არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არაფერმა შეგიშალოს ხელი ქადაგებაში „სიხარულის დღეს“

არაფერმა შეგიშალოს ხელი ქადაგებაში „სიხარულის დღეს“

არაფერმა შეგიშალოს ხელი ქადაგებაში „სიხარულის დღეს“

ოთხი კეთროვანი თავის ხვედრზე ფიქრობდა. ქალაქის კარიბჭესთან არავინ გაიღო მოწყალება. სირიელებს ალყაში ჰყავდათ სამარია მოქცეული და შიმშილი მძვინვარებდა. ქალაქში შესვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან საკვები ძალიან ძვირი ღირდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოსახლეობაში კანიბალიზმს ჰქონდა ადგილი (2 მეფ. 6:24—29).

‘წავიდეთ სირიელთა ბანაკში, დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს’, — ფიქრობდნენ კეთროვნები. შებინდებისას ისინი გზას გაუდგნენ. როცა ბანაკს მიადგნენ, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გუშაგებიც არსად იყვნენ. ცხენები და ვირები დაბმული იყო, მეომრები კი არ ჩანდნენ. კეთროვნები ერთ კარავში შევიდნენ. იქ არავინ იყო, საჭმელ-სასმელი კი უხვად ელაგა. მათ ჭამეს და სვეს. იქვე შენიშნეს ოქრო-ვერცხლი, ტანსაცმელი და სხვა ძვირფასი ნივთები. კეთროვნებმა ყველაფერი აიღეს, რაც მოეწონათ, ბანაკის გარეთ გადამალეს და ისევ დაბრუნდნენ ბანაკში, რომ მეტი წაეღოთ, რადგან ბანაკი სავსე იყო ძვირფასეულობით. იეჰოვამ სასწაულებრივად ჩაასმინა სირიელებს ჯარის ხმა. მათ იფიქრეს, რომ მტერი ესხმოდათ თავს, ამიტომ უკანმოუხედავად გაიქცნენ და ყველაფერი ხელუხლებლად დატოვეს.

კეთროვნებმა წაიღეს და გადამალეს ძვირფასეულობა. მაგრამ შემდეგ ისინი სინდისმა შეაწუხა, რადგან გაახსენდათ, რომ სამარიაში ხალხი შიმშილობდა. მათ ერთმანეთს უთხრეს: „არასწორად ვიქცევით. ეს დღე სიხარულის დღეა!“. კეთროვნები დაბრუნდნენ სამარიაში და ხალხს ეს სასიხარულო ამბავი აუწყეს (2 მეფ. 7:1—11).

ჩვენც ვცხოვრობთ იმ პერიოდში, რომელსაც „სიხარულის დღე“ ეწოდება. „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე“ საუბრისას იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:3, 14). როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე?

საზრუნავმა შეიძლება დაგვამძიმოს

კეთროვნებს იმდენად გაუხარდათ მეომრებისგან მიტოვებული ბანაკის ნახვა, რომ ცოტა ხნით სამარია დაავიწყდათ. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ რა აეღოთ. შესაძლებელია ჩვენც მსგავსი რამ დაგვემართოს? „საკვების უკმარისობა“ ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია (ლუკ. 21:7, 11). იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით“ (ლუკ. 21:34). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ყოველდღიურმა საზრუნავმა არ დაგვავიწყოს, რომ „სიხარულის დღის“ პერიოდში ვცხოვრობთ.

ერთმა ქრისტიანმა დამ, სახელად ბლესინგმა, არ დაუშვა, რომ პირად ინტერესებს მისი ‘გული დაემძიმებინა’. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მან პიონერად დაიწყო მსახურება; მოგვიანებით ის ბეთელელ ძმაზე გათხოვდა და დღეს ქმართან ერთად ბენინის ბეთელში მსახურობს. ის ამბობს: „ბეთელში დამლაგებლად ვმსახურობ და ეს დიდ სიხარულს მანიჭებს“. ბლესინგი უკვე 12 წელია სრული დროით მსახურობს და ბედნიერია, რომ ყოველთვის ახსოვს „სიხარულის დღე“.

ნუ გაფლანგავთ დროს!

