არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

ამქვეყნად მილიარდობით ადამიანს უცხოვრია, მაგრამ უმეტესობის სახელი ჟამთა სვლამ უკვალოდ გააქრო. თუმცა, ისტორიის ფურცლებს ზოგის სახელი შემორჩა. ეს ადამიანები, შესაძლოა, დღესაც ახდენენ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე.

წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ. დილით დგებით, ანთებთ შუქს და სვამთ ექიმის გამოწერილ ანტიბიოტიკს. შემდეგ იღებთ წიგნს ან ჟურნალს და ისევ ლოგინში წვებით. ჯერ დღე არ დაწყებულა და უკვე ისარგებლეთ არაერთი ცნობილი ადამიანის გამოგონებით.

მაიკლ ფარადეი დაიბადა 1791 წელს. ამ ინგლისელმა ფიზიკოსმა გამოიგონა ელექტროძრავა და დინამომანქანა (მუდმივი დენის გენერატორი). მისმა გამოგონებებმა შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის მოხმარება.

ცაი ლუნმა ჩინეთის საიმპერატორო კარის მოხელემ დაახლოებით ახ. წ. 105 წელს ქაღალდის წარმოების განვითარებას შეუწყო ხელი; მას შემდეგ ქაღალდი მასობრივად გახდა ხელმისაწვდომი.

იოჰან გუტენბერგმა გერმანელმა გამომგონებელმა დაახლოებით 1450 წელს შექმნა პირველი საბეჭდი დაზგა და დაამზადა ცალკეულ ასო-ნიშანთა ლიტერები. ამან საგრძნობლად გააიაფა ბეჭდვის პროცესი; ნაბეჭდი პროდუქცია სხვადასხვა თემაზე გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ალექსანდრე ფლემინგმა შოტლანდიელმა მიკრობიოლოგმა 1928 წელს აღმოაჩინა ანტიბიოტიკური ნივთიერება, რომელსაც პენიცილინი უწოდა. დღეს ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

უდავოა, რომ ამ რამდენიმე კაცის აღმოჩენამ თუ გამოგონებამ მილიარდობით ადამიანს მოუტანა სარგებლობა და გაუუმჯობესა ჯანმრთელობა.

მაგრამ დედამიწაზე ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ყველასგან გამორჩეული იყო. მას სამეცნიერო თუ სამედიცინო აღმოჩენებით არ გაუთქვამს სახელი. ეს მამაკაცი უბრალო ოჯახიდან იყო და დაახლოებით 2 000 წლის წინათ მოკვდა. მან უაღრესად მნიშვნელოვანი, იმედისა და ნუგეშის მომტანი ცნობა გაუცხადა ხალხს. მისმა ცნობამ ძალიან ბევრ ადამიანზე იქონია გავლენა, ამიტომ მათ არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ სწორედ ამ ადამიანმა შეცვალა მსოფლიო.

ეს მამაკაცი იყო იესო ქრისტე. რა ცნობა იქადაგა მან? როგორ შეუძლია ამ ცნობას თქვენი ცხოვრების შეცვლა?