არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ შინაგანი სიმშვიდის პოვნა დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში?

როგორ შეგიძლიათ შინაგანი სიმშვიდის პოვნა დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში?

როგორ შეგიძლიათ შინაგანი სიმშვიდის პოვნა დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში?

გაქვთ მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება? ბევრს არა აქვს. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ომი, პოლიტიკური და ეთნიკური დაპირისპირებები და ტერორიზმი უცხო არ არის. თუ საკუთარ თავზე ამგვარი არაფერი გამოგიცდიათ, ის მაინც გეცოდინებათ, რას ნიშნავს ძალადობა, შეურაცხყოფა და უთანხმოება ბიზნეს-პარტნიორთან თუ მეზობელთან. ოჯახები ხშირად საომარ ზონას უფრო ჰგავს, ვიდრე მყუდრო თავშესაფარს.

ადამიანებს სწყურიათ სულის სიმშვიდე. ამის მიღწევას ზოგი რელიგიით, ზოგი კი მედიტაციითა და იოგას ვარჯიშებით ცდილობს. ზოგი ბუნების წიაღში ეძებს სიმშვიდეს — ბევრს მოგზაურობს, ლაშქრობებს აწყობს ან კურორტებს სტუმრობს. ვისაც ეს ყველაფერი სიმშვიდეს ჰგვრის, მალევე ხვდება, რომ მისი სიმშვიდე ზედაპირული და ხანმოკლეა.

მაშ, სად შეიძლება ადამიანმა ნამდვილად პოვოს სულის სიმშვიდე? მშვიდობის წყარო ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთია. ის არის „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ (რომაელები 15:33). მალე, როცა დედამიწას მისი სამეფო უხელმძღვანელებს, იქნება „დიდი მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7; მათე 6:9, 10). მას ვერაფრით შეედრება სამშვიდობო ხელშეკრულებებით მიღწეული მშვიდობა. ასეთი ხელშეკრულებები მხოლოდ კონფლიქტების დროებით შეჩერებას ემსახურება. მაგრამ ღმერთი ჯერ ომისა და კონფლიქტების მიზეზებს აღმოფხვრის და ასე დაამყარებს მშვიდობას. ფაქტობრივად, აღარავინ ისწავლის ომს (ფსალმუნი 46:8, 9). მაშინ კი ნამდვილად გავიხარებთ მშვიდობით!

ეს მშვენიერი იმედია, მაგრამ უმეტესობას მშვიდობა დღესვე გვწადია. რა დაგვეხმარება, რომ ამ არეულ მსოფლიოში სულის სიმშვიდე არ დავკარგოთ? გამოსავალს ბიბლია გვთავაზობს. მოდი, ვიმსჯელოთ ზოგ საკითხზე, რომლებსაც პავლე მოციქული ფილიპელებისთვის მიწერილი წერილის მე-4 თავში შეეხო. კარგს იზამთ, თუ თავად წაიკითხავთ ამ თავის მე-4—13 მუხლებს.

„ღვთის მშვიდობა“

მე-7 მუხლში ვკითხულობთ: „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“. ეს მშვიდობა არც მედიტაციით მიიღწევა და არც პიროვნული თვისებების გაუმჯობესებით. ის ღვთისგან მოდის. ღვთის მშვიდობა იმდენად ძლიერია, რომ „ნებისმიერ აზრს აღემატება“. ის ყოველგვარ დარდსა და საზრუნავს ერევა. ის სულს გვიმშვიდებს, როცა უცოდინარობის გამო რაღაც გვეშლება ან არასწორად ვმსჯელობთ. შეიძლება ვერ ვხედავდეთ პრობლემიდან გამოსავალს, მაგრამ ღვთის მშვიდობას შეუძლია იმით გვანუგეშოს, რომ მალე ჩვენი პრობლემები წარსულს ჩაჰბარდება.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არარეალური ჩანს, მაგრამ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკოზი 10:27). რწმენა და ღვთის ნდობა გვეხმარება, რომ საფიქრალმა არ გვშთანთქას. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც სუპერმარკეტში დაიკარგა. ის დარწმუნებულია, რომ თუ დედას იპოვის, ყველაფერი კარგად იქნება. დედა მას ხელში აიყვანს და მოეფერება. ჩვენც უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ხელში აგვიყვანს. ის დაგვამშვიდებს და საბოლოოდ გაგვათავისუფლებს ყოველგვარი საზრუნავისგან.

