არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითი

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითი

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითი

სამი ათასი წლის წინ ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა. მისი სახელის ხსენებაზე ალბათ მაშინვე ბიბლიური დროის მუსიკა გაგახსენდებათ. ეს კაცი დავითი იყო. სიყმაწვილეში ის ფარას მწემსავდა, შემდეგ კი მეფე გახდა და კარგი ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ძველი დროის მუსიკის შესახებ ძირითად ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ ბიბლიური ჩანაწერი გვაწვდის.

დავითისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მუსიკის შესახებ, რომელიც ბიბლიურ დროში სრულდებოდა. მაგალითად, მისი მეშვეობით ვიგებთ, იმ დროს როგორ ინსტრუმენტებს იყენებდნენ, რა სახის სიმღერებს მღეროდნენ და რა როლს ასრულებდა მუსიკა როგორც დავითის, ისე მთელი ისრაელი ერის ცხოვრებაში.

მუსიკის როლი ძველ ისრაელში

სიმღერის სიტყვების გახსენებაზე ხშირად ის მელოდია გვახსენდება, რომელიც ამ სიტყვებს ახლავს. ბიბლიაში ძალიან ბევრი ლირიკული სიმღერაა, რომელთა მელოდიებიც სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ულამაზესი მელოდიები იქნებოდა. პოეტური ენით დაწერილი ფსალმუნების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი შესანიშნავი მუსიკის ფონზე სრულდებოდა.

ბიბლია ვრცელ ინფორმაციას არ გვაწვდის იმ დასაკრავ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ძველ დროში იყენებდნენ (იხილეთ ჩარჩო  „ბიბლიური დროის ინსტრუმენტები“). ზუსტად არც ისაა ცნობილი, როგორ ქნარს იყენებდა დავითი. აღსანიშნავია, რომ ისრაელებმა გამოიგონეს არაერთი ინსტრუმენტი, მათ შორის ძვირფასი და იშვიათი ხის ქნარი (2 მატიანე 9:11; ამოსი 6:5).

ერთი რამ ცხადია — მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ებრაელების ცხოვრებაში, განსაკუთრებით ღვთის თაყვანისცემისას. ის ჟღერდა რელიგიური დღესასწაულებისა და მეფედ კურთხევის დროს. გარდა ამისა, მუსიკალურ ინსტრუმენტებს ომის დროსაც იყენებდნენ. მუსიკას ხშირად უკრავდნენ სამეფო კარზე, ქორწილებში, ოჯახური შეკრებებისა და მოსავლის აღების დროს, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. ის სამწუხაროდ ისეთი ადგილებიდანაც ისმოდა, სადაც ხალხი ცუდ საქმეებს სჩადიოდა. როცა ვინმე მოკვდებოდა, მუსიკას მათ სანუგეშებლად უკრავდნენ, ვინც საყვარელი ადამიანის სიკვდილით იყო დამწუხრებული.

მუსიკა განწყობის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალება იყო. წინასწარმეტყველები მუსიკის ფონზე უკეთ წვდებოდნენ ღვთის ნებას. ერთხელ ელისემ, ღვთისგან მითითებები მაშინ მიიღო, როცა ქნარზე დამკვრელი მელოდიას უკრავდა (2 მეფეები 3:15). მუსიკას განსაკუთრებული დღეების გამოსაცხადებლადაც იყენებდნენ. ვერცხლის ორი საყვირის ჩაბერვით ახალმთვარობებისა და დღესასწაულების დაწყების დროს აუწყებდნენ. იუბილის დღეს საყვირის ხმა მონებს გათავისუფლების შესახებ ამცნობდა — მათ შეეძლოთ უკან დაებრუნებინათ თავიანთი მიწები და სახლ-კარი. როგორ გაახარებდა ღარიბ ხალხს ამ ხმის გაგონება, რაც მათ გათავისუფლებასა და საკუთრების დაბრუნებას აუწყებდა! (ლევიანები 25:9; რიცხვები 10:10).

