არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ დაკარგავთ ღვთის კეთილგანწყობილებას ცვლილებების მიუხედავად

ნუ დაკარგავთ ღვთის კეთილგანწყობილებას ცვლილებების მიუხედავად

ნუ დაკარგავთ ღვთის კეთილგანწყობილებას ცვლილებების მიუხედავად

ხდება ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში? გიჭირთ მათთან შეგუება? უმეტესობას უკვე გამოგვიცდია ეს ან ადრე თუ გვიან მოგვიწევს არასასიამოვნო ცვლილებებთან შეგუება. წარსულში მომხდარი ზოგიერთი რეალური შემთხვევის განხილვა დაგვანახვებს, რა თვისებები გამოგვადგება ასეთ სიტუაციებში.

მაგალითად, გავიხსენოთ დავითი, რომელსაც მრავალ ცვლილებასთან მოუწია შეგუება. ის ერთი უბრალო მწყემსი ბიჭი იყო, როცა სამუელმა მომავალ მეფედ სცხო. ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა თავისი ნებით გავიდა ფილისტიმელ გოლიათთან საბრძოლველად (1 სამ. 17:26—32, 42). ახალგაზრდა დავითი მეფე საულმა სამეფო კარზე წაიყვანა და ჯარის მეთაურად დანიშნა. ის, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა. მას, ალბათ, იმის განსაზღვრაც გაუჭირდებოდა, თუ რა ელოდა მომავალში.

გავიდა დრო და დავითსა და საულს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა (1 სამ. 18:8, 9; 19:9, 10). თავი რომ გადაერჩინა, ის წლების განმავლობაში ემალებოდა საულს. გამეფების შემდეგაც დავითის მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იმრუშა და ამ ცოდვის დასაფარავად კაცი მოაკვლევინა. ჩადენილი ცოდვების გამო მის ოჯახს უბედურება უბედურებაზე დაატყდა თავს. მას აბესალომი, საკუთარი შვილიც კი აუჯანყდა (2 სამ. 12:10—12; 15:1—14). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც დავითმა ჩადენილი ცოდვები მოინანია, იეჰოვამ აპატია მას და კვლავ წყალობის თვალით შეხედა.

არასასურველი ცვლილებებისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი. ეს ცვლილებები შეიძლება განაპირობოს ჯანმრთელობის გაუარესებამ, ეკონომიკურმა თუ ოჯახურმა პრობლემებმა. ზოგჯერ ამ ცვლილებების მიზეზი შეიძლება ჩვენივე საქციელი გახდეს. რომელი თვისებები დაგვეხმარება, რომ ნებისმიერ ცვლილებას მომზადებულები შევხვდეთ?

როგორ გვეხმარება თავმდაბლობა?

თავმდაბლობა გარკვეულწილად მორჩილებასთან არის დაკავშირებული. ნამდვილი თავმდაბლობა გვეხმარება, რეალურად შევაფასოთ საკუთარი თავიც და სხვებიც. თუ არაფრად ვაგდებთ სხვების თვისებებსა და მიღწევებს, ვერ დავინახავთ, როგორები არიან და რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში. თავმდაბლობა იმის დანახვაშიც გვეხმარება, რატომ ხდება ესა თუ ის ცვლილება ჩვენს ცხოვრებაში და როგორ გავუმკლავდეთ მას.

საულის ვაჟი, იონათანი, კარგი მაგალითია ჩვენთვის. მისი მდგომარეობა მისგან დამოუკიდებლად შეიცვალა. სამუელმა საულს უთხრა, რომ იეჰოვა სამეფოს წაართმევდა, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ მის ნაცვლად იონათანი გამეფდებოდა (1 სამ. 15:28; 16:1, 12, 13). იონათანმა მეფობის შანსი მაშინ დაკარგა, როცა ღმერთმა ისრაელის მეფედ დავითი აირჩია. საულის დაუმორჩილებლობამ გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა იონათანის მომავალზე. მართალია, იონათანს ბრალი არაფერში მიუძღოდა, მაგრამ სამეფო ტახტზე ის ვერ ავიდოდა (1 სამ. 20:30, 31). როგორ მოიქცა იონათანი ამ სიტუაციაში? ის არ დაბოღმილა იმის გამო, რომ ტახტი ხელიდან გამოეცალა, და არც დავითის შეშურებია. ის ერთგულად უჭერდა დავითს მხარს მიუხედავად იმისა, რომ მასზე უფროსი და გამოცდილი იყო (1 სამ. 23:16—18). იონათანს თავმდაბლობა დაეხმარა, დაენახა, ვის მხარეს იყო ღმერთი და საკუთარ თავზე ზედმეტად არ ეფიქრა (რომ. 12:3). მას კარგად ესმოდა, რას მოელოდა მისგან იეჰოვა და ამიტომ არ ეურჩა ღვთის გადაწყვეტილებას.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება შეიძლება გარკვეულ სირთულესთან იყოს დაკავშირებული. იონათანი რთული არჩევნის წინაშე იდგა, რადგან საქმე მისთვის ძვირფას ორ ადამიანს ეხებოდა. ერთი მათგანი იყო მისი მეგობარი დავითი, იეჰოვას მიერ დანიშნული მომავალი მეფე. მეორე კი მშობელი მამა, საული, რომელიც იეჰოვამ უარყო, მაგრამ ჯერ კიდევ მეფობდა. იონათანი ცდილობდა, იეჰოვას კეთილგანწყობილება არ დაეკარგა, რაც ამ სიტუაციაში მისთვის ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა შეიძლება ჩვენც დაგვიმძიმოს გული და შეგვაშინოს. მაგრამ, თუ შევეცდებით, იეჰოვას თვალით შევხედოთ ყველაფერს, ცვლილებების მიუხედავად ერთგულად გავაგრძელებთ ღვთის მსახურებას.

