არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ მოეწონათ იესოს სამოსელი რომაელ ჯარისკაცებს?

იესოს ძელზე გაკვრის შემდეგ მისი მოსასხამი ოთხმა ჯარისკაცმა გაინაწილა. მაგრამ იოანეს 19:23-ში წერია, რომ „სამოსელს ნაკერები არ ჰქონდა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო“. ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, არ დაეხიათ ის და კენჭისყრით გაენაწილებინათ. როგორ იყო ეს სამოსელი დამზადებული?

როგორც ჩანს, სამოსელში იგულისხმება სელის ან მატყლის პერანგი, რომლის სიგრძე მუხლამდე ან კოჭამდე იყო. ეს პერანგები მზადდებოდა ორი ერთმანეთზე დადებული მართკუთხა ან კვადრატული ფორმის ქსოვილისგან, რომელიც სამი მხრიდან იყო გაკერილი. ასეთ პერანგს თავისა და ხელებისთვის ჭრილები ჰქონდა გაკეთებული.

უფრო ძვირფასი პერანგები მსგავსადვე მზადდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იღებდნენ „ქსოვილის ერთ გრძელ ნაჭერს და ორად კეცავდნენ. თავის გასაყრელად შუაში ჭრილს უკეთებდნენ“, ბოლოებში კი არშიას ავლებდნენ (Jesus and His World). ასეთი პერანგი გვერდებში იყო ჩაკერილი.

მაგრამ სრულიად უნაკერო პერანგს, რომელსაც იესო ატარებდა, მხოლოდ პალესტინაში ამზადებდნენ. ისინი იქსოვებოდა ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე, რომელზეც წინა და უკანა მხრიდან ვერტიკალური ქსელის ძაფები იყო გადაჭიმული. მქსოველი მაქოთი ჯერ წინა ქსელის ძაფებში უყრიდა ჰორიზონტალურად ძაფს ანუ მისაქსელს, შემდეგ კი უკანა ქსელის ძაფებში. „ამგვარად იქმნებოდა ცილინდრული ფორმის ქსოვილი“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. ასეთი უნაკერო პერანგი იმ დროს იშვიათი იყო. ამიტომაც მოისურვეს ჯარისკაცებმა მისი ხელში ჩაგდება.

მისდევდნენ მეფუტკრეობას ძველ ისრაელში?

ებრაული წერილების თანახმად, ღმერთი ძველ ისრაელს შეჰპირდა, რომ მისცემდა მიწას, „სადაც რძე და თაფლი“ მოედინებოდა (გამოსვლა 3:8). უმეტესწილად წმინდა წერილები ველური ფუტკრების მიერ დამზადებულ თაფლს მოიხსენიებს. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, მისდევდნენ თუ არა ძველ ისრაელში მეფუტკრეობას. მაგრამ ისრაელში, ბეთ-შეანის ველზე ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ძველად ისრაელში „მეფუტკრეობა კარგად იყო განვითარებული“.

იერუსალიმის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა თელ-რეხობთან აღმოაჩინეს საფუტკრე, რომელიც თარიღდებოდა ძვ. წ. X—IX საუკუნეებით ანუ მონარქიული სისტემის ადრეული პერიოდით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ახლო აღმოსავლეთში სკები აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ თავდაპირველად საფუტკრეში მწკრივებად ჩალაგებული დაახლოებით ასი სკა იყო, სულ მცირე, სამ იარუსად.

ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ თითოეული სკა „ცილინდრული ფორმის გამოუმწვარი თიხისგან იყო დამზადებული, . . რომლის გარშემოწერილობა 80 სანტიმეტრი, დიამეტრი კი 40 სანტიმეტრი იყო . . . ამ ადგილის დასათვალიერებლად მისულმა გამოცდილმა მეფუტკრეებმა და მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ამ სკებიდან ყოველწლიურად ნახევარ ტონა თაფლს იღებდნენ“.

[სურათი 22 გვერდზე]

სკები თელ-რეხობში

[საავტორო უფლება]

Institute of Archaeology/Hebrew University © Tel Rehov Excavations