იეჰოვას მრავალმა თაყვანისმცემელმა ურთულესი განსაცდელების დროსაც გამოსცადა, რას ნიშნავს ღვთის მშვიდობა. მაგალითად, ნადინი, რომელსაც ბავშვი მშობიარობამდე დაეღუპა, ამბობს: „ჩვეულებრივ, მიჭირს გრძნობების გამოხატვა. ვცდილობ, გარეგნულად არაფერი შევიმჩნიო. ბავშვის დაკარგვას ძალიან განვიცდიდი. ყოველდღე გულს ვუშლიდი იეჰოვას და დახმარებას ვთხოვდი. ვიგრძენი, რა ძალა ჰქონია ლოცვას. სწორედ მაშინ, როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა, საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა“.

გულისა და გონების დამცავი

მოდი, დავუბრუნდეთ ფილიპელების 4:7-ს. მასში ნათქვამია, რომ ღვთის მშვიდობა ჩვენს გულსა და გონებას დაიცავს. ღვთის მშვიდობა გუშაგივით იცავს ჩვენს გულს და ახლოს არ აკარებს გამდიდრების სურვილს, ზედმეტ საზრუნავსა და ცრუ ფასეულობებს. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

ამ არეულ მსოფლიოში მრავალს ჰგონია, რომ თავს უსაფრთხოდ და ბედნიერად მაშინ იგრძნობს, თუ ბევრი ფული ექნება. ისინი ფულს აქციებში აბანდებენ, მაგრამ თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობენ. ისინი წამდაუწუმ ამოწმებენ აქციების ფასს და იმაზე ფიქრობენ, გაყიდონ თუ არა. როცა საფონდო ბირჟაზე ფასები ეცემა, მათ პანიკა იპყრობთ. ბიბლია ნამდვილად არ გვიკრძალავს ფულის დაბანდებას, მაგრამ ერთ კარგ რჩევას გვაძლევს: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა. ტკბილია მსახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:10, 12).

ფილიპელების 4:7-ში ისიც არის ნათქვამი, რომ ღვთის მშვიდობა ჩვენს გულსა და გონებას დაიცავს „ქრისტე იესოს მეშვეობით“. რა კავშირია იესო ქრისტესა და ღვთის მშვიდობას შორის? ღვთის განზრახვის შესრულებაში იესო გადამწყვეტ როლს თამაშობს. მან თავი გაწირა იმისთვის, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან გავეთავისუფლებინეთ (იოანე 3:16). იესო ღვთის სამეფოს მეფეა. ამის ცოდნა ნამდვილად დაგვეხმარება სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში. როგორ?

ღმერთი გვპატიობს ცოდვებს, თუ გულწრფელად ვინანიებთ და იესოს მსხვერპლის საფუძველზე მიტევებას ვთხოვთ. ეს კი სულის სიმშვიდეს გვანიჭებს (საქმეები 3:19). თუ გვესმის, რომ სიცოცხლით ბოლომდე მხოლოდ ქრისტეს მმართველობის დროს გავიხარებთ, არ შევეცდებით, ამ ქვეყნიერებაში მოვასწროთ ყველაფერი (1 ტიმოთე 6:19). მართალია პრობლემებისგან არ ვართ დაზღვეული, მაგრამ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ წინ ბედნიერი მომავალი გველის.

როგორ ვპოვოთ ღვთის მშვიდობა

მაშ, როგორ ვპოვოთ ღვთის მშვიდობა? ამაზე წარმოდგენას ფილიპელების 4:4, 5 გვიქმნის: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ! ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება. ახლოა უფალი“. ამ სიტყვების დაწერის დროს პავლე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული რომში (ფილიპელები 1:13). ნაცვლად იმისა, რომ დაეჩივლა თავისი მდგომარეობის გამო, თანაქრისტიანებს მოუწოდა, ეხარათ უფალში. მისი სიხარული ღმერთთან ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული და არა გარე ფაქტორებზე. ჩვენც გვჭირდება იმის სწავლა, რომ ნებისმიერ ვითარებაში გავიხაროთ ღვთის მსახურებით. ჩვენთვის უფრო სასიამოვნო იქნება იეჰოვას მსახურება, თუ უკეთ გავიცნობთ მას და უფრო მეტს გავაკეთებთ მისთვის. ეს კი თავის მხრივ, კმაყოფილებას და სულის სიმშვიდეს მოგვგვრის.

