა ტყუილი სხვების საზიანოდ ნათქვამი და ღირს თუ არა ამ საკითხის სამართლებრივი წესით განხილვა. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში საკმარისი იყოს ბიბლიური რჩევის მკაცრად, მაგრამ სიყვარულით მიცემა.

სიმართლე ილაპარაკეთ საქმიანი ურთიერთობების დროს

13, 14. ა) როგორ ეკიდება ბევრი სამუშაოს? ბ) რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებას?

13 ჩვენს დროში უპატიოსნობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ამიტომ შეიძლება გაგვიჭირდეს პატიოსნად მოქცევა, როცა საქმე სამუშაოს ეხება. ბევრი, ვინც სამსახურს ეძებს, აშკარა ტყუილსაც არ ერიდება. მაგალითად, უკეთესი ან მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის მიზნით, ზოგი განცხადების შევსების დროს აზვიადებს თავის მონაცემებს. ზოგი სხვებს თავს ისე აჩვენებს, თითქოს მუშაობს, სინამდვილეში კი პირად საქმეებს აგვარებს, რაც ფირმის შინაგანაწესით იკრძალება. ისინი შეიძლება კითხულობენ ისეთ მასალას, რაც სამუშაოს არ უკავშირდება, ტელეფონით ბევრს ლაპარაკობენ და ელექტრონულ ფოსტასა და ინტერნეტს პირადი მიზნებისთვის იყენებენ.

14 ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ფიქრობენ, რომ პატიოსნება და კეთილსინდისიერება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში მოეთხოვებათ (წაიკითხეთ იგავების 6:16—19). პავლე წერდა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 13:18). ასე რომ, ქრისტიანები იმდენს აკეთებენ, რამდენსაც მათგან დამსაქმებელი მოელის (ეფეს. 6:5—8). კეთილსინდისიერება ჩვენი ზეციერი მამის განდიდებასაც ემსახურება (1 პეტ. 2:12). რობერტო, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, თავისმა უფროსმა პატიოსნებისა და კეთილსინდისიერებისთვის შეაქო. მისი კარგი საქციელის გამო ამავე კომპანიაში სხვა მოწმეებიც დაასაქმეს. ისინიც სამაგალითო თანამშრომლები გამოდგნენ. წლების განმავლობაში რობერტომ 23 მონათლულ ძმასა და ბიბლიის 8 შემსწავლელს დააწყებინა მუშაობა.

15. რას ნიშნავს ქრისტიანი ბიზნესმენის შემთხვევაში სიმართლის ლაპარაკი?

15 ვიქცევით პატიოსნად ან სიმართლეს ველაპარაკებით მოყვასს მაშინაც კი, თუ დამსაქმებელი არა გვყავს და თავად ვაწარმოებთ რამეს? ქრისტიანი არ შეეცდება, რომ სწრაფი მოგების მიზნით იმაზე უკეთ წარმოაჩინოს თავისი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხი, ვიდრე სინამდვილეშია. ის არც ქრთამს აიღებს და არც სხვას შესთავაზებს. ჩვენ გვსურს, სხვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ (იგავ. 11:1; ლუკ. 6:31).

სიმართლე ილაპარაკეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან

16. რა არის ის, რაც ქრისტიანებმა: ა) ხელისუფლებას უნდა მისცენ? ბ) იეჰოვას უნდა მისცენ?

16 იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათ. 22:21). რა არის ის, რაც კეისარს ანუ ხელისუფლებას უნდა მივცეთ? იესომ ეს სიტყვები გადასახადებზე საუბრისას წარმოთქვა. ქრისტიანები ემორჩილებიან თავიანთი ქვეყნის კანონებს, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებულ კანონებს, რათა ღვთისა და ადამიანების წინაშე სუფთა სინდისი ჰქონდეთ (რომ. 13:5, 6). მაგრამ იეჰოვა ჩვენთვის უზენაესი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, რომელიც მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით გვიყვარს (მარ. 12:30; გამოცხ. 4:11). ამიტომ უპირობოდ მხოლოდ მას ვემორჩილებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 86:11, 12).

17. როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს სოციალური დახმარების მიღებაზე?

17 მრავალ ქვეყანაში მოქმედებს სოციალური პროგრამები, რომლებიც გაჭირვებულთა დახმარებას ითვალისწინებს. თუ ეკუთვნის, ქრისტიანს შეუძლია მიიღოს ასეთი დახმარება. მაგრამ ის არ შეეცდება, რომ დახმარების მიღების მიზნით მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რა კურთხევები მოაქვს სიმართლის თქმას

1820. რა კურთხევები მოაქვს მოყვასთან სიმართლის თქმას?

18 სიმართლის თქმას ბევრი კურთხევა ახლავს თან. სინდისი სუფთა გვაქვს, რაც სულის სიმშვიდეს უწყობს ხელს (იგავ. 14:30; ფილ. 4:6, 7). სუფთა სინდისს ღმერთიც ძალიან აფასებს. თუ ყველაფერში პატიოსნად ვიქცევით, იმის შიში არ გვექნება, რომ რამეში გვამხელენ (1 ტიმ. 5:24).

19 პავლემ კიდევ ერთ კურთხევაზე გაამახვილა ყურადღება: „ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ . . . ჭეშმარიტების ლაპარაკით“ (2 კორ. 6:4, 7). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ერთი ბრიტანელი ძმის შემთხვევაც ადასტურებს. ის თავის მანქანას ყიდდა და მყიდველს გულწრფელად უთხრა, რა მდგომარეობაში იყო მანქანა. მას არც ის ხარვეზები დაუმალავს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანდა. მას შემდეგ, რაც მყიდველმა მანქანა ყველანაირად შეამოწმა, ძმას ჰკითხა, იეჰოვას მოწმე ხომ არ იყო. ეს კაცი ასეთ დასკვნამდე მისმა პატიოსნებამ და მოწესრიგებულმა გარეგნობამ მიიყვანა. ძმას დამოწმების კარგი შესაძლებლობა მიეცა.

20 იცავთ მაღალ ნორმებს და განადიდებთ შემოქმედს? პავლემ თქვა: „უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ცბიერებით . . . არ დავდივართ“ (2 კორ. 4:2). მოდი, მთელი მონდომებით ვეცადოთ, მოყვასს ჭეშმარიტება ველაპარაკოთ. ამგვარად ჩვენს ზეციერ მამასაც განვადიდებთ და მის ხალხსაც.

როგორ უპასუხებთ?

• ვინ არის ჩვენი მოყვასი?

• რას ნიშნავს ჭეშმარიტება ველაპარაკოთ მოყვასს?

• როგორ მოაქვს სიმართლის თქმას დიდება ღვთისთვის?

• რა კურთხევები მოაქვს სიმართლის ლაპარაკს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

ადვილად აღიარებ უმნიშვნელო შეცდომებს?

[სურათი 18 გვერდზე]

სიმართლეს ამბობ, როცა სამუშაოს ეძებ?