არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იესოს და ასწავლეთ სიყვარულით!

მიჰბაძეთ იესოს და ასწავლეთ სიყვარულით!

მიჰბაძეთ იესოს და ასწავლეთ სიყვარულით!

„მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (იოან. 7:46).

1. როგორ მოქმედებდა ხალხზე იესოს სიტყვები?

წარმოგიდგენიათ, რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, იესოსთვის რომ მოგესმინათ? ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ მოქმედებდა იესოს სიტყვები მის მსმენელზე. მაგალითად, თავის სახარებაში ლუკა მოგვითხრობს, რომ ნაზარეთელები „გაოცებულები იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლიანი სიტყვებით“. მათე გვამცნობს, რომ ყველა, ვინც იესოს მთაზე ქადაგება მოისმინა, „განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“. იოანეს სახარებიდან ვიგებთ, რომ იესოს შესაპყრობად წასული მცველები უკან ხელმოცარულები დაბრუნდნენ და თავი შემდეგი სიტყვებით იმართლეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (ლუკ. 4:22; მათ. 7:28; იოან. 7:46).

2. რატომ იყო ეფექტური იესოს სწავლება?

2 ეს მცველები არ შემცდარან. იესოს მსგავსი მასწავლებელი არასოდეს ყოფილა დედამიწაზე. მისი სწავლება მარტივი, გასაგები და ლოგიკური იყო. ის ეფექტურად ასწავლიდა მაგალითებითა და კითხვებით. მას არ უჭირდა სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებთან საუბარი. ჭეშმარიტება, რასაც ის ასწავლიდა, ადვილად გასაგები და ამავე დროს ღრმა მნიშვნელობის იყო. მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზების გამო არ ყოფილა იესო დიდებული მასწავლებელი.

სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია

3. რით განსხვავდებოდა იესო რელიგიური წინამძღოლებისგან?

3 მწიგნობრებსა და ფარისევლებს შორისაც იქნებოდნენ გონიერი და მცოდნე ადამიანები, რომლებსაც გადმოცემის კარგი უნარი ექნებოდათ. მაგრამ იესოს სწავლება განსხვავდებოდა მათი სწავლებისგან. რატომ? იესოს დროს მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებს არ უყვარდათ უბრალო ხალხი, მათ დაწყევლილებს უწოდებდნენ და არაფრად აგდებდნენ (იოან. 7:49). იესოს კი გული ეწვოდა მათ გამო, „რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). ის მათდამი სითბოს, თანაგრძნობასა და სიკეთეს ავლენდა. რელიგიურ წინამძღოლებს სინამდვილეში არც ღმერთი უყვარდათ (იოან. 5:42). იესოს კი ძალიან უყვარდა მამა და სიამოვნებით ასრულებდა მის ნებას. რელიგიურმა წინამძღოლებმა ღვთის სიტყვები საკუთარი სწავლებებით დაამახინჯეს, მაგრამ იესოს უყვარდა „ღვთის სიტყვა“. ის ამ სიტყვას ასწავლიდა და უხსნიდა ხალხს, იცავდა მას და მისი პრინციპებით ცხოვრობდა (ლუკ. 11:28). იესო ყველაფერს სიყვარულით აკეთებდა — მას უყვარდა ის, რასაც ასწავლიდა და უყვარდა ისინი, ვისაც ასწავლიდა.

4, 5. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სიყვარულით ვასწავლოთ? ბ) რატომ არის საჭირო სწავლებისას ცოდნა და ცოდნის გადაცემის უნარი?

4 ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრებს, გვინდა, ყველაფერში ვბაძავდეთ მას (1 პეტ. 2:21). ამგვარად, ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანებს ბიბლიური ცნობა გადავცეთ. ჩვენ გვსურს, რომ ავირეკლოთ იეჰოვას თვისებები, განსაკუთრებით სიყვარული. დიდი ცოდნაც რომ გვქონდეს და კარგი მქადაგებლებიც რომ ვიყოთ, სიყვარულის გარეშე სათქმელს ხალხის გულამდე ვერ მივიტანთ. კარგი მასწავლებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ იესოს მსგავსად სიყვარულით ვასწავლით.

