არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა

გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა

გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა

„მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომ. 15:5).

1. რატომ უნდა ვცდილობდეთ, ქრისტეს მსგავსად ვიაზროვნოთ?

იესო ქრისტემ თქვა: „მოდით ჩემთან . . . ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათ. 11:28, 29). ამ გულითად სიტყვებში კარგად ჩანს იესოს აზროვნება. ვერავინ იქნება მასზე უკეთესი მისაბაძი მაგალითი. მართალია, ღვთის ძე იყო და დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ ის თანაუგრძნობდა და სათუთად ექცეოდა ყველას, განსაკუთრებით კი გაჭირვებულებს.

2. იესოს რა თვისებებს განვიხილავთ?

2 ამ და მომდევნო ორ სტატიაში განვიხილავთ, როგორ განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ისეთივე აზროვნება, როგორიც იესოს ჰქონდა, და რაში უნდა ჩანდეს, რომ „ქრისტეს გონება გვაქვს“ (1 კორ. 2:16). ეს სტატიები, ძირითადად, იესოს ხუთ თვისებას განიხილავს: თავმდაბლობის გამომხატველ რბილ ხასიათს, სიკეთეს, ღვთის მორჩილებას, გაბედულებასა და ურყევ სიყვარულს.

რას ვსწავლობთ ქრისტეს რბილი ხასიათიდან?

3. ა) მოიყვანეთ ერთ-ერთი მაგალითი, რითაც იესომ თავმდაბლობა ასწავლა მოწაფეებს? ბ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მოწაფეების სისუსტეების მიმართ?

3 იესო, ღვთის სრულყოფილი ძე, ღვთის დავალების შესასრულებლად თავისი ნებით განკაცდა და არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანების გვერდით ცხოვრობდა, რომელთაგანაც ზოგმა სასიკვდილოდაც კი გაიმეტა. მაგრამ იესოს არც სიხარული დაუკარგავს და არც მოთმინების უნარი (1 პეტ. 2:21—23). მის მაგალითზე დაკვირვება გვეხმარება მივბაძოთ მას, როცა სხვების არასრულყოფილებისა და შეცდომების გამო ვწუხვართ (ებრ. 12:2). იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ მასთან ერთად ეტარებინათ უღელი და ესწავლათ მისგან (მათ. 11:29). რა უნდა ესწავლათ? იესო რბილად ექცეოდა მოწაფეებს და მათი შეცდომების მიუხედავად, მოთმინებით ეპყრობოდა. სიკვდილის წინა ღამეს იესომ მათ ფეხები დაბანა, რითაც თავმდაბლობის დაუვიწყარი მაგალითი მისცა (წაიკითხეთ იოანეს 13:14—17 ). მოგვიანებით, როცა პეტრემ, იაკობმა და იოანემ ვერ იფხიზლეს, იესომ თანაუგრძნო მათ. მან ჰკითხა: „სიმონ, გძინავს? . . . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ. სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მარ. 14:32—38).

4, 5. რაში გვეხმარება იესოს მაგალითი?

4 როგორ ვრეაგირებთ, როცა თანამორწმუნე მეტოქეობის სულს ავლენს, ადვილად ნაწყენდება ან ძნელად იღებს უხუცესებისა და „ერთგული და გონიერი მონის“ რჩევებს? (მათ. 24:45—47). სატანის ქვეყნიერების ყაიდაზე მცხოვრები ადამიანებისგან, შესაძლოა, ბევრი რამ არ გაგვიკვირდეს, მაგრამ, როცა საქმე ჩვენს ძმებს ეხება, შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება. თუ სხვების შეცდომები ადვილად გვაღიზიანებს, დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია უკეთ მივბაძოთ ქრისტეს აზროვნებას. გახსოვდეთ, რომ იესო მაშინაც კი არ განაწყენებულა მოწაფეებზე, როცა მათ სულიერი სისუსტე გამოავლინეს.

5 განვიხილოთ მოციქულ პეტრეს შემთხვევა. როცა იესომ უთხრა მას, რომ ნავიდან გადმოსულიყო და მისკენ წყალდაწყალ წასულიყო, პეტრემაც გაიარა, მაგრამ ქარიშხლის შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო. განრისხდა იესო და უსაყვედურა, ახია შენზე, ახლა მაინც ისწავლიო ჭკუას? რა თქმა უნდა არა. «იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“» (მათ. 14:28—31). თუ იმ თანამორწმუნესთან მოგვიწევს ურთიერთობა, რომელიც რწმენის ნაკლებობას ავლენს, ჩვენც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ხელი გავუწოდოთ და რწმენის გაძლიერებაში დავეხმაროთ. როგორც დავინახეთ, იესო რბილად მოექცა პეტრეს, ჰოდა, ჩვენც ვსწავლობთ მისგან.

