არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის შესწავლა ჩვენს ლოცვებს შინაარსიანს ხდის

ბიბლიის შესწავლა ჩვენს ლოცვებს შინაარსიანს ხდის

ბიბლიის შესწავლა ჩვენს ლოცვებს შინაარსიანს ხდის

„იეჰოვა, გთხოვ, ყური მოაპყარი შენი მსახურის ლოცვას“ (ნეემ. 1:11).

1, 2. რაში დაგვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი ზოგიერთი ლოცვის განხილვა?

ლოცვა და ბიბლიის შესწავლა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია (1 თეს. 5:17; 2 ტიმ. 3:16, 17). ბიბლია ლოცვების წიგნი არ არის, მაგრამ მასში მრავალ ლოცვას ვხვდებით, განსაკუთრებით ფსალმუნების წიგნში.

2 ბიბლიის კითხვისა და შესწავლის დროს უდავოდ შეხვდები ლოცვებს, რომლებიც შენს სიტუაციას შეეფერება. თუ ცდილობ, პირად ლოცვებში ჩართო იქ წაკითხული აზრები, შენი ლოცვები უფრო შინაარსიანი გახდება. რისი სწავლა შეგვიძლია მათგან, ვისი ლოცვებიც ღმერთმა შეისმინა და ამ ლოცვებში გამოყენებული სიტყვებიდან?

სთხოვე ღმერთს ხელმძღვანელობა და მიჰყევი მას

3, 4. რა დაავალა აბრაამმა თავის მსახურს და რას ვსწავლობთ შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან?

3 ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ ხელმძღვანელობა. გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა პატრიარქმა აბრაამმა თავისი მსახური, როგორც ჩანს, ელიეზერი, გაგზავნა შუამდინარეთში ისაკისთვის ღვთისმოსავი საცოლის მოსაძებნად. ჭასთან მისული ქალიშვილების დანახვაზე, მსახურმა ილოცა: „იეჰოვა . . . ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, ჩამოიღე დოქი და წყალი დამალევინე-მეთქი, ის  კი მეტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, აი ის იყოს, ვისაც შენს მსახურს, ისაკს აურჩევ. ასე გამაგებინე, რომ ჩემი ბატონისადმი ურყევი სიყვარული გამოავლინე“ (დაბ. 24:12—14).

4 აბრაამის მსახურის აქლემები რებეკამ დაარწყულა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. რებეკა მას ქანაანში გაჰყვა და ისაკის საყვარელი ცოლი გახდა. ამ შემთხვევიდან გამომდინარე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჩვენც მოგვცემს რაღაც განსაკუთრებულ ნიშანს. მაგრამ ის გვიხელმძღვანელებს, თუ ვლოცულობთ და მზად ვართ, მივყვეთ მის მითითებებს (გალ. 5:18).

ლოცვა წუხილის დაძლევაში გვეხმარება

5, 6. რით არის ჩვენთვის საყურადღებო იაკობის ლოცვა?

5 ლოცვა წუხილსაც შეგვიმსუბუქებს. იაკობმა, რომელსაც თავისი ტყუპისცალი ძმის, ესავის ეშინოდა, ლოცვით მიმართა ღმერთს: „იეჰოვა . . . არა ვარ ღირსი იმ სიკეთისა და ერთგულებისა, რომელიც შენი მსახურისადმი გამოავლინე . . . გევედრები, მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და თავს არ დამესხას მეც, დედებსაც და შვილებსაც. შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ და შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევ, რომელიც ვერ დაითვლებაო სიმრავლის გამო“ (დაბ. 32:9—12).

6 მართალია, იაკობმა წინასწარი ზომებიც მიიღო სიტუაციის განსამუხტავად, მაგრამ, როცა ძმები შერიგდნენ, აშკარად გამოჩნდა, რომ იეჰოვამ შეისმინა მისი თხოვნა (დაბ. 33:1—4). თუ ყურადღებით წაიკითხავთ ამ მონაკვეთს, დაინახავთ, რომ იაკობი მხოლოდ დახმარებას არ ითხოვდა. მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ სწამდა აღთქმული შთამომავლის და აფასებდა ღვთის სიკეთეს. შენც გაშინებს რამე? (2 კორ. 7:5) თუ ასეა, წუხილს ლოცვა შეგიმსუბუქებს, როგორც ეს იაკობის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ ჩვენს ლოცვებში მარტო თხოვნა კი არა, რწმენაც უნდა ჩანდეს.

