არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, დავიცვათ მაღალზნეობრივი ნორმები

ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, დავიცვათ მაღალზნეობრივი ნორმები

ჭეშმარიტი რელიგია გვასწავლის, ვიფიქროთ კარგზე და ვიყოთ კარგი ადამიანები. ის მოგვიწოდებს, ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც სწორია და ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება კარგ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ. შეუძლია ჭეშმარიტ რელიგიას ასე გარდაქმნას ადამიანი?

ყურადღება მიაქციეთ, რა მისწერა პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ კორინთში (საბერძნეთი) მცხოვრებ ქრისტიანებს. ეს ქალაქი აღვირახსნილობით იყო ცნობილი. პავლე აფრთხილებდა მათ: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს“. შემდეგ დასძინა: „ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ამნაირი იყო; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახელითა და ღმერთის ჩვენის სულით“ (1 კორინთელები 6:9—11, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, სსგ). ჭეშმარიტი რელიგია ბევრს დაეხმარა, მიეტოვებინათ უზნეო ცხოვრება და ღვთის მსახურები გამხდარიყვნენ.

მაგრამ ბიბლიაში ასეთი სიტყვებიც წერია: „დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს“ (2 ტიმოთე 4:3, ბსგ).

რომელი აღმსარებლობის მიმდევრები ითვალისწინებენ ზემოხსენებულ გაფრთხილებას? იცავენ ისინი ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს? თუ არასერიოზულად ეკიდებიან ღვთის სიტყვაში მოცემულ მითითებებს და ხალხს იმას ასწავლიან, რაც „ყურის მაამებელია“?

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს და გაიგეთ, გამოაქვს თუ არა ამა თუ იმ რელიგიას კარგი ნაყოფი.

თემა: ქორწინება.

რას გვასწავლის ბიბლია:

„ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელები 13:4, ბსგ).

კითხვა:

იწონებს ეს რელიგია წყვილის ერთად ცხოვრებას, თუ მათი ქორწინება ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული?

თემა: განქორწინება.

რას გვასწავლის ბიბლია:

როცა იესოს ჰკითხეს, რის საფუძველზე იყო დასაშვები გაყრა, მან უპასუხა: „ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც გაშვებულს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს“ (მათე 19:9, სსგ).

კითხვა:

ითვალისწინებს ეს რელიგია იესოს ამ მითითებას და მიიჩნევს ღალატს გაყრის ან ხელახლა დაქორწინების ერთადერთ მიზეზად?

თემა: აღვირახსნილობა.

რას გვასწავლის ბიბლია:

„ერიდეთ სიძვას: ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა; ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18, სსგ).

„ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის“ (რომაელები 1:26, 27, ბსგ).

კითხვა:

ასწავლის ეს რელიგია, რომ უკანონო სქესობრივი კავშირი საპირისპირო თუ ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ცოდვაა?

თემა: ამ რელიგიის მიმდევრები ერთგულად იცავენ ბიბლიურ ნორმებს.

რას გვასწავლის ბიბლია:

„გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ“ (1 კორინთელები 5:11, ბსგ). როგორ უნდა მოექცნენ მათ, ვინც თავს დებს ქრისტიანობაზე, მაგრამ სცოდავს და არ ინანიებს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“ (1 კორინთელები 5:13, ბსგ).

კითხვა:

განკვეთს ეს რელიგია თავისი რიგებიდან მათ, ვინც ღვთის ნორმებს უგულებელყოფს და არ ინანიებს?