არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტესავით მორჩილი და გაბედული იყავით

ქრისტესავით მორჩილი და გაბედული იყავით

ქრისტესავით მორჩილი და გაბედული იყავით

„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:33).

1. როგორ ემორჩილებოდა იესო ღმერთს?

იესო ქრისტე ყოველთვის ასრულებდა ღვთის ნებას. მას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ზეციერ მამას არ დამორჩილებოდა (იოან. 4:34; ებრ. 7:26). მაგრამ დედამიწაზე ცხოვრებისას მას ბევრი ისეთი რამ შეემთხვა, რის გამოც მორჩილება ადვილი არ უნდა ყოფილიყო. მსახურების დაწყებიდან მოყოლებული იესოს მტრები, მათ შორის სატანაც, გადარწმუნებით, დაძალებითა და მოტყუებით ცდილობდნენ, მისთვის უარი ეთქმევინებინათ ღვთის ერთგულებაზე (მათ. 4:1—11; ლუკ. 20:20—25). მათ იესოს ძლიერი ემოციური, ფიზიკური და სულიერი ტკივილი მიაყენეს. ბოლოს ის წამების ბოძზე გააკრეს და მოკლეს (მათ. 26:37, 38; ლუკ. 22:44; იოან. 19:1, 17, 18). მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იესო „მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:8 ).

2, 3. რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ იესო ტანჯვის მიუხედავად ღვთის მორჩილი იყო?

2 ადამიანად ყოფნამ იესოს სხვაგვარი მორჩილება ასწავლა (ებრ. 5:8). შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იესომ უკვე ყველაფერი იცოდა იეჰოვას მსახურებაზე. მას ხომ მრავალი საუკუნის მანძილზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და შემოქმედებისას „როგორც ოსტატი“ იყო მის გვერდით (იგავ. 8:30). მაგრამ იესოს უმწიკვლობა საბოლოოდ მაშინ გამოჩნდა, როცა განკაცებული ტანჯვის მიუხედავად, ერთგული დარჩა. ამის წყალობით იესო, ღვთის ძე, სულიერად კიდევ უფრო გაიზარდა. რას ვსწავლობთ მისგან?

3 სრულყოფილების მიუხედავად, იესო მხოლოდ საკუთარი ძალით არ ცდილობდა მორჩილებას. ის ღმერთს სთხოვდა დახმარებას, რომ მორჩილი ყოფილიყო (წაიკითხეთ ებრაელების 5:7 ). ჩვენც გვმართებს თავმდაბლობა და დახმარებისთვის გამუდმებით ლოცვა, რათა მორჩილები ვიყოთ. ამიტომაც ურჩია მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა . . . [რომელმაც] თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილ. 2:5—8). იესოს ცხოვრებამ დაამტკიცა, რომ მორჩილება ბოროტებით გაჟღენთილ გარემოშიც შესაძლებელია. ცხადია, იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ რის თქმა შეიძლება ჩვენზე, არასრულყოფილ ადამიანებზე?

მორჩილება არასრულყოფილების მიუხედავად

4. რა იგულისხმება ნების თავისუფლებაში?

4 ღმერთმა ადამსა და ევას განსჯის უნარი და ნების თავისუფლება უბოძა. მათ შთამომავლებსაც გვაქვს ნების თავისუფლება. ამაში ის იგულისხმება, რომ შეგვიძლია ან სიკეთის კეთება ავირჩიოთ ან ბოროტების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა მოგვცა თავისუფალი არჩევანი — ან დავემორჩილოთ ღმერთს ან არა. მაგრამ ასეთი თავისუფლება ანგარიშვალდებულებს გვხდის. სინამდვილეში, ჩვენს არჩევანზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ჩვენი გადაწყვეტილებები სხვებზეც ახდენს გავლენას.

5. რასთან გვიწევს ბრძოლა და როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში?

5 მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო გვიჭირს მორჩილება. ყოველთვის ადვილი არ არის, დავემორჩილოთ ღვთის კანონებს. პავლესაც უჭირდა მორჩილება: „ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომ. 7:23). ცხადია, მორჩილება უფრო ადვილია მაშინ, როცა არც მსხვერპლის გაღება გვიწევს, არც ტკივილის ატანა და არც განსაკუთრებული ძალისხმევის ფასადაც გვიჯდება. მაგრამ როგორ ვიმოქმედებთ მაშინ, როცა ღვთის მორჩილების სურვილს „ხორცის სურვილი [და] თვალთა სურვილი“ უპირისპირდება? ეს ხორციელი სურვილები ჩვენი არასრულყოფილებისა და „ქვეყნიერების სულის“ შედეგია და დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე (1 იოან. 2:16; 1 კორ. 2:12). წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ ასეთ სურვილებს, მანამ უნდა მოვამზადოთ გული, სანამ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ან ცდუნების წინაშე დავდგებით, და გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, ნებისმიერ ფასად დავემორჩილოთ იეჰოვას (ფსალმ. 78:8). ბიბლიაში ჩაწერილია ბევრი ისეთი ადამიანის მაგალითი, რომლებმაც სწორედ იმიტომ უერთგულეს ღმერთს, რომ გული ჰქონდათ მომზადებული (ეზრ. 7:10; დან. 1:8).

