არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?

რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?

რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?

„წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი“ (საქ. 27:23, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი).

1. რა ნაბიჯები გადადგეს მონათვლის მსურველებმა და რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?

„იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მოინანიე ცოდვები და მიუძღვენი თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად?“ ეს შეკითხვა ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელსაც მოხსენების ბოლოში მოსანათლავებს უსვამენ. რატომ უნდა მიუძღვნან ქრისტიანებმა თავი იეჰოვას? რით არის სასიკეთო ჩვენთვის ღვთისადმი მიძღვნა? რატომ არ იწონებს ღმერთი იმ ადამიანების მსახურებას, ვინც არ არის მისადმი მიძღვნილი? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, უპირველესად მიმოვიხილოთ, რას ნიშნავს მიძღვნა?

2. რას ნიშნავს იეჰოვასადმი თავის მიძღვნა?

2 რას ნიშნავს, თავი მიუძღვნა ღმერთს? ყურადღება მიაქციე, რა თქვა პავლე მოციქულმა ღმერთთან თავის ურთიერთობაზე. გემზე, რომელიც დასაღუპავად იყო განწირული, პავლემ მრავალი ადამიანის თანდასწრებით იეჰოვას უწოდა ღმერთი, რომელსაც იგი ეკუთვნოდა (საქ. 27:22—24, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი). ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იეჰოვას ეკუთვნის, რასაც ვერ ვიტყვით ქვეყნიერებაზე, რომელიც „ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). ქრისტიანები მას შემდეგ ხდებიან იეჰოვას საკუთრება, რაც ლოცვაში მიუძღვნიან თავს. ეს არის ღვთის წინაშე აღთქმის დადება, რომელსაც წყალში ნათლობა მოჰყვება.

3. რისი სიმბოლო იყო იესოს ნათლობა და როგორ ჰბაძავენ იესოს მისი მიმდევრები?

3 იესომ ღვთის ნების შესრულება აირჩია და ამით მაგალითი მოგვცა. ის მიძღვნილი ერის, ისრაელის შვილი იყო, ამიტომ დაბადებიდან ღვთისადმი მიძღვნილად ითვლებოდა. და მაინც, როცა მოინათლა, იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე კანონით მოეთხოვებოდა. ბიბლიაში მის სიტყვებს ვკითხულობთ: „აი, მოვედი . . . შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“ (ებრ. 10:7; ლუკ. 3:21). ამგვარად, იესოს ნათლობა იმის სიმბოლო იყო, რომ მან თავი წარუდგინა ღმერთს მისი ნების შესასრულებლად. იესოს მიმდევრებიც ჰბაძავენ იესოს და ინათლებიან, თუმცა მათ შემთხვევაში წყალში ნათლობა იმის საჯაროდ გაცხადებაა, რომ ღმერთს ლოცვაში მიუძღვნეს თავი.

რით არის სასიკეთო ჩვენთვის ღვთისადმი მიძღვნა?

4. როგორ გამოჩნდა დავითისა და იონათანის მაგალითიდან, რომ ვალდებულების აღება მნიშვნელოვანია?

4 ქრისტიანებისთვის მიძღვნა სერიოზული საკითხია. მიძღვნა უბრალოდ პირობის მიცემაზე მეტს ნიშნავს, ეს უმნიშვნელოვანესი აღთქმაა. მაგრამ ისმის კითხვა: რით არის სასიკეთო ჩვენთვის მიძღვნა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, რატომ არის კარგი, როცა ადამიანები ერთმანეთის წინაშე იღებენ ვალდებულებას. მაგალითად, თუ გინდა, რომ გყავდეს მეგობარი, უნდა შეგეძლოს მეგობრობა, რაც საკუთარ თავზე ვალდებულების აღებას, კერძოდ, მეგობარზე ზრუნვას გულისხმობს. ბიბლიაში მოთხრობილია დავითისა და იონათანის სანიმუშო მეგობრობის შესახებ, რომლებმაც ერთმანეთს მეგობრობა შეჰფიცეს (წაიკითხეთ 1 სამუელის 17:57; 18:1, 3). მართალია, ასეთი ურთიერთობა იშვიათია, მაგრამ მეგობრობა უფრო მტკიცე იქნება, თუ ორივე მხარე იგრძნობს ერთიმეორის წინაშე ვალდებულებას (იგავ. 17:17; 18:24).

5. რა უნდა გაეკეთებინა მონას, თუ სურდა სამუდამოდ თავისი კეთილი ბატონის კუთვნილება გამხდარიყო?

