არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გიწვევთ ყველას!

გიწვევთ ყველას!

გიწვევთ ყველას!

რა მოწვევაზეა საუბარი? აქ საუბარია იეჰოვას მოწმეების ფილიალში მოწვევაზე, რომელსაც ბეთელი ეწოდება. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 118 ასეთი ცენტრი არსებობს. ფილიალის სტუმრები ხშირად გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ იმ საქმიანობისთვის, რაც ბეთელში ხორციელდება.

მექსიკის ფილიალში სტუმრობის დროს ერთ ბიბლიის შემსწავლელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მძიმედ მშრომელი და-ძმების დანახვამ, რომლებიც სიხარულით ემსახურებოდნენ იეჰოვას. მან იკითხა: „რა უნდა გავაკეთო, რომ აქ დავრჩე?“ მან ასეთი პასუხი მიიღო: „ჯერ უნდა მოინათლო, შემდეგ კარგს იზამ, თუ პიონერად, სრული დროით მქადაგებლად, დაიწყებ მსახურებას“. ამ ახალგაზრდამ გაითვალისწინა ეს რჩევა და ორი წლის შემდეგ ის მექსიკის ბეთელში მიიწვიეს, სადაც ის უკვე 20 წელია მსახურობს.

რა არის ბეთელი?

ბეთელი ებრაული სიტყვაა და „ღვთის სახლს“ ნიშნავს (დაბ. 28:17, 19). ამ ფილიალებში იბეჭდება ბიბლიები და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები. ისინი აგრეთვე ხელმძღვანელობას უწევენ მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეების 100 000-ზე მეტ კრებას. დაახლოებით 20 000 სხვადასხვა წარმომავლობის ბეთელში მომუშავე ქალი თუ კაცი თავდაუზოგავად, სრული დროით ემსახურება იეჰოვასა და სულიერ და-ძმებს. აქ გამოცდილებთან ერთად ენერგიული ახალგაზრდებიც მსახურობენ. საღამოობით და შაბათ-კვირას ბეთელის ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეთა ახლომდებარე კრებებს ესწრებიან და მათთან ერთად ქადაგებენ. თავისუფალ დროს ისინი ბიბლიის შესწავლისთვის, დასვენებისა და სხვა პირადი საქმეებისთვის იყენებენ.

ბეთელის ოჯახის წევრები ყოველთვიურად მცირე თანხას იღებენ პირადი ხარჯებისთვის. ისინი გემრიელი და ჯანსაღი საკვებით იკვებებიან და სუფთა, კეთილმოწყობილ ოთახებში ცხოვრობენ. ბეთელის შენობები მდიდრული არ არის, მაგრამ პრაქტიკულია. სტუმრებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს არა მარტო ორგანიზებულობა, მოვლილი შენობები და ეზოები, არამედ იქ არსებული მეგობრული გარემო და თანამშრომლობის სული. მართალია ყველა გულმოდგინედ შრომობს, მაგრამ გულთბილი მისალმება არავის ავიწყდება. ბეთელში არავინ ფიქრობს, რომ თავისი დანიშნულების გამო სხვაზე უპირატესობს. აქ ყველა საქმე მნიშვნელოვანია, იქნება ეს დასუფთავება, ეზოს მოვლა, სამზარეულოში, სტამბასა თუ ოფისში მუშაობა. ბეთელში მომსახურე და-ძმები, იგივე ბეთელელები, ერთი გუნდივით არიან და მხარს უჭერენ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას (კოლ. 3:23).

რას ამბობენ ბეთელელები

მოდით უფრო უკეთ გავეცნოთ ამ საერთაშორისო ოჯახის წევრებს. რამ აღძრა ეს ადამიანები ბეთელში მსახურებისკენ? მაგალითად მარიო, როცა იეჰოვას მოწმე გახდა, ერთ-ერთ პრესტიჟულ გერმანულ საავტომობილო კომპანიაში მუშაობდა და დაწინაურებასაც ელოდა. მონათვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ის ერთი კვირა თავისი ქვეყნის ბეთელში სტამბაში მუშაობდა. მარიომ დიდი განსხვავება დაინახა ბეთელელებსა და თავის თანამშრომლებს შორის. ამიტომ მან ბეთელში სრული დროით მსახურება გადაწყვიტა. მარიოს ახლობლებისთვისა და თანამშრომლებისთვის გაუგებარი იყო მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ის დღემდე სიხარულით მსახურობს გერმანიის ბეთელში.

ბევრს, ვინც ბეთელში მსახურებას იწყებს, არც სპეციალობა აქვს და არც უმაღლესი განათლება. სწორედ ასე იყო აბელის შემთხვევაშიც, რომელიც მექსიკის ბეთელში უკვე 15 წელია მსახურობს. „ბეთელი ნამდვილად კარგი სკოლა აღმოჩნდა ჩემთვის. აქ დავეუფლე ურთულეს საბეჭდ დაზგებთან მუშაობას. ვიცი, რომ ამ ცოდნით ბეთელის გარეთ ბევრ ფულს ვიშოვი, მაგრამ იმ სიამოვნებას ვერ მივიღებ, რასაც აქ მშვიდ გარემოში ცხოვრება მანიჭებს ყოველგვარი საწუხარისა და მეტოქეობის სულის გარეშე, რომელიც დამახასიათებელია კომერციული კომპანიებისთვის. ვხვდები, რომ საუკეთესო განათლება მივიღე, რაც სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში დამეხმარა. ამას ვერც ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ვერ მომცემდა“.

