არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნათლობა მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით

ნათლობა მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით

ნათლობა მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით

„ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათ. 28:19).

1, 2. ა) რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში? ბ) რამ აღძრა ხალხი, რომ მონათლულიყო?

იერუსალიმი მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ხალხით იყო სავსე. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულში მრავალი სტუმარი იღებდა მონაწილეობას. ამ დღესასწაულზე უჩვეულო მოვლენა მოხდა, რის შემდეგაც მოციქულმა პეტრემ ამაღელვებელი სიტყვით მიმართა ხალხს. მის სიტყვას გასაოცარი გამოხმაურება მოჰყვა — დაახლოებით 3 000-მა ებრაელმა და პროზელიტმა მოინანია და წყალში მოინათლა. ამგვარად ისინიც ახალჩამოყალიბებული ქრისტიანული კრების წევრები გახდნენ (საქ. 2:41). ფაქტია, რომ იერუსალიმსა და მის მახლობლად მდებარე აუზებში ამდენი ხალხის მონათვლა დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

2 რამ აღძრა ეს ხალხი, რომ მონათლულიყო? იმავე დღეს, ცოტათი ადრე „ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო“. ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეკრებილი იესოს 120 მოწაფე წმინდა სულით აღივსო. ისინი „სხვადასხვა ენაზე“ ალაპარაკდნენ. ამის დანახვამ გააოგნა ღვთისმოშიში ხალხი, რომლებმაც იქ მოიყარეს თავი. პეტრემ სიტყვით მიმართა მათ და დაანახვა, რომ იესოს სიკვდილში მათაც მიუძღოდათ ბრალი. პეტრეს სიტყვების მოსმენაზე ისინი „გულის სიღრმემდე შეიძრნენ“. მათ კითხვაზე, როგორ მოვიქცეთო, პეტრემ მიუგო: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით . . . და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“ (საქ. 2:1—4, 36—38).

3. რა უნდა გაეკეთებინათ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილ მომნანიე ებრაელებსა და პროზელიტებს?

3 მოდი ვიმსჯელოთ, რა სწამდათ პეტრეს მსმენელთა შორის მყოფ ებრაელებსა და პროზელიტებს. ისინი იეჰოვას თავიანთ ღმერთად აღიარებდნენ. ებრაული წერილებიდან მათ ბევრი რამ იცოდნენ წმინდა სულის, ღვთის მოქმედი ძალის შესახებ, რომელსაც ღმერთი შემოქმედების დროს და მას შემდეგაც იყენებდა (დაბ. 1:2; მსაჯ. 14:5, 6; 1 სამ. 10:6; ფსალმ. 33:6). მაგრამ ამის ცოდნა არ იყო საკმარისი. მათ აუცილებლად უნდა სცოდნოდათ და ეღიარებინათ, რომ ღმერთმა მათ მხსნელად მესია, იესო მოუვლინა. ამიტომაც უთხრა პეტრემ მათ, რომ „იესო ქრისტეს სახელით“ უნდა მონათლულიყვნენ. ამ დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ზეცაში ამაღლდებოდა, იესომ პეტრესა და სხვა მოწაფეებს „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ ხალხის მონათვლა დაავალა (მათ. 28:19, 20). ნათლობას როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ნათლობა მამის სახელით

4. რა ცვლილებამ იმოქმედა ღმერთსა და მის თაყვანისმცემლებს შორის ურთიერთობაზე?

4 როგორც აღვნიშნეთ, ისინი, ვინც პეტრეს სიტყვებს გამოეხმაურნენ, იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ და ურთიერთობა ჰქონდათ მასთან. ისინი ცდილობდნენ, დაეცვათ მისი კანონები და იერუსალიმში სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ მრავალი ქვეყნიდან (საქ. 2:5—11). მაგრამ ამჯერად ღმერთმა თავისი ხალხისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ებრაელი ერი უკვე აღარ იყო მისთვის რჩეული ერი. ახლა ისინი ღვთის მოწონებას მოსეს კანონის დაცვით ვერ დაიმსახურებდნენ (მათ. 21:43; კოლ. 2:14). ღმერთთან ურთიერთობა რომ არ გაეფუჭებინათ, პეტრეს მსმენელებს უკვე სხვა რამ მოეთხოვებოდათ.

