არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?

შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?

შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?

„როდესაც ვფიქრობდი, რომ სამყაროსა და ყველა ქმნილებას შეიძლებოდა ჰყოლოდა შემოქმედი, ბრაზი მერეოდა, რომ ასეთი ძალის მფლობელი არაფერს აკეთებდა ადამიანთა ტანჯვა-წამების შესაჩერებლად!“ — ასეთი სიტყვები თქვა ყოფილმა ათეისტმა, რომელსაც ჰოლოკოსტის დროს ოჯახის წევრები დაუხოცეს. მას მარტოობის საშინელი გრძნობა სტანჯავდა.

ბევრს უჭირს ღვთის არსებობის დაჯერება, როცა მსოფლიოში არსებულ სისასტიკეს ხედავენ. ხშირად ისინი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ღმერთი არ არსებობს. რა ძირითადი მიზეზების გამო არ სწამს ზოგს ღმერთი? უკეთესად იცხოვრებენ ადამიანები ღმერთის ან რელიგიის გარეშე, როგორც ამას ზოგი ფიქრობს? შესაძლებელია, რომ ათეისტმა ირწმუნოს მოსიყვარულე შემოქმედის არსებობა?

რელიგიის მარცხი

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ათეიზმის ჩამოყალიბებას რელიგიამ შეუწყო ხელი. ისტორიკოსმა ალისტერ მაგრათმა თქვა: „ძირითადად ხალხი ათეისტი იმიტომ ხდება, რომ სიძულვილი უვითარდებათ რელიგიებისადმი, რადგან ისინი ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და თავიანთ ვალდებულებას არ ასრულებენ“. ხშირად ომებისა და ძალადობის უკან რელიგია დგას. ათეისტისა და ფილოსოფოსის მიშელ ონფრაის აზრით, შეუძლებელია, ერთი და იმავე რელიგიურმა წიგნმა ერთი ადამიანი აღძრას, რომ „სიწმინდისკენ ისწრაფოს“, მეორეს კი „საშინელი სისასტიკისკენ“ — ტერორიზმისკენ უბიძგოს.

მრავალ ადამიანს, რომლებიც ადრე მორწმუნეები იყვნენ, ბევრი არასასიამოვნო რამ ახსოვს იმასთან დაკავშირებით, რაც მათ რელიგიებში ხდებოდა. სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ბერტილმა, ახალგაზრდა შვედმა ჯარისკაცმა, გაიგონა, თუ როგორ ამართლებდა მათთან მისული მღვდელი ძალადობას. მღვდელმა მოიყვანა იესოს სიტყვები, რომ ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპებოდა. შემდეგ მან ახსნა, რომ იქნებოდნენ ისეთები, ვინც ამ მახვილს აიღებდა. ამიტომ ჯარისკაცებს ღვთის ნება უნდა შეესრულებინათ და მახვილით დაეხოცათ ისინი! (მათე 26:52). *

ბერნადეტი, რომელსაც მამა მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მოუკლეს, იხსენებს, თუ როგორ აღაშფოთა მისი სამი წლის დეიდაშვილის დაკრძალვაზე მღვდლის სიტყვებმა: „ღმერთმა ეს ბავშვი თავისთან წაიყვანა ანგელოზად“. ბერნადეტს მოგვიანებით ავადმყოფი ბავშვი შეეძინა; ეკლესიაში ის ვერაფრით ანუგეშეს.