სტუმრობა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

ბეთელში სტუმრობაც კი შეიძლება დადებითად აისახოს ადამიანის სულიერობაზე. ასე მოხდა მექსიკელი ომარის შემთხვევაში. ბიბლიური ჭეშმარიტება მას დედამ ასწავლა, მაგრამ 17 წლის ასაკში მან შეწყვიტა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. მან ბინძურ ცხოვრებას და ქონების დაგროვებას მიჰყო ხელი. მოგვიანებით ომარმა მუშაობა დაიწყო საკომუნიკაციო კომპანიაში. ერთხელ თავის თანამშრომლებთან ერთად მექსიკის ბეთელში მოუწია მისვლა ახალი აპარატურის საჩვენებლად. ომარი ამბობს: „აპარატურის ჩვენების შემდეგ ბეთელის დათვალიერება შემოგვთავაზეს. გულთბილმა მიღებამ და იქ ნანახმა დამაფიქრა ჩემს ცხოვრებაზე და იმაზე, როგორ ვარსებობდი იეჰოვას გარეშე. მალევე დავიწყე შეხვედრებზე დასწრება და ბიბლიის შესწავლა. ბეთელში სტუმრობიდან ექვსი თვის შემდეგ მოვინათლე. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ბეთელში სტუმრობამ ასე დადებითად იმოქმედა ჩემზე“.

იაპონელი მასაჰიკო მოწმეების ოჯახში იზრდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ქრისტიანული ცხოვრების წესი მისთვის მეტისმეტად შემზღუდველი გახდა. ის მთლიანად სკოლის საქმეებზე გადაერთო და შეწყვიტა შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. მასაჰიკო იხსენებს: „ერთხელ ჩვენმა ოჯახმა სხვა ქრისტიანებთან ერთად ბეთელის მონახულება გადაწყვიტა. ჩემი ოჯახის წევრების თხოვნით მეც წავედი. არასდროს ვყოფილვარ ასე გამხნევებული. ჩემს მეგობრებთან ურთიერთობისას არასოდეს მიგრძნია იმხელა სიამოვნება, რაც ექსკურსიის დროს თანაქრისტიანებთან ურთიერთობამ მომანიჭა. კვლავ გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ქრისტიანულად მეცხოვრა. ამიტომ ბიბლიის შესწავლის დაწყება გადავწყვიტე“. დღეს მასაჰიკო სრული დროით მსახურობს თავის კრებაში.

ერთი ფრანგი მოწმე მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. ის იქ ვეღარ დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს, ამიტომ სულიერად დასუსტდა. მან სერიოზული შეცდომებიც დაუშვა. გარდა ამისა, ის ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო. ერთხელ ის საფრანგეთიდან ჩამოსულმა ერთმა თანაქრისტიანმა მოინახულა. ისინი ერთად გაემგზავრნენ სანკტ-პეტერბურგში რუსეთის ბეთელის მოსანახულებლად. აი, რას წერს ეს და: „ბეთელში თბილად მიგვიღეს, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. იქ ისეთი სიმშვიდე იყო, რომ ვიგრძენი იეჰოვას სულის ძალა. როგორ შევცდი, რომ იეჰოვას ორგანიზაციას ჩამოვშორდი! ბეთელში სტუმრობის შემდეგ ლოცვით დახმარება ვთხოვე იეჰოვას და შვილებთან მთელი ენთუზიაზმით დავიწყე ბიბლიის შესწავლა“. საბოლოო ჯამში, ეს სულიერად დასუსტებული მოწმე ბეთელში სტუმრობამ საოცრად გაამხნევა, რამაც მის სულიერ წინსვლას შეუწყო ხელი.

რა შთაბეჭდილებას ახდენს ბეთელში სტუმრობა მათზე, ვინც არ იცნობს იეჰოვას მოწმეებს? 1988 წელს ალბერტუ, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში, ბრაზილიის ბეთელს ეწვია. სისუფთავემ, მოწესრიგებულობამ და განსაკუთრებით იმან, რომ საიდუმლოდ არაფერი კეთდებოდა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ვიდრე ბეთელს ესტუმრებოდა, ალბერტუ სასულიერო სემინარიაში ეწვია თავის ცოლისძმას, რომელიც მღვდელი იყო. ალბერტუმ ბეთელსა და სასულიერო სემინარიას შორის დიდი განსხვავება დაინახა. „სემინარიაში ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო“, — ამბობს ალბერტუ. ბეთელში სტუმრობიდან მალევე, მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, პოლიტიკას თავი დაანება და დღეს კრებაში უხუცესად მსახურობს.

მობრძანდით ბეთელში!

მრავალი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი ქვეყნის ფილიალს ესტუმროს. მაგალითად, პაულუ და ეუჟენია ოთხი წელი აგროვებდნენ ფულს, რომ ბრაზილიის ბეთელი მოენახულებინათ, რისთვისაც ავტობუსით ორი დღე მოუწიათ 3 000 კილომეტრის გავლა. აი, რას ამბობენ ისინი: „იქ წასვლა ნამდვილად ღირდა. ახლა უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნა იეჰოვას ორგანიზაციაზე. როცა ბიბლიის შემსწავლელებს ბეთელის შესახებ ვესაუბრებით, ზოგჯერ ისინი გვეკითხებიან, ვყოფილვართ თუ არა იქ. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვყოფილვართ“.

არის ბეთელი თქვენს ქვეყანაში? კარგი იქნება, თუ ესტუმრებით მას. იქ გულთბილად მიგიღებენ და სულიერადაც გამხნევდებით.

[სურათი 18 გვერდზე]

მარიო

[სურათი 18 გვერდზე]

აბელი

[სურათი 18 გვერდზე]

გერმანია

[სურათი 18 გვერდზე]

იაპონია

[სურათი 18 გვერდზე]

ბრაზილია