5, 6. რა გააკეთა პირველ საუკუნეში ბევრმა ებრაელმა და პროზელიტმა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად?

5 ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ებრაელებს ზურგი უნდა ექციათ იეჰოვასთვის, სიცოცხლის წყაროსთვის (საქ. 4:24). პირიქით, პეტრეს სიტყვებიდან მის მსმენელებს ახლა უკეთესად უნდა დაენახათ, რომ იეჰოვა მზრუნველი მამა იყო. ღმერთმა მათ სახსნელად მესია გამოგზავნა. ის მზად იყო ეპატიებინა მათთვისაც, ვისაც პეტრემ ასეთი სიტყვებით მიმართა: „მაშ, ისრაელის მთელი სახლი დარწმუნებული იყოს, რომ იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“. პეტრეს მსმენელებს ახლა უფრო მეტად უნდა დაეფასებინათ ღმერთი იმისთვის, რაც მან მასთან ურთიერთობის მსურველთათვის გააკეთა (წაიკითხეთ საქმეების 2:30—36 ).

6 პეტრეს მოსასმენად შეკრებილი ებრაელებისა და პროზელიტებისთვის ნათელი გახდა, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად უნდა ეღიარებინათ, რომ იეჰოვა იესოს მეშვეობით აპირებდა მათ ხსნას. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ მოინანიეს ცოდვები, მათ შორის იესოს სიკვდილში ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობა. ისიც გასაგებია, მომდევნო დღეებში რატომ სწავლობდნენ ისინი გამუდმებით მოციქულებისგან (საქ. 2:42). მათ სურდათ, რომ სიტყვაში სითამამით მიახლოვებოდნენ „წყალობის ტახტს“ (ებრ. 4:16).

7. როგორ შეიცვალა ბევრმა შეხედულება ღმერთზე და მოინათლა მამის სახელით?

7 დღეს სხვადასხვა წარმოშობის მილიონობით ადამიანმა ბიბლიიდან გაიგო ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ (ეს. 2:2, 3). მათგან ზოგი ათეისტი იყო, ზოგიც დეისტი *, მაგრამ ისინი დარწმუნდნენ, რომ არსებობს შემოქმედი, რომელთანაც შეიძლება ახლო ურთიერთობა. ზოგი სამპიროვან ღმერთს და მრავალ კერპს ემსახურებოდა. მაგრამ მათ გაიგეს, რომ მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელსაც ახლა ისინი სახელით მიმართავენ. ამგვარად ისინი ემორჩილებიან მოწაფეებისთვის მიცემულ იესოს მითითებას, რომ მონათლულიყვნენ მამის სახელით.

8. რა უნდა გააცნობიერონ მათ, ვისაც ერთ დროს წარმოდგენა არ ჰქონდა ადამის ცოდვაზე?

8 მათ ასევე გაიგეს, რომ ადამისგან მემკვიდრეობით მიიღეს ცოდვა (რომ. 5:12). ეს შეიძლება მათთვის ახალი აზრი იყო, რაშიც უნდა დარწმუნებულიყვნენ. ისინი ჰგავდნენ იმ ავადმყოფს, რომელმაც არ იცის, რომ ავად არის. შესაძლოა ის დროდადრო გრძნობს სიმპტომებს, მაგალითად ტკივილს. მაგრამ, რადგან არ იცის, სინამდვილეში რა სჭირს, თავი ჯანმრთელი ჰგონია. ფაქტები კი სხვა რამეზე მოწმობს (შეადარეთ 1 კორინთელების 4:4). როგორ უნდა მოიქცეს ავადმყოფი, თუ გაიგებს ზუსტ დიაგნოზს? მისი მხრიდან გონივრული იქნება, თუ უკვე კარგად ცნობილ, ნაცად და ეფექტურ მკურნალობის მეთოდს მიმართავს. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შესახებ ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგება ჰგავს ავადმყოფისთვის სწორი დიაგნოზის დასმას, რის შემდეგაც ის ხვდება, რომ ღმერთი საუკეთესო „მკურნალობას“ სთავაზობს. ღვთისგან გაუცხოებულები უნდა მობრუნდნენ მისკენ, რათა განიკურნონ (ეფეს. 4:17—19).

9. რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ ადამიანებს მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდათ?

9 თუ თავი უკვე მიუძღვენით იეჰოვა ღმერთს და მოინათლეთ, თქვენ უკვე საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი, რას ნიშნავს იეჰოვასთან ურთიერთობა. ახლა თქვენ უკეთესად აფასებთ, რამდენად მოსიყვარულეა ჩვენი მამა იეჰოვა (წაიკითხეთ რომაელების 5:8). მიუხედავად იმისა, რომ ადამმა და ევამ მის წინააღმდეგ შესცოდეს, ღმერთმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, რათა მათ შთამომავლებს, მათ შორის ჩვენც, მასთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა გვქონოდა. ამის გამო ღმერთს თავისი საყვარელი ძის ტანჯვა-წამებისა და სიკვდილის ყურება მოუწია. განა ამის ცოდნა არ უნდა დაგვეხმაროს, ვაღიაროთ ღვთის ძალაუფლება და სიყვარულით დავემორჩილოთ მის მცნებებს?! თუ აქამდე არ გადაგიდგამთ ეს ნაბიჯი, გახსოვდეთ, უამრავი მიზეზი გაქვთ იმისათვის, რომ თავი მიუძღვნათ ღმერთს და მოინათლოთ.

ნათლობა ძის სახელით

10, 11. ა) რისთვის უნდა ვუმადლოდეთ იესოს? ბ) რის საშუალებას გვაძლევს იესოს მსხვერპლი?

10 მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა სიტყვებით მიმართა პეტრემ ხალხს. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მათ უნდა ეღიარებინათ ქრისტე, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ძის სახელით ნათლობასთან. რატომ არის ეს აუცილებელი? იესოს აღიარება და მისი სახელით ნათლობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვესმის, რა როლს ასრულებს იესო ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაში. იესოს სიცოცხლე წამების ბოძზე უნდა დაესრულებინა, რათა ებრაელები კანონის წყევლისგან გაეთავისუფლებინა. მაგრამ მისი სიკვდილი მხოლოდ ამ მიზანს არ მომსახურებია (გალ. 3:13). მის მიერ გაღებული მსხვერპლი მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას მოემსახურა (ეფეს. 2:15, 16; კოლ. 1:20; 1 იოან. 2:1, 2). ვიდრე სიცოცხლეს გაიღებდა მსხვერპლად, იესოს უსამართლობის, შეურაცხყოფისა და წამების ატანა მოუწია. აფასებთ ამ მსხვერპლს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ 12 წლის ბიჭი და „ტიტანიკით“ მგზავრობთ (ეს გემი 1912 წელს აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა). ცდილობთ მაშველ ნავში გადახტომას, მაგრამ ის სავსეა. ამ დროს ნავში ხედავთ მამაკაცს, რომელიც გამომშვიდობების ნიშნად კოცნის ცოლს, გემზე ბრუნდება და თავის ადგილს თქვენ გითმობთ. რას იგრძნობდით? უდავოდ, მისდამი უდიდესი მადლიერების გრძნობა დაგეუფლებოდათ. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდა ის ბიჭი, რომელიც სინამდვილეში ამ დიდსულოვანი ნაბიჯის წყალობით დარჩა ცოცხალი. * მაგრამ ჩვენთვის იესომ უფრო მეტი გააკეთა. მან სიცოცხლე გასწირა იმისთვის, რომ მარადიულად გვეცხოვრა.