სამოცდაათ მოწაფეს, რომლებიც საქადაგებლად უნდა გაეგზავნა, იესომ უთხრა: „სამკალი მართლაც ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (ლუკ. 10:2). თუ მომკელი ყანის მომკას გადადებს, მოსავლის გარკვეულ ნაწილს დაკარგავს. მსგავსად, თუ სამქადაგებლო საქმიანობას გადავდებთ, შეიძლება მრავალი ადამიანის სიცოცხლე დავკარგოთ. სწორედ ამიტომ დასძინა იესომ: „მისალმებისას ნურავის გადაეხვევით გზაში“ (ლუკ. 10:4). სიტყვა „მისალმება“ დედნისეულ ენაზე უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ გამარჯობის თქმას. ამაში შედის გადახვევა და ხანგრძლივი საუბარი, როგორც ეს მეგობართან შეხვედრის დროს ხდება. ამგვარად, იესომ დაანახვა თავის მოწაფეებს, რომ დრო გონივრულად გამოეყენებინათ და არ გაეფლანგათ, რადგან სასიხარულო ცნობის ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო.

დაფიქრდით, რამდენმა რამემ შეიძლება წაგვართვას დრო. ბევრგან დროის ყველაზე დიდი ქურდი ტელევიზორია. რისი თქმა შეიძლება მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებზე? ბრიტანეთში 1 000 სრულწლოვანის გამოკითხვამ ცხადყო, რომ „ბრიტანელები დღეში საშუალოდ 88 წუთს ხარჯავენ სახლის ტელეფონზე საუბარში, 62 წუთს — მობილურზე საუბარში, ხოლო 53 წუთს — ელექტრონული ფოსტის წაკითხვასა და დაწერაში და 22 წუთს — SMS-ებში“. დახარჯული დროის რაოდენობა ორზე მეტჯერ აღემატება დამხმარე პიონერის მიერ სამქადაგებლო მსახურებაში გატარებულ საათებს! თქვენ რამდენ დროს უთმობთ ყოველდღე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას?

ერნსტ და ჰილდეგარდ ზილიგერები თავიანთ დროს გონივრულად იყენებდნენ. მათ ერთად ორმოც წელზე მეტი გაატარეს საკონცენტრაციო ბანაკებსა და კომუნისტურ ციხეებში. გათავისუფლებიდან მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე ისინი პიონერებად მსახურობდნენ.

ზილიგერებს ბევრი სწერდა წერილებს. წყვილს დღის მანძილზე დროის დიდი ნაწილი შეეძლო წერილების კითხვისა და წერისთვის დაეთმო. მაგრამ სულიერ საკითხებს მათ ცხოვრებაში პირველი ადგილი ეკავა.

რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ზომიერების ფარგლებში დროს ვუთმობთ ახლობლებთან ურთიერთობასა და გართობას და ამაში ცუდი არაფერია. და მაინც, გონიერებას ვავლენთ, როცა სასიხარულო ცნობის ქადაგების ამ მნიშვნელოვან პერიოდში დროს ფუჭად არ ვხარჯავთ.

საფუძვლიანად ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ „სიხარულის დღის“ პერიოდში ვცხოვრობთ. მოდი არასდროს მოვიქცეთ ისე, როგორც ოთხი კეთროვანი მოიქცა ბანაკში შესვლისას! ისინი მიხვდნენ, რომ ‘არასწორად იქცეოდნენ’. მსგავსად, არასწორი იქნება, თუ საზრუნავისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო სრულად ვერ მივიღებთ მონაწილეობას ქადაგებაში.

ამ მხრივ, მისაბაძ მაგალითს გვაძლევს მოციქული პავლე, რომელმაც მსახურების დაწყებიდან ოცი წლის შემდეგ დაწერა: „ყველგან გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ“ (რომ. 15:19). პავლემ არავის და არაფერს დართო იმის ნება, რომ მისთვის მსახურების ხალისი დაეკარგვინებინა. მოდი ჩვენც გულმოდგინედ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა ამ „სიხარულის დღეს“!

[სურათი 28 გვერდზე]

ბლესინგს პირადმა ინტერესებმა სრული დროით მსახურება ვერ შეაწყვეტინა

[სურათი 29 გვერდზე]

ზილიგერები დროს გონივრულად იყენებდნენ