არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას მიაღწია კალვინიზმმა 500-წლიანი ისტორიის განმავლობაში?

რას მიაღწია კალვინიზმმა 500-წლიანი ისტორიის განმავლობაში?

რას მიაღწია კალვინიზმმა 500-წლიანი ისტორიის განმავლობაში?

ჟან კალვინი დაიბადა 1509 წელს ნუაიონში (საფრანგეთი). მან საფუძველი ჩაუყარა ახალ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ევროპის სხვადასხვა ნაწილში, ამერიკაში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა ადგილებში მცხოვრებ ხალხზე. დასავლეთის ისტორიაში ის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორის სახელით შევიდა.

დღეს, კალვინის დაბადებიდან დაახლოებით 500 წლის შემდეგ, კალვინიზმი, ანუ კალვინის იდეები და სწავლებები, ამა თუ იმ სახით კვლავაც შენარჩუნებულია ისეთ პროტესტანტულ მიმდინარეობებში, როგორებიცაა რეფორმაცია, პრესვიტერიანობა, კონგრეგაციონალიზმი, პურიტანობა და სხვა. რეფორმატორული ეკლესიების მსოფლიო ალიანსის შარშანდელი სექტემბრის მონაცემების თანახმად, რეფორმატორულ ეკლესიას 107 ქვეყანაში 75 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

კათოლიციზმთან დაპირისპირება

კალვინის მამა ვექილი იყო და ნუაიონის კათოლიკურ ეკლესიაში მდივნის მოვალეობას ასრულებდა. როგორც ჩანს, თავისი სამუშაოდან გამომდინარე ის იმდროინდელ სამღვდელოებაში გავრცელებულ მანკიერებათა მოწმე გახდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რამ გამოიწვია მისი პროტესტი და ეკლესიისადმი ნდობის დაკარგვა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჟანის მამა და ძმა ეკლესიიდან განკვეთეს. მამის სიკვდილის შემდეგ ჟანმა რის ვაივაგლახით მოახერხა მისი ქრისტიანული წესით დამარხვა. სავარაუდოდ, ამ შემთხვევამ ჟანს კიდევ უფრო დაუკარგა კათოლიციზმის მიმართ ნდობა.

კალვინის მოღვაწეობისთვის მიძღვნილი ნაშრომებიდან მისი ახალგაზრდობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ გულჩათხრობილი და თავშეკავებული იყო. როგორც ჩანს, მას არც პარიზში, ორლეანსა და ბურჟში სწავლის დროს ჰყოლია ბევრი მეგობარი. მაგრამ კალვინი სხარტი გონებითა და გასაოცარი მეხსიერებით გამოირჩეოდა. ის საოცრად შრომისმოყვარეც იყო. კალვინი ყოველდღე, დილის 5 საათიდან შუაღამემდე მეცადინეობდა, რისი წყალობითაც ის 23 წლის ასაკში სამართალმცოდნე გახდა. მან აგრეთვე შეისწავლა ებრაული, ბერძნული და ლათინური ენები, რათა უკეთ გაეგო ბიბლია. კალვინი საოცრად დისციპლინირებული იყო და მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა სამუშაოს. ამ თვისებას ბევრი დღესაც კალვინიზმს უკავშირებს.

ამ პერიოდში მეზობელ გერმანიაში მარტინ ლუთერი ღიად ამხელდა კათოლიკურ ეკლესიას გახრწნილებისა და არაბიბლიური სწავლებების გამო. როგორც ამბობენ, 1517 წელს მან ვიტენბერგის ტაძრის კარებზე გააკრა თავისი 95 თეზისი ანუ პროტესტი, რითაც ეკლესიას რეფორმისკენ მოუწოდა. ლუთერს ბევრმა დაუჭირა მხარი და მალე მთელ ევროპაში რეფორმაციის იდეების გავრცელება დაიწყო. ცხადია, ამას ბევრგან ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. პროტესტანტებს თავიანთი რელიგიური შეხედულებების დაცვა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად უჯდებოდათ. 1533 წელს, კალვინის მეგობარი, ნიკოლა კოპი, ლუთერის იდეების მხარდასაჭერად პარიზში სიტყვით გამოვიდა. ვინაიდან ამ სიტყვის მომზადებაში მას კალვინი ეხმარებოდა, სიცოცხლის გადასარჩენად ორივეს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. მას შემდეგ კალვინი საფრანგეთში აღარ დაბრუნებულა.

1536 წელს კალვინმა გამოსცა „ქრისტიანული სარწმუნოების დარიგებანი“, რომელშიც პროტესტანტული მრწამსის ძირითადი მოძღვრებები განიხილებოდა. მან ეს თხზულება მეფე ფრანცისკ I-ს გაუგზავნა ფრანგი პროტესტანტების დასაცავად, რომლებიც მოგვიანებით ჰუგენოტების სახელით გახდნენ ცნობილნი. კალვინი ამხელდა კათოლიკურ სწავლებებს და ყველანაირად მხარს უჭერდა თავისი მრწამსის ქვაკუთხედს — ღვთის უზენაესობის საკითხს. კალვინის „დარიგებანმა“ არა მარტო რელიგიურ სწავლებებზე მოახდინა გავლენა, არამედ ფრანგულ ენასა და ლიტერატურაზეც. კალვინი ერთ-ერთ გამოჩენილ რეფორმატორად აღიარეს. ბოლოს ის დასახლდა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და 1541 წლიდან ეს ქალაქი რეფორმაციის ცენტრად აქცია.