11 როგორ იმოქმედა თქვენზე იმის გაგებამ, რაც ღვთის ძემ გააკეთა თქვენთვის? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15 ). ალბათ, თქვენც უდიდესი მადლიერების გრძნობა დაგეუფლათ, რამაც აღგძრათ, თავი მიგეძღვნათ ღვთისთვის და საკუთარი თავისთვის კი აღარ გეცოცხლათ, არამედ იმისთვის, ვინც თქვენთვის მოკვდა. ძის სახელით ნათლობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რაც იესომ გააკეთა ჩვენთვის, და ვცნობთ მის, როგორც „სიცოცხლის მეთაურის“ ძალაუფლებას (საქ. 3:15; 5:31). ადრე თქვენ არ გქონდათ ურთიერთობა შემოქმედთან და შესაბამისად არც რეალური იმედი. მას შემდეგ, რაც ირწმუნეთ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის ძალა და მოინათლეთ, უკვე შეგიძლიათ ზეციერ მამასთან ურთიერთობა (ეფეს. 2:12, 13). მოციქული პავლე წერდა: „თქვენ, ოდესღაც გაუცხოებულები და მტრები იმის გამო, რომ თქვენი გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული, ღმერთმა ახლა შეგირიგათ მისი [იესოს] ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით, რათა წმინდად, უმანკოდ და ყოვლად ბრალდაუდებლად წარედგინეთ“ (კოლ. 1:21, 22).

12, 13. ა) როგორ გვეხმარება ძის სახელით მონათვლა, სწორი რეაგირება მოვახდინოთ, როცა ვინმე გვაწყენინებს? ბ) რა ვალდებულება გვაკისრია, როგორც იესოს სახელით მონათლულ ქრისტიანებს?

12 მართალია ძის სახელით მოვინათლეთ, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ცოდვისკენ ვართ მიდრეკილნი. კარგია, თუ ეს ყოველთვის გვახსოვს. მაგალითად, თუ ვინმე გვაწყენინებს, გაგვახსენდება, რომ ორივენი ცოდვილები ვართ? ორივეს გვჭირდება ღვთისგან პატიება და ორივე მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის (მარ. 11:25). თვალსაჩინოებისთვის იესომ ასეთი მაგალითი მოიყვანა: ბატონმა მონას ათი ათასი ტალანტი (60 მილიონი დინარი) ვალი აპატია. მოგვიანებით კი ამ მონამ სხვა მონას 100 დინარი არ აპატია. იესოს დასკვნა ასეთი იყო: იეჰოვა არ აპატიებს მას, ვინც არ პატიობს თავის ძმას (მათ. 18:23—35). ძის სახელით ნათლობა ნიშნავს, აღიარო იესოს ძალაუფლება და მიჰყვე მის მაგალითსა და სწავლებებს. ამაში ისიც იგულისხმება, რომ მზად ვიყოთ პატიებისთვის (1 პეტ. 2:21; 1 იოან. 2:6).

13 ჩვენი არასრულყოფილების გამო სრულყოფილად ვერ მივბაძავთ იესოს. მაგრამ, რადგან ღმერთს მთელი გულით მივუძღვენით თავი, გვინდა, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მივბაძოთ იესოს. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მუდმივად ვცდილობთ, მოვიშოროთ ძველი პიროვნება და ახლით შევიმოსოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:20—24 ). თუ პატივს სცემ მეგობარს, ცდილობ კარგში მიბაძო მას. მსგავსადვე, ჩვენ გვიჩნდება იესოს მიბაძვისა და მისგან სწავლის სურვილი.

14. როგორ დავამტკიცოთ, რომ ვაღიარებთ ჩვენი ზეციერი მეფის, იესოს ძალაუფლებას?

14 ჩვენ სხვა მხრივაც შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ გვესმის, რას ნიშნავს ძის სახელით ნათლობა. ღმერთმა „ყველაფერი მას [იესოს] დაუმორჩილა ფეხქვეშ და იგი დააყენა ყველაფრის თავად კრებაში“ (ეფეს. 1:22). ასე რომ, უნდა დავაფასოთ ის, თუ როგორ ხელმძღვანელობს იესო იეჰოვასადმი მიძღვნილ ხალხს. იესო არასრულყოფილ ადამიანებს ანდობს პასუხისმგებლობებს კრებაში, კერძოდ სულიერად მოწიფულ მამაკაცებს, რომლებიც უხუცესებად მსახურობენ. ეს მამაკაცები კრებაში დანიშნული არიან „წმინდების გამოსასწორებლად . . . ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფეს. 4:11, 12). მართალია არასრულყოფილი ადამიანები შეცდომებს უშვებენ, მაგრამ იესო ქრისტეს, ზეციერი სამეფოს მეფეს, შეუძლია თავის დროზე და საუკეთესოდ მოაგვაროს ყველაფერი. ხართ ამაში დარწმუნებულნი?

