არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთიურ სწავლებას ვერაფერი შეედრება

ღვთიურ სწავლებას ვერაფერი შეედრება

ღვთიურ სწავლებას ვერაფერი შეედრება

„ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის“ (ფილ. 3:8).

1, 2. რა არჩევანი გააკეთა ზოგმა ქრისტიანმა და რატომ?

რობერტი პირველი კლასიდანვე საუკეთესო მოსწავლე იყო. რვა წლის ასაკში მას ერთი მასწავლებელი იმის სათქმელად ეწვია შინ, რომ დიდი ნიჭის პატრონი იყო და მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა ის. მასწავლებელს ძალიან უნდოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს რობერტი ექიმი გამხდარიყო. სკოლის დამთავრებისას მისი ცოდნის დონე ისე შეფასდა, რომ მისთვის ქვეყნის ნებისმიერი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის კარი იყო ღია. მაგრამ რობერტს არ გაუკეთებია ის არჩევანი, რასაც უმრავლესობა ერთადერთ და განუმეორებელ შესაძლებლობად ჩათვლიდა; მან პიონერად მსახურება გადაწყვიტა.

2 რობერტის მსგავსად ბევრ ქრისტიანს, ახალგაზრდასა თუ ასაკოვანს, ამ ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევის არაერთი შესაძლებლობა აქვს. ზოგისთვის უპრიანია, უარი თქვას ქვეყნიერებაში თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენებაზე და სულიერი მიზნები დაისახოს (1 კორ. 7:29—31). რა აღძრავთ რობერტსა და სხვა ქრისტიანებს, თავიანთი დროის უმეტესი ნაწილი ქადაგებას დაუთმონ? უმთავრესი აღმძვრელი ძალა ის არის, რომ მათ უყვართ იეჰოვა, და მერე ის, რომ მთელი გულით აფასებენ ღვთიურ განათლებას. ბოლო დროს თუ დაფიქრებულხართ იმაზე, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, ჭეშმარიტება რომ არ გცოდნოდათ? იმ კურთხევებზე ფიქრი, რაც იეჰოვასგან განსწავლას მოაქვს, დაგვეხმარება, ყოველთვის მადლიერნი ვიყოთ სასიხარულო ცნობისთვის და გულმოდგინედ გადავცეთ ის სხვებს.

დიდი პატივია იყო ღვთისგან განსწავლული

3. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას სურს არასრულყოფილი ადამიანების განსწავლა?

3 კარგია იეჰოვა, და ამიტომაც ასწავლის არასრულყოფილ ადამიანებს. ესაიას 54:13-ში სულითცხებულ ქრისტიანებზე ნაწინასწარმეტყველებია: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების მშვიდობა“. ეს სიტყვები შეიძლება ქრისტეს „სხვა ცხვარსაც“ მივუსადაგოთ (იოან. 10:16). და ამის საშუალებას დღეს ჩვენ თვალწინ შესრულებული წინასწარმეტყველება გვაძლევს. ესაიამ ხილვაში იხილა, რომ ხალხი ყველა ერიდან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ მიედინებოდა. ის ამ სურათს ისე აღწერს, თითქოს ხალხი ერთმანეთს ეუბნება: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (ეს. 2:1—3). მართლაც, დიდი პატივია, ღვთისგან განისწავლო!

4. რას მოითხოვს იეჰოვა მათგან, ვისაც ასწავლის?

4 რის გაკეთება გვმართებს, ღვთისგან რომ განვისწავლოთ? უმთავრესი მოთხოვნა თვინიერებაა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „კარგია და მართალია იეჰოვა . . . თავის გზას ასწავლის თვინიერებს“ (ფსალმ. 25:8, 9). იესომ თქვა: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (ლუკ. 10:21). იმის ცოდნა, რომ ღმერთი „თავმდაბლებისადმი . . . წყალობას ავლენს“, გვაახლოებს მასთან (1 პეტ. 5:5).

5. რის წყალობით გვაქვს ღვთიური ცოდნა?

5 შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭეშმარიტების გაგება ჩვენს ნიჭიერებასა და სიბრძნეზე იყო დამოკიდებული? რა თქმა უნდა, არა. ჩვენით ვერასდროს ვეზიარებოდით ღვთიურ ცოდნას. იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოან. 6:44). იეჰოვა ცხვრისმაგვარ ადამიანებს, „ხალხთა საუნჯეს“, სამქადაგებლო საქმიანობითა და წმინდა სულით იზიდავს (ანგ. 2:7). მართლაც მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ ჩვენც მიგვიყვანა თავის ძესთან (წაიკითხეთ იერემიას 9:23, 24 ).