პავლე იმასაც გვირჩევს, რომ კეთილგონიერები ვიყოთ. კეთილგონიერი ადამიანი მეტისმეტს არ მოელის საკუთარი თავისგან. ჩვენ არასრულყოფილები ვართ, ამიტომ ყველაფერში იდეალურები ვერ ვიქნებით. რატომ უნდა დავიტანჯოთ თავი იმაზე ფიქრით, თუ როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას ან როგორ ვაჯობოთ სხვებს? აქედან გამომდინარე, არც სხვებს მოვთხოვთ სრულყოფილებას. შესაბამისად, სიმშვიდეს არ დავკარგავთ, თუ ვინმე გულს გვატკენს. „კეთილგონიერად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „დამყოლსაც“ ნიშნავს. თუ დამყოლები ვიქნებით, დათმობაზე წავალთ, როცა საქმე პირად არჩევანს ეხება. ამით თავიდან ავირიდებთ უსიამოვნებას, რასაც შეუძლია წაგვართვას შინაგანი სიმშვიდე და დაგვირღვიოს სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა.

ფილიპელების 4:5-ის ბოლოს წერია, რომ „ახლოა უფალი“. ეს სიტყვები თითქოს უადგილო ჩანს. თავისი სამეფოს მეშვეობით მალე ღმერთი დღევანდელ ქვეყნიერებას ახალი ქვეყნიერებით შეცვლის. მაგრამ ღმერთი დღესაც ახლოა ყველასთან, ვისაც მასთან დაახლოება სურს (საქმეები 17:27; იაკობი 4:8). ამის ცოდნა გვეხმარება, რომ არ დავკარგოთ სიხარული, ვიყოთ კეთილგონიერები და ზედმეტად არ ვინერვიულოთ დღევანდელი პრობლემების გამო, როგორც ამას მე-6 მუხლი გვირჩევს.

მე-6 და მე-7 მუხლებიდან ვიგებთ, რომ ღვთის მშვიდობას ლოცვის შედეგად ვიღებთ. ზოგისთვის ლოცვა მხოლოდ ფიქრია და მათი აზრით, ნებისმიერ ლოცვას შეუძლია სიმშვიდე მოჰგვაროს ადამიანს. მაგრამ ბიბლიაში ლოცვაში იგულისხმება ღმერთთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც მოსიყვარულე მშობელსა და შვილს აქვთ. შვილს შეუძლია თავისუფლად გაუზიაროს მშობელს სიხარული თუ წუხილი. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთს ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია ლოცვით მივმართოთ. ისიც კი, რასაც სხვებს ვერ ვუმხელთ, შეგვიძლია ჩვენს ზეციერ მამას გავანდოთ.

მე-8 მუხლი გვირჩევს, რომ დადებითზე ვიფიქროთ. მაგრამ მხოლოდ ფიქრი არ არის საკმარისი. როგორც მე-9 მუხლიდან ვიგებთ, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. ასე შევინარჩუნებთ სუფთა სინდისს.

თქვენ შეგიძლიათ შინაგანი სიმშვიდის პოვნა. ასეთ სიმშვიდეს იეჰოვა ღმერთი აძლევს მათ, ვისაც მასთან დაახლოება და მისი მითითებების შესრულება სურს. ღვთის სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ღმერთი. მისი მითითებების დაცვა ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ძალისხმევად, რადგან „მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (ფილიპელები 4:9).

[ჩანართი 10 გვერდზე]

„ღვთის მშვიდობა . . . დაიცავს თქვენს გულებს“

(ფილიპელები 4:7)

[ჩანართი 12 გვერდზე]

მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთს ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია ლოცვით მივმართოთ