არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთი დღე სანაპიროზე

ერთი დღე სანაპიროზე

წერილი გრენადიდან

ერთი დღე სანაპიროზე

თუკი ოდესმე მოგიწევთ მისიონერად მსახურება უცხო ქვეყანაში, მიხვდებით, რომ ეს საოცარი შეგრძნებაა. ცნობისმოყვარე ბავშვივით წინასწარ ფიქრობთ, როგორ ხალხში და გარემოში მოგიწევთ მსახურება.

მე და ჩემი მეუღლე გრენადაში დაგვნიშნეს. ჩვენ მოუთმენლად ველოდით, როდის ვნახავდით ამ არაჩვეულებრივი სანაპირო ზოლითა და დაახლოებით 45 პლაჟით განთქმულ კუნძულს. მალე ეს ბედნიერი დღეც დაგვიდგა, მაგრამ ჩვენი ბედნიერების მიზეზი უფრო იქ მყოფი ადამიანები იყვნენ, ვიდრე მზე და სანაპირო.

ჩვენი სახლიდან გრანდ-ანს-ბიჩამდე მცირე მანძილია გასავლელი. გზად დაუვიწყარი სანახაობა იშლება. მიხვეულ-მოხვეული გზა საშუალებას გვაძლევს, დავტკბეთ წარმოუდგენლად ლამაზი ხედებით, მწვანე ფერდობებით, მთებით, ტროპიკული ტყეებითა და ჩანჩქერებით. ყოველ მოსახვევში ჩვენ თვალწინ ოკეანის ულამაზესი პეიზაჟი იშლება. რა გასაკვირია, რომ აქ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან! მძღოლი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ირგვლივ არსებულმა სილამაზემ ყურადღება არ გაუფანტოს. გზები მიხვეულ-მოხვეულია და ზოგან ისეთი ვიწრო, რომ ვფიქრობთ, შევძლებთ თუ არა საპირისპირო მიმართულებით მომავალი ტრანსპორტისთვის გვერდის ავლას.

ჩვენ მივედით გრანდ-ანს-ბიჩთან მდებარე სავაჭრო ცენტრთან, სადაც კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. მალე დაახლოებით 600 იეჰოვას მოწმე შეიკრიბა ერთმანეთთან შესახვედრად და ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებების მოსასმენად. ეს დღე განსაკუთრებული იყო 70 წელს გადაცილებული ცოლ-ქმრისთვის, ლესლისა და დაფნისთვის, რადგან ლესლი უნდა მონათლულიყო. დაფნი 1958 წელს მოინათლა და მას შემდეგ ამ დღეს დიდხანს ელოდა.

იეჰოვას მოწმეებისთვის ნათლობას, ანუ წყალში სრულ ჩაძირვას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ნაბიჯს ადამიანი მას შემდეგ დგამს, რაც საფუძვლიანად გაეცნობა ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებს. ამ დღეს ის სახალხოდ უძღვნის თავს იეჰოვა ღმერთს.

მე მთხოვეს მოხსენება წამეკითხა აუდიტორიის წინაშე და ბიბლიიდან მესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე. მოხსენების დასასრულს ნათლობის მსურველები, ლესლი და კიდევ ერთი წყვილი, ფეხზე წამოდგნენ. ლესლის კარგად დაუთოებულ თეთრ პერანგზე ჰალსტუხი ეკეთა და გაბადრული სახით იდგა. ნათლობის მსურველებს ასეთი კითხვა დავუსვი: „იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, მოინანიე ცოდვები და მიუძღვენი თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად?“. იქ რომ ყოფილიყავით, იგრძნობდით, რა გულწრფელად და ხალისით მიპასუხეს: „დიახ!“.

ეს მოვლენა ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო, რადგან ლესლის წარსული ვიცოდი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავს იკავებდა ბიბლიის შესწავლისგან. ერთხელ ლესლი და მისი მეუღლე ერთ კუნძულს ეწვივნენ. იქ ყოფნისას მათ თავ-თავიანთ რელიგიურ შეხვედრებზე დასწრება გადაწყვიტეს. „შენ შენს ეკლესიაში წადი, მე კი ჩემს ეკლესიაში წავალ“, — უთხრა ლესლიმ დაფნის.

ლესლიმ დაფნი სამეფო დარბაზთან ჩამოსვა, თვითონ კი გზა იქვე ახლოს მდებარე ანგლიკანური ეკლესიისკენ განაგრძო. როცა საეკლესიო მსახურება დასრულდა, ცოლის წამოსაყვანად ლესლი სამეფო დარბაზთან დაბრუნდა. სამეფო დარბაზთან მას თბილად შეხვდნენ მიუხედავად იმისა, რომ ის იქ პირველად იყო. ლესლიზე ამან ძალიან იმოქმედა. მას ეკლესიაში არავინ გამოლაპარაკებია. „აღარასოდეს წავალ ეკლესიაში, — უთხრა ლესლიმ დაფნის. — ყურადღება არავინ მომაქცია, მღვდელმაც კი. არც არავინ მომსალმებია. უბრალოდ მივედი და წამოვედი“. მას შემდეგ ლესლი აღარ მისულა ეკლესიაში.

ამის შემდეგ ლესლიმ სერიოზულად დაიწყო ღვთის სიტყვის შესწავლა. და აი, დადგა მისი ნათლობის დღეც. ნათლობის მსურველები სანაპიროზე გავიდნენ და ჩვენც უკან გავყევით. ოკეანის სიახლოვის გამო არ იყო იმის საჭიროება, რომ ნათლობის მსურველები აუზში მოგვენათლა, როგორც ეს იეჰოვას მოწმეების კონგრესებზე ხდება. ოკეანემდე მისასვლელად ჩვენ მხოლოდ გზაზე გადასვლა მოგვიწია.

გრანდ-ანს-ბიჩი დაახლოებით სამკილომეტრიანი ულამაზესი სანაპიროა, თეთრი ქვიშით და ლურჯი წყლით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თბილია. ტურისტები ცოტა დააბნია სანაპიროზე ჰალსტუხიანი მამაკაცებისა და კაბებში გამოწყობილი ქალების გამოჩენამ. ლესლიმ ტანსაცმელი გამოიცვალა და მაისური და შორტი ჩაიცვა. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა დაფნი, როცა ნათლობიდან 50 წლის შემდეგ მისმა ქმარმაც მსგავსადვე მიუძღვნა ღმერთს თავი! მას სახე სიხარულით უბრწყინავდა. ჩვენს სიხარულს ტურისტებიც შეუერთდნენ და ახალმონათლულებს ტაშისკვრით ეგებებოდნენ.

ლურჯი ცა, თეთრი ქვიშა და მოლივლივე ტალღები თავისთავად მეტყველებს შემოქმედის დიდებაზე, მაგრამ სამი ახალმონათლულის წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტი დიდება მიაგო ღმერთს. მზეზე მეტად მათმა დანახვამ გაგვათბო. ეს დღე მართლაც განსაკუთრებული იყო, ლესლისა და დაფნისთვის კი დაუვიწყარი.