ღვთიური სწავლება უკეთეს ადამიანებად გვაყალიბებს

6. როგორ ცვლის „იეჰოვას ცოდნა“ ხალხს?

6 ესაიას წინასწარმეტყველება არაჩვეულებრივად, მხატვრულად აღწერს, დღეს როგორ შეიცვლებოდნენ ადამიანები; მოძალადეები მშვიდობიანები გახდებოდნენ (წაიკითხეთ ესაიას 11:6—9 ). ვინც ერთ დროს წარმომავლობის, რასობრივი, ეროვნული თუ კულტურული სხვაობის გამო მტრობდნენ ერთმანეთს, ერთობაში ცხოვრება ისწავლეს. ასე ვთქვათ, მათ მახვილებისგან სახნისები გამოჭედეს (ეს. 2:4). რა არის ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი? ამ ადამიანებმა იეჰოვასგან მიიღეს ცოდნა და ცხოვრებაში გამოიყენეს. ღვთის მსახურები არასრულყოფილების მიუხედავად, ნამდვილ მსოფლიო საძმოს ქმნიან. სასიხარულო ცნობას ყველანაირი ადამიანი იღებს, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, და მისი წყალობით უკეთეს ადამიანებად ყალიბდებიან. სწორედ ეს ადასტურებს, რომ ღვთიურ სწავლებას ვერაფერი შეედრება (მათ. 11:19).

7, 8. ა) რა „სიმაგრეების“ დამხობაში ეხმარება ღვთიური სწავლება ხალხს? ბ) რა აჩვენებს, რომ ღვთიური სწავლება იეჰოვას განადიდებს?

7 მოციქულმა პავლემ ღვთის მსახურთა სამქადაგებლო საქმიანობა სულიერ ბრძოლას შეადარა: „ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად. ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (2 კორ. 10:4, 5). რა „სიმაგრეებისგან“ ათავისუფლებს ღვთიური სწავლება ხალხს? მაგალითად, ცრუ სწავლებებისგან, ცრურწმენისა და ფილოსოფიური შეხედულებებისგან (კოლ. 2:8). ღვთიური სწავლება ეხმარება ხალხს, დაძლიონ ცუდი ჩვევები და განივითარონ ღვთის მოსაწონი თვისებები (1 კორ. 6:9—11); მას ოჯახებში ბედნიერება შეაქვს; აზრს სძენს იმედგაცრუებულთა ცხოვრებას. დღეს სწორედ ასეთი სწავლება სჭირდება ხალხს.

8 ერთ-ერთი თვისება, რის განვითარებაშიც იეჰოვა გვეხმარება, პატიოსნებაა (ებრ. 13:18). მაგალითად, ინდოეთში ერთმა ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და დროთა განმავლობაში მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ერთ დღეს სამეფო დარბაზის მშენებლობიდან შინ დაბრუნებისას ავტოსადგურთან ახლოს 800 დოლარის ღირებულების ოქროს ჯაჭვი იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდა, ჯაჭვი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. პოლიციის ერთი თანამშრომელი თვალებს არ უჯერებდა. მეორე თანამშრომელმა ჰკითხა ქალს: „რატომ ჩაგვაბარე ჯაჭვი?“ ქალმა მიუგო: „ბიბლიური სწავლების წყალობით დღეს პატიოსანი ადამიანი ვარ“. გაოგნებულმა პოლიციელმა დასთან ერთად განყოფილებაში მისულ უხუცესს უთხრა: „ამ შტატში 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თქვენი დახმარებით ათი კაციც რომ ისეთი გახდეს, როგორიც ეს ქალია, დიდი მიღწევა იქნება“. როცა ვფიქრდებით იმაზე, რომ ღვთიურმა სწავლებამ უკვე მილიონობით ადამიანი უკეთეს პიროვნებად ჩამოაყალიბა, უამრავ მიზეზს ვხედავთ იეჰოვას განსადიდებლად.

9. რა ცვლის ადამიანებს ძირეულად?