კირანი ჩრდილოეთ ირლანდიაში ისეთ პერიოდში გაიზარდა, როცა იქ ძალადობა მძვინვარებდა. მას არ სწამდა ეკლესიის სწავლება ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ. კირანი აცხადებდა, რომ სძულდა ნებისმიერი ღმერთი, რომელიც ამ ბოროტებაზე იყო პასუხისმგებელი. ის ამბობდა: „ღმერთო, თუ არსებობ და რამე შეგიძლია, აბა, გამანადგურე!“. კირანის გარდა სხვებიც ვერ იტანდნენ ეკლესიის ასეთ მკაცრ სწავლებებს. ფაქტობრივად, ეკლესიის სწავლებებმა ხელი შეუწყო ევოლუციის თეორიის წარმოშობას. ალისტერ მაგრათის სიტყვების თანახმად, დარვინმა ღმერთის არსებობაში იმიტომ შეიტანა ეჭვი, რომ ჯოჯოხეთის სწავლება სძულდა და არა იმიტომ, რომ ევოლუციას უჭერდა მხარს. მაგრათი იმასაც დასძენს, რომ დარვინი „ძალიან წუხდა თავისი გარდაცვლილი ქალიშვილის გამო“.

ზოგიერთი რელიგიურ მსახურებას სისულელედ მიიჩნევს და მორწმუნეებს ფანატიკოსებად თვლის. ირინა, რომელსაც მობეზრდა ეკლესიური ქადაგებებისა და ერთი და იმავე ლოცვების გაუთავებლად მოსმენა, ამბობს: „ისეთი აზრი მრჩებოდა, რომ მორწმუნეები არ აზროვნებდნენ“. ლუისს, რომელსაც სძულდა რელიგიური ფანატიკოსების მიერ ჩადენილი ბარბაროსული საქმეები, უფრო რადიკალური პოზიცია ეკავა. ის ამბობს: „წლების მანძილზე ვფიქრობდი, რომ რელიგია მოსაწყენი იყო, მაგრამ შემდეგ მისი ნამდვილი სახე დავინახე. ყველანაირი რელიგიის სასტიკი მოწინააღმდეგე გავხდი“.

უკეთესად ცხოვრობენ ადამიანები ღვთის გარეშე?

გასაკვირი არ არის, რომ მრავალი რელიგიას პროგრესისა და მშვიდობის შემაფერხებლად მიიჩნევს. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ადამიანები ღვთისა და რელიგიის გარეშე უკეთესად იცხოვრებდნენ. მაგრამ ხომ არ შეუწყობდა ხელს რელიგიის უარყოფა სხვა პრობლემების წარმოშობას?

მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფოსი ვოლტერი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის გამხრწნელ საქმეებს. მიუხედავად ამისა, ის თვლიდა, რომ უზენაესის არსებობის დაჯერება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ადამიანს მაღალზნეობრივი ნორმებით ეცხოვრა. მოგვიანებით გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე სახალხოდ აცხადებდა, რომ ღმერთი მოკვდა, თუმცა შიშობდა, რომ ამას შეიძლებოდა ზნეობრივი ფასეულობების დაცემა და ის საზიანო შედეგები გამოეწვია, რომლებიც შესაძლოა ათეიზმის განვითარებას მოჰყოლოდა. საფუძვლიანი იყო ასეთი შიში?

მწერალი კიტ ვორდი აღნიშნავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბარბაროსულმა საქციელმა კი არ იკლო, არამედ „წინანდელთან შედარებით უმაღლეს ზღვარს მიაღწია“. არც ათეიზმის სწავლებას გამოუსწორებია ადამიანთა ისეთი მანკიერი მხარეები, როგორიცაა უზნეობა და შეუწყნარებლობა. ამ ყოველივემ მრავალი ადამიანი, მათ შორის ათეისტები, იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ღვთისადმი რწმენა ზნეობრივი ნორმების დაცვას უწყობს ხელს.

