არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება იომოს ქრისტიანმა?

შეიძლება იომოს ქრისტიანმა?

შეიძლება იომოს ქრისტიანმა?

„ომში მონაწილეობით ადამიანი კაცობრიობის წინაშე სჩადის დანაშაულს თუ ღვთის წინაშე სცოდავს? ეს მართლაც რომ თავსატეხია!“ (ოლივერ ო’დონოვანი, პროფესორი ქრისტიანული ეთიკის დარგში).

კანადის ომის მუზეუმში ინახება ფერწერული ტილო სახელწოდებით „მსხვერპლი“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის თემაზეა შესრულებული. ამ სურათზე ასახულია როგორც დახოცილი, ისე გადარჩენილი, ქანცგაწყვეტილი ჯარისკაცები და მათი ოჯახები, რომლებიც სახლებში ელოდებიან. სურათის წინა პლანზე გამოსახულია ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე. ზოგი დამთვალიერებელი გაოგნებულია, რომ იესო, „მშვიდობის მთავარი“, ამ სისხლიანი ომის ფონზეა დახატული (ესაია 9:6). სხვები მადლიერები არიან, რომ თანამემამულეებმა ასეთი მსხვერპლი გაიღეს. მათი აზრით, ღმერთი და მისი ძე ქრისტიანებისგან მოელიან, რომ ისინი იომებენ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის.

საუკუნეების მანძილზე რელიგიური წინამძღოლები თავიანთი ქადაგებით მხარს უჭერენ ომებს. ახ. წ. 417 წელს ღვთისმეტყველი ავგუსტინე ნეტარი ჯარისკაცებს მიმართავდა: „ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთი არ იწონებს ჯარისკაცს, რომელიც ხელში იარაღს იღებს. . . . ზოგი თქვენთვის ლოცულობს და ამით უხილავ მტერს ებრძვის, თქვენ კი მათი გულისთვის ხილული ბარბაროსების წინააღმდეგ იბრძვით“. მე-13 საუკუნეში თომა აკვინელი ამბობდა, რომ „ომი გამართლებულია მანამ, სანამ იცავს ღარიბებსა თუ მთელ ერს ვერაგი მტრისგან“.

თქვენ რას ფიქრობთ, აკურთხებს ღმერთი ისეთ ომებს, რომლებიც იწყება ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნით — ერის თავისუფლების შესანარჩუნებლად ან მჩაგვრელებისგან გასათავისუფლებლად? რა დაეხმარება ქრისტიანს ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისის გაგებაში?

იესო ქრისტეს მაგალითი

შეგვიძლია გავიგოთ, დღეს რას ფიქრობს ღმერთი ომებთან დაკავშირებით? მოციქულმა პავლემ აღიარა ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და იკითხა: «„ვინ შეიცნო იეჰოვას გონება, რომ ასწავლოს მას?“ ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს» (1 კორინთელები 2:16). იეჰოვა ღმერთმა იესო გამოგზავნა დედამიწაზე, რომ მისაბაძი მაგალითი დაეტოვებინა ჩვენთვის. იესო ყოველთვის იმას ამბობდა და აკეთებდა, რასაც იეჰოვა იტყოდა და გააკეთებდა. რა თვალსაზრისი ჰქონდა იესოს ომში მონაწილეობაზე?

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ იესოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყველაზე ღირსეული მიზეზი იყო, რის გამოც შეიძლებოდა მახვილის აღება და ბრძოლა. ასე ფიქრობდა იესოს ერთ-ერთი მოციქული. როდესაც იესო გასცეს და მის დასაპატიმრებლად შუაღამისას შეიარაღებული ბრბო მივიდა, იესოს მეგობარმა პეტრემ „მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა“. სწორად მოიქცა პეტრე? იესომ პეტრეს უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:47—52).

გასაკვირი არ არის, რატომ ჰქონდა იესოს ასეთი რეაქცია. ორი წლით ადრე მან თავის მსმენელებს უთხრა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც» (მათე 5:43—45). განა გონივრულია, ქრისტიანს თან უყვარდეს თავისი მტერი და ლოცულობდეს მისთვის და თან მის წინააღმდეგ იბრძოდეს?!

ისტორია ცხადყოფს, რომ ქრისტიანებს ბევრი მტერი ჰყავდათ. მაგალითად, რომაელებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს იესო ქრისტე. ამ ამბის შემდეგ ქრისტიანად გახდომა დანაშაულად ითვლებოდა. იესომ იცოდა, რომ რომაელების ჩაგვრის გამო ზოგი ქრისტიანი შეიძლებოდა წაექეზებინათ, აჯანყებაში მიეღოთ მონაწილეობა, როგორც ეს ზოგმა იუდეველმა გააკეთა. მან სწორედ ამიტომ თქვა თავის მიმდევრებზე: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). ქრისტიანები პოლიტიკურ საქმეებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. თუ ომში მიიღებდნენ მონაწილეობას, მათ არც უსამართლობა და არც საკუთარი თავისა თუ სამშობლოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა გაამართლებდა.

