არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის ფასეული ვატიკანის კოდექსი?

რატომ არის ფასეული ვატიკანის კოდექსი?

რატომ არის ფასეული ვატიკანის კოდექსი?

ვატიკანში მრავალი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება. იქ არსებული ფრესკები, ქანდაკებები და არქიტექტურული ძეგლები ფასდაუდებელია და ხიბლს სძენს ქვეყანას. მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საგანძური ასობით წლის განმავლობაში ხალხისთვის დაფარული იყო. ეს უნიკალური საგანძური ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. მან ათასობით წლის წინ დაწერილ ღვთის სიტყვის ზოგიერთ მონაკვეთს ნათელი მოჰფინა. ამ საგანძურს წარმოადგენს ხელნაწერი, რომელიც ვატიკანის კოდექსის * სახელით გახდა ცნობილი.

სხვა ორ უძველეს ხელნაწერს (რომლებიც აგრეთვე ძალიან ფასეულია მეცნიერებისთვის), ალექსანდრიისა და სინურ კოდექსებს, საინტერესო ისტორია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოაჩინეს ისინი და როგორ გადაურჩნენ განადგურებას. მათგან განსხვავებით, ვატიკანის კოდექსის აღმოჩენაზე ბევრი არაფერია ცნობილი.

დაფარული საგანძური

სად გაკეთდა ვატიკანის კოდექსი? ეს კოდექსი პირველად მოხსენიებულია მე-15 საუკუნის ვატიკანის ბიბლიოთეკის კატალოგში. მეცნიერების აზრით, ვატიკანის კოდექსი შესაძლებელია გაკეთდა ეგვიპტეში, კესარეაში ან რომში. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბირმინგემის (ინგლისი) უნივერსიტეტის პროფესორი ნევილ ბერდზოლი ამბობს: „ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ ვატიკანის კოდექსის გაკეთების თარიღი და ადგილი. მეცნიერების ძალისხმევის მიუხედავად, არც ის ვიცით, თუ როგორ მიაღწია ამ ხელნაწერმა მე-15 საუკუნემდე“. მიუხედავად ამისა, ვატიკანის კოდექსს შეიძლება ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერი ეწოდოს.

საუკუნეების განმავლობაში ზოგი გადამწერი ბიბლიის ტექსტებში შეცდომებს უშვებდა. ამიტომ, მოგვიანებით მთარგმნელებისთვის რთული იყო ისეთი ხელნაწერის შოვნა, რომელშიც დედნისეული ტექსტი ზუსტად იქნებოდა გადმოტანილი. წარმოიდგინეთ მეცნიერების სიხარული, როცა აღმოაჩინეს მე-4 საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, ვატიკანის კოდექსი, რომელიც ბიბლიის ბოლო სიტყვების ჩაწერიდან დაახლოებით 300 წლის შემდეგ დაიწერა. ეს კოდექსი შეიცავს ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სრულ ტექსტს, გარდა რამდენიმე მონაკვეთისა, რომლებიც დროთა განმავლობაში დაიკარგა.

დიდი ხნის მანძილზე ვატიკანის მთავრობა ცდილობდა, რომ ეს კოდექსი ბიბლიის მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო. ცნობილი მკვლევარი ფრედერიკ კენიონი აღნიშნავს: „რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ 1843 წელს [ბიბლეისტ კონსტანტინე ფონ] ტიშენდორფს ექვსი საათით მისცეს ეს ხელნაწერი . . . 1845 წელს დიდ ინგლისელ მეცნიერს ტრეგელსაც მიეცა შესაძლებლობა ენახა კოდექსი, მაგრამ მას არც ერთი სიტყვის გადაწერის უფლება არ მისცეს“. ტიშენდორფს კვლავ მისცეს კოდექსი, მაგრამ 20 გვერდის გადაწერის მეტი ვერ მოასწრო. მაგრამ, როგორც კენიონი იტყობინება, ტიშენდორფმა „კვლავ სთხოვა მთავრობას კოდექსი და ექვსი დღით მისცეს. მთლიანობაში მას ხელნაწერის გამოსაკვლევად თოთხმეტი დღე გამოუვიდა, დღეში სამი საათი. ტიშენდორფმა დროის უმეტესი ნაწილი დაუთმო ამ კოდექსს და 1867 წელს მანამდე არსებულთაგან საუკეთესო ხელნაწერი გამოსცა“. ვატიკანმა მოგვიანებით კოდექსის უკეთესი ვარიანტი გამოაქვეყნა.

„ყურადღებით შემოწმებული“

რა ტექსტს შეიცავდა ვატიკანის კოდექსი? ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ ტექსტი „თანამიმდევრულად, ზუსტად და ხარისხიანად არის გადაწერილი“. იგივე ნაშრომი დასძენს: „ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ტექსტი სწავლულების მიერ არის გადაწერილი“ (The Oxford Illustrated History of the Bible).