ილოცე სიბრძნისთვის

7. რატომ სთხოვდა მოსე იეჰოვას, დახმარებოდა მისი გზების უკეთ გაგებაში?

7 ჩვენ გვინდა, რომ იეჰოვას ვასიამოვნოთ, ამიტომ მას სიბრძნე უნდა ვთხოვოთ. მოსე სთხოვდა ღმერთს, მისი გზების უკეთ გაგებაში დახმარებოდა: „შენ მეუბნები [იეჰოვა], წაიყვანე ეს ხალხიო [ეგვიპტიდან] . . . აი ახლა, თუ ნაპოვნი მაქვს წყალობა შენს თვალში, გამაგებინე შენი გზები, რომ . . . წყალობა ვპოვო შენს თვალში“ (გამ. 33:12, 13). ღმერთმა შეისმინა მოსეს ლოცვა და თავისი გზები გააგებინა. სხვაგვარად მოსე ვერ შეძლებდა იეჰოვას ხალხის წინამძღოლობას.

8. რაში შეიძლება დაგვეხმაროს 1 მეფეების 3:7—14-ში ჩაწერილ სიტყვებზე დაფიქრება?

8 დავითიც ლოცულობდა: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა“ (ფსალმ. 25:4). მისი ძე სოლომონი სიბრძნეს სთხოვდა ღმერთს, რათა ისრაელის კარგი მმართველი ყოფილიყო. იეჰოვას მოეწონა სოლომონის ლოცვა და სიბრძნესთან ერთად მას სიმდიდრე და დიდება უბოძა (წაიკითხეთ 1 მეფეების 3:7—14 ). თუ ფიქრობ, რომ კრებაში დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ვერ გაართმევ, სთხოვე ღმერთს სიბრძნე და იყავი თავმდაბალი. ამ შემთხვევაში ღმერთი დაგეხმარება, შეიძინო ცოდნა და სიბრძნე, რაც საჭიროა დაკისრებული პასუხისმგებლობის სიყვარულით და პირნათლად შესასრულებლად.

ილოცე მთელი გულით

9, 10. რით არის საინტერესო ჩვენთვის სოლომონის ლოცვა, რომელიც მან ტაძრის მიძღვნისას წარმოთქვა?

9 ჩვენი ლოცვები ღმერთმა რომ შეისმინოს, მთელი გულით უნდა ვილოცოთ. 1 მეფეების მე-8 თავში ჩაწერილია სოლომონის გულწრფელი ლოცვა, რომელიც მან ძვ. წ. 1026 წელს, იეჰოვას ტაძრის მიძღვნისას წარმოთქვა იერუსალიმში შეკრებილი ხალხის წინაშე. მას შემდეგ, რაც შეთანხმების კიდობანი წმინდათაწმინდაში შეიტანეს და ტაძარი იეჰოვას ღრუბლით აივსო, სოლომონმა ღმერთი განადიდა.

10 წაიკითხე და დაუკვირდი, რას ამბობს სოლომონი გულზე თავის ლოცვაში. მან აღიარა, რომ მხოლოდ იეჰოვამ იცის ადამიანის გული (1 მეფ. 8:38, 39). ლოცვიდან ისიც ჩანს, რომ იმედი იმ ცოდვილისთვისაც არსებობს, რომელიც მთელი გულით მობრუნდება ღვთისკენ. როცა მტერი ღვთის ხალხს დაატყვევებდა, მათი ვედრება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესმენილი, თუ მთელი გულით იქნებოდნენ იეჰოვასთან (1 მეფ. 8:48, 58, 61). აქედან გამომდინარე, ჩვენი ლოცვებიც მთელი გულით უნდა იყოს წარმოთქმული.

როგორ ამდიდრებს ფსალმუნები ჩვენს ლოცვებს

11, 12. რისი სწავლა შეიძლება ერთი ლევიანისგან, რომელსაც დროებით არ შეეძლო ღვთის საწმინდარში მისვლა?