5 კარგ მასწავლებელს საკმაო ცოდნა და ამ ცოდნის გადაცემის უნარი უნდა ჰქონდეს. იესო ეხმარებოდა თავის მოწაფეებს, რომ კარგი მასწავლებლები გამხდარიყვნენ. ამ მხრივ იეჰოვა დღეს ჩვენც გვეხმარება თავისი ორგანიზაციის მეშვეობით (წაიკითხეთ ესაიას 54:13; ლუკას 12:42). თუმცა სწავლების პროცესში მხოლოდ ჩვენი გონება კი არა, გულიც უნდა იყოს ჩართული. საუკეთესო შედეგს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ცოდნასა და ცოდნის გადაცემის უნარს თან ერთვის სიყვარული. მაგრამ, როგორ ვასწავლოთ სიყვარულით? ამის დანახვაში იესოსა და მისი მოწაფეების მაგალითები დაგვეხმარება.

უნდა გვიყვარდეს იეჰოვა

6. როგორ ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენთვის ძვირფას ადამიანზე?

6 ყველას გვსიამოვნებს იმაზე ლაპარაკი, რაც გვიყვარს. ამ დროს ჩვენს საუბარში სითბო, სიხარული და ენთუზიაზმი ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენთვის ძვირფას ადამიანზე ვლაპარაკობთ. ჩვეულებრივ, მასზე საუბარი გვსიამოვნებს; ვაქებთ მას, ვლაპარაკობთ მის ღირსებებზე და ყოველთვის მის გამართლებას ვცდილობთ. ამას კი იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, ამ ადამიანის მიმართ სხვებიც იმავეს გრძნობდნენ, რასაც ჩვენ ვგრძნობთ.

7. რას აკეთებდა იესო ღვთის სიყვარულით?

7 იეჰოვა ჯერ ჩვენ უნდა გვიყვარდეს, რომ სხვებსაც შევაყვაროთ. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ხომ წარმოუდგენელია ღვთის სიყვარულის გარეშე! (მათ. 22:36—38) ამ მხრივ იესო საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის. მას მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით უყვარდა იეჰოვა. იესო ზეცაში მილიარდობით წლის განმავლობაში ცხოვრობდა მამის გვერდით და კარგად იცნობდა მას. ამიტომაც თქვა იესომ: „მამა მიყვარს“ (იოან. 14:31). ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა, ამ სიყვარულზე მოწმობდა. სიყვარულის გამო იქცეოდა იესო ყოველთვის მამის მოსაწონად (იოან. 8:29). სწორედ ამიტომ კიცხავდა ის რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებსაც ღვთის წარმომადგენლებად მოჰქონდათ თავი. მამა რომ უყვარდა, ამიტომ აცნობდა იესო ხალხს იეჰოვას და აყვარებდა.

8. რას აკეთებდნენ იესოს მოწაფეები ღვთის სიყვარულით?

8 პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს მოწაფეებსაც უყვარდათ იეჰოვა და ამ სიყვარულის გამო სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ და გაბედულად ქადაგებდნენ. რელიგიური წინამძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი მთელ იერუსალიმში ქადაგებდნენ. მათ უბრალოდ არ შეეძლოთ არ ელაპარაკათ ის, რაც ნახეს და მოისმინეს (საქ. 4:20; 5:28). მათ იცოდნენ, რომ იეჰოვა იყო მათთან და კურთხევას არ მოაკლებდა. ეს ასეც მოხდა. იესოს სიკვდილიდან 30 წელიც არ იყო გასული, როცა პავლე მოციქულმა დაწერა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23).

9. როგორ შეგვიძლია ღვთის სიყვარულის გაძლიერება?

9 თუ გვინდა, კარგი მასწავლებლები ვიყოთ, ღვთის სიყვარული უნდა გავიძლიეროთ. როგორ? ლოცვით ანუ ღმერთთან ხშირი საუბრით. ღვთის სიტყვის შესწავლა, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება გვეხმარება, იეჰოვა უფრო მეტად შევიყვაროთ. რაც მეტს გავიგებთ ღვთის შესახებ, სიყვარული უფრო გაგვიღრმავდება. თუ სიტყვითა და საქმით ვაჩვენებთ, რომ ღმერთი გვიყვარს, შეიძლება სხვებიც მივიზიდოთ იეჰოვასკენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:33, 34).

უნდა გვიყვარდეს ის, რასაც ვასწავლით

10. რითი გამოირჩევა კარგი მასწავლებელი?

10 კარგ მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი. მას სჯერა, რომ, რასაც ასწავლის ჭეშმარიტი, მნიშვნელოვანი და ფასეულია. თუ მასწავლებელს უყვარს ის, რასაც ასწავლის, მისი ენთუზიაზმი ყველასთვის შესამჩნევი იქნება და მისი ნათქვამი ღრმა კვალს დატოვებს მსმენელზე. თუ მასწავლებელი სინამდვილეში არ აფასებს თავის საგანს, მისი მოსწავლეები როგორღა დააფასებენ? გახსოვდეს, რომ შენზე, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებელზე, ბევრია დამოკიდებული. იესომ თქვა: „ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკ. 6:40).

