არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველთვის იქნება დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსები?

ყოველთვის იქნება დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსები?

მკითხველები გვეკითხებიან

ყოველთვის იქნება დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსები?

▪ ჩვენს ლამაზ პლანეტა დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა პირობაა შექმნილი. მაგრამ შეიძლება შიშობდეთ, რომ ერთ დღესაც ამოიწურება დედამიწის რესურსები, რადგან მოსახლეობის რიცხვი დღითი დღე მატულობს და დედამიწის რესურსებიც დიდი რაოდენობითა და შემაშფოთებელი სისწრაფით გამოიყენება. ყოველთვის იქნება დედამიწაზე საკმარისი საკვები და რესურსები?

ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას დანაპირებს, რომელიც 4 000-ზე მეტი წლის წინათ მისცა ადამიანებს: „სანამ დედამიწა იარსებებს, არ შეწყდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“ (დაბადება 8:22). როგორც იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ მზე ყოველდღე ამოვა, ისე არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ დედამიწაზე როდისმე ამოიწურება სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსები.

გარემოს დაცვის საკითხების მიმომხილველი ალექს კირბი 2004 წლის ანგარიშში, „შეუძლია დედამიწას ჩვენი გამოკვება?“, ამბობს: „დედამიწას ყველასთვის საკმარისი საკვები აქვს, მაგრამ ხშირად საკვები არასწორად ნაწილდება, ძალიან ძვირი ღირს ან დიდხანს ვერ ძლებს. ამიტომ, ყველას რომ საკმარისი საკვები ჰქონდეს, ამაზე პოლიტიკოსებმა უფრო უნდა იზრუნონ, ვიდრე მეცნიერებმა“. თუ ადამიანები დედამიწას კარგად მოუვლიან და მის რესურსებსაც გონივრულად მოიხმარენ, საკვების მარაგის ამოწურვის საფრთხე აღარ იარსებებს. მაგალითად, ღმერთმა ისრაელებს პირდაპირი მითითება მისცა, რომ სათანადოდ ეზრუნათ თავიანთ მიწებზე. ლევიანების 25:4-ში ვკითხულობთ: „მეშვიდე წელიწადი კი სრული დასვენების შაბათია მიწისთვის . . . არ დათესო თესლი შენს მინდორში“. ისრაელებს არ უნდა ემუშავათ ყოველ მეშვიდე წელს, მაგრამ ღმერთი დაჰპირდა, რომ ყველაფერს უხვად მისცემდა და არასდროს ამოეწურებოდათ საკვების მარაგი (ლევიანები 26:3—5).

დღეს ზოგი გულწრფელად ცდილობს ბუნებისა თუ მისი რესურსების დაცვას, მაგრამ მათი მცდელობა ამაოა, რადგან უკვე საკმაოდ დაგვიანებულია. როგორც გამოცხადების 11:18-ში ვკითხულობთ, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს: იეჰოვა ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’. იგი არასდროს დაუშვებს, რომ დედამიწა და მისი რესურსები ბოროტი განზრახვით გამოიყენონ; უფრო მეტიც, იეჰოვა გვპირდება, რომ დედამიწაზე ყველაფერი უხვად იქნება. ყველა, ვინც განზრახ უგულებელყოფს იეჰოვას ნებას და ეგოისტური მიზნებით განკარგავს დედამიწის რესურსებს, განადგურდება; ხოლო ისინი, ვინც მთელი გულით დაუჭერენ მხარს იეჰოვას მმართველობას, ფსალმუნის 72:16-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულების თვითმხილველნი გახდებიან: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“.

უსაზღვროდ ბრძენი და მოსიყვარულე იეჰოვა ღმერთის ნებაა, რომ ადამიანებმა იცხოვრონ სამოთხეში და იზრუნონ თავიანთ სახლზე, დედამიწაზე (დაბადება 1:28). ღვთის მმართველობის დროს მორჩილი ადამიანები ისწავლიან ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებას, რისი წყალობითაც დედამიწაზე ყოველთვის უხვად იქნება საკვების მარაგი. ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის, რომელიც დააკმაყოფილებს ყოველი ცოცხალი არსების სურვილს (ფსალმუნი 145:16).

[ჩანართი 22 გვერდზე]

„ყველას რომ საკმარისი საკვები ჰქონდეს, ამაზე პოლიტიკოსებმა უფრო უნდა იზრუნონ, ვიდრე მეცნიერებმა“