არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცდარი შეხედულება 2: ბოროტები ჯოჯოხეთში იტანჯებიან

მცდარი შეხედულება 2: ბოროტები ჯოჯოხეთში იტანჯებიან

მცდარი შეხედულება 2: ბოროტები ჯოჯოხეთში იტანჯებიან

საიდან წარმოიშვა? „ჯოჯოხეთზე გავრცელებულ ტრადიციულ შეხედულებებზე ბერძენ კლასიკოს ფილოსოფოსთაგან ყველაზე დიდი გავლენა პლატონმა იქონია“ (Histoire des enfers, ჟორჟ მინუა, გვ. 50).

„ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრისტიანებმა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერკვეოდნენ ბერძნულ ფილოსოფიაში, თავიანთი მრწამსის ფილოსოფიური თეორიებით გადმოცემა მოიწადინეს . . . ყველაზე მეტად მათ პლატონიზმი [პლატონის სწავლებები] მოირგეს“ (The New Encyclopædia Britannica, 1988, ტ. 25, გვ. 890).

„ეკლესია მხარს უჭერს სწავლებას ჯოჯოხეთის არსებობისა და მისი დაუსაბამობის შესახებ. სასიკვდილო ცოდვის ჩამდენი ადამიანის სული სხეულის სიკვდილისთანავე ჯოჯოხეთში მიდის, სადაც მარადიულ ცეცხლში იტანჯება. ჯოჯოხეთის ყველაზე მტანჯველი სასჯელი ღვთისგან სამუდამო განშორებაა“ (Catechism of the Catholic Church, 1994 წლის გამოცემა, გვ. 270). „მოუნანიებელი სულები სატანჯველს ეძლევიან“ („დოგმატური ღმრთისმეტყველება“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი, 2004, გვ. 152).

რას ამბობს ბიბლია? „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

სიტყვა „შავეთი“, რომელიც ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან „შეოლ“, მიუთითებს მკვდრების სამყოფელზე. ბიბლიის ზოგ თარგმანში „შეოლი“ ჯოჯოხეთად არის ნათარგმნი. რას გვეუბნება ბიბლიის ეს მუხლები მკვდრების მდგომარეობის შესახებ? იტანჯებიან ისინი შეოლში სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო? არა, რადგან მათ „არაფერი იციან“. საშინელი სენით გატანჯული პატრიარქი იობი ამიტომ ევედრებოდა ღმერთს: «ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [„ჯოჯოხეთსა შინა“, ძველი აღთქმის ორტომეული (იდ-იგ)] დამმალავდე» (იობი 14:13). განა ითხოვდა იობი მარადიულ სატანჯველში დამალვას? ბიბლიის თანახმად, ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარეა, სადაც ადამიანები უმოქმედო მდგომარეობაში არიან.

ეს ახსნა უფრო ლოგიკური და ბიბლიასთან შეთანხმებულია. განა შეიძლება, რომ სიყვარულის ღმერთმა მარადიულად ტანჯოს ადამიანი, თუნდაც საშინელი დანაშაულის გამო? (1 იოანე 4:8). თუ სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ მცდარია, რისი თქმა შეიძლება ზეციერ ცხოვრებაზე?

წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ფსალმუნი 146:3, 4; საქმეები 2:25—27; რომაელები 6:7, 23.

სინამდვილეში:

ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთში არ ტანჯავს

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

Barrators—Giampolo/The Doré Illustrations For Dante’s Divine Comedy/Dover Publications Inc.