11. რატომ უყვარდა იესოს ის, რასაც ასწავლიდა?

11 იესოს უყვარდა ის, რასაც ასწავლიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სხვებისთვის ძალიან ძვირფასი რამ ჰქონდა სათქმელი. ეს იყო ჭეშმარიტება ზეციერ მამაზე. მას „ღვთის სიტყვები“ და „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ ჰქონდა ხალხისთვის გადასაცემი (იოან. 3:34; 6:68). ჭეშმარიტების ნათელი შუქი ხალხს კარგისა და ცუდის გარჩევის საშუალებას აძლევდა. ჭეშმარიტება იმედს უსახავდა „ეშმაკის მიერ დაჩაგრულ“ და რელიგიური წინამძღოლების მიერ შეცდომაში შეყვანილ თავმდაბალ ადამიანებს (საქ. 10:38). ჭეშმარიტების სიყვარული იესოს სიტყვებშიც ჩანდა და საქმეებშიც.

12. როგორ ეკიდებოდა მოციქული პავლე სასიხარულო ცნობას?

12 იესოს მოწაფეებსაც უყვარდათ ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ. ისინი იმდენად აფასებდნენ ჭეშმარიტებას, რომ მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აჩერებდა. პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა: „ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა გაუწყოთ თქვენც . . . ვინაიდან არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:15, 16). პავლე ძალიან აფასებდა იმას, რომ ღმერთმა ჭეშმარიტების გაცხადების ღირსად ჩათვალა. მან თქვა: „ჩემდამი . . . იქნა ეს წყალობა გამოვლენილი, რათა უცხოტომელებისთვის სასიხარულო ცნობა მეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ“ (ეფეს. 3:8). რთული არ არის იმის წარმოდგენა, როგორი ენთუზიაზმით ილაპარაკებდა პავლე იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ.

13. რატომ უნდა გვიყვარდეს სასიხარულო ცნობა?

13 ღვთის სიტყვაში ჩაწერილი სასიხარულო ცნობა უკეთ გვაცნობს შემოქმედს და მასთან თბილი ურთიერთობის განვითარებაში გვეხმარება. ის მრავალ ცხოვრებისეულ კითხვაზე გვცემს პასუხს. მას შეუძლია, გარდაქმნას ჩვენი ცხოვრება, ჩაგვინერგოს იმედი და გაგვამაგროს განსაცდელის ჟამს. ის მიგვიძღვის სიცოცხლისკენ, რომელიც არასდროს დასრულდება. სასიხარულო ცნობაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია. ეს ჩვენთვის ბოძებული შეუფასებელი ძღვენია, რომელიც დიდ სიხარულს გვანიჭებს. ამ ძღვნის სხვებისთვის გაზიარება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სიხარულს (საქ. 20:35).

14. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ის, რასაც ვასწავლით?

14 რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ სასიხარულო ცნობა? ღვთის სიტყვის კითხვის დროს დროდადრო უნდა შევჩერდეთ და ვიფიქროთ წაკითხულზე. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ იესოსთან ერთად მსახურობ ან მოციქულ პავლესთან ერთად მოგზაურობ. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ უკვე ახალ ქვეყნიერებაში ხარ და შენ ირგვლივ ყველაფერი ახალია. იფიქრე იმ კურთხევებზე, რაც სასიხარულო ცნობამ შენს ცხოვრებაში შემოიტანა. თუ სასიხარულო ცნობა ძალიან გიყვარს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება მათ, ვისაც ამ ცნობას გადასცემ. ამიტომ კარგად უნდა გავითავისოთ ნასწავლი და დავუკვირდეთ, რას ვასწავლით (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:15, 16).

უნდა გვიყვარდეს ხალხი

15. რატომ უნდა უყვარდეს მასწავლებელს მოწაფეები?

15 კარგი მასწავლებლის გვერდით მოწაფეები თავს თავისუფლად გრძნობენ, ადვილად სწავლობენ და აზრსაც თავისუფლად გამოხატავენ. მოსიყვარულე მასწავლებელი ზრუნავს თავის მოსწავლეებზე და სწავლების პროცესში ითვალისწინებს მათ მოთხოვნილებებსა და ცოდნის დონეს. ის აგრეთვე ითვალისწინებს მოსწავლეების უნარსა და მდგომარეობას. მოსწავლეები გრძნობენ მასწავლებლის სიყვარულს, რაც სასიამოვნოს ხდის სწავლის პროცესს.

16. როგორ ავლენდა იესო სიყვარულს ხალხის მიმართ?

