არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი

ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი

ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი

„თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“ (მათ. 19:28).

1. რა გააკეთა იეჰოვამ აბრაამის შთამომავლებისთვის და რატომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ ის არაფრად აგდებდა სხვა ერის წარმომადგენლებს?

იეჰოვას უყვარდა აბრაამი, ამიტომ მისი შთამომავლობის მიმართაც სიყვარულით გამოავლინა სიკეთე. 15 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აბრაამისგან წარმოშობილ ისრაელ ერს ღმერთი თავის რჩეულ ერად, „გამორჩეულ საკუთრებად“ თვლიდა (წაიკითხეთ კანონის 7:6 ). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა სხვა ერის ადამიანებს არაფრად აგდებდა. იეჰოვა თავის რჩეულ ერში ცხოვრების უფლებას იმ არაისრაელებსაც აძლევდა, რომლებსაც მისი თაყვანისცემა სურდათ. ახალ რწმენაზე მოქცეულებს ანუ პროზელიტებს, ებრაელები ძმებივით უნდა მოქცეოდნენ (ლევ. 19:33, 34). მოქცეულებისგან კი იეჰოვას კანონების დაცვა მოითხოვებოდა (ლევ. 24:22).

2. რა გამაოგნებელი სიტყვები თქვა იესომ და რა კითხვებს ბადებს ეს სიტყვები?

2 მაგრამ იესომ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ებრაელებს ასეთი გამაოგნებელი სიტყვები უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43). ვინ შევიდოდა ამ ახალ ერში და რა მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას ჩვენთვის?

ახალი ერი

3, 4. ა) როგორ განმარტა მოციქულმა პეტრემ, ვინ შევიდოდა ახალ ერში? ბ) ვინ შედის ახალ ერში?

3 მოციქულმა პეტრემ განმარტა, ვინ შევიდოდა ამ ერში. მან თანაქრისტიანებს მისწერა: «„რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ» (1 პეტ. 2:9). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ამ ახალი ერის პირველი წარმომადგენლები ის ებრაელები გახდნენ, რომლებმაც იესო მესიად აღიარეს (დან. 9:27ა; მათ. 10:6). მოგვიანებით მათ არაებრაელებიც შეუერთდნენ, რაც კარგად გამოჩნდა პეტრეს სიტყვებიდან: „ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“ (1 პეტ. 2:10).

4 ვის მიმართავდა პეტრე ამ სიტყვებით? თავისი წერილის დასაწყისში ის ამბობს: „[ღმერთმა] დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1 პეტ. 1:3, 4). ამგვარად, ამ ახალ ერს წარმოადგენენ ცხებული ქრისტიანები, რომელთაც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი „ღვთის ისრაელი“ არიან (გალ. 6:16). მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა, რომ მათი რიცხვი 144 000-ს შეადგენდა. „ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“, რათა იმსახურონ მღვდლებად და ქრისტესთან ერთად იმეფონ ათას წელს (გამოცხ. 5:10; 7:4; 14:1, 4; 20:6; იაკ. 1:18).

კიდევ ვინ შედის ისრაელში?

5. ა) ვინ იგულისხმება „ღვთის ისრაელში“? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა ისრაელში ყოველთვის ცხებულები არ იგულისხმებიან?

5 ნათელია, რომ გალატელების 6:16-ში მოხსენიებულ „ღვთის ისრაელში“ მხოლოდ და მხოლოდ ცხებული ქრისტიანები იგულისხმება. მაგრამ, ყოველთვის ცხებულები იგულისხმება, როცა ისრაელ ერზეა საუბარი? პასუხს იესოს სიტყვებიდან ვიგებთ, რომელიც მან თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკ. 22:28—30). ეს მოხდება „ხელახლა შექმნისას“, როცა ყველაფერი განახლდება ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს (წაიკითხეთ მათეს 19:28).

6, 7. ვინ იგულისხმება მათეს 19:28-სა და ლუკას 22:30-ში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“?

6 ათასი წლის განმავლობაში სულითცხებულები, რომელთა რიცხვიც 144 000-ს შეადგენს, ზეციერი მეფეები, მღვდლები და მოსამართლეები იქნებიან (გამოცხ. 20:4). ვის გაასამართლებენ და ვის უხელმძღვანელებენ ისინი? როგორც მათეს 19:28-სა და ლუკას 22:30-დან ვიგებთ, ისინი „ისრაელის თორმეტ ტომს“ გაასამართლებენ. ვინ იგულისხმება „ისრაელის თორმეტ ტომში“? მათში იგულისხმება ყველა, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. მათ ირწმუნეს იესოს მსხვერპლის ძალა, მაგრამ სამეფო სამღვდელოების კლასს არ მიეკუთვნებიან (ისრაელის 12 ტომში ლევის ტომი არ შედიოდა). 144 000-ის მიერ გაწეული მღვდელმსახურება ისრაელის 12 ტომად წოდებულთა სულიერ კეთილდღეობას მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მღვდლებად არ მსახურობენ, მაინც ღვთის ხალხად ითვლებიან და ღმერთი მათ მიმართაც ავლენს სიყვარულს. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება მათი შედარება ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ხალხთან.