6. რაც შეეხება პირველობას, რა ასწავლა იესომ მოციქულებს?

6 პეტრე და სხვა მოციქულები ხშირად კამათობდნენ იმაზე, ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იაკობსა და იოანეს უნდოდათ, რომ ღვთის სამეფოში ერთი იესოს მარჯვნივ მჯდარიყო, მეორე კი — მარცხნივ. ეს რომ პეტრემ და სხვა მოციქულებმა გაიგეს, აღშფოთდნენ. იესოს ესმოდა, რომ ამგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, მათ იმ საზოგადოებამ ჩამოუყალიბა, რომელშიც აღიზარდნენ. მან მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“. შემდეგ თავისი თავი მოუყვანა მაგალითად: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:20—28).

7. როგორ შეუძლია თითოეულს საკუთარი წვლილის შეტანა კრების ერთობაში?

7 იესოს თავმდაბლობაზე ფიქრი დაგვეხმარება თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას ისე მოვიქცეთ, „როგორც უმცირესი“ (ლუკ. 9:46—48). ეს განამტკიცებს ჩვენს ერთობას. იეჰოვას, დიდი ოჯახის მამას, უნდა, რომ მისმა შვილებმა ერთად იცხოვრონ ერთობაში ტკბილად (ფსალმ. 133:1). იესომ ჭეშმარიტი ქრისტიანების ერთობა შეავედრა მამას: „მე მათთან ერთობაში ვარ, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილებას მიაღწიონ ერთობაში და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე“ (იოან. 17:23). ასე რომ, ჩვენი ერთობა ხალხს გაუადვილებს იმაში დარწმუნებას, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ. მაგრამ ერთობისთვის საჭიროა, სხვების არასრულყოფილების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. იესო მიმტევებელი იყო და მოწაფეებსაც ასწავლიდა, მიმტევებლები ყოფილიყვნენ, რათა ღმერთს ეპატიებინა მათთვის (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15 ).

8. რას ვსწავლობთ გამოცდილი ღვთის მსახურებისგან?

8 ბევრს ვსწავლობთ, როცა ვბაძავთ მათ რწმენას, ვინც, თავის მხრივ, წლების მანძილზე ქრისტეს ჰბაძავს. უმეტეს შემთხვევაში, იესოს მსგავსად, ისინიც გაგებით ეკიდებიან სხვების არასრულყოფილებას. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქრისტიანული თანაგრძნობის გამოვლენა „უძლურთა სისუსტეების“ ტარებასაც გააადვილებს და კრების ერთობასაც განამტკიცებს. გარდა ამისა, ასეთი თანაგრძნობა კრების ყველა წევრს აღძრავს, ქრისტეს მსგავსი აზროვნება ჰქონდეს. ამ ერთგულ და-ძმებს იგივე სურთ თანამორწმუნეებისთვის, რაც მოციქულ პავლეს სურდა რომაელ ქრისტიანთათვის: „დაე, ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა, რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა“ (რომ. 15:1, 5, 6). ჩვენი ერთსულოვანი თაყვანისცემა მართლაც განადიდებს იეჰოვას.

9. რატომ გვჭირდება წმინდა სულის დახმარება იესოს მისაბაძად?

9 იესომ „გულით თავმდაბლობა“ დაუკავშირა რბილ ხასიათს, რაც ღვთის წმინდა სულის ნაყოფია. იესოს სათანადოდ რომ მივბაძოთ, საჭიროა როგორც მისი მაგალითის შესწავლა, ისე იეჰოვას წმინდა სულის დახმარება. უნდა ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული და ვეცადოთ, გამოვავლინოთ მისი ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). თუ იესოს მსგავსად თავმდაბლები ვიქნებით და რბილ ხასიათს გამოვავლენთ, ვასიამოვნებთ ჩვენს ზეციერ მამა იეჰოვას.

იესო კეთილი იყო

10. როგორ ავლენდა იესო სიკეთეს?

