არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მესია — ღვთისგან მოვლენილი მხსნელი

მესია — ღვთისგან მოვლენილი მხსნელი

მესია — ღვთისგან მოვლენილი მხსნელი

„როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორ. 15:22).

1, 2. ა) როგორ მიიღეს ანდრიამ და ფილიპემ იესო? ბ) რატომ გვაქვს დღეს უფრო მეტი მტკიცებულება, რომ იესო მესია იყო, ვიდრე ქრისტიანებს ჰქონდათ პირველ საუკუნეში?

„მესია ვიპოვეთ“, ეს სიტყვები ანდრიამ თავის ძმას, პეტრეს უთხრა. ანდრია დარწმუნებული იყო, რომ იესო ნაზარეთელი ღვთის ცხებული იყო. ფილიპემაც თავისი მეგობარი ნათანაელი მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წერდნენ წინასწარმეტყველები — იესო, იოსების ვაჟი, ნაზარეთიდან“ (იოან. 1:40, 41, 45).

2 ბოლომდე დარწმუნებული ხართ, რომ იესოა დაპირებული მესია, იეჰოვას „ხსნის მეთაური“? (ებრ. 2:10). დღეს ჩვენ გაცილებით მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ იესო ღვთის ცხებული იყო, ვიდრე მის მიმდევრებს პირველ საუკუნეში ჰქონდათ. ღვთის სიტყვაში იესოს მთელი ცხოვრების ისტორია, დაბადებიდან მკვდრეთით აღდგომამდე, სარწმუნო მტკიცებულებებს იძლევა, რომ ის ქრისტეა (წაიკითხეთ იოანეს 20:30, 31 ). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ იესო თავისი, როგორც მესიის როლის შესრულებას ზეციდან გააგრძელებდა (იოან. 6:40; წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:22). ბიბლიის შესწავლის შემდეგ თქვენც შეგიძლიათ თქვათ, რომ იპოვეთ მესია. ახლა გავიგოთ, როგორ დაასკვნეს იესოს მოწაფეებმა, რომ მესია იპოვეს.

მესიის შესახებ „წმინდა საიდუმლო“ თანდათანობით გამჟღავნდა

3, 4. ა) როგორ შეეძლოთ პირველ საუკუნეში იესოს მოწაფეებს მესიის ამოცნობა? ბ) რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იესოზე შესრულდა მესიაზე წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება?

3 როგორ შეეძლოთ პირველ საუკუნეში იესოს მიმდევრებს დანამდვილებით სცოდნოდათ, რომ ის მესია იყო? წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვა თანდათანობით ამჟღავნებდა მესიის ამოსაცნობ ნიშნებს. ერთმა ბიბლეისტმა მესიის მოსვლა შეადარა მარმარილოს ქანდაკების აწყობას, რომელიც ნაჭრებისგან შედგება. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე კაცმა, რომლებსაც არასოდეს ენახათ ერთმანეთი, ოთახში ქანდაკების ნაჭრები მიიტანა. თუ ამ ნაჭრებისგან საოცარი ქანდაკება აეწყობოდა, ალბათ, ლოგიკურად დაასკვნიდით, რომ ვიღაცამ ამ ქანდაკების ესკიზი შეადგინა და ამ კაცებს თითოეული ნაჭერი გაუგზავნა. ქანდაკების თითოეული ნაჭრის მსგავსად, მესიაზე წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენდა.

4 დასაშვებია ის აზრი, რომ მესიაზე წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება შემთხვევით შესრულდა ერთ ადამიანზე? ერთმა მკვლევარმა თქვა, წარმოუდგენელია, რომ მესიაზე წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება ერთ კაცზე შემთხვევით შესრულებულიყო. „ისტორიის მანძილზე ყველა წინასწარმეტყველება მხოლოდ და მხოლოდ იესოზე შესრულდა“ — დასძინა ამ მკვლევარმა.

5, 6. ა) როგორ აღსრულდება სატანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი? ბ) როგორ გააცხადა ღმერთმა თანდათანობით, თუ ვისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა აღთქმული შთამომავალი?

