არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება ღმერთი დამწუხრდეს?

შეიძლება ღმერთი დამწუხრდეს?

დაუახლოვდით ღმერთს

შეიძლება ღმერთი დამწუხრდეს?

მსაჯულები 2:11—18

ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები დროდადრო შეიძლება დავმწუხრდეთ. მაგალითად, ვინანოთ იმის გამო, რომ შეცდომა დავუშვით. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იეჰოვაც შეიძლება დამწუხრდეს. მაგრამ შესაძლოა დაგებადოთ კითხვა: ღმერთი ხომ სრულყოფილია? ის არ უშვებს შეცდომებს და რატომ უნდა დამწუხრდეს?! ამ კითხვებზე პასუხი დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ იეჰოვას აქვს გრძნობები და ჩვენი საქციელი მოქმედებს მასზე. განვიხილოთ მსაჯულების 2:11—18.

ბიბლიის წიგნი „მსაჯულები“ აღგვიწერს ისრაელის ისტორიის მშფოთვარე პერიოდს. მაშინ ისრაელი ცხოვრობდა ქანაანში, რომლის დამკვიდრებაც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს. აღთქმულ ქვეყანაში დასახლებიდან შემდგომი რამდენიმე საუკუნის მანძილზე ისრაელი ერის ცხოვრება შეგვიძლია ოთხ ძირითად ეტაპად დავყოთ: განდგომილება, დასჯა, მონანიება და ხსნა. *

განდგომილება. ისრაელები ქანაანელთა გავლენაში მოექცნენ, „მიატოვეს იეჰოვა“ და სხვა ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ისინი „ემსახურებოდნენ ბაალსა და აშთორეთებს“. * ამან ერი განდგომილებამდე მიიყვანა. ისრაელები „შეურაცხყოფდნენ იეჰოვას“, ღმერთს, რომელმაც ისინი ეგვიპტის მონობიდან იხსნა (მუხლები 11—13; მსაჯულები 2:1).

დასჯა. იეჰოვა მფარველობას აღარ უწევდა ისრაელ ერს და ამის მიზეზიც ჰქონდა. ხალხი ღალატობდა მას. ამიტომ, ღმერთი მტრის ხელში აგდებდა მათ, რომლებიც ძარცვავდნენ ქვეყანას (მუხლი 14).

მონანიება. სასოწარკვეთილი ისრაელები ნანობდნენ ჩადენილ დანაშაულს და ღმერთს შეღაღადებდნენ. ისინი შველას სთხოვდნენ იეჰოვას, რადგან კვნესოდნენ მჩაგვრელთა ხელში (მუხლი 18). ისრაელებს ყოველთვის ასეთ დროს ახსენდებოდათ ღმერთი და მას მიმართავდნენ დახმარებისთვის (მსაჯულები 3:9, 15; 4:3; 6:6, 7; 10:10). შეისმინა იეჰოვამ მათი ვედრება?

ხსნა. იეჰოვამ შეისმინა ისრაელთა ვედრება, იგი დამწუხრდა მათ გამო. ებრაული სიტყვა, რომელიც „წუხილად“ არის ნათარგმნი, აგრეთვე ნიშნავს „აზრის ან გადაწყვეტილების შეცვლას“. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „იეჰოვას შეებრალა სასოწარკვეთილი ისრაელები. მან შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კი არ დასაჯა ისინი, არამედ ჩაგვრისგან იხსნა“. ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა და ისრაელს „მსაჯულები დაუყენა“, რომლებიც მტრებისგან იხსნიდნენ ერს (მუხლი 18).

რატომ დამწუხრდა ღმერთი ისრაელის გამო და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება? ისრაელი მიხვდა თავის დანაშაულს და შეიცვალა აზროვნება. დაფიქრდით: მოსიყვარულე მამამ შეიძლება დასაჯოს შვილი და ზოგ რამეში შეზღუდოს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ შვილი ხვდება თავის შეცდომას, მამამ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება.

რას ვიგებთ ისრაელის მაგალითიდან იეჰოვას შესახებ? მართალია, განზრახ ჩადენილი ცოდვა იეჰოვას რისხვას იწვევს, მაგრამ მონანიების შემთხვევაში ის გულმოწყალებას ავლენს. როგორც ვხედავთ, ჩვენი საქციელი მოქმედებს იეჰოვაზე. ნუთუ უმჯობესი არ არის, გული გავუხაროთ მას?! (იგავები 27:11). თქვენ ამას არასდროს ინანებთ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 მსაჯულების 2:11—18 წარმოდგენას გვიქმნის ისრაელის ცხოვრების წესზე, რომელიც შემდგომ თავებში უფრო დეტალურადაა აღწერილი.

^ აბზ. 6 ბაალი ქანაანელთა უზენაესი ღვთაება იყო, აშთორეთი კი ქალღმერთი, ბაალის ცოლი.