ზოგიერთი ებრაელი, როგორც ჩანს, ინსტრუმენტზე განსაკუთრებული დაკვრითა და სიმღერით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ასურული წყაროს თანახმად, მეფე სინახერიბმა ხარკი დააკისრა მეფე ხიზკიას და მოსთხოვა მუსიკოსი ქალები და კაცები მიეყვანა მისთვის. როგორც ჩანს, ისინი საუკეთესო მუსიკოსები იყვნენ. მაგრამ მუსიკალური ნიჭით დავითი ყველასგან გამოირჩეოდა.

გამორჩეული მუსიკოსი

დავითი ყველასგან გამოირჩეოდა იმით, რომ მუსიკასაც წერდა და სიმღერებსაც. ფსალმუნების ნახევარზე მეტი მისი დაწერილია. სიყმაწვილეში ის მწყემსი იყო. ბეთლემში ფარის მწყემსვის დროს ნანახი სცენები მის სხარტ და მახვილ გონებაზე ალბათ წარუშლელ კვალს დატოვებდა. მას დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა ნაკადულების ჩხრიალი და ბატკნების კიკინი, რომელთა ხმაც ალბათ სიმღერის დროს ბანს აძლევდა მას. ამ ლამაზი ხმებით მოხიბლული დავითი ქნარზე უკრავდა და თავისი სიმღერებით ღმერთს განადიდებდა. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა დავითის მიერ 23-ე ფსალმუნისთვის შექმნილი მელოდია!

დავითი იმდენად კარგად უკრავდა ქნარზე, რომ ის მეფე საულთან მიიყვანეს. როცა საული აფორიაქებული იყო და საშინლად იტანჯებოდა ემოციურად, დავითი ქნარზე იწყებდა დაკვრას და მეფეც მშვიდდებოდა. მას ცუდი ფიქრები ტოვებდა და კარგ განწყობაზე დგებოდა (1 სამუელი 16:16).

მუსიკა, რომელიც დავითს ძალიან უყვარდა და დიდ სიხარულს ანიჭებდა, ზოგჯერ მისი პრობლემების მიზეზიც ხდებოდა. ერთ დღეს, როცა დავითი და საული ფილისტიმელებთან ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ, მეფეს სიმღერის ხმა შემოესმა. ქალები მღეროდნენ: „საულმა ათასი მოკლა, დავითმა — ათი ათასი“. ამ სიტყვებმა მეფე ისე განარისხა, რომ „იმ დღიდან ეჭვის თვალით უყურებდა დავითს“ (1 სამუელი 18:7—9).

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული

დავითმა ღვთის შთაგონებით სხვადასხვაგვარი კომპოზიცია შექმნა. მისი ფსალმუნები შეიცავს დამაფიქრებელ ტექსტებს. მათში მოთხრობილია მწყემსისა და ცხვრის ცხოვრება; გადმოცემულია ღვთის განმადიდებელი სიტყვები და ისრაელის ისტორია; გამოხატულია რთვლის დროს განცდილი სიხარული; აღწერილია სასახლის მიძღვნის დიდებული ცერემონიალი და სამახსოვრო სიმღერა; საუბარია იმედზე, თხოვნასა და ხვეწნა-მუდარაზე (იხილეთ ფსალმუნები 32, 23, 145, 8, 30, 38, 72, 51, 86 და მათი ეპიგრაფები). როცა მეფე საული და მისი ვაჟი იონათანი დაიღუპნენ, დავითმა დაწერა სამგლოვიარო სიმღერა „მშვილდი“, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: „შენს მაღლობებზე დასამარდა შენი მშვენება, ისრაელო!“ ამ სიმღერას ნაღვლიანი ტონი აქვს. დავითი სიტყვებისა თუ მუსიკის მეშვეობით კარგად გამოხატავდა თავის გრძნობებს (2 სამუელი 1:17—19).

დავითს მდიდარი ბუნება ჰქონდა, მას მხიარული, ცოცხალი მუსიკაც უყვარდა, რომელსაც სწრაფი რიტმი ახასიათებდა. როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში მიიტანეს, ამ სასიხარულო მოვლენის აღსანიშნავად დავითი ცეკვავდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ჩანს, რომ მუსიკა საკმაოდ რიტმული უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, როგორ იცეკვებდა დავითი! მისმა ცოლმა, მიქალმა ის აბუჩადაც კი აიგდო. მაგრამ მის ასეთ რეაქციას დავითზე არ უმოქმედია. მას უყვარდა იეჰოვა და სიამოვნებდა მუსიკა, რომელმაც აღძრა, ღვთის წინაშე ეცეკვა (2 სამუელი 6:14, 16, 21).