5 წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ უმთავრესად „წმინდა საიდუმლოს“ ეხება და საყოველთაო მნიშვნელობის ბევრ მხარეს მოიცავს (კოლ. 1:26, 27; დაბ. 3:15). ეს საიდუმლო სატანა ეშმაკის, „ძველი გველის“ წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენსაც ეხება, რომელმაც კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს დაუმონა (გამოცხ. 12:9). როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს განაჩენი? იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ „შთამომავალი“, რომელსაც „ქალი“ შობდა, თავს გაუჭეჭყავდა სატანას. ნაწინასწარმეტყველებ „შთამომავალს“ გველისთვის თავი უნდა გაეჭეჭყა, ანუ უნდა მოესპო დაუმორჩილებლობის, ავადმყოფობისა და სიკვდილის პირველმიზეზი. მაგრამ ღმერთმა ნება დართო სატანას, რომ პირველს მიეყენებინა ჭრილობა ქალის შთამომავლისთვის და სიმბოლურად ქუსლში დაეგესლა.

6 იეჰოვა თანდათანობით აცხადებდა დაპირებული შთამომავლის ვინაობას. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბ. 22:18). მოსემ იწინასწარმეტყველა, რომ ეს შთამომავალი წინასწარმეტყველი იქნებოდა; ის მოსეზე დიდი უნდა ყოფილიყო (კან. 18:18, 19). დავითი დარწმუნებული იყო, რომ მესია მისი შთამომავალი იქნებოდა და სამუდამოდ დაიმკვიდრებდა მის ტახტს. მოგვიანებით ამ ფაქტს სხვა წინასწარმეტყველებიც ადასტურებდნენ (2 სამ. 7:12, 16; იერ. 23:5, 6).

მტკიცებულებები მესიაზე

7. როგორ მოვიდა იესო დედამიწაზე ქალით წარმოდგენილი ზეციერი ორგანიზაციიდან?

7 ღმერთმა თავისი ძე, პირველი ქმნილება, ქალით წარმოდგენილი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ზეციერი ორგანიზაციიდან დედამიწაზე გამოგზავნა. იგი უნდა ყოფილიყო დაპირებული შთამომავალი. ამისათვის ღვთის მხოლოდშობილ ძეს უარი უნდა ეთქვა ზეციერ ცხოვრებაზე და სრულყოფილ ადამიანად დაბადებულიყო (ფილ. 2:5—7; იოან. 1:14). მარიამს წმინდა სული დაჩრდილავდა, რაც იმის უტყუარი მტკიცება იქნებოდა, რომ მისგან შობილს „წმინდა, ღვთის ძე“ ეწოდებოდა (ლუკ. 1:35).

8. როგორ შესრულდა მესიაზე წინასწარმეტყველება, როცა იესო მოსანათლად მივიდა იოანესთან?

8 მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები მიანიშნებდა, სად და როდის უნდა გამოჩენილიყო იესო. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო ბეთლემში დაიბადა (მიქ. 5:2). პირველ საუკუნეში იუდეველები მესიის მოლოდინში იყვნენ; ზოგი იოანე ნათლისმცემელზე ფიქრობდა, „იქნებ ეს არისო ქრისტე?“ იოანე კი ასე პასუხობდა ყველას: „მოდის ჩემზე ძლიერი“ (ლუკ. 3:15, 16). ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე 30 წლის იესო იოანესთან მოსანათლად მივიდა, ზუსტად იმ დროს, როცა მესია უნდა გამოჩენილიყო (დან. 9:25). ამის შემდეგ ის უმნიშვნელოვანეს საქმეს, მსახურებას შეუდგა. იესო ამბობდა: „დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო“ (მარ. 1:14, 15).

9. დეტალური ინფორმაციის არქონის მიუხედავად, რაში იყვნენ დარწმუნებულნი იესოს მოწაფეები?