11 ფსალმუნებზე დაფიქრება უფრო შინაარსიანს გახდის ჩვენს ლოცვებს და დაგვეხმარება, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვასგან პასუხს. განვიხილოთ, რა მოთმინებით ელოდა გადასახლებაში მყოფი ერთი ლევიანი იეჰოვას. მართალია, მას დროებით არ შეეძლო ღვთის საწმინდარში მისვლა, მაგრამ მღეროდა: „რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო, და რატომ შფოთავ ჩემში? ღმერთს დაელოდე; მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს“ (ფსალმ. 42:5, 11; 43:5).

12 რისი სწავლა შეიძლება ამ ლევიანისგან? თუ სიმართლის გულისთვის დროებით საპატიმროში მოგიწევს ყოფნა და ვერ შეძლებ თანაქრისტიანებთან ერთად ღვთის თაყვანისცემას, მოთმინებით დაელოდე იეჰოვას, სანამ ის შენს სასარგებლოდ იმოქმედებს (ფსალმ. 37:5). იფიქრე ღვთის მსახურებაში გატარებულ სასიამოვნო წუთებზე და ილოცე მოთმინებისთვის, ვიდრე იეჰოვა კვლავ მოგცემს თანამორწმუნეების გვერდით ყოფნის შესაძლებლობას.

ილოცე რწმენით

13. იაკობის 1:5—8-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რატომ უნდა ილოცო რწმენით?

13 რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო, ყოველთვის რწმენით ილოცე. თუ ღვთისადმი შენი ერთგულება იცდება, გაიხსენე მოწაფე იაკობის რჩევა. იეჰოვას მიმართე ლოცვით და ეჭვი ნუ შეგეპარება იმაში, რომ მას შეუძლია მოგცეს საჭირო სიბრძნე განსაცდელის გადასატანად (წაიკითხეთ იაკობის 1:5—8). ღმერთმა იცის, რა გაშფოთებს და მას შეუძლია თავისი სულით გიხელმძღვანელოს და დაგამშვიდოს. რწმენით, „ყოველგვარი ეჭვის გარეშე“ გადაუშალე მას გული, მიჰყევი მისი სულის ხელმძღვანელობას და გაითვალისწინე მის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები.

14, 15. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ხანა რწმენით ლოცულობდა და მოქმედებდა?

14 ხანა, ლევიანი ელკანას ცოლი, ლოცულობდა და რწმენით მოქმედებდა. უშვილო ხანას დასცინოდა ელკანას მეორე ცოლი, ფენინა, რომელიც რამდენიმე შვილის დედა იყო. კარავში ლოცვისას ხანამ აღთქმა დაუდო იეჰოვას, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, მას მიუძღვნიდა. ლოცვის დროს ხანა მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა, რის გამოც მღვდელმთავარ ელის ის მთვრალი ეგონა. როცა ელი მიხვდა, რომ ხანა მთვრალი არ იყო, უთხრა: „ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“. ხანამ ზუსტად არ იცოდა, რა მოხდებოდა შემდგომ, მაგრამ სჯეროდა, რომ იეჰოვა შეისმენდა მის ლოცვას. ამიტომ მას შემდეგ „აღარ დამწუხრებია სახე“ და აღარ დანაღვლიანებია გული (1 სამ. 1:9—18).

15 ხანას ვაჟი, სამუელი ეყოლა. როცა ძუძუს მოსწყვიტა, დედამ ბავშვი იეჰოვას წარუდგინა კარავში წმინდა მსახურების შესასრულებლად (1 სამ. 1:19—28). ხანამ კარავში სამადლობელი ლოცვა წარმოთქვა. ამ ლოცვაზე დაფიქრება შენს ლოცვებს უფრო შინაარსიანს გახდის და იმის დანახვაშიც დაგეხმარება, რომ დამთრგუნველი პრობლემით გამოწვეული წუხილის დაძლევა შესაძლებელია, თუ რწმენით ვთხოვთ იეჰოვას დახმარებას (1 სამ. 2:1—10).

16, 17. როგორ უპასუხა იეჰოვამ ნეემიას რწმენით წარმოთქმულ ლოცვებს?

