არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაში

უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაში

უდიდესი ტბის საგანძური ცენტრალურ ამერიკაში

ნიკარაგუა პატარა ქვეყანაა, თუმცა ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი ტბით იკვეხნის. ამ ტბას ნიკარაგუა ჰქვია. საინტერესოა, რომ მხოლოდ ამ მტკნარწყლიან ტბაში ნახავთ ოკეანის ბინადარ ზვიგენს, შიმშერსა და ტარპონს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ დროს ამ ადგილას ყურე იყო, რომელიც წყნარ ოკეანეს ერთვოდა, მაგრამ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ოკეანეს გამოეყო. როცა წყალმა სიმლაშე დაკარგა, თევზს ახალ გარემოსთან მოუწია შეგუება.

ტბა ნიკარაგუა ზღვის დონიდან დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიგრძე 160 კილომეტრია, ხოლო ყველაზე განიერი ნაწილი 70 კილომეტრს აღწევს. ამ ტბაში 400-ზე მეტი კუნძულია, რომელთაგან 300 ასესეს ნახევარკუნძულის გარშემოა თავმოყრილი ქალაქ გრანადასთან ახლოს, ტბის ჩრდილოეთ ნაწილში. მათ გრანადის პატარა კუნძულები ეწოდება.

უდიდესი კუნძული ტბის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მას ომეტეპე ჰქვია. მისი სიგრძე 25 კმ-ია, ხოლო სიგანე — 13 კმ. იგი ორი ვულკანური მთისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ყელით უკავშირდება. ამათგან მომაღლოს, კონსეფსიონს, სიმეტრიული კონუსი აქვს და 1 610 მეტრზეა აზიდული. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს აქტიური ვულკანი შეუმჩნეველი არავის დარჩება. მეორე ვულკანს, რომლის სიმაღლე 1 394 მეტრია, მადერა ჰქვია. ის მიძინებული ვულკანია და ხშირი ტყეებით არის დაფარული, ხოლო მის კრატერზე ლაგუნაა, რომელსაც ნისლი ფარავს.

ტურისტებს ხიბლავს ტბა ნიკარაგუა. ისინი ულამაზესი ბუნებისა და ძველი ცივილიზაციების ნაშთების სანახავად ჩადიან. მაგრამ ტბა ნიკარაგუას სხვა საგანძურიც აქვს, რომლის აღმოჩენაც ნამდვილად ღირს!

დასახლება წყალზე

გრანადის პატარა კუნძულები მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ხშირ ტყეებში, რომლითაც დაფარულია ვულკანური კუნძულების უმეტესი ნაწილი, ეგზოტიკური მცენარეები იზრდება. სანაპიროზე თვალს მოჰკრავთ წყლის ისეთ ფრინველებს, როგორიცაა ლურჯი ყანჩა, დიდი თეთრი ყანჩა, შაკი, ანჰინგა და ჩვამა. უღრან ტყეში ვეებერთელა ხეებზე წაბლისფრად შეფერილი ჩიტების (Psarocolius montezuma) გადმოკიდებულ ბუდეებსაც შეამჩნევთ, რომელთაც ტბიდან წამოსული ნიავი არხევს.

გრანადის ზოგი კუნძული დასახლებულია. აქ ადგილობრივი მეთევზეების სახლები და მდიდრების კოტეჯებია, აგრეთვე სკოლები, რესტორნები, ბარები და სასაფლაო. არქიპელაგი წყალზე გაშენებულ სოფელს ჰგავს.

ყოველ დილით სკოლაში ბავშვები ლურჯი და თეთრი ნავებით ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაჰყავთ. აქ მოტივტივე მაღაზიაც არის, რომელიც კუნძულ-კუნძულ ხილსა და ბოსტნეულს „დაატარებს“. ხალხი ყოველდღიური საქმეების კეთებით არის გართული — კაცები ტბაში ბადეებს ისვრიან, ქალები კი ტანსაცმელს რეცხავენ.

ამ კუნძულებზე იეჰოვას მოწმეებიც შრომობენ. ისინი ნავებით გადაადგილდებიან, რათა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ხალხის ყურამდე მიიტანონ (მათე 24:14). უჩვეულო გეოგრაფიულმა მდებარეობამ ერთი პრობლემა წარმოშვა, კერძოდ, სად უნდა ჩაეტარებინათ შეხვედრები, სადაც ღვთის სიტყვას განიხილავდნენ. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, არ მიატოვონ თავიანთი შესაკრებელი, ამიტომ მოწმეებმა საუკეთესო გამოსავალი იპოვეს — ააგეს წყალზე მოტივტივე სამეფო დარბაზი (ებრაელები 10:25).

მოტივტივე სამეფო დარბაზი

2005 წლის ნოემბერში გრანადის პატარა კუნძულებზე იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი ჩავიდა, რომლებიც სრული დროით მქადაგებლები იყვნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მათ ადგილობრივი მცხოვრებლები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მათდა გასაკვირად, შეხვედრას 76 ადამიანი დაესწრო. ცოლ-ქმარმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო რეგულარულად ქრისტიანული შეხვედრების ჩატარება. ვინაიდან, შესაფერისი ადგილის პოვნა რთული იყო, მათ გადაწყვიტეს მოტივტივე სამეფო დარბაზის აგება, რომელსაც ხალხისთვის მოსახერხებელ ადგილას ბაგირით გააცურებდნენ.