5 ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემულ კანონში საუბარია ვალდებულებაზე, რომელიც სიკეთის მომტანი იყო. მაგალითად, თუ მონას სურდა თავისი კეთილი ბატონის მფარველობის ქვეშ ყოფნა და სამუდამოდ მის საკუთრებად დარჩენა, მასთან შეთანხმება უნდა დაედო. კანონში ეწერა: „თუ მონა დაჟინებით იტყვის, ძალიან მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი-შვილი და არ მინდა გათავისუფლებაო, წარადგინოს იგი ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, მიაყენოს კართან ან წირთხლთან, სადგისით გაუხვრიტოს ყური და სამუდამოდ მისი მონა გახდება“ (გამ. 21:5, 6).

6, 7. ა) რით არის სასიკეთო ვალდებულების აღება? ბ) რატომ არის იეჰოვასთან ურთიერთობის დროს ვალდებულების აღება ესოდენ მნიშვნელოვანი?

6 ქორწინება ის კავშირია, რომელიც განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებს ცოლ-ქმარს. ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე დადებული ფორმალური შეთანხმება კი არა, ადამიანის წინაშე აღებული ვალდებულებაა. ისინი, რომლებიც ხელმოუწერლად ცხოვრობენ, სინამდვილეში, ვერასოდეს იგრძნობენ თავს დაცულად, იმავეს თქმა შეიძლება მათ შვილებზეც; ხოლო ოფიციალურად დაქორწინებულები — ღირსეული კავშირით გაერთიანებულნი — ცდილობენ, ოჯახში წარმოქმნილი პრობლემები სიყვარულით მოაგვარონ, რადგან ამისკენ ბიბლია მოუწოდებთ (მათ. 19:5, 6; 1 კორ. 13:7, 8; ებრ. 13:4).

7 ბიბლიურ დროში საქმიანი ურთიერთობის დროს ხელშეკრულების დადება ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო (მათ. 20:1, 2, 8). დღესაც იმავეს თქმა შეიძლება. მაგალითად, ბიზნესის წამოწყებამდე ან კომპანიაში სამუშაოს დაწყებამდე, კარგია, როცა წერილობით ხელშეკრულებას ვაფორმებთ. თუ ვალდებულების აღება მეგობრებთან ურთიერთობისას, დაქორწინებისა თუ საქმიანი ურთიერთობის დროს ესოდენ მნიშვნელოვანია, რამდენად უფრო სასიკეთო იქნება ჩვენთვის, თუ სრულად მივუძღვნით თავს იეჰოვას! ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მხრივ იყო ძველ დროში კარგი იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნა და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მიძღვნა პირობის მიცემაზე მეტს ნიშნავდა.

რით იყო სასიკეთო ღვთისადმი მიძღვნა ისრაელისთვის?

8. რას ნიშნავდა ისრაელისთვის ღვთისადმი მიძღვნა?

8 მთელი ისრაელი იეჰოვას მიძღვნილი ერი მაშინ გახდა, როცა ღვთის წინაშე აღთქმა დადო. იეჰოვამ მათ სინას მთასთან მოუხმო და უთხრა: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის“. ხალხმა ერთხმად მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:4—8). ისრაელისთვის მიძღვნა ვალდებულების აღებაზე მეტს ნიშნავდა. ისინი იეჰოვას ეკუთვნოდნენ და მისთვის იყვნენ, როგორც „გამორჩეული საკუთრება“.

9. რა მხრივ იყო სასიკეთო ისრაელისთვის ღვთისადმი მიძღვნა?

9 იეჰოვას საკუთრებად ყოფნამ ისრაელებს ბევრი კურთხევა მოუტანა. ღმერთი მოსიყვარულე მშობელივით ერთგულობდა და ზრუნავდა ამ ერზე. მან უთხრა ისრაელს: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“ (ეს. 49:15). ღვთის წყალობით მათ სახელმძღვანელოდ ჰქონდათ კანონი, წინასწარმეტყველთა თანადგომა და ანგელოზებისგან დაცვა. ფსალმუნმომღერალი წერდა: „თავის სიტყვას ამცნობს იაკობს, თავის წესებსა და სამართალს — ისრაელს. სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე“ (ფსალმ. 147:19, 20; წაიკითხეთ ფსალმუნების 34:7, 19; 48:14 ). როგორც წარსულში არ აკლებდა იეჰოვა მზრუნველობას იმ ერს, რომელიც მას ეკუთვნოდა, ისე დღეს არ აკლებს ის ზრუნვას თავის მიძღვნილებს.

რატომ უნდა მივუძღვნათ თავი იეჰოვას?

10, 11. რატომ არ ვართ ღვთის დიდი ოჯახის წევრები?

10 ზოგი ორჭოფობს, არის თუ არა მიძღვნა და ნათლობა საჭირო, და შეიძლება ასეთი კითხვაც გაუჩნდეთ: აუცილებლად მიძღვნილი უნდა ვიყო, ღმერთს რომ ვემსახურო? მიძღვნის აუცილებლობას კარგად მაშინ დავინახავთ, თუ გვეცოდინება, როგორია ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ღვთის წინაშე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამის ცოდვის გამო არც ერთი არ ვეკუთვნით ღვთის ოჯახს (რომ. 3:23; 5:12). თუ გვინდა, რომ ღვთის დიდი ოჯახის წევრები ვიყოთ, მიძღვნა აუცილებელი პირობაა.