16 ღვთისმოშიში ნეემია, რომელიც ძვ. წ. V საუკუნეში ცხოვრობდა, რწმენით ლოცულობდა და მოქმედებდა. ის ევედრებოდა ღმერთს: „იეჰოვა, გთხოვ, ყური მოაპყარი შენი მსახურის ლოცვას და შენს იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც შენი სახელის მოშიშება ახარებთ! გთხოვ, ხელი მოუმართე დღეს შენს მსახურს და მისდამი სიბრალული აღუძარი ამ კაცს!“. ვის გულისხმობდა ნეემია „ამ კაცში“? სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს, რომლის მერიქიფეც თვითონ იყო (ნეემ. 1:11).

17 ნეემია რწმენით ლოცულობდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები დიდ გაჭირვებასა და შეურაცხყოფას განიცდიდნენ, იერუსალიმის გალავანი კი დანგრეული იყო (ნეემ. 1:3, 4). მეფე არტაქსერქსემ ნეემიას ნება მისცა, იერუსალიმში წასულიყო და მისი გალავანი აღედგინა. ნეემია ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იეჰოვა ასე შეისმენდა მის ლოცვებს (ნეემ. 2:1—8). იერუსალიმის გალავანი მალე აღადგინეს. ნეემიას ლოცვები წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას უკავშირდებოდა და რწმენით იყო წარმოთქმული. ამიტომაც შეისმინა ღმერთმა ისინი. ასეთია შენი ლოცვებიც?

ღვთის განდიდება და მადლიერების გამოხატვა

18, 19. რის გამო უნდა განვადიდოთ იეჰოვა და ვმადლობდეთ მას?

18 ლოცვის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს იეჰოვას განდიდება და მისდამი მადლიერების გამოხატვა. ამის მიზეზი კი ნამდვილად ბევრი გვაქვს. მაგალითად, დავითი იეჰოვას მეფობის დიდებაზე ლაპარაკობდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:10—13 ). ჩანს შენი ლოცვებიდან, რომ აფასებ იეჰოვას სამეფოს შესახებ საუბრის უპირატესობას? ფსალმუნებში ჩაწერილი სიტყვები იმაშიც დაგეხმარება, რომ გულით წარმოთქმულ შენს ლოცვებში მადლიერება გამოხატო ქრისტიანული შეხვედრებისა და კონგრესებისთვის (ფსალმ. 27:4; 122:1).

19 თუ ვაფასებთ ღმერთთან ძვირფას ურთიერთობას, ჩვენც გაგვიჩნდება იმის სურვილი, მსგავსი სიტყვებით განვადიდოთ ღმერთი: „ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა, ქებას გიმღერებ ერებში! შენი სიკეთე ზეცას სწვდება და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს. ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა! მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!“ (ფსალმ. 57:9—11). ფსალმუნებში ჩაწერილი ეს ძვირფასი სიტყვები ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ლოცვებს.

მოწიწებით მიმართე ღმერთს

20. როგორ გამოხატა მარიამმა ღვთისადმი მოწიწება?

20 ჩვენს ლოცვებში ღვთისადმი მოწიწება უნდა ჩანდეს. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მესიის დედა გახდებოდა, მარიამმა მოწიწებით მიმართა ღმერთს. მისი სიტყვები ძალიან ჰგავდა ხანას სამადლობელ სიტყვებს, რომლებიც მან პატარა სამუელის კარავში მიყვანის შემდეგ წარმოთქვა. ღვთისადმი მოწიწება კარგად გამოჩნდა მარიამის ლოცვაში: „ადიდებს ჩემი სული იეჰოვას და დიდად გაიხარა ჩემმა სულმა ღვთის, ჩემი მხსნელის გამო“ (ლუკ. 1:46, 47). შეგიძლია შენი ლოცვებიც გაამდიდრო მსგავსი ფრაზებით? გასაკვირი არ არის, რატომ აირჩია ღმერთმა ღვთისმოსავი მარიამი, რომ მესიის მშობელი გამხდარიყო.

21. როგორ ჩანს იესოს ლოცვებიდან მოკრძალება და რწმენა?