კიტ ვორდი ყურადღებას ამახვილებს იმ დადებით მხარეებზე, რაც ღვთისადმი რწმენას მოაქვს: „რწმენა ადამიანს ეთიკური ნორმების დაცვისკენ უბიძგებს და აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ იზრუნოს ღვთის მიერ შექმნილ დედამიწაზე“. ახლახან ჩატარებული არაერთი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მორწმუნეებს შორის ბევრია ისეთი, ვინც უანგაროდ ზრუნავს სხვებზე, რასაც მათთვის კმაყოფილება მოაქვს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იესოს მიერ მოცემული პრინციპის ჭეშმარიტებას: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

ყოფილი ათეისტი და სოცუზრუნველყოფის თანამშრომელი გაოცებული დარჩა, როცა დაინახა, რა დიდ გავლენას ახდენს ბიბლია ადამიანებზე. მან თქვა: „წლების მანძილზე ამაოდ ვცდილობდი, დავხმარებოდი ხალხს, შეეცვალათ ისეთი ჩვევები, რომლებიც საზიანო იყო როგორც მათთვის, ისე სხვებისთვის. მაგრამ დავინახე, თუ როგორ შეუძლია [ბიბლიას] ერთხელ და სამუდამოდ შეცვალოს ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ“.

მიუხედავად ამისა, როგორც ზოგიერთი ათეისტი აცხადებს, ღვთისადმი რწმენამ სიკეთესა და სხვებზე უანგარო ზრუნვის ნაცვლად სისხლისღვრასა და კონფლიქტებს შეუწყო ხელი. ისინი შეიძლება აღიარებენ, რომ რწმენამ ზოგზე კარგი გავლენა მოახდინა, მაგრამ მაინც სკეპტიკურად უყურებენ მას. რა არის ამის მიზეზი?

კიდევ რამ შეუწყო ხელი ურწმუნოებას?

ბევრს ასწავლიდნენ, რომ ევოლუცია ფაქტებზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, ანილას, რომელიც ალბანეთში ცხოვრობს, ბავშვობიდან ათეიზმს უნერგავდნენ. ის ამბობს: „სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ისინი, ვისაც ღმერთი სწამდა, გულუბრყვილო და ცხოვრებას ჩამორჩენილი იყო. ყოველთვის ვსწავლობდი შესანიშნავი მცენარეებისა და ცოცხალი არსებების შესახებ, მაგრამ ყველაფერს ევოლუციას მივაწერდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს მეცნიერულად იყო დადასტურებული“. დღეს ანილა აღიარებს, რომ ევოლუციის თეორიის ბრმად სჯეროდა.

ზოგს შეიძლება იმიტომ არ სწამს ღმერთი, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას ხვდება და გაღიზიანებულია. იეჰოვას მოწმეები ხშირად ხვდებიან კარდაკარ მსახურების დროს ასეთ ადამიანებს და ბიბლიურ იმედს უზიარებენ. ბერტილთან, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ახალგაზრდა მოწმე მივიდა. მის დანახვაზე ბერტილმა გაიფიქრა: „საწყალი ფანატიკოსი. მისამართი შეეშალა!“. თუმცა მოწმე სახლში მაინც შეიპატიჟა. ბერტილი ამბობს: „ის სახლში შევიყვანე და ღმერთზე, ბიბლიასა და რელიგიაზე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე“.

შოტლანდიელი გესი უსამართლობის გამო იტანჯებოდა. იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას თავისი მტკიცებულებები მოჰყავდა და ეკამათებოდა მათ. მან ისეთი კითხვები დასვა, რომლებმაც მოწმეებს ღვთისთვის ნათქვამი ებრაელი წინასწარმეტყველი აბაკუმის სიტყვები გაახსენა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას?“ (აბაკუმი 1:3).

ბოროტებისადმი ღვთის ერთი შეხედვით გულგრილი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ძველად აწუხებდათ ადამიანებს (ფსალმუნი 73:2, 3). ფრანგმა მწერალმა სიმონ დე ბოვუარმა ერთხელ თქვა: „ჩემთვის უფრო იოლია, ვიფიქრო, რომ არ არსებობს შემოქმედი, ვიდრე ის, რომ არსებობს შემოქმედი, რომელსაც არ შეუძლია მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა“.

