არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე?

რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე?

რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე?

ადამიანებს საუკუნეების მანძილზე აინტერესებდათ შემდეგ კითხვაზე პასუხი: თუ ღმერთს ვუყვარვართ, რატომღა უშვებს ამდენ ტანჯვა-წამებას? ბუნებრივია, არ გსურთ, თქვენთვის საყვარელი ადამიანი დაიტანჯოს და თუ ის გასაჭირშია, ყველანაირად ცდილობთ მის დახმარებას. ვინაიდან მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება, ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთს არ შეუძლია დაგვეხმაროს. განვიხილოთ, რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე.

შემოქმედება ღვთის სიყვარულზე მეტყველებს

იეჰოვა ღმერთმა ‘შექმნა ცა და დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია’ (საქმეები 4:24). თუ იეჰოვას შემოქმედებაზე დავფიქრდებით, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ის ზრუნავს ჩვენზე. მაგალითად, დაფიქრდით იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გიყვართ გემრიელი საჭმელი? იეჰოვას შეეძლო შეექმნა მხოლოდ ერთი სახის საკვები, რაც საკმარისი იქნებოდა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. მაგრამ მან ჩვენი სიამოვნებისთვის უამრავი სახის საკვები მოგვცა. აგრეთვე მან შექმნა საუცხოო ლანდშაფტები, რაც ახალისებს და საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას.

დაფიქრდით იმაზეც, თუ როგორ ვართ შექმნილი. იუმორის გრძნობა, მუსიკის აღქმისა და სილამაზის შეგრძნების უნარი აუცილებელი არ არის არსებობისთვის, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი იმიტომ გვიბოძა, რომ ჩვენთვის სიცოცხლე გაელამაზებინა. გარდა ამისა, ვის არ სიამოვნებს მეგობრების თბილ გარემოცვაში ყოფნა ან მისი გულში ჩაკვრა, ვინც ძალიან უყვარს? სიყვარულის უნარი მოსიყვარულე ღვთისგან ბოძებული ძღვენია! რადგან ღმერთმა ამ უნარით შეგვქმნა, ეს ცხადყოფს, რომ სიყვარული ღვთის განუყოფელი თვისებაა.

ბიბლია ღვთის სიყვარულში გვარწმუნებს

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი სიყვარულია (1 იოანე 4:8). მისი სიყვარული არა მხოლოდ მისი შემოქმედებიდან, არამედ მისი სიტყვიდან, ბიბლიიდანაც ჩანს. მაგალითად, ბიბლიაში გვეძლევა მითითებები, თუ როგორ შევინარჩუნოთ კარგი ჯანმრთელობა, ყველაფერში გაწონასწორებულები ვიყოთ და მოვერიდოთ ლოთობასა და ღორმუცელობას (1 კორინთელები 6:9, 10).

ბიბლიური რჩევები გვეხმარება, რომ სხვებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ის მოგვიწოდებს, გვიყვარდეს სხვები და პატივისცემითა და სიკეთით მოვეპყროთ ერთმანეთს (მათე 7:12). ღვთის სიტყვა გმობს სიხარბეს, ჭორაობას, შურიანობას, გარყვნილებასა და მკვლელობას — ყველაფერს, რაც სხვებს ზიანს აყენებს. ყველა რომ ბიბლიური რჩევების თანახმად იქცეოდეს, ხალხი ნაკლებად დაიტანჯებოდა.

ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცება ის არის, რომ მან კაცობრიობის გამოსასყიდად თავისი ძე, იესო შესწირა. იოანეს 3:16-ში ნათქვამია: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. ასე რომ, იეჰოვამ უკვე იზრუნა, სამუდამოდ მოუღოს ბოლო სიკვდილსა და ყოველგვარ ტანჯვას (1 იოანე 3:8).

როგორც ვხედავთ, უამრავი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ. ბუნებრივია, მას არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს ჩვენი ტანჯვის ყურება. ბიბლიიდან ზუსტად ვიგებთ, როგორ აღმოფხვრის ღმერთი ყოველგვარ ტანჯვას.

[სურათი 4 გვერდზე]

სიყვარულის უნარი მოსიყვარულე ღვთისგან ბოძებული ძღვენია