ორი გამოჩენილი სწავლული, რომლებიც ვატიკანის კოდექსის ბრწყინვალე შესრულებამ მოხიბლა, იყვნენ ბრუკ უესტკოტი და ფენტონ ჰორტი. ვატიკანისა და სინურ ხელნაწერებზე დაფუძნებით 1881 წელს მათ გამოსცეს „ახალი აღთქმა ბერძნული დედნიდან“, რომელიც შემდეგ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რამდენიმე თანამედროვე თარგმანს დაედო საფუძვლად, მათ შორის ჯოზეფ როდერემის თარგმანს (The Emphasised Bible) და „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“.

მაგრამ ზოგი კრიტიკოსის აზრით, არასწორი იყო ის, რომ უესტკოტმა და ჰორტმა თავიანთი თარგმანის საფუძვლად ვატიკანის კოდექსი აიღეს. ზუსტად შეესაბამებოდა ეს კოდექსი ორიგინალს? 1956—1961 წლებში მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ბოდმერის პაპირუსებმა, რომლებიც შეიცავდა ლუკასა და იოანეს სახარებების მონაკვეთებს და შესრულებული იყო ახ. წ. III საუკუნის დასაწყისში. ეთანხმებოდა ეს ხელნაწერი ვატიკანის კოდექსს?

ფილიპ პეინმა და პოლ კანარტმა თავიანთ წიგნში დაწერეს: „ვატიკანის კოდექსსა და ბოდმერის პაპირუსის შემორჩენილ ტექსტებს შორის საოცარი მსგავსებაა. ამის საფუძველზე გონივრულია, დავასკვნათ, რომ ხელნაწერი, საიდანაც ვატიკანის კოდექსი გაკეთდა, ძალიან ახლოსაა ბოდმერის პაპირუსებთან. გადამწერებმა ის ან ძალიან ძველი ხელნაწერიდან გადაწერეს, ან ისეთი ხელნაწერიდან, რომელიც ძალიან ძველ ხელნაწერზე იყო დაფუძნებული“ (Novum Testamentum). პროფესორმა ბერდზოლმა განაცხადა: „ორივე ხელნაწერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს . . . [კოდექსი] გულმოდგინედ არის გადაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურადღებით იყო შემოწმებული ის ტექსტიც, საიდანაც კოდექსი გადაწერეს“.

მთარგმნელებისთვის დამხმარე

რა თქმა უნდა, ხელნაწერის სიძველე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის ძალიან ახლოსაა დედანთან. მაგრამ ვატიკანის კოდექსის სხვა ხელნაწერებთან შედარება ეხმარება სწავლულებს, განსაზღვრონ, რა ეწერა დედნისეულ ტექსტში. მაგალითად, სინური ხელნაწერების შემორჩენილ ფრაგმენტებში, რომელიც ასევე ახ. წ. IV საუკუნეს მიეკუთვნება, არ გვხვდება ისტორიული წიგნების უმეტესობა დაბადებიდან 1 მატიანემდე. მაგრამ ვატიკანის კოდექსში ამ წიგნების თანმიმდევრობა გვეხმარება, განვსაზღვროთ მათი ადგილი ბიბლიის კანონში. საინტერესოა, რომ ბიბლიის ამ ორი წიგნის ფრაგმენტები მოგვიანებით აღმოაჩინეს მკვდარი ზღვის ხელნაწერებში.

ერთი ბიბლიური ნაშრომის თანახმად, მკვლევარებს შორის სადავო იყო „ის მონაკვეთები, რომლებიც იესო ქრისტეს პიროვნებასა და სამებას ეხება“. როგორ გვეხმარება ვატიკანის კოდექსი ამ მონაკვეთების ნათლად გაგებაში?

განვიხილოთ მაგალითი. იოანეს 3:13-ში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“. ზოგმა მთარგმნელმა ჩაამატა სიტყვები: „რომელიც ზეცაშია“. ამ დამატებული სიტყვების თანახმად, იესო ერთდროულად ზეცაშიც იყო და დედამიწაზეც, რაც სამების მოძღვრებას უჭერს მხარს. ეს დამატებული ფრაზა გვხვდება V—X საუკუნეების რამდენიმე ხელნაწერში. მაგრამ ეს ფრაზა არ გვხვდება უფრო ადრინდელ ვატიკანისა და სინურ ხელნაწერებში, ამიტომ ბევრმა თანამედროვე მთარგმნელმა ის აღარ გადაიტანა თავის თარგმანში. ამან ნათელი მოჰფინა იმას, რომ იესო არ არის სამების ნაწილი და ბიბლიის ეს მონაკვეთები ჰარმონიულად შეერწყა სხვა მუხლებს. იესო ერთდროულად კი არ იყო ორ ადგილას, არამედ ზეციდან ჩამოვიდა და მალე დაბრუნდებოდა ზეცაში, როგორც თავად თქვა: „მე ავდივარ მამაჩემთან“ (იოანე 20:17).