მაგრამ ის, რომ მრავალ რელიგიას არ შეუძლია ახსნას, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას, ნიშნავს იმას, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს? გესმა თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს მან იპოვა „დამაკმაყოფილებელი პასუხი, თუ რატომ უშვებს ყოვლისშემძლე შემოქმედი ადამიანთა ტანჯვას“. შემდეგ მან დასძინა: „ამის გაგებამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება“. *

ზოგს, ვინც აცხადებს, რომ ათეისტია, შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს ევოლუციის თეორიაში, სულიერ წყურვილს განიცდიდეს და ლოცულობდეს კიდეც. განვიხილოთ, რამ აღძრა ზოგი ათეისტი და აგნოსტიკოსი, ღრმად დაფიქრებულიყვნენ ამ საკითხზე და საბოლოოდ შემოქმედთან ახლო ურთიერთობა განევითარებინათ.

რა დაეხმარა მათ ღვთისადმი რწმენის განვითარებაში?

ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ბერტილს მიაკითხა, ნათლად აუხსნა მას, რამხელა სხვაობაა ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და მათ შორის, ვინც მხოლოდ სიტყვით არის ქრისტიანი. ბერტილი გვიამბობს, შემოქმედის არსებობის შესახებ დამაჯერებელი არგუმენტების გარდა, კიდევ რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება: „გამაოცა მისმა მოთმინებამ, როცა დაჟინებით ვუმტკიცებდი ჩემსას . . . ის ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თან ჰქონდა ჩემთვის საინტერესო ლიტერატურა და კარგად იყო მომზადებული“. *

სვეტლანას, რომელიც ევოლუციისა და კომუნიზმის გავლენაში იყო, სჯეროდა, რომ მხოლოდ ძლიერები გადარჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, ასეთი შეხედულება მას სისასტიკედ მიაჩნდა. სვეტლანა უფრო მეტად დააბნია იმან, რაც სამედიცინო სასწავლებელში ისწავლა. ის ამბობს: „ბიოლოგიის ლექციებზე ბუნებრივ გადარჩევას გვასწავლიდნენ, სხვა ლექციებზე კი იმას, თუ როგორ დავხმარებოდით სუსტებს“. მას ისიც აფიქრებდა, რატომ იტანჯებოდნენ ემოციურად ადამიანები, რომლებიც ევოლუციის თანახმად მაიმუნისგან წარმოიშვნენ, მაშინ როცა მაიმუნებს ემოციური პრობლემები არა აქვთ. ის ყვება: „ჩემდა გასაკვირად, ამ საკითხის გაგებაში ბებია დამეხმარა, რომელმაც ბიბლიიდან ამიხსნა, რომ უარყოფით გრძნობებს ჩვენში არასრულყოფილება იწვევს“. სვეტლანაზე იმის გაგებამაც მოახდინა შთაბეჭდილება, თუ რატომ იტანჯებიან პატიოსანი ადამიანები.

ლეიფი წარმოშობით სკანდინავიელია. მას მტკიცედ სწამდა ევოლუციის თეორიის და ბიბლიას ზღაპრების წიგნად თვლიდა. მაგრამ ერთ დღესაც მეგობრის სიტყვებმა მას თვალსაზრისი შეუცვალა. მეგობარმა ჰკითხა: „იცი, რომ ბიბლიის შესახებ უბრალოდ მათ ნათქვამს იმეორებ, ვისაც წარმოდგენაც კი არა აქვს ამ წიგნზე?!“ ამ სიტყვებმა ლეიფზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ამბობს: „მივხვდი, რომ ევოლუციის თეორია ისე დავიჯერე, ეჭვიც კი არ შემპარვია . . . ვფიქრობ, რომ ათეისტებს სხვა საკითხებთან ერთად ბიბლიის წინასწარმეტყველებებისა და მათი შესრულების შესახებ ცოდნაც დაეხმარებათ, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდნენ“ (ესაია 42:5, 9).