16 იესოს სწორედ ასეთი სიყვარული ჰქონდა ადამიანების მიმართ. ამ სიყვარულის უდიდესი დადასტურება იყო ის, რომ მან თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე გაიღო სხვების გადასარჩენად (იოან. 15:13). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ყოველთვის მზად იყო, ფიზიკურად თუ სულიერად დახმარებოდა ხალხს. ის ასობით კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა ადამიანების ყურამდე მიეტანა სასიხარულო ცნობა (მათ. 4:23—25; ლუკ. 8:1). ის მომთმენი იყო, გაგებით ეკიდებოდა თავის მოწაფეებს და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის სიყვარულით შეაგონებდა მათ (მარ. 9:33—37). ის აქებდა თავის მოწაფეებს და არწმუნებდა, რომ სასიხარულო ცნობის კარგი მქადაგებლები გახდებოდნენ. იესოზე მოსიყვარულე მასწავლებელს არასდროს უცხოვრია. ამიტომ მოწაფეები სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობდნენ და იცავდნენ მის მცნებებს (წაიკითხეთ იოანეს 14:15).

17. როგორ ავლენდნენ სიყვარულს იესოს მოწაფეები სხვების მიმართ?

17 იესოს მსგავსად მის მოწაფეებსაც უყვარდათ ისინი, ვისაც უქადაგებდნენ. მოწაფეები სხვებს ემსახურებოდნენ და განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას მაშინაც კი, როცა დევნიდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რამხელა სიყვარული ექნებოდათ მათ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სულიერად ეხმარებოდნენ. ამაზე წარმოდგენას გვიქმნის მოციქულ პავლეს სიტყვები: „გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს. სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თეს. 2:7, 8).

18, 19. ა) რატომ ვიღებთ ამდენ მსხვერპლს ქადაგებისთვის? ბ) რომელი შემთხვევიდან ჩანს, რომ ადამიანებს შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩვენი სიყვარული?

18 დღესაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ვეძებთ მათ, ვისაც ღვთის გაცნობა და მისი ნების შესრულება სწყურია. გასული 17 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მილიარდზე მეტ საათს ვუთმობდით ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას და ეს დღემდე ასეა. მართალია ქადაგება ჩვენგან დროს, ენერგიასა და სახსრებს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ნებაყოფლობით ვასრულებთ ამ საქმეს. იესოს მსგავსად, ჩვენ გვესმის, რა სურს ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. მას სურს, რომ ადამიანებმა მიიღონ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება (იოან. 17:3; 1 ტიმ. 2:3, 4). გულწრფელ ადამიანებს სიყვარულით ვეხმარებით, რომ გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა.

19 ამ სიყვარულს სხვებიც ამჩნევენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ერთი პიონერი და მანუგეშებელ წერილებს სწერს იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლობლები დაეღუპათ. მადლიერების ნიშნად ერთმა კაცმა მას ასეთი წერილი გამოუგზავნა: „თავიდან ძალიან გამიკვირდა, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა სანუგეშებლად წერილი მომწერა. ამ წერილმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ თქვენ ნამდვილად გიყვართ ადამიანები და ღმერთი, რომელიც სიცოცხლისკენ მიუძღვის ხალხს“.

20. რამდენად მნიშვნელოვანია სწავლების დროს სიყვარულის გამოვლენა?

20 სიყვარულის გარეშე შედევრს ვერც ერთი ხელოვანი ვერ შექმნიდა. სწავლების დროს ჩვენი მიზანია ადამიანებს იეჰოვა გავაცნოთ და შევაყვაროთ. კარგი მასწავლებლები რომ ვიყოთ, ღმერთი, ჭეშმარიტება და ადამიანები უნდა გვიყვარდეს. და როდესაც ასეთ სიყვარულს ვავლენთ მსახურებაში, არა მარტო გაცემა გვანიჭებს სიხარულს, არამედ იმის ცოდნაც, რომ იესოს ვბაძავთ და იეჰოვას ვუხარებთ გულს.

როგორ უპასუხებთ?

• სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს, რატომ არის მნიშვნელოვანი . . .

 . . . ღვთის სიყვარული?

 . . . ჭეშმარიტების სიყვარული?

 . . . ადამიანების სიყვარული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

რატომ განსხვავდებოდა იესოს სწავლება მწიგნობრებისა და ფარისევლების სწავლებისგან?

[სურათი 18 გვერდზე]

კარგი მასწავლებლები რომ ვიყოთ, ცოდნა, უნარი და, რაც მთავარია, სიყვარული გვჭირდება