9 ხალხი მესიისგან სულ სხვა რამეს ელოდა. მართალია, იესოს მართებულად უწოდებდნენ მეფეს, მაგრამ არ ესმოდათ, რომ მას მომავალში ზეციდან უნდა ემმართველა, რასაც ბოლომდე მოგვიანებით მოეფინებოდა ნათელი (იოან. 12:12—16; 16:12, 13; საქ. 2:32—36). მიუხედავად ამისა, როცა იესომ მოწაფეებს ჰკითხა, თქვენ რას იტყვით, ვინა ვარო, პეტრემ უყოყმანოდ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მათ. 16:13—16). მსგავსადვე უპასუხა პეტრემ იესოს მაშინ, როცა იესოს ნათქვამზე მრავალი დაბრკოლდა და მიატოვეს (წაიკითხეთ იოანეს 6:68, 69).

მოუსმინეთ მესიას

10. რატომ თქვა იეჰოვამ, რომ მნიშვნელოვანია, მის ძეს მოვუსმინოთ?

10 ზეცაში ღვთის მხოლოდშობილი ძე ძლიერი სულიერი პიროვნება იყო. დედამიწაზე იესო, როგორც თვითონ თქვა, მამისგან გამოვიდა (იოან. 16:27, 28). იესომ აღნიშნა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოან. 7:16). იესოს გარდასახვის დროს იეჰოვამ დაადასტურა, რომ ის მესია იყო. ღმერთმა თქვა: „მას უსმინეთ“ (ლუკ. 9:35). დიახ, უნდა ვუსმინოთ, ანუ დავემორჩილოთ იეჰოვას რჩეულს. ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ და მარადიული სიცოცხლე მივიღოთ, მეტად მნიშვნელოვანია რწმენა და კარგი საქმეები (იოან. 3:16, 35, 36).

11, 12. ა) რა მიზეზების გამო არ ცნეს იესო მესიად პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ებრაელებმა? ბ) ვინ ირწმუნა იესო?

11 იმ არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, რომ იესო მესია იყო, პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველების უმრავლესობამ ის მესიად არ აღიარა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ მესიაზე უკვე ჰქონდათ წინასწარშექმნილი აზრი; მათ წარმოდგენაში ეს იქნებოდა ადამიანი, რომელიც იუდეველებს რომაელების ჩაგვრისგან იხსნიდა (წაიკითხეთ იოანეს 12:34 ). ამიტომ მათთვის მიუღებელი იყო ისეთი მესია, რომელზეც შესრულდა წინასწარმეტყველებები, რომ უნდა ყოფილიყო მოძულებული, მისთვის თავი უნდა აერიდებინათ, უნდა განეცადა ტკივილი, მისთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო ავადმყოფობა და ბოლოს უნდა მოეკლათ (ეს. 53:3, 5). იესოს ზოგი ერთგული მოწაფეც კი იმედგაცრუებული იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ იესო გაათავისუფლებდა მათ რომაელთა უღლისგან. მაგრამ მათ მაინც უერთგულეს იესოს და დროთა განმავლობაში ბევრი რამ გაიგეს მესიაზე (ლუკ. 24:21).

12 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა არ ცნო იესო დაპირებულ მესიად, მათთვის მიუღებელი სწავლებები იყო. მაგალითად, სამეფოში შესასვლელად მოითხოვებოდა „საკუთარი თავის უარყოფა“, „იესოს ხორცის ჭამა და სისხლის დალევა“, „ხელახლა შობა“ და ქვეყნიერებისგან გამოყოფა (მარ. 8:34; იოან. 3:3; 6:53; 17:14, 16). ამაყებს, მდიდრებსა და ფარისეველებს ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებლად მიაჩნდათ. მაგრამ თავმდაბალმა იუდეველებმა ცნეს იესო მესიად. ზოგი სამარიელიც მსგავსად მოიქცა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ „ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელი“ იყო (იოან. 4:25, 26, 41, 42; 7:31).

13. როგორ დაიგესლა იესო „ქუსლში“?