10 სიკეთეც წმინდა სულის ნაყოფია. იესო ყოველთვის კეთილად ეპყრობოდა სხვებს. ის „თბილად შეხვდა“ ყველას, ვინც სუფთა გულით მივიდა მასთან (წაიკითხეთ ლუკას 9:11 ). რას გვასწავლის იესოს მიერ გამოვლენილი სიკეთე? კეთილი ადამიანი თავაზიანი, რბილი, თანამგრძნობი და დიდსულოვანია. იესო სწორედ ასეთი იყო. მას გული ეწვოდა ხალხის გამო, „რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:35, 36).

11, 12. ა) როგორ გამოავლინა საქმით იესომ თანაგრძნობა? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რას სწავლობთ ამ მაგალითიდან?

11 იესოს ებრალებოდა ხალხი, თანაუგრძნობდა მათ და ამას საქმით აჩვენებდა. მაგალითად, ერთი ქალი მთელი 12 წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა. მან იცოდა, რომ მოსეს კანონის თანახმად თაყვანისცემისთვის თვითონაც უწმინდური იყო და ისინიც, ვინც მას შეეხებოდნენ (ლევ. 15:25—27). იესოს კეთილ ადამიანად იცნობდნენ, ამიტომ ქალი დარწმუნებული იყო, რომ იესოს არა მხოლოდ შეეძლო მისი განკურნება, არამედ დიდი სიხარულითაც გააკეთებდა ამას. ქალი ამბობდა, ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო. მან გამბედაობა მოიკრიბა, შეეხო იესოს ტანსაცმელს და მაშინვე იგრძნო, რომ განიკურნა.

12 იესო მიხვდა, რომ ვიღაც შეეხო, და თვალებით ძებნა დაუწყო მას. როგორც ჩანს, ქალს შეეშინდა, რომ იესოს კანონის დარღვევისთვის არ ესაყვედურა, ამიტომ აკანკალებული ფეხებში ჩაუვარდა და ყველაფერს მოუყვა. უსაყვედურა იესომ ამ საწყალ, დატანჯულ ადამიანს? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, დაამშვიდა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით“ (მარ. 5:25—34). რა მალამოსავით დაედებოდა განკურნებულის გულს ეს კეთილი სიტყვები!

13. ა) როგორ განსხვავდებოდა იესოს დამოკიდებულება ფარისევლების დამოკიდებულებისგან? ბ) როგორ ეპყრობოდა იესო ბავშვებს?

13 გულქვა ფარისევლებისგან განსხვავებით ქრისტეს ბოროტად არასდროს გამოუყენებია ძალაუფლება და ხალხი არ დაუმძიმებია (მათ. 23:4). პირიქით, ის სიყვარულითა და მოთმინებით ასწავლიდა ხალხს იეჰოვას ნორმებს. ის თავისი მიმდევრების კარგი მეგობარი იყო, გულკეთილი და მოსიყვარულე (იგავ. 17:17; იოან. 15:11—15). ბავშვებიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს იესოსთან და იესოსაც სიამოვნებდა მათთან ყოფნა. ის არასდროს ყოფილა იმდენად დაკავებული, რომ ბავშვებისთვის დრო ვერ გამოენახა. ერთხელ მოწაფეები, რომლებსაც რელიგიური წინამძღოლებივით საკუთარ თავზე ჯერ კიდევ დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, არ ანებებდნენ ხალხს იესოსთან პატარა ბავშვების მიყვანას. იესომ გაკიცხა მოწაფეები: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო“. მერე კი ბავშვები მაგალითად მოიყვანა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“ (მარ. 10:13—15).

14. როგორ მოქმედებს ბავშვებზე გულწრფელი ინტერესი?

14 წარმოიდგინეთ, წლების შემდეგ რას იგრძნობდნენ უკვე ზრდასრული კაცები და ქალები, როცა გაიხსენებდნენ, როგორ ეხვეოდა და ლოცავდა მათ იესო ქრისტე (მარ. 10:16). ის ბავშვები, ვის მიმართაც დღეს უხუცესები და სხვა მაუწყებლები გულწრფელ ინტერესს ავლენენ, მომავალში დიდი სითბოთი გაიხსენებენ მათ. და რაც მთავარია, ბავშვები, რომლებსაც კრების მზრუნველობა არ აკლიათ, პატარაობიდანვე ხედავენ, რომ იეჰოვა წმინდა სულს არ აკლებს თავის ხალხს.

იყავით კეთილი სიკეთის მოძულე ქვეყნიერებაში

15. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ხალხს არ სურს სიკეთის კეთება?