დავითმა არა მხოლოდ სიმღერები დაწერა და მელოდიები შექმნა, არამედ მუსიკალური ინსტრუმენტებიც კი გამოიგონა (2 მატიანე 7:6). ის მართლაც განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული! დავითი იყო ინსტრუმენტების გამომგონებელი, მწერალი, კომპოზიტორი და მომღერალი. მაგრამ მან თავისი უნარი უფრო დიდებული საქმეების გასაკეთებლადაც გამოიყენა.

მგალობელთა და მუსიკოსთა გუნდი ტაძარში

დავითმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ იეჰოვას სახლში მგალობლებსა და მუსიკოსებს ემსახურათ. მან ასაფი, ჰემანი და იედუთუნი (შესაძლოა იგივე ეთანი) 4 000 მგალობლისა და მუსიკოსის ხელმძღვანელებად დანიშნა. აქედან 280 კაცი განსწავლული მგალობელი იყო, რომლებიც გუნდის დანარჩენ წევრებს ასწავლიდნენ. ყოველწლიურ სამ დიდ დღესასწაულზე ყველა მგალობელი და მუსიკოსი იკრიბებოდა. წარმოიდგინეთ, რა შთამბეჭდავი იქნებოდა მათ მიერ შესრულებული საგალობლები! (1 მატიანე 23:5; 25:1, 6, 7).

ტაძარში მხოლოდ კაცები მღეროდნენ. 46-ე ფსალმუნის ეპიგრაფი „ქალწულებივით“ მიუთითებს მაღალ ხმაზე ან მაღალხმოვან ინსტრუმენტზე. როგორც 2 მატიანეს 5:13 გვიჩვენებს, ისინი ერთხმად მღეროდნენ. დავითის მრავალი ფსალმუნი, როგორიცაა მე-3 ფსალმუნი, სიმღერა იყო; ზოგს მისამღერიც ჰქონდა, რასაც ცხადყოფს ფსალმუნის 42:5, 11 და 43:5. სიმღერები სრულდებოდა ორი გუნდის ან სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობით, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. როგორც ჩანს, ასე მღეროდნენ 24-ე ფსალმუნს, რომელიც მაშინ უნდა დაწერილიყო, როცა დავითმა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში მიიტანა (2 სამუელი 6:11—17).

ლევიანებს არ ეკრძალებოდათ სიმღერების მღერა. ისინი მღეროდნენ, როდესაც ყოველწლიურ დღესასწაულებზე იერუსალიმში ადიოდნენ. შესაძლოა, სწორედ ამას ნიშნავს ფრაზა „აღსავალი სიმღერა“ (ფსალმუნები 120—134). მაგალითად, 133-ე ფსალმუნში დავითი ხოტბას ასხამს ისრაელი ერის ერთობაში ცხოვრებას. ეს ფსალმუნი ასე იწყება: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“. წარმოიდგინე ის მელოდია, რომლის ფონზეც ეს სიმღერა შესრულდებოდა!

მუსიკის როლი იეჰოვას თაყვანისმცემლობაში

ბიბლიის ერთი მეათედი ნაწილი სიმღერებისგან შედგება. ფსალმუნების წიგნი ღვთის განდიდებისკენ აღგვძრავს (ფსალმუნი 150). მუსიკას იმის ძალა აქვს, რომ ადამიანს წუხილი დაავიწყოს; სიმღერა დამწუხრებულ ადამიანს შეიძლება მალამოსავით დაედოს გულზე. თუმცა ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ფსალმუნები მაშინაც ვიმღეროთ, როცა კარგ ხასიათზე ვართ (იაკობი 5:13).