13 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მას უფროსი მღვდლები მსჯავრს დასდებდნენ და უცხოტომელებს გადასცემდნენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგებოდა (მათ. 20:17—19). სინედრიონის წინაშე იესოს დასტური იმაზე, რომ „ქრისტე ღვთის ძე“ იყო, მკრეხელობად ჩაითვალა (მათ. 26:63—66). პილატემ ვერაფერი ნახა მასში, რის გამოც სიკვდილს იმსახურებდა. მაგრამ რამდენადაც იუდეველები მას ამბოხებაშიც ადანაშაულებდნენ, პილატემ „იესო გადასცა მათ, რათა როგორც უნდოდათ, ისე მოქცეოდნენ“ (ლუკ. 23:13—15, 25). ამგვარად იუდეველებმა უარყვეს მესია და შეითქვნენ „სიცოცხლის მეთაურის“ მოსაკლავად იმ არაერთი მტკიცების მიუხედავად, რომ ის ნამდვილად ღვთისგან იყო მოვლენილი (საქ. 3:13—15). წინასწარმეტყველების თანახმად, მესია მოიკვეთა და ახ. წ. 33 წლის პასექის დღეს ძელზე იქნა გაკრული (დან. 9:26, 27; საქ. 2:22, 23). იესო წამებით მოკვდა და როგორც დაბადების 3:15-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, „ქუსლში“ დაიგესლა.

რატომ უნდა მომკვდარიყო მესია?

14, 15. ა) რომელი ორი მიზეზის გამო დაუშვა იეჰოვამ იესოს სიკვდილი? ბ) რა გააკეთა იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ?

14 იეჰოვამ იესოს სიკვდილი ორი მთავარი მიზეზით დაუშვა. პირველი, იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა, რითაც „წმინდა საიდუმლოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე გამოაშკარავდა. კერძოდ, იესომ ბოლომდე დაამტკიცა, რომ სრულყოფილ ადამიანს სატანის მიერ გამოწვეული ურთულესი გამოცდების მიუხედავად შეუძლია ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება და მისი უზენაესობის მხარდაჭერა (1 ტიმ. 3:16). მეორე, როგორც იესომ თქვა, კაცის ძე მოვიდა, რომ სხვებს მოემსახუროს და „მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). „შესაბამისი გამოსასყიდით“ ქრისტემ ადამის შთამომავლებისთვის მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის საფასური გადაიხადა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა მათ, ვინც ის ღვთისგან მოვლენილ მხსნელად აღიარა (1 ტიმ. 2:5, 6).

15 სიკვდილიდან მესამე დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და 40 დღის განმავლობაში თავის მოწაფეებს მითითებების მისაცემად ეჩვენებოდა; ეს იმაზე მოწმობდა, რომ ის ცოცხალი იყო (საქ. 1:3—5). შემდეგ ზეცად ამაღლდა იეჰოვასთვის თავისი ძვირფასი მსხვერპლის წარსადგენად და დაელოდა დანიშნულ დროს, როცა ის მოსული იქნებოდა და მმართველობას დაიწყებდა. მანამდე მას ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა.

მესია თავის როლს ბოლომდე ასრულებს

16, 17. რა როლს ასრულებს იესო, როგორც მესია, ზეცად ამაღლების შემდეგ?

16 მკვდრეთით აღდგომიდან საუკუნეების განმავლობაში იესო ერთგულად ხელმძღვანელობდა ქრისტიანულ კრებას, როგორც მეფე (კოლ. 1:13). დანიშნულ დროს ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, აღიჭურვებოდა ძალაუფლებით. ბიბლიური წინასწარმეტყველებები და მსოფლიო მოვლენები ადასტურებს, რომ 1914 წელს, „ქვეყნიერების აღსასრულის“ ჟამს იესო მოვიდა, როგორც მეფე (მათ. 24:3; გამოცხ. 11:15). ამ მოვლენიდან მალევე ის წმინდა ანგელოზებს წაუძღვა, რათა სატანა და მისი დემონები ზეციდან გადმოეყარათ (გამოცხ. 12:7—10).

17 ქადაგება და მოწაფეების მომზადება, რომელიც იესომ ახ. წ. 29 წელს წამოიწყო, დასასრულს უახლოვდება. მალე ის ყველას გაასამართლებს. იგი ეტყვის ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ იესოს ღვთისგან მოვლენილ მხსნელად, რომ დაიმკვიდრონ „ქვეყნიერების შექმნიდან . . . [მათთვის] გამზადებული სამეფო“ (მათ. 25:31—34, 41). ისინი, რომლებიც არ აღიარებენ იესოს მეფედ, განადგურდებიან, როცა იესო თავის ზეციერ ლაშქართან ერთად ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრებს. ამ დროს ის შებოჭავს სატანას და დემონებთან ერთად „უფსკრულში“ ჩააგდებს (გამოცხ. 19:11—14; 20:1—3).