ვატიკანის კოდექსმა აგრეთვე ნათელი მოჰფინა ისეთ მუხლებს, რომლებიც ეხება ღვთის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ თანახმად, პეტრე წინასწარმეტყველებს, რომ „დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“ (2 პეტრე 3:10). სხვა თარგმანებშიც, რომლებიც მეხუთე საუკუნეში გაკეთებულ ალექსანდრიის კოდექსსა და მოგვიანებით შესრულებულ ხელნაწერებზეა დაფუძნებული, მსგავსი აზრია გადმოცემული. ამგვარად, ბიბლიის ბევრი მკითხველი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ღმერთი გაანადგურებს დედამიწას.

მაგრამ ალექსანდრიის კოდექსის გამოცემამდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე ვატიკანის კოდექსში (და მის თანამედროვე სინურ ხელნაწერში) პეტრეს წინასწარმეტყველება შემდეგნაირად ეწერა: „დედამიწა და მისი საქმეები გამოაშკარავდება“. ეთანხმება ეს სიტყვები ბიბლიის სხვა მონაკვეთებს? რა თქმა უნდა! პირდაპირი გაგებით, დედამიწა „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). მაშ, რა გაგებით „გამოაშკარავდება“ დედამიწა? სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ სიტყვა „დედამიწა“ გადატანითი მნიშვნელობითაც შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „დედამიწას“ შეუძლია განადიდოს იეჰოვა და მოუსმინოს მას (ფსალმუნი 69:34; ესაია 1:2). ამგვარად, დედამიწა შეიძლება მიუთითებდეს კაცობრიობაზე. მართლაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი ჩვენს პლანეტას კი არ გაანადგურებს, არამედ ამხელს ბოროტებს და ბოლოს მოუღებს მათ!

„მარადიულად დარჩება“

სამწუხაროდ, ვატიკანის კოდექსი საუკუნეების მანძილზე დაფარული იყო ხალხისთვის და ბიბლიის მკითხველები ამა თუ იმ მონაკვეთის არასწორი თარგმანის გამო ხშირად შეცდომაში შედიოდნენ. მაგრამ ვატიკანის კოდექსი და წმინდა წერილების სხვა თანამედროვე და საიმედო თარგმანები ჭეშმარიტების მაძიებლებს დაეხმარა, გაეგოთ, სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია.

ძველად გადამწერები თავიანთ ხელნაწერს შემდეგ წარწერას უკეთებდნენ: „ამის დამწერი სამარეშია, მაგრამ დაწერილი საუკუნეებს უძლებს“. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უცნობი გადამწერების თავდაუზოგავ შრომას. მაგრამ ბიბლიამ რომ დღემდე მოაღწია, ამის გამო ყველაზე მეტად მადლიერნი უნდა ვიყოთ ბიბლიის ავტორის, რომელმაც თავის წინასწარმეტყველს შთაგონებით დააწერინა: „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ვატიკანის კოდექსს აგრეთვე უწოდებენ „ვატიკანის ხელნაწერს-1209“ და ვატიკანურ კოდექსს. ძირითადად, მის სიმბოლოდ „B“ ასოს იყენებენ. კოდექსი თანამედროვე წიგნის წინამორბედია. იხილეთ 2007 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „გრაგნილიდან კოდექსამდე — როგორ იქცა ბიბლია წიგნად“.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

უძველესი ხელნაწერების დათარიღება

მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა გადამწერმა თავის ნაშრომს დასრულების თარიღი მიაწერა, ბერძნული ხელნაწერების უმრავლესობას თარიღი მითითებული არა აქვს. როგორ ადგენენ სწავლულები ამა თუ იმ ხელნაწერის გაკეთების თარიღს? როგორც ერთი თაობის ენა და ხელოვნება განსხვავდება მეორე თაობის ენისა და ხელოვნებისგან, ისე განსხვავდება ერთი ეპოქის ხელწერა მეორე ეპოქის ხელწერისგან. მაგალითად, უნციალური დამწერლობისთვის, რომელიც ახ. წ. IV საუკუნიდან ასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა, დამახასიათებელი იყო ორნამენტული ასოები და პწკარებად იწერებოდა. სწავლულებს, რომლებიც ყურადღებით ადარებენ დაუთარიღებელ ხელნაწერებს დათარიღებულ უნციალურ ხელნაწერებთან, შეუძლიათ განსაზღვრონ, როდის გაკეთდა ისინი.

თუმცა ამ მეთოდით კონკრეტული თარიღის დადგენა რთულია. პრინსტონის თეოლოგიის პროფესორი ბრუს მეცგერი აღნიშნავს: „რამდენადაც ადამიანის კალიგრაფია შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე უცვლელი დარჩეს, არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ხელნაწერის თარიღის განსაზღვრისას 50-წლიანი ცდომილება არ მოხდება“. ამგვარი გამოკვლევის საფუძველზე სწავლულები ერთ საერთო დასკვნამდე მივიდნენ — ვატიკანის კოდექსი ახ. წ. IV საუკუნეშია შესრულებული.