6, 7. ახსენით, როგორ შეიძლება დაგვეხმაროს პირადი შესწავლა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.

6 ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების საგულდაგულო შესწავლა გულის მომზადების ერთ-ერთი საშუალებაა. წარმოიდგინეთ, რომ პირადი შესწავლა გაქვთ. ლოცვაში იეჰოვას სთხოვეთ, დაგეხმაროთ გაითვალისწინოთ მისი სიტყვიდან ნასწავლი. მეორე საღამოს გეგმავთ ყველას ნაქები ფილმის ყურებას, თუმცა იცით, რომ მასში შიგადაშიგ უზნეო და ძალადობის ამსახველი სცენებია.

7 თქვენ ფიქრობთ ეფესოელების 5:3-ში ჩაწერილ პავლეს რჩევაზე: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“. გახსენდებათ ფილიპელების 4:8-ში მოცემული პავლეს რჩევაც (წაიკითხეთ). ამ ღვთივშთაგონებულ რჩევებზე ფიქრისას, გებადებათ კითხვა: თუ განზრახ ვკვებავ გულსა და გონებას ასეთი ტელეგადაცემებით, მივყვები იესოს მაგალითს, რომელიც ყველაფერში ემორჩილებოდა ღმერთს? როგორ მოიქცეოდით? მაინც უყურებდით იმ ფილმს?

8. რატომ არ უნდა გავაუფასუროთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები?

8 შეცდომა იქნება, თუ იეჰოვას ნორმებს გავაუფასურებთ, ნაკლებად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მათ დაცვას და ვიფიქრებთ, რომ ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს ცუდი საზოგადოება და მათ შორის ისეთი გართობა, რომელშიც უზნეობის ან ძალადობის ელემენტებია. ნაცვლად ამისა, უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი შვილები სატანის სულის გამრყვნელი გავლენისგან. კომპიუტერის მომხმარებლები ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი კომპიუტერები დაიცვან სხვადასხვა ვირუსისგან, რომლებსაც ინფორმაციის განადგურება, ფუნქციების დარღვევა და „დაინფიცირებული“ კომპიუტერით სხვა კომპიუტერების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. განა ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, უფრო მეტი გულმოდგინებით დავიცვათ თავი სატანის ხრიკებისგან?! (ეფეს. 6:11)

9. რატომ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, ყოველთვის დავემორჩილოთ იეჰოვას?

9 თითქმის ყოველდღე გვიწევს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება, დავემორჩილოთ ან არ დავემორჩილოთ იეჰოვას. გადასარჩენად აუცილებელია ღვთის მორჩილება და მისი სამართლიანი პრინციპების დაცვა. თუ ქრისტეს ვბაძავთ მორჩილებაში და მზად ვართ, სიკვდილამდე მორჩილი ვიყოთ, ვაჩვენებთ, რომ ცოცხალი რწმენა გვაქვს. იეჰოვა ერთგულებისთვის გვაკურთხებს. იესო დაგვპირდა: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათ. 24:13). ამისათვის კი საჭიროა იესოსავით გაბედულები ვიყოთ (ფსალმ. 31:24).

იესო გაბედულების საუკეთესო მაგალითი იყო

10. რამ შეიძლება მოახდინოს ჩვენზე გავლენა და რა უნდა გავაკეთოთ?

10 ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ აზროვნებასა და საქციელს ვერსად გავექცევით, ამიტომ გამბედაობაა საჭირო, რომ ქვეყნიერების ყაიდაზე არ გადავიდეთ. ქრისტიანებიც განიცდიან ზეწოლას ზნეობრივი ფასეულობების დაცემის, საზოგადოებრივი თვალსაზრისის, ეკონომიკური მდგომარეობისა და გავრცელებული რელიგიური შეხედულებების გამო, რის შედეგადაც ქრისტიანი შეიძლება იეჰოვას სამართლიან გზას ჩამოსცილდეს. ბევრს ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან. ზოგი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც არასდროს, ისე ისწავლება ევოლუციის თეორია, ათეიზმი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასეთ გარემოში გულხელდაკრეფილი არ უნდა ვისხდეთ. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ ზეწოლას და თავი დავიცვათ. იესოს მაგალითი გვასწავლის, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

11. როგორ შეგვმატებს გაბედულებას იესოს მაგალითზე ფიქრი?