7 მოციქულმა იოანემ სწორედ ამიტომ იხილა ჯერ სულიერი ისრაელის 144 000 წარმომადგენელი, რომლებსაც დიდი გასაჭირის დაწყებამდე საბოლოოდ დაესვათ ბეჭედი, შემდეგ კი — „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან (გამოცხ. 7:9). ეს უამრავი ხალხი დიდ გასაჭირს გადაიტანს და ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს იცხოვრებს. ამ პერიოდში მათ მილიარდობით მკვდრეთით აღდგენილი შეუერთდება (იოან. 5:28, 29; გამოცხ. 20:13). დიდ გასაჭირში გადარჩენილები და მკვდრეთით აღდგენილები არიან „ისრაელის თორმეტი ტომი“, რომლებსაც იესო და მისი 144 000 თანამმართველი გაასამართლებენ (საქ. 17:31; 24:15; გამოცხ. 20:12).

8. როგორ აჩვენებს ყოველწლიური გამოსყიდვის დღე, თუ რა კავშირია 144 000-სა და სხვა ადამიანებს შორის?

8 ის, რაც ყოველწლიურად გამოსყიდვის დღეს ხდებოდა ისრაელში, წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა კავშირია 144 000-სა და სხვა ადამიანებს შორის (ლევ. 16:6—10). პირველ რიგში მღვდელმთავარს ცოდვის შესაწირავი ხარი უნდა შეეწირა „თავისთვის და თავისი სახლისთვის“. ამგვარად, იესოს მსხვერპლი პირველ რიგში მოემსახურა მის სახლეულობას ანუ მღვდლებს, რომლებიც მასთან ერთად იმსახურებენ ზეცაში. გარდა ამისა, გამოსყიდვის დღეს მიჰყავდათ ორი თხა, ოღონდ ამჯერად ისრაელების ცოდვების გამოსასყიდად. სამღვდელო ტომი განასახიერებს 144 000-ს, დანარჩენი ისრაელი კი — მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. აქედან გამომდინარე, მათეს 19:28-ში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“ იესოს სულითცხებული მღვდლები კი არ იგულისხმება, არამედ სხვები, რომლებიც რწმენას ავლენენ იესოს მსხვერპლისადმი. *

9. ვის განასახიერებენ მღვდლები და ისრაელის არასამღვდელო ტომები ეზეკიელის მიერ ნანახ ხილვაში?

9 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში საკმაოდ დეტალურად იხილა იეჰოვას ტაძარი (ეზეკიელი, 40—48 თავები). ამ ხილვაში მან ნახა ტაძარში მომსახურე მღვდლები, რომლებიც იეჰოვასგან იღებდნენ მითითებებს, როგორ დაემოძღვრათ და შეეგონებინათ ხალხი (ეზეკ. 44:23—31). გარდა ამისა, ღვთის თაყვანსაცემად და მსხვერპლის შესაწირად ტაძარში ხალხი ისრაელის სხვადასხვა ტომიდანაც მოდიოდა (ეზეკ. 45:16, 17). ამ შემთხვევაშიც მღვდლები ცხებულებს განასახიერებენ, არასამღვდელო ტომებიდან მოსული ისრაელები კი — დედამიწაზე ცხოვრების მოიმედე ხალხს. როგორც ხილვიდან ჩანს, ეს ჯგუფები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. მაგრამ წამყვან როლს წმინდა თაყვანისმცემლობაში სამღვდელო კლასი ასრულებს.

10, 11. ა) იესოს რომელი სიტყვების შესრულება გვიძლიერებს რწმენას? ბ) რა კითხვა წამოიჭრება სხვა ცხვართან დაკავშირებით?

10 იესომ აგრეთვე მოიხსენია „სხვა ცხვარი“. ეს ცხვარი არ იქნებოდა იმ „ფარეხში“, რომელშიც მისი სულითცხებული მიმდევრებისგან შემდგარი „მცირე სამწყსო“ (იოან. 10:16; ლუკ. 12:32). მაგრამ იესომ თქვა: „ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“. ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია ამ წინასწარმეტყველების შესრულების დანახვა. გაერთიანდა ორი ჯგუფი — ცხებულების პატარა ჯგუფი და სხვა ცხვრისგან შემდგარი უამრავი ხალხი (წაიკითხეთ ზაქარიას 8:23). მართალია სხვა ცხვრები სულიერი ტაძრის შიდა ეზოში არ მსახურობენ, მაგრამ ისინი ტაძრის გარეთა ეზოში მსახურობენ.

