არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2. კითხვისას იყავით ობიექტური

2. კითხვისას იყავით ობიექტური

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

2. კითხვისას იყავით ობიექტური

ოდესმე უარყოფითად თუ ულაპარაკია თქვენს მეგობარს თქვენთვის უცნობ ადამიანზე? როცა იმ ადამიანს შეხვედრიხართ, ალბათ გაგახსენდებოდათ მეგობრის ნათქვამი და მის ღირსებებს ვეღარ შეამჩნევდით. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, როცა საქმე ბიბლიას ეხება.

მოციქულმა პავლემ თქვა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი ობიექტურად არ აფასებს წაკითხულს. პავლე თავის თანამედროვე ებრაელებზე წერდა: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2).

პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგ ებრაელს არ უნდოდა იმ ჭეშმარიტების აღიარება, რასაც ებრაული წერილები ადასტურებდა, კერძოდ, ვინ იყო მესია. იესო ნაზარეთელზე შესრულდა ყველა წინასწარმეტყველება. მაგრამ იესოს თანამედროვეთა უმეტესობა ღრმად ფესვგადგმული, არაობიექტური შეხედულებების გამო ვერ ჩასწვდა ღვთის სიტყვას.

რას გვასწავლის ეს შემთხვევა? ძალიან მნიშვნელოვანია, ბიბლიის კითხვისას ობიექტურები ვიყოთ, რადგან წინასწარ შექმნილი შეხედულებები ხელს შეგვიშლის ბიბლიური ჭეშმარიტების დანახვაში.

ერთი ამერიკელი (ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ) პროფესორი და რელიგიათმცოდნე ბიბლიაზე ამბობს, რომ ის „ადამიანური წიგნია, რომელშიც ადამიანთა შეხედულებებია თავმოყრილი. მათი უმრავლესობა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან; მასში ერთ ჩამოყალიბებულ აზრსაც კი ვერ ნახავთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ“. თუ ჩვენც ვთვლით, რომ ბიბლია „ადამიანური წიგნია“ და მის დაწერაში ღვთის ხელი არ ურევია, მაშინ მხოლოდ ჩვენთვის სასურველ და მოსაწონ პრინციპებს გავითვალისწინებთ.

მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ წიგნს გულმოდგინე გამოკვლევა სჭირდება. პავლეს დროს მცხოვრებ ბერეელებზე ბიბლიაში ნათქვამია: „[მათ] უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). ბერეელების მსგავსად ბიბლია წინასწარშექმნილი კრიტიკული აზრის გარეშე უნდა ვიკითხოთ. ღვთის სიტყვის კითხვისას იყავით ობიექტური და ეცადეთ, ჩასწვდეთ, რისი თქმა უნდა თქვენთვის მის ავტორს.