არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ვინ იყვნენ მწიგნობრები, რომლებიც იესოს ეწინააღმდეგებოდნენ?

იესო არა მხოლოდ იერუსალიმში ხვდებოდა მწიგნობრებს, არამედ პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც. როგორც იერუსალიმის, ისე პალესტინის ფარგლებს გარეთ იუდეველთა დასახლებებში ამ კანონის მცოდნე მამაკაცებს მაღალი თანამდებობა არ ეკავათ. ხშირად ისინი გადამწერებისა და ადგილობრივი მსაჯულების მოვალეობასაც ასრულებდნენ (მარკოზი 2:6; 9:14; ლუკა 5:17—21).

იერუსალიმში მწიგნობრები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ იუდეველ მმართველებთან (მათე 16:21). ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „როგორც ჩანს, ისინი მღვდლებს ეხმარებოდნენ სასამართლო პროცესების წარმართვაში; ხალხს აიძულებდნენ, დაეცვათ იუდეველთა ტრადიციები თუ კანონები და სინედრიონის საქმეებშიც იღებდნენ მონაწილეობას“ (The Anchor Bible Dictionary). ვინაიდან ისინი კანონის მასწავლებლები იყვნენ, ზოგი მწიგნობარი სინედრიონის, ანუ იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წევრი იყო. ისინი მსახურობდნენ უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან ერთად.

მწიგნობართა უმეტესობა იესოს სწავლებებს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. მაგალითად, ერთმა მწიგნობარმა იესოს უთხრა: „სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“. სხვა მწიგნობარს კი იესომ ასეთი რამ უთხრა: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“ (მათე 8:19; მარკოზი 12:28—34).

რას ნიშნავდა ცხებულად ყოფნა?

ბიბლიურ დროში ახლო აღმოსავლეთში თუ ადამიანს თავზე ზეთს სცხებდნენ, ეს პატივისცემისა და სტუმართმოყვარეობის ნიშანი იყო. ამისთვის ძირითადად სხვადასხვა სურნელით გაჯერებულ ზეითუნის ზეთს იყენებდნენ. ებრაელები აგრეთვე ამ ზეთს იმ ადამიანს სცხებდნენ თავზე, რომელსაც განსაკუთრებული მდგომარეობა უნდა დაეკავებინა. მაგალითად, აარონს თავზე სცხეს ზეთი, როცა მღვდელმთავრად დანიშნეს (ლევიანები 8:12). მეფე დავითის შემთხვევაში კი „აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო [დავითს] . . . იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული“ (1 სამუელი 16:13).

ებრაული სიტყვა მაშახიდან, რომელიც ზეთით ცხებას ნიშნავს, წარმოდგება სიტყვა მაშიახ ანუ „მესია“. ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისია ქრიო, საიდანაც მომდინარეობს სიტყვა ქრისტოს ანუ „ქრისტე“. აქედან გამომდინარე, როგორც აარონი, ისე დავითი მესიებად ანუ ცხებულებად ითვლებოდნენ. ღვთის მსახურ მოსესაც ქრისტე ანუ ცხებული იმ გაგებით ეწოდება, რომ ღმერთმა აირჩია ის თავის წარმომადგენლად (ებრაელები 11:24—26).

იესო ნაზარეთელს უშუალოდ ღმერთმა მისცა უდიდესი ძალაუფლება. იესო ზეთით არ ყოფილა ცხებული, იგი ღმერთმა თავისი წმინდა სულით სცხო (მათე 3:16). იესოს, როგორც იეჰოვას მიერ არჩეულ ცხებულს, მართებულად ეწოდება მესია ანუ ქრისტე (ლუკა 4:18).