9 ღვთის სიტყვის ძალისა და იეჰოვასგან მიღებული წმინდა სულის წყალობით ადამიანებს შეუძლიათ ძირეულად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება (რომ. 12:2; გალ. 5:22, 23). კოლოსელების 3:10-ში წერია: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“. ღვთის სიტყვას, ბიბლიას, შეუძლია დაანახვოს ადამიანს, თუ ვინ არის ის სინამდვილეში, და აზროვნება და დამოკიდებულებები შეუცვალოს (წაიკითხეთ ებრაელების 4:12). თუ ადამიანი ბიბლიიდან საფუძვლიან ცოდნას იღებს და იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრობს, ღვთის მეგობარი გახდება და მარადიულად ცხოვრების იმედით გაიხარებს.

იეჰოვა მომავლისთვის გვამზადებს

10. ა) რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვას მომავლისთვის ჩვენი მომზადება? ბ) რა ელის მალე დედამიწას?

10 მხოლოდ იეჰოვას შეუძლია მოგვამზადოს ხვალინდელ დღესთან შესახვედრად, რადგან მხოლოდ მან იცის, რას მოგვიტანს ის. სწორედ იეჰოვა წყვეტს კაცობრიობის მომავალს (ეს. 46:9, 10). ბიბლიის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“ (სოფ. 1:14). იმ დღეს გამართლდება იგავების 11:4-ში ჩაწერილი: „ძვირფასეულობა ფუჭი იქნება რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან დაიხსნის კაცს“. სატანის ქვეყნიერებაზე იეჰოვას განაჩენის აღსრულებისას გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა სახელი გვექნება ღვთის თვალში. ფულს ფასი აღარ ექნება. ეზეკიელის 7:19-ში ვკითხულობთ: „ქუჩებში გადაყრიან თავიანთ ვერცხლს, სისაძაგლედ იქცევა მათი ოქრო“. ამის ცოდნა დღესვე გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.

11. როგორ გვამზადებს ღვთიური განათლება ხვალინდელი დღისთვის?

11 კარს მომდგარ იეჰოვას დღესთან შესახვედრად ღვთიური განათლება გვეხმარება პრიორიტეტების დადგენაში. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა: „მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში მცხოვრებ მდიდრებს, რომ ქედმაღლები არ იყვნენ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ“. რომც არ ვიყოთ მდიდრები, ამ ღვთივშთაგონებული რჩევის გათვალისწინება ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს. რის გაკეთება გვმართებს? სიმდიდრის დაგროვების ნაცვლად უნდა ვაკეთოთ სიკეთე და გავმდიდრდეთ „კარგი საქმეებით“. თუ სულიერს პირველ ადგილზე ვაყენებთ, ვაგროვებთ განძს — „კარგ საძირკველს მომავლისთვის“ (1 ტიმ. 6:17—19). ასეთი თავგანწირული სულისკვეთების გამოვლენა ჩვენს განსჯის უნარიანობაზე მეტყველებს, რადგან როგორც იესომ თქვა: „კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს?“ (მათ. 16:26, 27). იეჰოვას დღე ახლოსაა. სწორედ ამიტომ უნდა ვკითხოთ თავს: სად ვაგროვებ განძს? ღვთის მონა ვარ თუ სიმდიდრის? (მათ. 6:19, 20, 24).

12. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, როცა ბევრი არაფრად აგდებს ჩვენს მსახურებას?

12 ქრისტიანებისთვის ღვთის სიტყვაში ჩამოთვლილი „კარგი საქმეებიდან“ ყველაზე მნიშვნელოვანი სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადებაა, რაც მსმენელების გადარჩენის საწინდარია (მათ. 24:14; 28:19, 20). როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღეს ბევრი არაფრად აგდებს ჩვენს მსახურებას (წაიკითხეთ 1 კორინთელების 1:18—21 ). მაგრამ ეს ფასს არ უკარგავს სასიხარულო ცნობას და არც მქადაგებლებს ავიწყებს იმის აუცილებლობას, რომ, სანამ დროა, ყველას მისცენ ამ ცნობის მოსმენის შესაძლებლობა (რომ. 10:13, 14). თუ სხვებს ღვთისგან განსწავლაში ვეხმარებით, მრავალ კურთხევას მივიღებთ.

მსხვერპლის გაღებას კურთხევები მოჰყვება

13. რა გაიღო პავლემ მსხვერპლად სასიხარულო ცნობისთვის?