11 იესომ მოწაფეებს უთხრა: „ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:33). ის არასდროს ნებდებოდა ქვეყნიერებას და არ აძლევდა მას იმის საშუალებას, რომ შეეწყვეტინებინა ქადაგება ან გაეუფასურებინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და ღვთისმოსაწონი ქცევისთვის დადგენილი ნორმები. ჩვენც იესოს მსგავსად უნდა მოვიქცეთ. იესომ ლოცვაში თავის მოწაფეებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16). ქრისტეს მაგალითის შესწავლა და მის გაბედულებაზე ფიქრი გამბედაობას შეგვმატებს, რომ არასდროს გავხდეთ ამ ქვეყნიერების ნაწილი.

როგორ ვსწავლობთ იესოსგან გაბედულებას?

1214. რაში გამოჩნდა იესოს გაბედულება?

12 იესო მთელი თავისი მსახურების განმავლობაში არაჩვეულებრივად გაბედული იყო. ღვთის ძის უფლებამოსილებით ის უშიშრად შევიდა „ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები“ (მათ. 21:12). სიკვდილის წინა ღამეს, როცა ჯარისკაცები მის დასაპატიმრებლად მივიდნენ, იესომ გაბედულად დაიცვა თავისი მოწაფეები: „თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“ (იოან. 18:8). ცოტა ხნის შემდეგ მან პეტრეს უთხრა, მახვილი ჩაეგო ქარქაშში, რამაც აჩვენა, რომ მას „ხორციელი იარაღის“ იმედი კი არა, იეჰოვას იმედი ჰქონდა (იოან. 18:11).

13 იესომ გაბედულად ამხილა იმდროინდელი ულმობელი ცრუმასწავლებლები და მათი სწავლებები: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ ზეციერ სამეფოს ადამიანებს . . . დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება . . . სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე“ (მათ. 23:13, 23, 25). იესოს მოწაფეებსაც ასეთივე გაბედულება სჭირდებოდათ, რადგან ცრუ რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ მათ და ზოგ მათგანს კლავდნენ კიდეც (მათ. 23:34; 24:9).

14 იესო დემონებსაც კი არ შეუშინდა. ერთხელ მას დემონით შეპყრობილი კაცი შეხვდა, რომელსაც იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ჯაჭვებითაც კი ვერავინ აკავებდა. იესომ გაბედულად განდევნა დემონები, რომლებიც ამ კაცს თავიანთ ჭკუაზე ატარებდნენ (მარ. 5:1—13). მართალია, დღეს ღმერთი ქრისტიანებს სასწაულების მოხდენის ძალას არ აძლევს, მაგრამ ქადაგებისას და მოწაფეების მომზადებისას ჩვენც ვიბრძვით სატანის წინააღმდეგ, რომელმაც „ურწმუნოებს . . . დაუბრმავა გონება“ (2 კორ. 4:4). იესოს მსგავსად, არც ჩვენ გვაქვს „ხორციელი იარაღის“ იმედი, „რადგან მას [ჩვენს საომარ იარაღს] ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა [ანუ ძვალსა და რბილში გამჯდარ ცრუ რელიგიურ შეხედულებათა] დასამხობად“ (2 კორ. 10:4). სულიერი იარაღის გამოსაყენებლად ბევრს ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან.

15. რა იყო ქრისტეს გაბედულების წყარო?

15 იესოს გაბედულების წყარო რწმენა იყო და არა სითამამე. ჩვენს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს (მარ. 4:40). როგორ შევიძინოთ ნამდვილი რწმენა? ამას ისევ და ისევ იესოსგან ვსწავლობთ. მან ზედმიწევნით იცოდა წმინდა წერილები და ბოლომდე იყო დარწმუნებული მის სიმართლეში. სულიერ ბრძოლაში იესო პირდაპირი გაგებით მახვილს არ იყენებდა, მას სულის მახვილი, ღვთის სიტყვა, ჰქონდა მომარჯვებული. იესოს სწავლების საფუძველი წმინდა წერილები იყო, ამიტომ ხშირად მოჰყავდა ციტატები წერილებიდან. ლაპარაკს ასე იწყებდა, დაწერილიაო, და ამ დროს ღვთის სიტყვაში ჩაწერილს გულისხმობდა. *

16. როგორ აღვაშენოთ რწმენა?