15 დღეს ბევრს არ სცალია სიკეთის კეთებისთვის. ამის გამო სკოლაში, სამსახურში, მგზავრობისას თუ ქადაგებისას იეჰოვას ხალხს ყოველდღიურად უწევს ქვეყნიერების სულთან გამკლავება. ამან შეიძლება გული დაგვწყვიტოს, მაგრამ არ უნდა გავიკვირვოთ. ღვთის შთაგონებით პავლემ ჭეშმარიტი ქრისტიანები გააფრთხილა, რომ ამ მძიმე „ბოლო დღეებში“ ვერსად გაექცეოდნენ „საკუთარი თავის მოყვარულებსა“ და „თბილ გრძნობებს მოკლებულებს“ (2 ტიმ. 3:1—3).

16. როგორ გამოვავლინოთ კრებაში ქრისტესგან ნასწავლი სიკეთე?

16 სიკეთის მოძულე ქვეყნიერებისგან განსხვავებით ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში ჯანსაღი გარემოა. თუ იესოს მივბაძავთ, ამ გარემოს სიჯანსაღეში ჩვენც შევიტანთ წვლილს. მაგალითად, შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ იმ მრავალ და-ძმას, რომლებიც ჯანმრთელობას უჩივიან ან სხვა სირთულეებს ხვდებიან. „ბოლო დღეებში“, შესაძლოა, პრობლემები სულ უფრო და უფრო მატულობდეს, მაგრამ მათში ახალი არაფერია. პირველი საუკუნის ქრისტიანებიც მსგავს სირთულეებს ხვდებოდნენ. როგორც ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ისე ჩვენც გვმართებს თანაქრისტიანების დახმარება. მაგალითად, პავლემ ქრისტიანებს ურჩია: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14). ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმით ვაჩვენოთ ქრისტესგან ნასწავლი სიკეთე.

17, 18. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს სიკეთის გამოვლენაში?

17 ქრისტიანები ვალდებული ვართ თბილად მივიღოთ ჩვენი ძმები, იესოსავით მოვეპყროთ მათ, გულწრფელად ვიზრუნოთ მათზეც, ვისაც დიდი ხანია ვიცნობთ, და მათზეც, ვისაც ადრე არც კი შევხვედრივართ (3 იოან. 5—8). იესოს მსგავსად ჩვენც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, თანავუგრძნოთ სხვებს და გავამხნეოთ (ეს. 32:2; მათ. 11:28—30).

18 თითოეულს სიკეთის კეთება იმითაც შეგვიძლია, რომ სხვების კეთილდღეობით დავინტერესდეთ. ჩვენ თვითონ ვეძებოთ სიკეთის კეთების სხვადასხვა შესაძლებლობა. ნუ დავიზარებთ! პავლე მოგვიწოდებს: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მსგავსად სხვებს თბილად და კეთილად მოვეპყროთ და ვისწავლოთ „უთვალთმაქცო სიყვარული“ (2 კორ. 6:6). პავლემ ქრისტიანული სიყვარული ასე აღწერა: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“ (1 კორ. 13:4). ნაცვლად იმისა, რომ და-ძმებზე დავიბოღმოთ, ყურად ვიღოთ მოწოდება: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:32).

19. რა კურთხევები მოჰყვება ქრისტეს მსგავსად სიკეთის კეთებას?

19 თუ ვცდილობთ, მივბაძოთ ქრისტეს და მისნაირად ყოველთვის კეთილად მოვეპყროთ სხვებს, ღმერთი კურთხევას არ დაგვაკლებს. იეჰოვას სულს შეუძლია შეუფერხებლად იმოქმედოს კრების თითოეულ წევრზე და დაეხმაროს სულის შესანიშნავი ნაყოფის გამოვლენაში. თუ იესოს მაგალითს მივყვებით და სხვებსაც დავეხმარებით ამაში, ასეთი გაერთიანებული თაყვანისცემით თავად ღმერთს გავახარებთ. ასე რომ, ყოველთვის შევეცადოთ ისევე რბილად და კეთილად მოვექცეთ სხვებს, როგორც იესო.

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ აჩვენა იესომ, რომ „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო?

• როგორ ავლენდა იესო სიკეთეს?

• როგორ შეგვიძლია ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ქრისტეს მსგავსად რბილად და კეთილად მოვეპყროთ სხვებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8 გვერდზე]

გაუწვდით დახმარების ხელს ძმას, რომელიც პეტრესავით რწმენის ნაკლებობას ავლენს?

[სურათი 10 გვერდზე]

რის გაკეთება შეგიძლიათ, კრებაში სიკეთემ რომ იუხვოს?