სიმღერით ღვთისადმი რწმენისა და სიყვარულის გამოხატვა შეგვიძლია. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე იესომ და მისმა მოციქულებმა ვახშამი ღვთის სადიდებელი სიმღერით დაამთავრეს (მათე 26:30). წარმოიდგინეთ, როგორი ხმა ექნებოდა ღვთის ძეს, რომელიც ღვთის ზეციერ სამეფოში დიდებული სიმღერით განადიდებდა მამას! ისინი შესაძლოა მღეროდნენ იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს, 113—118 ფსალმუნებს. თუ ეს ასე იყო, მოციქულებთან ერთად, რომლებმაც ზუსტად არ იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იესო შემდეგ სიმღერას იმღერებდა: «სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას . . . სიკვდილის საბელები შემომერტყა გარს და შევიწროებული აღმოვჩნდი, თითქოს სამარეში . . . „ო, იეჰოვა, იხსენი ჩემი სული!“» (ფსალმუნი 116:1—4).

მუსიკა თავდაპირველად ადამიანს არ შეუქმნია. ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამია, რომ ზეცაში სულიერ ქმნილებებს ხელში ქნარები ეჭირათ და იეჰოვას ტახტის წინაშე განმადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ (გამოცხადება 5:9; 14:3; 15:2, 3). იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს მისცა უნარი, რომ დატკბნენ მუსიკით და ინსტრუმენტებზე დაკვრითა და სიმღერით საკუთარი გრძნობები გამოხატონ. ღვთის ერთგული მსახურებისთვის მუსიკა ღვთისგან მომდინარე ძღვენია (იაკობი 1:17).

[ჩანართი 27 გვერდზე]

„ჩაჰბერეთ საყვირებს თქვენი სიხარულის დღეს, დღესასწაულებზე“ (რიცხვები 10:10)

[ჩანართი 28 გვერდზე]

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის“ (ფსალმუნი 23:1, 2)

[ჩანართი 29 გვერდზე]

„ოთხი ათასი იმ საკრავებით ასხამდა იეჰოვას ხოტბას, რომლებზეც დავითს უთქვამს: ხოტბის შესასხმელად გავაკეთეო“ (1 მატიანე 23:4, 5)

[ჩანართი 29 გვერდზე]

დავითი თავის გრძნობებს გამოხატავდა როგორც სიმღერით, ისე მუსიკით

[ჩანართი 30 გვერდზე]

„ადიდეთ იაჰი! ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით. ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი!“ (ფსალმუნი 150:1, 4, 6)

[ჩარჩო⁄სურათები 28 გვერდზე]

 ბიბლიური დროის ინსტრუმენტები

სიმებიან საკრავებს შორის იყო ლუტნი, ქნარი და ათსიმიანი საკრავები (ფსალმუნი 92:3). ისინი შესაძლოა აწყობილი იყო მაღალ და დაბალ ხმაზე, რაზეც შესაძლოა მიუთითებს სიტყვები ალამაში და შემინიში (1 მატიანე 15:20, 21, სქოლიო). სასულე და ჩასაბერი ინსტრუმენტები იყო სტვირი, სალამური და საყვირი (2 მატიანე 7:6; 1 სამუელი 10:5; ფსალმუნი 150:3, 4). ტაძრის მიძღვნის დროს მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა (2 მატიანე 5:12, 13). როგორც ჩანს, მათ ერთ ტონში შეასხეს ღმერთს ქება ისე, რომ დისონანსი არ შექმნილა. დასარტყამ ინსტრუმენტებს შორის იყო დაირა და ბობღნი, აგრეთვე „ღვიის ხის ყველანაირი საკრავი“. გარდა ამისა, იმ დროს იყენებდნენ პატარა „ტკბილხმოვან წინწილებს“ და დიდ „მჭექარე წინწილებს“ (2 სამუელი 6:5; ფსალმუნი 150:5).

[სურათები]

ზემოთ: ტიტუსის ტრიუმფალურ თაღზე (რომი, იტალია) გამოსახულია ძვ. წ. 70 წელს იერუსალიმიდან წაღებული საყვირები. მონეტებზე, რომლებიც ძვ. წ. 130 წლით თარიღდება, აღბეჭდილია იუდეველთა მუსიკალური ინსტრუმენტები

[სურათი 28 გვერდზე]

Coins: © 2007 by David Hendin. All rights reserved.