21 იესო ყოველთვის მოკრძალებით და რწმენით ლოცულობდა. მაგალითად, სანამ ლაზარეს აღადგენდა, «იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე. ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ“» (იოან. 11:41, 42). შენს ლოცვებშიც ჩანს ასეთი მოკრძალება და რწმენა? თუ კარგად დაუკვირდები იესოს ლოცვის ნიმუშს, დაინახავ, რომ მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იეჰოვას სახელის განწმენდაზე, მისი სამეფოს მოსვლასა და მისი ნების შესრულებაზე (მათ. 6:9, 10). დაფიქრდი: ჩანს შენი ლოცვებიდან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის იეჰოვას სამეფო, მისი ნების შესრულება და იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდაა? გახსოვდეს, რომ ეს ასე უნდა იყოს.

22. რატომ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ იეჰოვა მოგვცემს გაბედულებას სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად?

22 განსაკუთრებით დევნების ან სხვა წინააღმდეგობების დროს უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გაბედულად მსახურების ძალა მოგვცეს. პეტრემ და იოანემ გაბედულება გამოავლინეს და არ დაემორჩილნენ სინედრიონს, რომელმაც უბრძანა, „აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით“ (საქ. 4:18—20). გათავისუფლების შემდეგ, ისინი თანამორწმუნეებს მოუყვნენ მომხდარის შესახებ. ამის მერე ყველამ ერთხმად შეღაღადა ღმერთს და დახმარება სთხოვა, რომ მისი სიტყვა მთელი გაბედულებით ელაპარაკათ. მოწაფეები ძალიან გამხნევდებოდნენ, როცა ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა. „ყველა წმინდა სულით აღივსო და დაიწყეს ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკი“ (წაიკითხეთ საქმეების 4:24—31 ). მათი ქადაგების შედეგად მრავალი ადამიანი გახდა იეჰოვას თაყვანისმცემელი. ლოცვა შენც დაგეხმარება, გაბედულად იქადაგო სასიხარულო ცნობა.

კიდევ უფრო გაიმდიდრე ლოცვები

23, 24. ა) კიდევ რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ ბიბლიის შესწავლას შეუძლია ჩვენი ლოცვების გამდიდრება? ბ) რას გააკეთებ პირადი ლოცვების გასამდიდრებლად?

23 სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ ბიბლიის კითხვას და შესწავლას ჩვენი ლოცვების გამდიდრება შეუძლია. მაგალითად იონას მსგავსად შენც შეგიძლია მადლიერება გამოხატო იმისთვის, რომ „ხსნა იეჰოვასგანაა“ (იონ. 2:1—10). თუ სერიოზული ცოდვის გამო გული გაქვს დამძიმებული და უხუცესების დახმარება გჭირდება, დავითის მიერ გრძნობით წარმოთქმული ლოცვები შეიძლება პირადი ლოცვის დროს საჭირო სიტყვების შერჩევაში დაგეხმაროს (ფსალმ. 51:1—12). ზოგჯერ შეგიძლია ისე განადიდო იეჰოვა, როგორც ამას იერემია აკეთებდა (იერ. 32:16—19). თუ დაქორწინება გსურს, ეზრას მე-9 თავში ჩაწერილი ლოცვის გამოკვლევა და პირადი ლოცვები გაგიძლიერებს იმის სურვილს, რომ დაემორჩილო ღმერთს და დაქორწინდე მხოლოდ უფალში (1 კორ. 7:39; ეზრ. 9:6, 10—15).

24 კვლავაც იკითხე და იკვლიე ბიბლია. დაუკვირდი, რა აზრები შეგიძლია გამოიყენო ლოცვებში. როცა რაიმეს სთხოვ ღმერთს, სამადლობელ ან განსადიდებელ სიტყვებს ეუბნები, მათში ბიბლიური აზრები ჩააქსოვე. გჯეროდეს, რომ თუ ბიბლიის შესწავლით ლოცვებს გაიმდიდრებ, ეს უფრო დაგაახლოებს იეჰოვა ღმერთთან.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს ხელმძღვანელობა და მივყვეთ მას?

• რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს სიბრძნე?

• როგორ შეუძლია „ფსალმუნებს“ გაამდიდროს ჩვენი ლოცვები?

• რატომ უნდა ვილოცოთ რწმენით და მოკრძალებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8 გვერდზე]

აბრაამის მსახურივით შენც სთხოვ ღმერთს ხელმძღვანელობას?

[სურათი 10 გვერდზე]

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა ლოცვების გამდიდრებაში დაგეხმარება