არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს იყო ქრისტიანი?

რას ნიშნავს იყო ქრისტიანი?

რას ვსწავლობთ იესოსგან?

რას ნიშნავს იყო ქრისტიანი?

„გამომყევი“, — ხშირად იესო ამას ეუბნებოდა მათ, ვინც მისადმი რწმენას ავლენდა (მათე 9:9; 19:21). რას ნიშნავს მიჰყვე იესოს ანუ იყო ქრისტიანი? განვიხილოთ პასუხები სამ მნიშვნელოვან კითხვაზე.

როგორ უნდა მოექცეთ სხვებს?

▪ სხვებთან ურთიერთობისას იესოს მოწაფეები უნდა ითვალისწინებდნენ მის მითითებებს. მაგალითად, იესომ თქვა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. როგორ მოიქცევით, თუ ვინმე თქვენზე განაწყენდება? იესომ თქვა: „სასწრაფოდ მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან“. მან თავის მიმდევრებს ისიც უთხრა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ ვინმე მათ აწყენინებდა: „თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათე 5:25; 6:15; 7:12).

დაქორწინებულებს იესომ ასეთი მითითება მისცა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში». იესოს სწავლებები ნამდვილი ქრისტიანების გულსა და გონებაზე უნდა ახდენდეს გავლენას (მათე 5:27, 28).

ჭეშმარიტი ქრისტიანები ზოგჯერ უარს ამბობენ საკუთარ სიამოვნებაზე, რათა სხვებს დაეხმარონ. იესო სხვებისთვის თავს არ ზოგავდა. მაგალითად, დამქანცველი სამქადაგებლო მოგზაურობის დროს იესო და მისი მოწაფეები საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ნავით წასულიყვნენ და რომელიმე წყნარ ადგილას დაესვენათ. მაგრამ ხალხმა შეიტყო, სად აპირებდნენ ისინი წასვლას და იმ ადგილას მათზე ადრე მივიდნენ. ბიბლიაში წერია: „ნავიდან გადმოსვლისას იესომ უამრავი ხალხი დაინახა და გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარკოზი 6:30—34). თუ სირთულეების მიუხედავად ჩვენც ვასრულებთ იმას, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს, ვაჩვენებთ, რომ ვბაძავთ იესოს.

რატომ უნდა ვუქადაგოთ სხვებს სასიხარულო ცნობა?

▪ იესომ დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა. მან მოციქულებს უთხრა: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათე 10:7). რასაც იესოს მიმდევრები ქადაგებდნენ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იესო ლოცულობდა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3).

იესომ იწინასწარმეტყველა იმ საქმიანობაზე, რომელშიც მისი მილიონობით მიმდევარი მიიღებდა მონაწილეობას. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). თუ უკვე გაიგეთ ღვთის სამეფოს შესახებ და გჯერათ, რასაც ბიბლია ამბობს, ალბათ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. იესოს ბევრმა მიმდევარმა ღვთის სამეფოს შესახებ საუბარი ჯერ ნათესავებთან დაიწყო (იოანე 1:40, 41).

რატომ უნდა მოინათლოთ?

▪ მდინარე იორდანეში ნათლობის შემდეგ იესომ, როგორც ჩანს, ლოცვაში უთხრა თავის მამას: „მოვედი . . . შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელები 10:7). თუ ღვთის ნების შესრულება გსურთ, თქვენც უნდა მოინათლოთ. იესომ თქვა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი“ (მათე 28:19).

რა პასუხისმგებლობებს გვაკისრებს ნათლობა და რა კურთხევები ახლავს თან? ქრისტეს მონათლული მიმდევრები ღმერთს მთელი გულით ემსახურებიან. იესო ღვთის კანონიდან ციტირებდა, როცა თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით“ (მათე 22:37). მან ისიც თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი“ (მათე 16:24). ნათლობა იმის სიმბოლოა, რომ ადამიანი უარს ამბობს საკუთარ თავზე და ღმერთს უძღვნის თავს. მათ, ვისაც ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ღმერთთან, შეუძლიათ ცოდვების პატიება სთხოვონ მას და ამგვარად სუფთა სინდისი შეინარჩუნონ (1 პეტრე 3:21).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ წიგნის მე-18 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.