მოკრძალების მნიშვნელობა

მოკრძალებულ ადამიანს ესმის, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მოკრძალება და თავმდაბლობა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. თავმდაბალ ადამიანს შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი შეზღუდული შესაძლებლობები.

დავითი მოკრძალებული იყო. მართალია, იეჰოვამ მეფედ აირჩია, მაგრამ ის წლები ელოდა გამეფებას. ბიბლიაში არსად წერია, რომ იეჰოვამ მას აუხსნა ამის მიზეზი. ამ სიტუაციაში დავითს გული უნდა გასტეხოდა, მაგრამ მის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. დავითს გააზრებული ჰქონდა, რომ მისი უფლებამოსილება შეზღუდული იყო და სჯეროდა, რომ რახან იეჰოვამ დაუშვა ეს სიტუაცია, თავის დროზე ჩაერეოდა კიდეც. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, დავითმა არ მოკლა საული და არც თავის თანამებრძოლს, აბიშაის მისცა ამის უფლება (1 სამ. 26:6—9).

ზოგჯერ ჩვენს კრებაში შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომელშიც გაგვიჭირდეს გარკვევა. ამ დროს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს სიტუაცია საუკეთესოდ ან ორგანიზებულად ვერ მოგვარდება. გვეყოფა მოკრძალება ვაღიაროთ, რომ იესო კრების თავია და ის ყველაფერს უხუცესთა საბჭოს მეშვეობით აგვარებს, რომელსაც მან ხელმძღვანელობა დააკისრა? გამოვავლენთ მოკრძალებას და დაველოდებით, როგორ გვიხელმძღვანელებს იეჰოვა იესოს მეშვეობით, რითაც ვაჩვენებთ, რომ მის კეთილგანწყობილებას ვუფრთხილდებით? მაშინაც დაველოდებით იეჰოვას, როცა ეს არცთუ ისე ადვილია? (იგავ. 11:2).

თვინიერება დადებითი განწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება

თვინიერება ანუ რბილი ხასიათი გვეხმარება, არასასიამოვნო სიტუაციებში მოთმინება გამოვავლინოთ, არ გავღიზიანდეთ, წყენა გულში არ ჩავიტოვოთ და შურისძიების გრძნობა არ გაგვიჩნდეს. ადვილი არ არის, იყო თვინიერი. საინტერესოა, რომ ბიბლია „დედამიწის თვინიერებს“ ასეთი სიტყვებით მიმართავს: „ეძებეთ თვინიერება“ (სოფ. 2:3). თვინიერება უკავშირდება თავმდაბლობასა და მოკრძალებას, მაგრამ ამავე დროს ის დაკავშირებულია ისეთ თვისებებთანაც, როგორიცაა სიკარგე და ლმობიერება. თვინიერი ადამიანი მზად არის სწავლისთვის და დამყოლია, რაც მის სულიერ ზრდაზე აისახება.

როგორ გვეხმარება თვინიერება, შევეგუოთ ცხოვრებისეულ ცვლილებებს? ალბათ შეგინიშნავთ, რომ ბევრი ცვლილებებს უარყოფითად ხვდება. სინამდვილეში, ეს ცვლილებები შეიძლება ჩვენს სულიერ ზრდას მოემსახუროს, რაც კარგად გამოჩნდა მოსეს ცხოვრებიდან.