15. რა კურთხევებს ელით მონათვლის შემდეგ?

15 ზოგიერთს ჯერ თავი არ მიუძღვნია იეჰოვასთვის და არ მონათლულა. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვიმედოვნებთ, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ გონივრულია აღიაროთ ძე და მადლიერება დაუმტკიცოთ მას. ძის სახელით ნათლობა თქვენთვის დიდი კურთხევების საწინდარი გახდება (წაიკითხეთ იოანეს 10:9—11 ).

ნათლობა წმინდა სულის სახელით

16, 17. რას ნიშნავს წმინდა სულის სახელით მონათვლა თქვენთვის?

16 რას ნიშნავს წმინდა სულის სახელით ნათლობა? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს მოსასმენად შეკრებილებმა კარგად იცოდნენ, რა იყო წმინდა სული. ფაქტობრივად, ისინი თავად გახდნენ იმის მოწმენი, როგორ გამოიყენა ღმერთმა თავისი სული. პეტრე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც აღივსო წმინდა სულით და უცხო ენაზე დაიწყო ლაპარაკი (საქ. 2:4, 8). სიტყვა „სახელით“ ყოველთვის ადამიანთან მიმართებაში არ გამოიყენება. დღეს ბევრი რამ კეთდება „მთავრობის სახელით“, თუმცა მთავრობა ადამიანი არ არის. ამაში მთავრობის ძალაუფლება იგულისხმება. მსგავსად, ვინც წმინდა სულის სახელით ინათლება, აღიარებს, რომ წმინდა სული იეჰოვას მოქმედი ძალაა და არა პიროვნება. მას ისიც ესმის, რა როლს ასრულებს წმინდა სული ღვთის განზრახვის განხორციელებაში.

17 ბიბლიის შესწავლის დროს თქვენც, ალბათ, ბევრი რამ გაიგეთ წმინდა სულის შესახებ. მაგალითად ის, რომ ბიბლია წმინდა სულის შთაგონებით დაიწერა (2 ტიმ. 3:16). რაც უფრო კარგად გაერკვიეთ სულიერ საკითხებში, ისიც უკეთესად დაინახეთ, რომ ზეციერი მამა აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“, მათ შორის თქვენც (ლუკ. 11:13). შესაძლოა წმინდა სულის ძალა თავადაც გიგრძნიათ. თუ ჯერ არ მონათლულხართ წმინდა სულის სახელით, დარწმუნებული იყავით, რომ როგორც იესომ თქვა, მამა თქვენც მოგცემთ თავის სულს და კურთხევებიც არ მოგაკლდებათ.

18. რა კურთხევები აქვთ წმინდა სულით მონათლულებს?

18 აშკარაა, რომ დღეს იეჰოვა თავისი წმინდა სულის მეშვეობით ხელმძღვანელობს ქრისტიანულ კრებას. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვგრძნობთ წმინდა სულის დახმარებას. წმინდა სულის სახელით ნათლობა ნიშნავს იმას, რომ კარგად გვესმის, რა როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში და მივყვებით მის ხელმძღვანელობას. ზოგს შეიძლება აინტერესებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ღვთისადმი მიძღვნის თანახმად და როგორ გვეხმარება ამაში წმინდა სული. ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 დეისტები აღიარებენ ღვთის არსებობას, მაგრამ თვლიან, რომ მას არ აინტერესებს, რა ხდება სამყაროში.

^ აბზ. 10 იხილეთ 1981 წლის 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—8 (ინგლ.).

გახსოვთ?

• რას ნიშნავს მამის სახელით ნათლობა?

• რას ნიშნავს ძის სახელით ნათლობა?

• როგორ ვაჩვენოთ, რომ გვესმის მამისა და ძის სახელით ნათლობის მნიშვნელობა?

• რას ნიშნავს წმინდა სულის სახელით ნათლობა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 10 გვერდზე]

რა უნდა ეღიარებინათ მამასთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მონათლულებს?

[საავტორო უფლება]

By permission of the Israel Museum, Jerusalem