16 ისეთი რწმენის აღსაშენებლად, რომელიც ქრისტეს მოწაფეებისთვის აუცდენელ სირთულეებს გადაგვატანინებს, ყოველდღიურად უნდა ვკითხულობდეთ და ვსწავლობდეთ ბიბლიას, ვესწრებოდეთ ქრისტიანულ შეხვედრებს და, ამგვარად, გონებაში ვიბეჭდავდეთ ჭეშმარიტებას — რწმენის საფუძველს (რომ. 10:17). დრო უნდა დავუთმოთ ნასწავლზე ფიქრს, რათა ნასწავლმა სწორად განაწყოს ჩვენი გული. სწორედ მაშინ ვიქნებით გაბედულნი, თუ ცოცხალი რწმენა გვექნება (იაკ. 2:17). ლოცვაში ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რადგან რწმენა სულის ნაყოფია (გალ. 5:22).

17, 18. როგორ გამოავლინა ერთმა ახალგაზრდა დამ სკოლაში გაბედულება?

17 ახალგაზრდა დამ, კიტიმ საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ მატებს გაბედულებას ცოცხალი რწმენა. პატარაობიდან იცოდა, რომ სკოლაში სასიხარულო ცნობის ქადაგების არ უნდა შერცხვენოდა, და გულწრფელად უნდოდა თანაკლასელებისთვის ექადაგა (რომ. 1:16). ყოველ წელს იღებდა გადაწყვეტილებას, სხვებისთვის სასიხარულო ცნობა გაეზიარებინა, მაგრამ გაუბედაობის გამო თავს იკავებდა. მაღალ კლასებში სწავლა სხვა სკოლაში განაგრძო და გადაწყვიტა, მეტად აღარ გაეშვა ხელიდან დამოწმების შანსი. კიტიმ იეჰოვას სთხოვა, ქრისტესავით გაბედული ყოფილიყო, გამჭრიახობა მიეცა და დამოწმებისთვის შესაფერისი სიტუაცია შეექმნა.

18 პირველ დღეს მოსწავლეებს სთხოვეს, რომ თავი წარედგინათ. ზოგმა თქვა, რომელი რელიგიის მიმდევარი იყო, მაგრამ ისიც თქვა, რომ თავგამოდებული მორწმუნე არ ყოფილა. კიტიმ იგრძნო, რომ ეს შესაძლებლობა მის ლოცვაზე გაცემული პასუხი იყო. მისი ჯერი რომ დადგა, მან მტკიცედ თქვა: „მე იეჰოვას მოწმე ვარ და ვცდილობ, ისე ვცე ღმერთს თაყვანი და ისე ვიცხოვრო, როგორც ბიბლიაში წერია“. რამდენიმე კლასელს სახე შეეჭმუხნა, მაგრამ დანარჩენებმა ყურადღებით მოუსმინეს და მოგვიანებით შეკითხვებიც კი დაუსვეს. როგორც მასწავლებელმა თქვა, კიტი საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა დაეცვა კაცს თავისი შეხედულებები. კიტი მადლიერი იყო, რომ შეძლო, იესოსთვის მიებაძა და გაბედულად მოქცეულიყო.

გამოავლინეთ ისეთივე რწმენა და გაბედულება, როგორიც იესოს ჰქონდა

19. ა) რას ნიშნავს ცოცხალი რწმენა? ბ) რით გავუხარებთ იეჰოვას გულს?

19 მოციქულებსაც ესმოდათ, რომ გაბედულებისთვის რწმენა იყო საჭირო. მათ იესოს სთხოვეს: „რწმენა განგვიმტკიცე“ (წაიკითხეთ ლუკას 17:5, 6 ). ცოცხალი რწმენა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ღვთის არსებობის გვწამდეს. მასში იგულისხმება იეჰოვას ნდობა და მასთან ახლო ურთიერთობის განმტკიცება, რომელიც ბავშვისა და კეთილი, მოსიყვარულე მამის ურთიერთობას ჰგავს. ღვთისგან შთაგონებით სოლომონმა დაწერა: „შვილო, თუ გული დაგიბრძენდა, ჩემი გულიც გაიხარებს. ჩემი თირკმელები გამხიარულდება, როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს“ (იგავ. 23:15, 16). თუ სამართლიან პრინციპებს გაბედულად დავიცავთ, იეჰოვას გავუხარებთ გულს, ამის ცოდნა კი უფრო მეტ გაბედულებას შეგვძენს. ამგვარად, ყოველთვის მივბაძოთ იესოს მაგალითს და გაბედულად დავიცვათ სამართლიანი პრინციპები!

[სქოლიო]

შეგიძლიათ ახსნათ?

• არასრულყოფილების მიუხედავად, რა შეგვაძლებინებს მორჩილებას?

• რა არის ცოცხალი რწმენის საფუძველი და როგორ გვეხმარება ის გაბედულების გამოვლენაში?

• რა მოჰყვება მორჩილებასა და ქრისტეს მსგავსად გაბედულების გამოვლენას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

იმზადებთ გულს იმისათვის, რომ ცდუნებას გაუძლოთ?

[სურათი 15 გვერდზე]

იესოს მსგავსად ჩვენც გაბედულს გვხდის რწმენა