11 მაგრამ, თუ ისრაელის არასამღვდელო ტომების წარმომადგენლები ზოგჯერ სხვა ცხვარს განასახიერებენ, უნდა მიიღონ მათაც გახსენების საღამოს სიმბოლოები? მოდი ვნახოთ ამ კითხვაზე პასუხი.

ახალი შეთანხმება

12. რაზე გაამახვილა იეჰოვამ ყურადღება თავისი ხალხის შესახებ წინასწარმეტყველებაში?

12 იეჰოვამ თავისი ხალხის შესახებ კიდევ ერთ რამეზე გაამახვილა ყურადღება: „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ [ისრაელის სახლს] იმ დროის შემდეგ . . . ჩავუდებ მათ ჩემს კანონს და გულებში ჩავუწერ. მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“ (იერ. 31:31—33). ახალი შეთანხმების მეშვეობით აბრაამისთვის მიცემული დაპირება უფრო გრანდიოზულად შესრულდებოდა (წაიკითხეთ დაბადების 22:18).

13, 14. ა) ვინ არიან ახალი შეთანხმების მონაწილეები? ბ) კიდევ ვინ სარგებლობს ახალი შეთანხმებით და როგორ „ეჭიდებიან“ ისინი ამ შეთანხმებას?

13 იესო ამ ახალ შეთანხმებას გულისხმობდა, როცა სიკვდილის წინა საღამოს თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკ. 22:20; 1 კორ. 11:25). ყველა ქრისტიანს ეხება ეს ახალი შეთანხმება? არა. ზოგი, იმ მოციქულების მსგავსად, რომლებმაც იმ საღამოს შესვეს სასმისი, ახალი შეთანხმების მონაწილეა. * იესომ თავის მოწაფეებს სხვა შეთანხმებაც დაუდო, რომლის თანახმადაც მათ ზეციერ სამეფოში უნდა ემმართველათ (ლუკ. 22:28—30). ისინი ამ სამეფოში იესოსთან ერთად იქნებოდნენ (ლუკ. 22:15, 16).

14 როგორ ეხება ახალი შეთანხმება მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს? თუმცა ისინი არ მონაწილეობენ ამ ახალ შეთანხმებაში, ეს შეთანხმება მათ სასიკეთოდაც მოქმედებს (გალ. 3:8, 9). ისინი ემორჩილებიან ამ ახალი შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამგვარად „ეჭიდებიან“ მას, როგორც ეს ესაიამაც იწინასწარმეტყველა: „უცხოელებს, რომლებიც შეუერთდნენ იეჰოვას, რათა ემსახურონ მას, უყვარდეთ იეჰოვას სახელი და გახდნენ მისი მსახურები, ყველას, ვინც იცავს შაბათს, რომ არ შებღალოს ის, და ეჭიდება ჩემს შეთანხმებას, მოვიყვან ჩემს წმინდა მთაზე და გავახარებ ჩემს სამლოცველო სახლში. მათი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და მათი მსხვერპლი მისაღები იქნება ჩემს სამსხვერპლოზე. ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“ (ეს. 56:6, 7).

ვინ იღებს სიმბოლოებს?

15, 16. ა) რას დაუკავშირა მოციქულმა პავლემ ახალი შეთანხმება? ბ) რატომ არ იღებენ სიმბოლოებს გახსენების საღამოზე დედამიწაზე ცხოვრების მოიმედენი?

15 ახალი შეთანხმების მონაწილეებს აქვთ გამბედაობა „იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად“ (წაიკითხეთ ებრაელების 10:15—20). ისინი მიიღებენ „სამეფოს, რომელიც არ შეირყევა“ (ებრ. 12:28). აქედან გამომდინარე სასმისს, რომელიც ახალი შეთანხმების სიმბოლოა, შესვამენ მხოლოდ ისინი, ვინც იესო ქრისტესთან ერთად ზეცაში იმეფებენ და მღვდლებად იმსახურებენ. ახალი შეთანხმების ეს მონაწილეები კრავზე არიან დანიშნულები (2 კორ. 11:2; გამოცხ. 21:2, 9). დანარჩენები კი ყოველწლიურად მხოლოდ ესწრებიან გახსენების საღამოს, მაგრამ სიმბოლოებს არ იღებენ.