მოსეს 40 წლის ასაკში უკვე მრავალი კარგი თვისება ჰქონდა განვითარებული. მას აღელვებდა ღვთის ხალხის მდგომარეობა და მზად იყო, მათი გულისთვის ბევრ რამეზე ეთქვა უარი (ებრ. 11:24—26). მიუხედავად ამისა, სანამ იეჰოვა მოსეს მეშვეობით ისრაელს ეგვიპტიდან გამოიყვანდა, მას მოუწია გარკვეულ ცვლილებებთან შეგუება, რის შედეგადაც უფრო მეტად თვინიერი გახდა. ის იძულებული იყო, ეგვიპტიდან გაქცეულიყო და მიდიანში, სამეფო კარიდან შორს, 40 წელი ცხვარი ემწყემსა. შედეგად ის უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბდა (რიცხ. 12:3). მან სულიერი ინტერესების საკუთარ ინტერესებზე წინ დაყენება ისწავლა.

მოსეს თვინიერება განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ერთ შემთხვევაში. იეჰოვამ მას უთხრა, რომ თავიდან მოიცილებდა ურჩ ერს და მის ნაცვლად მოსეს შთამომავლობას აქცევდა ძლიერ ერად (რიცხ. 14:11—20). მაგრამ მოსე ისრაელ ერს გამოექომაგა. მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მთავარი მისთვის ღვთის რეპუტაცია და თავისი ძმების კეთილდღეობა იყო და არა პირადი ინტერესები. ერის წინამძღოლისა და შუამავლის როლს მხოლოდ თვინიერი კაცი თუ შეასრულებდა. ბიბლიაში მოსეს „უთვინიერესი კაცი“ ეწოდა მაშინაც კი, როცა მირიამი და აარონი მის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ (რიცხ. 12:1—3, 9—15). როგორც ჩანს, მას თვინიერება დაეხმარა, მშვიდად შეხვედროდა მათ შეურაცხყოფას. როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მოსე რომ თვინიერი არ ყოფილიყო?

ერთხელ იეჰოვას სული გადმოვიდა ორ კაცზე და ისინი აწინასწარმეტყველდნენ. მოსეს მსახურს, იესო ნავეს ძეს არ მოეწონა მათი საქციელი. მოსემ კი ამ ყველაფერს იეჰოვას თვალით შეხედა და საკუთარი ავტორიტეტის დაკარგვაზე არ დაუწყია ფიქრი (რიცხ. 11:26—29). თვინიერი რომ არ ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდა ის ამ სიტუაციაში?

მოსეს თვინიერება დაეხმარა, რომ ღვთისგან ბოძებული დიდი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ბოროტად არ გამოეყენებინა. იეჰოვამ მოსეს ხორების მთაზე მოუხმო, რომ მის წინაშე ხალხის სახელით წარმდგარიყო. ღმერთი მას ანგელოზის მეშვეობით დაელაპარაკა და შეთანხმების შუამავლად დანიშნა. მოსეს ამჯერადაც თვინიერება დაეხმარა, რომ საკუთარ თავზე აეღო უდიდესი პასუხისმგებლობა და თან ღვთის კეთილგანწყობილებაც არ დაეკარგა.

თვინიერება ჩვენი სულიერი ზრდისთვისაც მნიშვნელოვანია. ყველა, ვინც ღვთის ხალხს შორის გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ფლობს, თვინიერი უნდა იყოს. ეს თვისება გვეხმარება, რომ ცვლილებებმა არ გაგვაამაყოს და ნებისმიერ სიტუაციას სწორი განწყობით შევხვდეთ. ჩვენს რეაქციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორ შევხვდებით ცვლილებას? ჩავთვლით მას, როგორც გაუმჯობესების შესაძლებლობას? ვინ იცის, იქნებ ეს საუკეთესო საშუალება იყოს ჩვენთვის, რომ თვინიერება გამოვიმუშავოთ.

ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ცვლილებებს. ზოგჯერ ვერ ვიგებთ, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებისა და ემოციური მდგომარეობის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს ყველაფრის იეჰოვას თვალით შეფასება. მაგრამ ისეთი თვისებები, როგორიცაა თავმდაბლობა, მოკრძალება და თვინიერება დაგვეხმარება, რომ შევეგუოთ ნებისმიერ ცვლილებას და არ დავკარგოთ ღვთის კეთილგანწყობილება.

[ჩანართი 4 გვერდზე]

ნამდვილი თავმდაბლობა გვეხმარება, რეალურად შევაფასოთ საკუთარი თავი

[ჩანართი 5 გვერდზე]

თვინიერება ჩვენი სულიერი ზრდისთვის მნიშვნელოვანია

[სურათი 5 გვერდზე]

მოსე ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შედეგად უფრო თვინიერი გახდა