კირანი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, რამდენიმე წლის მანძილზე პოლიტიკაში მონაწილეობამ გულგატეხილობამდე მიიყვანა. როდესაც თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა, ერთმა აზრმა გაუელვა თავში: მხოლოდ ძლევამოსილ და მოსიყვარულე ღმერთს შეუძლია დედამიწაზე არსებული პრობლემები გადაჭრას და ადამიანს პრობლემებიდან გამოსავალი უჩვენოს. „ოჰ, როგორ მინდა ასეთ ღმერთთან დაახლოება!“ — ამოიოხრა მან. როცა ყველაზე მეტად უჭირდა, კირანმა ილოცა: „ღმერთო, თუ გესმის ჩემი, მაგრძნობინე რამენაირად! დამანახვე, როგორ გადავჭრა ჩემი პრობლემები და რა გამოსავალი არსებობს გატანჯული ადამიანებისთვის“. რამდენიმე დღის შემდეგ კირანის კარზე იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა. მან აუხსნა კირანს, რას ასწავლიდა ბიბლია იმის შესახებ, თუ რომელი ბოროტი არსება იდგა ადამიანთა მთავრობების უკან (ეფესოელები 6:12). ასეთი ახსნა დაემთხვა კირანის შეხედულებას და მას მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და თანდათანობით მოსიყვარულე შემოქმედისადმი რწმენა განუვითარდა.

კაცობრიობის შემოქმედთან თქვენი ურთიერთობა

რელიგიური თვალთმაქცობის, ევოლუციის თეორიის მსგავსი ათეისტური სწავლებებისა და ბოროტების გავრცელების გამო ბევრს შემოქმედის არსებობაში ეჭვი ეპარება. მაგრამ, თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ბიბლიიდან დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღოთ თქვენს კითხვებზე. ასევე გაიგებთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს: „მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“ (იერემია 29:11). ბერნადეტს, რომელსაც ავადმყოფი ბავშვი შეეძინა და შემოქმედის არსებობაში ეჭვი ეპარებოდა, ეს იმედი მალამოსავით დაედო ჭრილობაზე.

ბევრი ყოფილი ათეისტის გულს შეეხო ბიბლიიდან იმის გაგება, თუ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვა-წამებას. თუ დროს გამოყოფთ, რომ ბიბლიიდან პასუხი მიიღოთ ამ მნიშვნელოვან კითხვებზე, თქვენც დარწმუნდებით, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იმასთან დაკავშირებით, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა ჭეშმარიტი ქრისტიანები ომებში, იხილეთ სტატია „შეიძლება ქრისტიანმა იომოს?“, გვერდები 29—31.

^ აბზ. 22 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 106—114.

^ აბზ. 25 შემოქმედების მხარდამჭერი არგუმენტების ნახვა შეგიძლიათ 2006 წლის სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში სათაურით „არსებობს შემოქმედი?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

კითხვები, რომლებზეც ევოლუციის თეორიამ პასუხი ვერ გასცა

• როგორ წარმოიშვა სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე? (ფსალმუნი 36:9)

• რატომ მრავლდებიან ცხოველები და მცენარეები მხოლოდ თავიანთი გვარის მიხედვით? (დაბადება 1:11, 21, 24—28)

• თუ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, დღემდე რატომ არ შემორჩნენ მაიმუნისმაგვარი ადამიანები? (ფსალმუნი 8:5, 6)

• როგორ შეიძლება არსებობისთვის ბრძოლის თეორიით ალტრუიზმის ახსნა? (რომაელები 2:14, 15)

• აქვს კაცობრიობას მომავლის რეალური იმედი? (ფსალმუნი 37:29)

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

როგორ შეიძლებოდა მოსიყვარულე ღმერთს შეექმნა ისეთი მსოფლიო, სადაც ბავშვები იტანჯებიან?!

რელიგიურმა თვალთმაქცობამ ბევრი ღმერთის არსებობაში დააეჭვა