არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი იეჰოვა ეგვიპტურ ტაძარში

ღვთის სახელი იეჰოვა ეგვიპტურ ტაძარში

ღვთის სახელი იეჰოვა ეგვიპტურ ტაძარში

რომელი საუკუნიდან გვხვდება უძველეს არაბიბლიურ წყაროებში ღვთის სახელი იეჰოვა ანუ იაჰვე? როგორც ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, ძვ. წ. XIV საუკუნიდან. რატომ ფიქრობენ ისინი ასე?

ძვ. წ. 1370 წლისთვის ეგვიპტელებს მრავალი ქვეყანა ჰქონდათ დაპყრობილი. იმდროინდელმა ეგვიპტის ფარაონმა, ამენჰოტეპ (ამენოფისი) III-მ დიდებული ტაძარი ააშენა სულბში, ნუბიაში (დღევანდელი სუდანი). არქეოლოგებმა ტაძარში აღმოაჩინეს ეგვიპტური იეროგლიფი, რომელიც, როგორც ჩანს, ებრაულ ტეტრაგრამატონს ჲჰვჰ-ს ანუ იეჰოვას აღნიშნავს. ეს წარწერა 500 წლით ძველია ცნობილ მოაბურ ქვაზე შესრულებულ წარწერაზე. აქამდე ამ ქვას უძველეს ძეგლად მიიჩნევდნენ, რომელზეც ღვთის სახელი იყო გამოსახული. საიდან გაჩნდა ეგვიპტურ ტაძარში ბიბლიური ღმერთის სახელი?

„შასუს მიწა, რომელიც იაჰუს ეკუთვნის“

ფარაონმა ამენჰოტეპ III-მ თავისი აშენებული ტაძარი ღმერთ ამუნ-რას მიუძღვნა. ტაძარი, რომელიც სიგრძეში 120 მეტრი იყო, მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე იდგა. მისი ერთ-ერთი დარბაზის სვეტების ქვედა ნაწილს ამშვენებს იეროგლიფები, რომლებიც ამ წარწერების თანახმად ამენჰოტეპის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს აღნიშნავს. თითოეული ტერიტორია წარმოდგენილია ტყვეს სახით, რომელსაც ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და მიმაგრებული აქვს ფარი, რომელზეც ამოტვიფრულია ამ ქვეყნის ან ხალხის სახელი. ამ იეროგლიფებში ეგრეთ წოდებული შასუს, იგივე შოსუს, ხალხის ტერიტორიებიც არის მოხსენიებული. ვინ იყვნენ ისინი?

შასუ იყო ზოგადი სახელწოდება, რომლითაც ეგვიპტელები ეგვიპტის აღმოსავლეთ საზღვართან მცხოვრებ მათთვის საძულველ ტომებს, ბედუინებს მოიხსენიებდნენ. შასუს ტერიტორია მოიცავდა პალესტინისა და ტრანსიორდანიის სამხრეთ ნაწილს და სინას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შასუს კუთვნილ ტერიტორიებში ჩრდილოეთით მდებარე ლიბანიც და სირიაც შედიოდა. სულბის ტაძარში დაპყრობილი ტერიტორიების ნუსხაში მოიხსენიება ერთ-ერთი ტერიტორიის სახელწოდება, რომელიც სხვადასხვანაირად იკითხება: „იაჰვე შოსუს მიწაზე“, „შასუს მიწა, რომელიც იაჰუს ეკუთვნის“ და „შასუ-იჰვს მიწა“. ეგვიპტოლოგი ჟან ლეკლანი ამბობს, რომ ფარზე ამოტვიფრული სახელი „შეესაბამება ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის სახელის აღმნიშვნელ ტეტრაგრამას ანუ ჲჰვჰ-ს“.

მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ თუ სხვა მსგავს შემთხვევებში სახელი იაჰუ ანუ იაჰვე აღნიშნავს კონკრეტულ ადგილს. მეცნიერი შმუელ აჰიტუვი ამბობს, რომ ეს წარწერა გულისხმობს „იაჰუს, ისრაელის ღმერთის, თაყვანისმცემელთა საცხოვრებელ ტერიტორიას“. a თუ მისი დასკვნა სწორია, აქ საქმე გვაქვს უძველეს სემიტურ კულტურებში გავრცელებულ ჩვეულებასთან, როცა ქვეყანასა და მის ღმერთს ერთი სახელით მოიხსენიებდნენ. ამის მაგალითია სახელი ასური, რომელიც როგორც ასურეთს, ისე მის მთავარ ღვთაებას გულისხმობდა.

სულბის ტაძარში გაკეთებული წარწერის შესახებ ბიბლიის მკვლევარი და არქეოლოგი როლან დე ვუ აღნიშნავს: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ისრაელი ერის წინაპრებს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან, რა გასაკვირია, თუ ჯერ კიდევ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა წლებიდან გეოგრაფიული და პირადი სახელები ძალიან ჰგავდა ან თითქმის იდენტური იყო ისრაელთა ღვთის სახელის“.

სახელი, რომელსაც დღემდე მიაგებენ პატივს

სულბი ნუბიაში ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც სახელი იაჰვე ეგვიპტურ იეროგლიფებში გვხვდება. სავარაუდოდ სულბის ტაძარში არსებული ნუსხის ასლები გვხვდება დასავლეთ ამარასა და აკსაში, რამსეს II-ის ტაძრებში. ამარას ნუსხაში მოცემული იეროგლიფი, რომელიც იშიფრება, როგორც „იაჰვე შოსუს მიწაზე“, ძალიან ჰგავს იმ იეროგლიფებს, რომლებიც შოსუს სხვა ტერიტორიების, სავარაუდოდ სეირისა და ლაბანის, აღსანიშნავად არის გამოყენებული. ბიბლიის თანახმად სამხრეთ პალესტინა, ედომი და სინას უდაბნო ის ტერიტორიებია, სადაც სეირი და ლაბანი მდებარეობდა (დაბადება 36:8; კანონი 1:1). ამ ტერიტორიებზე ისრაელის ეგვიპტეში ცხოვრებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდა ხალხი, რომელიც მეტ-ნაკლებად იცნობდა და ემსახურებოდა იეჰოვას (დაბადება 36:17, 18; რიცხვები 13:26).

სხვა ღმერთებისგან განსხვავებით, რომელთა სახელებიც უძველეს წარწერებში გვხვდება, ბიბლიური ღმერთის, იეჰოვას სახელი დღესაც ბევრი ადამიანისთვის არის ცნობილი და მრავალი მიაგებს მას პატივს. მაგალითად, 230-ზე მეტ ქვეყანაში შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე არა მარტო ამცნობს ღვთის სახელს ადამიანებს, არამედ ეხმარება მათ იეჰოვასთან, ამ განუმეორებელი სახელის მქონე ღმერთთან დაახლოებაში (ფსალმუნი 83:18; იაკობი 4:8).

[სქოლიო]

a ზოგ მეცნიერს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იეროგლიფებში შასუდ მოხსენიებული ხალხი „ღმერთ იაჰვეს თაყვანისმცემელი იყო“. ისინი თვლიან, რომ ამ მიწის სახელი, რომელიც სხვა შემთხვევაში ჩვენთვის უცნობი დარჩებოდა, მხოლოდ უცნაური დამთხვევის წყალობით ჰგავს ისრაელის ღმერთის სახელს.

[ჩანართი 21 გვერდზე]

რატომ გვხვდება ბიბლიური ღვთის სახელი, იეჰოვა, წარმართულ ეგვიპტურ ტაძარში?

[რუკა 21 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ეგვიპტე

სულბის ტაძარი

სუდანი

მდინარე ნილოსი

[სურათები 21 გვერდზე]

ტაძრის სვეტის ზუსტი ასლი

[სურათი 22 გვერდზე]

ამუნ-რას ტაძრის ნანგრევები სულბში, სუდანი

[საავტორო უფლება]

Ed Scott/Pixtal/age fotostock

[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]

Background: Asian and Middle Eastern Division/The New York Public Library/Astor, Lenox and Tilden Foundations