13 ქრისტიანად გახდომამდე მოციქული პავლე განათლებას იუდეველთა საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად იღებდა. ის, როგორც ჩანს, დაახლოებით 13 წლის იყო, როცა მშობლიურ ქალაქ ტარსოსიდან იერუსალიმში გადავიდა კანონის პატივდებულ მასწავლებელ გამალიელთან განათლების მისაღებად (საქ. 22:3). დროთა განმავლობაში პავლემ თანატოლებს შორის თავი გამოიჩინა, და ასე რომ გაეგრძელებინა, იუდეველების თვალში სახელსა და დიდებას მოიხვეჭდა (გალ. 1:13, 14). როცა მან სასიხარულო ცნობა მიიღო და ქადაგება დაიწყო, ყველაფერზე უარი თქვა. სანანებელი გაუხდა პავლეს თავისი არჩევანი? რა თქმა უნდა, არა. მან დაწერა: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ“ (ფილ. 3:8).

14, 15. რა კურთხევებს იღებენ „ღვთის თანამშრომელნი“?

14 პავლეს მსგავსად დღეს ქრისტიანები მსხვერპლს იღებენ სასიხარულო ცნობისთვის (მარ. 10:29, 30). მაგრამ კარგავენ ამით რამეს? სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რობერტი ბევრის აზრს ახმოვანებს: „არაფერს ვნანობ. სრული დროით მსახურებამ სიხარული და კმაყოფილების გრძნობა შემმატა; ვიგემე და ვნახე, რომ კარგია იეჰოვა. თუ სულიერი მიზნებისთვის რამე გამიღია მსხვერპლად, იეჰოვას გაცილებით მეტი მოუცია. იმდენი კურთხევა მივიღე, რომ თითქოს არც არაფერი გამიღია!“ (ფსალმ. 34:8; იგავ. 10:22).

15 თქვენც თუ გაქვთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების გამოცდილება, ალბათ, არაერთხელ განგიცდიათ, რომ კარგია იეჰოვა. გქონიათ ისეთი შემთხვევები, როცა სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ღვთის წმინდა სულის დახმარება კონკრეტულად გიგრძნიათ? გინახავთ მსმენელის გაბრწყინებული თვალები, როცა სასიხარულო ცნობის ყურადღებით მოსასმენად იეჰოვას გული გაუხსნია მისთვის? (საქ. 16:14). დაგეხმარათ იეჰოვა სირთულეების დაძლევაში, მაგალითად, იმით რომ, მსახურება გაგაფართოებინათ? ამოგიდგათ მხარში გასაჭირის დროს და შეგაძლებინათ მსახურების გაგრძელება მაშინ, როცა ძალა გამოცლილი იყავით? (ფილ. 4:13). თუ მსახურებაში პირადად ვგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერას, ის უფრო რეალური ხდება ჩვენთვის და უფრო ვუახლოვდებით მას (ეს. 41:10). მართლაც დიდი კურთხევაა, ვიყოთ „ღვთის თანამშრომელნი“ დიდებულ სულიერ საგანმანათლებლო საქმიანობაში! (1 კორ. 3:9).

16. როგორ ფიქრობთ, ღირს მსხვერპლად და ძალისხმევად სულიერ საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობა?

16 ბევრს უნდა, თავის სიცოცხლეში ისეთი ღირებული რამ გააკეთოს, რაც თაობებს ემახსოვრებათ. ჩვენ გვინახავს, რომ მნიშვნელოვანი მიღწევებიც კი მალე დავიწყებიათ. მაგრამ ის საქმეები, რასაც იეჰოვა თავისი სახელის განსაწმენდად აკეთებს, მარადიულად იქნება ჩაწერილი თეოკრატიის ისტორიაში. ეს საქმეები არასდროს იქნება დავიწყებული (იგავ. 10:7; ებრ. 6:10). ყოველთვის დავაფასოთ ისტორიულ სულიერ საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

როგორ უპასუხებთ?

• რას მოითხოვს იეჰოვა მათგან, ვისაც ასწავლის?

• როგორ ცვლის ღვთიური სწავლება ადამიანის ცხოვრებას?

• რა კურთხევებს ვიღებთ, როცა სხვებს ვეხმარებით ღვთისგან განსწავლაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

ღვთისგან განსწავლულები ნამდვილ მსოფლიო საძმოს ქმნიან

[სურათი 24 გვერდზე]

უდიდესი კურთხევაა, იყო „ღვთის თანამშრომელი“