ეს საზრიანი ცოლ-ქმარი, რომელსაც ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გაეკეთებინა, მოტივტივე დარბაზის აგებას შეუდგა. ისინი ექვს მოწმესთან ერთად ამ პროექტზე ერთ თვეს მუშაობდნენ. ეს შესაკრებელი ადგილი უბრალო ტივი უნდა ყოფილიყო. ის რკინის მილებისგან შედუღებული კარკასისგან აიგებოდა, რომელზეც ჰაერით დატუმბულ კასრებს დაამაგრებდნენ, იატაკს ფანერისგან გააკეთებდნენ, ხოლო სახურავს — ბრეზენტისგან. მშენებლები ყოველღამე ლოცულობდნენ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ სამეფო დარბაზი ვერ იტივტივებდა. საბედნიეროდ, ამ ჩანაფიქრმა გაამართლა.

2006 წლის 10 ივნისს პირველად შეიკრიბნენ ახალ სამეფო დარბაზში. მომდევნო დღეს დარბაზი არქიპელაგის მეორე მხარეს ბაგირით გააცურეს, იქაურ მცხოვრებლებსაც რომ მოესმინათ იგივე პროგრამა. ორივე შეხვედრას საერთო ჯამში 48 ადამიანი დაესწრო მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ნახევარ საათზე მეტი მოანდომა დაბურული ტყის გავლით დარბაზამდე მისვლას. ყველა ძალიან გახარებული იყო, რომ თაყვანისმცემლობის ახალი ადგილი ჰქონდათ.

მოტივტივე სამეფო დარბაზში შეხვედრებს თავისებური კოლორიტი აქვს. როცა მომხსნებელი მოხსენებას კითხულობს, აუდიტორიას წყლის შხეფების ხმა და ხანდახან მაიმუნის ყვირილიც ესმის შორიდან. კუნძულელები მოტივტივე დარბაზის ნახვას მალე შეეჩვივნენ. როცა დარბაზი ბაგირით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, ისინი მოწმეებს ხელებს უქნევდნენ. ყოველკვირა მოტივტივე დარბაზში 20-ზე მეტი ადამიანი იკრიბება თანამორწმუნეებთან საურთიერთოდ და ბიბლიის შესასწავლად. ეს დარბაზი მართლაც, რომ საგანძურია!

კუნძული ომეტეპე

კუნძული ომეტეპე გრანადიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარეობს. ის საოცრად ლამაზი, ნაყოფიერი და საცხოვრებლად კარგი ადგილია. ნიკარაგუაში მიწათმოქმედების ადრეული ნიშნები სწორედ აქ იყო აღმოჩენილი. დღეს ომეტეპეზე 42 000 ადამიანი სახლობს. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა და მიწათმოქმედებაა. აქ მოჰყავთ ბანანი, ყავა და მარცვლეული კულტურები. ცხოველთა სამყაროც არანაკლებ თვალწარმტაცია. კუნძულზე თუთიყუშთა არაერთი გუნდია. ერთ-ერთი სახეობაა (Calocitta formosa), რომელიც ხიდან ხეზე დაფრინავს და ლურჯ-თეთრი ბუმბულით თავს იწონებს. აქვე ბინადრობენ ყველასათვის საყვარელი თეთრსახიანი ციდამკაველი მაიმუნები.

ომეტეპეზე მცხოვრებთ იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას უზიარებენ. 1966 წელს 8 ადამიანი მოინათლა. მას შემდეგ ომეტეპეზე იეჰოვას მოწმეების რიცხვი 183-მდე გაიზარდა; იქ ოთხი შესაკრებელია. თითოეულ კრებას მოსახერხებელ ადგილას თავისი სამეფო დარბაზი აქვს. დღეს ამ კუნძულზე ერთ მოწმეზე 230 ადამიანი მოდის.

წლების განმავლობაში ომეტეპეზე იეჰოვას მოწმეებს მრავალი სირთულე ხვდებოდათ. მაგალითად, 1980 წელს მოწინააღმდეგეებმა ქალაქ მერიდაში სამეფო დარბაზი გადაწვეს. 1984 წელს სხვა სამეფო დარბაზი აშენდა. მას 2003 წლამდე იყენებდნენ, სანამ სხვა მშვენიერ სამეფო დარბაზს არ ააშენებდნენ, რამაც კრების 60 წევრი გაახარა.

სამეფო დარბაზი მოიოგალპაშიც ააშენეს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა უფრო დიდი შეკრებების ჩატარება. სამეფო დარბაზს უკანა მხარეს გამოწეული სახურავი აქვს, რომლის ქვეშაც სცენაა განთავსებული. სცენის წინ სკამები დგას და მთლიანი ტერიტორია ჩარდახით არის გადახურული. პერიოდულად აქ ადგილობრივი მოწმეები და სხვადასხვა კუნძულზე მცხოვრები მათი მეგობრები იკრიბებიან დიდი შეკრებების ჩასატარებლად. იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომის მსურველთათვის ანუ მოსანათლავებისთვის ტბა ნიკარაგუა მოსახერხებელი ადგილია (მათე 28:19).

დაცული იქნება ეს საგანძური?

ტბა ნიკარაგუა თავისი სიდიდის გამო ყოველთვის აუღებელი ციხე-კოშკივით იყო, მაგრამ დღეს ის დაცვას საჭიროებს. წყალი ბინძურდება სოფლის მეურნეობისა და წარმოების ნარჩენებით, აგრეთვე, ტყის გაჩეხვის შედეგად წარმოქმნილი დანალექით.

მიიღებენ თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობა ზომებს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უცნობია. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებულნი ვართ, რომ შემოქმედი დაიცავს მთელი დედამიწის საგანძურს, კამკამა ტბებს, ლამაზ კუნძულებსა და საუცხოო ფლორასა თუ ფაუნას. ის ამ საგანძურს მორჩილ ადამიანებს მემკვიდრეობად მისცემს. „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

[სურათი 26 გვერდზე]

წყალზე მოტივტივე სამეფო დარბაზი