18, 19. როგორ შეასრულებს ბოლომდე იესო მესიის როლს და რას მოუტანს ეს მორჩილ ადამიანებს?

18 ათასწლიანი მმართველობის დროს იესო გაამართლებს ყველა თავის წოდებას: „საოცარი მრჩეველი“, „ძლიერი ღმერთი“, „მარადიული მამა“, „მშვიდობის მთავარი“ (ეს. 9:6, 7). მისი მმართველობის დროს ადამიანები გასრულყოფილდებიან, მათ შორის მკვდრეთით აღმდგრებიც (იოან. 5:26—29). მესია „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაუძღვება მორჩილ ადამიანებს, რომლებსაც იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ექნებათ (წაიკითხეთ გამოცხადების 7:16, 17 ). ბოლო გამოცდის შემდეგ ყველა ურჩი, მათ შორის სატანა და მისი დემონები, ჩაგდებულ იქნებიან „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“. ამრიგად იესო თავს გაუჭეჭყავს „გველს“ (გამოცხ. 20:10).

19 იესო მესიის როლს მართლაც რომ უნაკლოდ ასრულებს! დედამიწა აივსება ცოდვისგან გამოსყიდული ბედნიერი ადამიანებით, რომლებსაც სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიულად იცხოვრებენ. იეჰოვას წმინდა სახელი საბოლოოდ განიწმინდება და დამტკიცდება, რომ მისი უზენაესი ხელისუფლება სამართლიანია. რა შესანიშნავი მემკვიდრეობა ელით მათ, ვინც ღვთის ცხებულს ემორჩილება!

იპოვეთ მესია?

20, 21. რატომ უნდა ველაპარაკოთ სხვებს მესიაზე?

20 ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეს მოსვლის (ბერძნულად „პარუსია“) პერიოდში. მართალია, ღვთის სამეფოს მეფის მოსვლა უხილავია, მაგრამ ეს აშკარად ჩანს შესრულებული წინასწარმეტყველებებიდან (გამოცხ. 6:2—8). პირველი საუკუნის იუდეველების მსგავსად, დღესაც ბევრი უგულებელყოფს მესიის მოსვლის მტკიცებულებებს. ისინიც ელოდებიან ისეთ მესიას, რომელიც პოლიტიკური პრობლემებისგან დაიხსნის მათ ან ისეთს, რომელიც პოლიტიკური მმართველების მეშვეობით გამოასწორებს დღევანდელ ვითარებას. თქვენ გაიგეთ, რომ იესო ამჟამად ღვთის სამეფოს მეფეა. განა არ გაგიხარდათ? პირველ საუკუნეში მცხოვრები მოწაფეების მსგავსად, ალბათ, თქვენც თქვით: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“.

21 დღეს, როცა ჭეშმარიტებაზე საუბრობთ, ამახვილებთ ყურადღებას იესოს, როგორც მესიის როლზე? თუ ასე მოიქცევით, უფრო მადლიერნი იქნებით იმისთვის, რაც ქრისტემ გააკეთა, რასაც ამჟამად აკეთებს და რასაც მომავალში გააკეთებს. ანდრიასა და ფილიპეს მსგავსად, ალბათ, თქვენც ამცნობთ ნათესავებსა და მეგობრებს მესიის შესახებ. მთელი მონდომებით დაანახვეთ მათ, რომ იესო ქრისტე სინამდვილეში აღთქმული მესიაა — ღვთისგან მოვლენილი მხსნელი!

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ უნდა ამოეცნოთ მოწაფეებს მესია პირველ საუკუნეში?

• რომელი ორი მიზეზით უნდა მომკვდარიყო იესო?

• როგორ შეასრულებს იესო ბოლომდე თავის, როგორც მესიის როლს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 21 გვერდზე]

რის საფუძველზე შეეძლოთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ხალხს დაესკვნათ, რომ იესო აღთქმული მესია იყო?

[სურათი 23 გვერდზე]

ამახვილებთ ყურადღებას იესოს, როგორც მესიის როლზე?