16 პავლეც გვიხსნის, რომ დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეები გახსენების საღამოზე სიმბოლოებს არ იღებენ. ცხებულ ქრისტიანებს ის სწერდა: „ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე“ (1 კორ. 11:26). როდის მოხდება ეს? როცა იესო თავისი ცხებული პატარძლის კლასის ბოლო წარმომადგენლების ზეცაში წასაყვანად მოვა (იოან. 14:2, 3). ასე რომ, უფლის გახსენების საღამოს ყოველწლიური აღნიშვნა მარადიულად არ გაგრძელდება. ქალის შთამომავლობის დარჩენილი ნაწილი ზეციური ჯილდოს მიღებამდე გააგრძელებს მონაწილეობას ამ საღამოში (გამოცხ. 12:17). გახსენების საღამოს დროს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მოიმედენიც რომ იღებდნენ სიმბოლოებს, მაშინ მისი აღნიშვნა მარადიულად გაგრძელდებოდა.

„ისინი გახდებიან ჩემი ხალხი“

17, 18. როგორ შესრულდა ეზეკიელის 37:26, 27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

17 იეჰოვამ თავისი ხალხის ერთიანობა ასე იწინასწარმეტყველა: „მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ, მარადიული შეთანხმება იქნება ის. მივცემ მათ თავიანთ მიწას და გავამრავლებ მათ; სამარადისოდ მათ შორის დავდგამ ჩემს საწმინდარს. ჩემი კარავი იქნება მათზე; მე მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“ (ეზეკ. 37:26, 27).

18 ეს არაჩვეულებრივი დაპირება მშვიდობის შეთანხმების შესახებ ღვთის ხალხიდან ყველას ეხება. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ მის მორჩილ მსახურებს მშვიდობა ჰქონოდათ. აშკარაა, რომ ღვთის ხალხი სულის ნაყოფს ავლენს. „საწმინდარი“, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანულ თაყვანისმცემლობას განასახიერებს, მათ შორისაა. ისინი ნამდვილად ღვთის ხალხი არიან, რადგან უარი თქვეს ყველანაირ კერპთაყვანისმცემლობაზე და თაყვანს მხოლოდ ერთადერთ ღმერთს, იეჰოვას სცემენ.

19, 20. კიდევ ვის უწოდებს იეჰოვა თავის ხალხს და რის საშუალებას იძლევა ახალი შეთანხმება?

19 გვიხარია, რომ თავად გავხდით ჩვენს დროში ამ ორი ჯგუფის გაერთიანების მოწმენი. მართალია, უამრავ ხალხს, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება, ზეცაში ცხოვრების იმედი არა აქვს, მაგრამ მათ ეამაყებათ ცხებულებთან თანამშრომლობა. ისინი შეუერთდნენ ღვთის ისრაელს, ამიტომ იეჰოვა მათაც თავის ხალხს უწოდებს. მათზე სრულდება შემდეგი წინასწარმეტყველება: „იმ დღეს მრავალი ხალხი შეუერთდება იეჰოვას და ისინი გახდებიან ჩემი ხალხი, და დავმკვიდრდები შენთან“ (ზაქ. 2:11; 8:21; წაიკითხეთ ესაიას 65:22; გამოცხადების 21:3, 4 ).

20 იეჰოვამ ეს ყველაფერი ახალი შეთანხმების მეშვეობით განახორციელა. სულიერი გაგებით მილიონობით „უცხოელი“ იეჰოვას რჩეული ერის ნაწილი ხდება (მიქ. 4:1—5). ისინი მზად არიან, დაემორჩილონ ღვთის მოთხოვნებს და ამგვარად ჩაეჭიდონ ახალ შეთანხმებას (ეს. 56:6, 7). ასე რომ, ღვთის ისრაელთან ერთად ისინი კურთხეულნი არიან დიდი მშვიდობით. დაე, თქვენც ნუ მოგაკლდებათ ეს კურთხევა ახლაც და მარადიულად!

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 მსგავსადვე, სიტყვა „კრებაში“ უმეტესწილად სულითცხებულებისგან შემდგარი ჯგუფი იგულისხმება (ებრ. 12:23). მაგრამ ეს სიტყვა შეიძლება გულისხმობდეს ყველა ქრისტიანისგან შემდგარ ჯგუფსაც, განურჩევლად იმისა, ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ თუ დედამიწაზე (იხილეთ 2007 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23).

^ აბზ. 13 იესო ამ შეთანხმების შუამავალია და არა მონაწილე. ამიტომ მას, როგორც შუამავალს, სიმბოლოები არ მიუღია.

გახსოვთ თუ არა?

• ვინ შედის „ისრაელის თორმეტ ტომში“, რომელსაც 144 000 გაასამართლებს?

• როგორ ეხება ახალი შეთანხმება ცხებულებსა და სხვა ცხვარს?

• ყველა ქრისტიანმა უნდა მიიღოს გახსენების საღამოს სიმბოლოები?

• რა იყო ნაწინასწარმეტყველები ღვთის ხალხის ერთიანობაზე?

[სასწავლო კითხვები]

[სქემა⁄სურათები 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

დღეს მრავალი მსახურობს ღვთის ისრაელთან ერთად

7 313 173

4 017 213

1 483 430

373 430

1950 1970 1990 2009