არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პროტესტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?

პროტესტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?

მკითხველები გვეკითხებიან

პროტესტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?

იეჰოვას მოწმეები თავს პროტესტანტებად არ თვლიან. რატომ?

პროტესტანტიზმი წარმოიშვა XVI საუკუნის ევროპაში. ის მიზნად ისახავდა რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმას. სახელწოდება „პროტესტანტი“ პირველად გამოიყენეს მარტინ ლუთერის მიმდევრებთან მიმართებაში 1529 წელს შპაიერის რაიხსტაგის დროს. მას შემდეგ „პროტესტანტი“ ეწოდება ყველას, ვინც იზიარებს რელიგიური რეფორმაციის პრინციპებსა და მიზნებს. ერთი ლექსიკონის თანახმად, პროტესტანტი არის „იმ ეკლესიის წევრი, რომელიც უარყოფს პაპის უზენაესობას და ეთანხმება რეფორმაციის შემდეგ პრინციპებს: ხსნა პირადი რწმენით, ყველა მორწმუნის მღვდლობა და ბიბლიის აღიარება ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროდ“ (Merriam-Webster’s Collegiate Dictionary, XI გამოცემა).

მართალია, იეჰოვას მოწმეები არ აღიარებენ პაპის უზენაესობას და მათთვისაც მთავარი ავტორიტეტი ბიბლიაა, მაგრამ ისინი თავიანთი მრწამსით საკმაოდ განსხვავდებიან პროტესტანტებისგან. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ იეჰოვას მოწმეებს „სხვებისგან განსხვავებული“ მიმდინარეობა ეწოდება. მოდი, განვიხილოთ ის სამი მხარე, რაც მათ განასხვავებს პროტესტანტებისგან.

პირველი: პროტესტანტები უარყოფენ ზოგიერთ კათოლიკურ მოძღვრებას, მაგრამ რეფორმაციის ლიდერებს არ უარყვიათ ისეთი კათოლიკური დოგმატები, როგორიცაა სამება და სწავლება ჯოჯოხეთისა და სულის უკვდავების შესახებ. იეჰოვას მოწმეებს კი სწამთ, რომ ეს მოძღვრებები არა მარტო ეწინააღმდეგება ბიბლიას, არამედ ადამიანს არასწორ წარმოდგენას უქმნის ღმერთზე (იხილეთ გვერდები 4—7).

მეორე: იეჰოვას მოწმეების ამოცანა რომელიმე ეკლესიის სწავლებების გაპროტესტება კი არ არის, არამედ ადამიანებისთვის ბიბლიის პრინციპების გაცნობა. მოწმეები ითვალისწინებენ ბიბლიაში ჩაწერილ შემდეგ რჩევას: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება; რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს და ისე არიგებდეს“ (2 ტიმოთე 2:24, 25). იეჰოვას მოწმეები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, თუ რით განსხვავდება ბიბლიის სწავლებები სხვა მრავალი რელიგიური მიმდინარეობის სწავლებებისგან. მაგრამ ამას რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის რეფორმის მიზნით არ აკეთებენ. მათი მიზანია, გულწრფელ ადამიანებს დაეხმარონ ღვთისა და მისი სიტყვის, ბიბლიის, შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში (კოლოსელები 1:9, 10). იეჰოვას მოწმეები ერიდებიან სხვა რომელიმე რელიგიის წარმომადგენლებთან უაზრო კამათს (2 ტიმოთე 2:23).

მესამე: პროტესტანტობისგან განსხვავებით, რომელიც უამრავ განშტოებად დაიყო, იეჰოვას მოწმეები ერთიანი მსოფლიო საძმოს წევრები არიან. ისინი 230-ზე მეტ ქვეყანაში მოციქულ პავლეს რჩევის თანახმად „ერთსა და იმავეს“ ლაპარაკობენ. მათ შორის არ არის განხეთქილება. ისინი გაერთიანებულნი არიან „გონებითა და აზრით“ (1 კორინთელები 1:10). ისინი თანამორწმუნეებთან ერთად ცდილობენ, დაიცვან „სულის ერთიანობა მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფესოელები 4:3).