ღვთის სამეფოს მხარდამჭერები

ნამდვილი ქრისტიანები იესოს სიტყვების თანახმად ცხოვრობდნენ და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდნენ. ვნახოთ, რა მოხდა მცირე აზიაში მდებარე ძველ ქალაქ იკონიონში. „გაშმაგებული უცხოტომელები, იუდეველები და მათი მმართველები აპირებდნენ, თავს დასხმოდნენ მათ [პავლესა და ბარნაბას], შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ჩაექოლათ. ისინი კი, როცა ეს შეიტყვეს, გაიქცნენ ლიკაონიის ქალაქებისკენ — ლისტრის, დერბესა და მათი შემოგარენისკენ, და იქ აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქმეები 14:5—7). ყურადღება მიაქციეთ, როდესაც ქრისტიანები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ არც იარაღი აუღიათ თავის დასაცავად და არც რაიმე საპასუხო ზომებისთვის მიუმართავთ. ნაცვლად ამისა, მათ განაგრძეს „სასიხარულო ცნობის“ ქადაგება. რა იყო ეს სასიხარულო ცნობა?

ქრისტიანები იმავეს ქადაგებდნენ, რასაც იესო. მან თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 4:43). იესო და მისი მიმდევრები ღვთის სამეფოს უჭერდნენ მხარს. ქრისტეს არასდროს გამოუყენებია სამხედრო ძალა ამ სამეფოს დასაცავად. მან თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36).

‘გიყვარდეთ ერთმანეთი’

ომის დროს ნეიტრალური პოზიციის დაკავება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ამოსაცნობი ნიშანია. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). მილიონობით ადამიანი ბედნიერია, რომ იმ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არიან, რომლებიც ასეთ სიყვარულს ავლენენ და დაცინვის, დაპატიმრებისა თუ სიკვდილით დასჯის მუქარის მიუხედავად იარაღს არ იღებენ და ომში არ მონაწილეობენ.

ევროპაში ნაცისტური რეჟიმის დროს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების გამო დაახლოებით 10 000 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. მათგან დაახლოებით 3 000 საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 300-ზე მეტი მოწმე დააპატიმრეს იმის გამო, რომ ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს. არც გერმანელმა და არც ამერიკელმა მოწმეებმა არ აიღეს იარაღი და ერთმანეთისა თუ სხვების წინააღმდეგ არ აღმართეს ხელი. თუ იბრძოლებდნენ, როგორ დაამტკიცებდნენ, რომ უყვარდათ ერთმანეთი და მოყვასი?

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ საკუთარი თავის დასაცავად საომარ მოქმედებებში ჩაბმა აუცილებელია. დაფიქრდით: პირველი საუკუნის ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ისინი კი თავიანთ მდევნელებს სამაგიეროს არ უხდიდნენ. მიუხედავად ამისა, ქრისტიანთა უმრავლესობა გადარჩა. რომის ძლევამოსილმა იმპერიამ ვერ შეძლო ქრისტიანობის აღმოფხვრა. ჭეშმარიტ ქრისტიანთა რიცხვი დღესაც იზრდება და ისინი კვლავაც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. ქრისტიანები სამაგიეროს არავის უხდიან, არამედ ღმერთზე არიან მინდობილნი და მისი მხარდაჭერის იმედი აქვთ. ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ნათქვამია: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19).

[ჩარჩო 30 გვერდზე]

ომები, რომლებსაც ღმერთი უჭერდა მხარს

ქრისტიანობის დაფუძნებამდე საუკუნეებით ადრე ღმერთმა ძველი ისრაელი ერი ამოირჩია. ზოგჯერ ღმერთი მათ ავალებდა შეეკრიბათ ჯარი და ეომათ. აღთქმულ მიწაზე შესვლამდე, მოსემ ისრაელებს უთხრა: „იეჰოვა, შენი ღმერთი ხელში ჩაგიგდებს მათ [შვიდ ერს] და დაამარცხებ. გაანადგურე ისინი, არ დადო მათთან არანაირი შეთანხმება, წყალობა არ უყო მათ“ (კანონი 7:1, 2). ისრაელის წინამძღოლმა იესო ნავეს ძემ გაანადგურა ეს ერები „როგორც იეჰოვას, ისრაელის ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები“ (იესო ნავეს ძე 10:40).

იყო ისრაელის მხრიდან სისასტიკის გამოვლენა დაპყრობილი ქვეყნების განადგურება? რა თქმა უნდა, არა. ეს ერები კერპთაყვანისმცემლები, სისხლისმღვრელები და გარყვნილები იყვნენ. ისინი კერპთაყვანისმცემლური რიტუალების დროს შვილებსაც კი წვავდნენ ცეცხლში (რიცხვები 33:52; იერემია 7:31). წმინდა და სამართლიან ღმერთს თავისი ხალხისადმი სიყვარული აღძრავდა, რომ აღთქმული მიწიდან ყოველგვარი უწმინდურება აღმოეფხვრა. იეჰოვა ყველა ადამიანის გულს ხედავდა — რისი გაკეთებაც დღეს არც ერთი ჯარის მეთაურს არ შეუძლია — და იწყალებდა ყველას, ვინც მიატოვებდა ბოროტ გზას და მის მსახურებას იწყებდა.

[სურათი 31 გვერდზე]

მოელოდა იესო თავისი მიმდევრებისგან, რომ იარაღს აიღებდნენ ხელში თანამორწმუნეების ან თავად იესოს დასაცავად?

[სურათი 31 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები 1945 წელს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