11 არც ერთ ხორციელ მამას არ შეუძლია ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოცემა (1 ტიმ. 6:19). ჩვენ ღვთის შვილებად არ ვიბადებით, რადგან მას შემდეგ, რაც პირველმა წყვილმა შესცოდა, ადამიანები მოსიყვარულე მამას, შემოქმედს ჩამოშორდნენ (შეადარეთ კანონის 32:5). მას მერე კაცობრიობა იეჰოვას დიდი ოჯახისგან მოწყვეტილი და ღვთისგან გაუცხოებულია.

12. ა) როგორ შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს, გახდნენ ღვთის ოჯახის წევრები? ბ) რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნათლობამდე?

12 ყველაფრის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ვთხოვოთ ღმერთს, თავისი ოჯახის ღირსეულ წევრებად მიგვიღოს. * არის კი ეს შესაძლებელი ჩვენნაირი ცოდვილებისთვის? პავლე მოციქულმა დაწერა: „ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით“ (რომ. 5:10). ნათლობისას ღმერთს სუფთა სინდისს ვთხოვთ, რათა მისთვის მოსაწონები ვიყოთ (1 პეტ. 3:21). მონათვლამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ: უნდა გავიცნოთ ღმერთი, ვისწავლოთ მასზე მინდობა, მოვინანიოთ და შევიცვალოთ ცხოვრების წესი (იოან. 17:3; საქ. 3:19; ებრ. 11:6). მაგრამ სანამ ღმერთი თავის ოჯახში მიგვიღებს, კიდევ ერთი რამ მოგვეთხოვება.

13. რატომ არის მართებული ღვთის წინაშე აღთქმის დადება, თუ გვინდა, რომ ღმერთმა თავის ოჯახში ღირსეულ თაყვანისმცემლებად მიგვიღოს?

13 სანამ ღვთისგან გაუცხოებული ადამიანი იეჰოვას მსახურებისგან შემდგარი ოჯახის წევრი გახდება, პირველ რიგში იეჰოვას წინაშე სერიოზული აღთქმა უნდა დადოს. იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ამის გაკეთება მნიშვნელოვანი, მოვიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ ღირსეული კაცი, რომელიც ობოლი ბავშვის მიმართ ყურადღებას იჩენს და მისი შვილება სურს. ამ კაცს ყველა კარგად ახასიათებს. სანამ ეს მამაკაცი ბავშვს თავის შვილად აღიარებს, სურს, ბავშვს პირობა დაადებინოს. ის ეუბნება: „სანამ ჩემი შვილი გახდები, მინდა ვიცოდე, რომ გეყვარები და პატივს მცემ, როგორც მამას“. კაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბავშვს თავის ოჯახში, თუ ბავშვი მას სერიოზულ პირობას მისცემს. განა გონივრული არ არის ასეთი მიდგომა? იეჰოვაც თავის ოჯახში მხოლოდ მათ მიიღებს, ვინც აღთქმას დადებს, რომ თავს მიუძღვნის. ბიბლიაში წერია: „ცოცხალ, წმიდა, კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეულნი ღმერთს“ (რომ. 12:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

სიყვარულისა და რწმენის მაჩვენებელი

14. რატომ არის მიძღვნა სიყვარულის მაჩვენებელი?

14 ღვთის წინაშე მიძღვნის ნიშნად დადებული აღთქმა იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარულის მაჩვენებელია. გარკვეულწილად ეს საქორწინო აღთქმას შეიძლება შევადაროთ. ქრისტიანი სასიძო სიყვარულის ნიშნად პირობას აძლევს საცოლეს, რომ რაც უნდა მოხდეს, მისი ერთგული იქნება. ეს არის სერიოზული აღთქმის დადება და არა უბრალოდ პირობის მიცემა. სასიძომ იცის, რომ სანამ საცოლის წინაშე აღთქმას არ დადებს, იქამდე მასთან ერთად ვერ იცხოვრებს. მსგავსადვე, თუ მიძღვნის ნიშნად აღთქმას არ დავდებთ, სრულყოფილად ვერ ვისარგებლებთ იმ სიკეთით, რომელიც იეჰოვას ოჯახის წევრობას მოაქვს. აქედან გამომდინარე, ღმერთს თავს იმიტომ ვუძღვნით, რომ გვინდა, მას ვეკუთვნოდეთ და რაც უნდა მოხდეს, მისი ერთგულები ვიყოთ, იმის მიუხედავად, რომ არასრულყოფილები ვართ (მათ. 22:37).

15. რატომ არის ღვთისადმი მიძღვნა რწმენის მაჩვენებელი?

15 ღვთისადმი მიძღვნა რწმენის მაჩვენებელია. თუ რწმენა გვექნება, ეჭვი არასოდეს შეგვეპარება იმაში, რომ იეჰოვასთან დაახლოება მხოლოდ სიკეთეს მოგვიტანს (ფსალმ. 73:28). ამ „უსინდისო და უკუღმართ თაობაში“ ღმერთთან ერთად სიარული ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ ღმერთი დაპირებისამებრ ჩვენს მცდელობას აკურთხებს (ფილ. 2:15; 4:13). ვიცით, რომ არასრულყოფილები ვართ, თუმცა გვჯერა, რომ იეჰოვა ლმობიერებას გამოიჩენს და შეცდომებს გვაპატიებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14; რომაელების 7:21—25 ). დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა ერთგულებისთვის დაგვაჯილდოებს (იობ. 27:5).

ღვთისადმი მიძღვნას ბედნიერება მოაქვს

16, 17. რატომ მოაქვს იეჰოვასადმი მიძღვნას ბედნიერება?

16 ღვთისადმი მიძღვნას ბედნიერება მოაქვს, რადგან გაცემის საშუალება გვეძლევა. იესომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება შემდეგნაირად გადმოსცა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). დედამიწაზე მსახურების დროს იესომ სრულყოფილად შეიგრძნო გაცემით განცდილი ბედნიერება. საჭიროების შემთხვევაში ის დასვენებაზე, ჭამაზე და მშვიდ გარემოში ყოფნაზე უარს ამბობდა, სხვებს სიცოცხლის გზის პოვნაში რომ დახმარებოდა (იოან. 4:34). მამის გულის გახარება იესოს სიხარულს ჰგვრიდა. მან თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოან. 8:29; იგავ. 27:11).

17 ამრიგად, იესომ თავის მიმდევრებს ბედნიერი ცხოვრების გზა შემდეგი სიტყვებით დაანახვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი“ (მათ. 16:24). ასე უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას. სხვას ვის ვანდობთ თავს, თუ არა იეჰოვას, რომელიც სათუთად ზრუნავს ჩვენზე?!

18. რატომ მოაქვს იეჰოვასადმი მიძღვნას გაცილებით მეტი ბედნიერება, ვიდრე რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის თავის მიძღვნას?

18 იეჰოვასადმი მიძღვნა და მიძღვნის თანახმად ცხოვრება, რაც ღვთის ნების შესრულებას ნიშნავს, გაცილებით ბედნიერს გაგვხდის, ვიდრე რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის თავის მიძღვნა. მაგალითად, ბევრი თავს უძღვნის სიმდიდრეს, მაგრამ ნამდვილ ბედნიერებასა და კმაყოფილებას ვერ აღწევს, ხოლო ისინი, ვინც თავს იეჰოვას უძღვნიან, ხანგრძლივ ბედნიერებას პოულობენ (მათ. 6:24). „ღვთის თანამშრომლად“ ყოფნა მათთვის პატივია და ამის გამო თავს ბედნიერად გრძნობენ. მაგრამ ისინი საქმეს კი არ უძღვნიან თავს, არამედ მადლიერ ღმერთს (1 კორ. 3:9). არავინ იქნება ისეთი მადლიერი მათი თავგანწირული სულისკვეთებისთვის, როგორც იეჰოვა. ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს ახალგაზრდულ წლებსაც კი დაუბრუნებს და მათზე მარადიულად იზრუნებს (იობ. 33:25; წაიკითხეთ ებრაელების 6:10).

19. რა პატივი აქვთ მათ, ვინც იეჰოვას მიუძღვნა თავი?

19 იეჰოვასთან სიახლოვეს უფრო მეტად ვიგრძნობთ, თუ მას ცხოვრებას მივუძღვნით. ბიბლიაში წერია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8; ფსალმ. 25:14). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვას საკუთრებად გახდომა სწორი არჩევანია.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 იესოს „სხვა ცხვრები“ ვერ გახდებიან ღვთის ძეები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. მაგრამ როგორც ღვთისადმი მიძღვნილებს, მათ შეუძლიათ ღმერთს მამა უწოდონ და თაყვანისმცემლებისგან შემდგარი იეჰოვას ოჯახის წევრებად ჩაითვალონ (იოან. 10:16; ეს. 64:8; მათ. 6:9; გამოცხ. 20:5).

როგორ უპასუხებთ?

• რას ნიშნავს ღვთისადმი მიძღვნა?

• რით არის სასიკეთო ჩვენთვის ღვთისადმი მიძღვნა?

• რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები იეჰოვასადმი მიძღვნილები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 6 გვერდზე]

მიძღვნის თანახმად ცხოვრება მარადიულ ბედნიერებას მოგვიტანს