რეფორმაცია ჟენევაში

კალვინმა ჟენევაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. ზნეობასთან დაკავშირებული მისი მტკიცე შეხედულებისა და სამართლიანობის წყალობით ჟენევა, „რომელიც ერთ დროს ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, იქცა ქალაქად, რომელშიც ზნეობრივი ნორმების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა“, — ნათქვამია „რელიგიის ენციკლოპედიაში“. ქალაქს ცვლილებები სხვა მხრივაც დაეტყო. გერმანიის ისტორიის მუზეუმის (ბერლინი) კურატორი, დოქტორი საბინ ვიტი აღნიშნავს: „საფრანგეთში მიმდინარე რელიგიური ომების გამო [ჟენევის] მოსახლეობა რამდენიმე წელიწადში გაორმაგდა, რადგან ის ათასობით პროტესტანტი ლტოლვილის თავშესაფარი გახდა“. ჰუგენოტებს სამუშაოსადმი კალვინისეული მიდგომა ჰქონდათ, რამაც ქალაქის ეკონომიკის განვითარებას შეუწყო ხელი და ჟენევა ბეჭდვითი საქმისა და საათების წარმოების ცენტრად აქცია.

ჟენევას თავი სხვა ქვეყნებიდან გამოქცეულმა ლტოლვილებმაც შეაფარეს, მათ შორის ინგლისიდან, სადაც პროტესტანტებს დედოფალი მარიამ (მერი) I ავიწროებდა. კალვინისტებმა, რომელთა უმეტესობაც იძულებით გადაადგილებულ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენდა, ერთ-ერთი რელიგიური ჟურნალის (Christ in der Gegenwart) სიტყვებით თუ ვიტყვით, „დევნილთა თეოლოგია“ შექმნეს. 1560 წელს პროტესტანტმა ლტოლვილებმა გამოსცეს „ჟენევის ბიბლია“. ეს იყო პირველი ბიბლია ინგლისურ ენაზე, რომელშიც მუხლები დანომრილი იყო. ეს ბიბლია შედარებით მცირე ზომის იყო, რამაც ღვთის სიტყვის გამოკვლევა უფრო გაადვილა. როგორც ჩანს, ბიბლიის სწორედ ეს თარგმანი ჰქონდათ თან პურიტანებს 1620 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლების დროს.

მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევა ყველასთვის არ ყოფილა უსაფრთხო თავშესაფარი. მიგელ სერვეტი 1511 წელს ესპანეთში დაიბადა. მან შეისწავლა ბერძნული, ლათინური, ებრაული ენები და მედიცინა. შესაძლოა ის და კალვინი ერთმანეთს პარიზში სწავლის დროს შეხვდნენ. სერვეტი ბიბლიის გამოკვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამება არაბიბლიური დოგმატი იყო. მან კალვინთან წერილობით სცადა ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. საფრანგეთში კათოლიკეების მიერ დევნილმა სერვეტმა კალვინის ქალაქს, ჟენევას შეაფარა თავი. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის თავშესაფარი მიეცათ, ის დააპატიმრეს, ერეტიკოსობაში დაადანაშაულეს და 1553 წელს ბოძზე გაკრული დაწვეს. „უდიდესი რეფორმატორის [კალვინის] ცხოვრებასა და მოღვაწეობას სერვეტის მკვლელობა ლაქად ატყვია“, — ამბობს ისტორიკოსი ფრიდრიხ ენინგერი.

რეფორმაციის იდეების მხარდასაჭერად კალვინმა უამრავი ნაშრომი შექმნა. როგორც ამბობენ, მან 100-ზე მეტი ნაშრომი და 1 000 წერილი დაწერა. გარდა ამისა, ჟენევაში მან 4 000 ქადაგება წარმოთქვა. ამის წყალობით კალვინი არა მარტო აყალიბებდა თავის შეხედულებებს ქრისტიანობაზე, არამედ ცდილობდა, სხვებისთვის თავს მოეხვია თავისი შეხედულებები ქრისტიანულ ყოფაქცევაზე, განსაკუთრებით ჟენევაში, რომელიც მას ღვთის ქალაქად ესახებოდა. *

რას მიაღწია კალვინმა ჟენევაში რეფორმაციისთვის გაწეული დაუღალავი შრომით? შვეიცარიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად, 2 000 წელს ჟენეველთა მხოლოდ 16 პროცენტი მიეკუთვნებოდა რეფორმატორულ (კალვინისტურ) ეკლესიას. აქედან გამომდინარე, ქალაქში კათოლიკეები უფრო მეტი არიან, ვიდრე კალვინისტები.

რელიგიური განხეთქილებები

რეფორმაციის შედეგად ევროპის ქალაქებიდან თუ ქვეყნებიდან ზოგი კათოლიციზმს მიემხრო, ზოგი ლუთერანობასა და კალვინიზმს, რამაც ევროპა რელიგიური განხეთქილებების კერად აქცია. მართალია რეფორმატორები კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ერთხმად ილაშქრებდნენ, მაგრამ ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ. ზემოხსენებული დოქტორი ვიტი აღნიშნავს: „თეოლოგიურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობამ პროტესტანტთა ბანაკშიც იჩინა თავი“. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რწმენის საფუძვლად ყველა ბიბლიას აღიარებდა, ისინი სწავლებებში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. მათი უთანხმოების ძირითადი თემა საიდუმლო სერობისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის მნიშვნელობა იყო. დროთა განმავლობაში კალვინიზმმა ჩამოაყალიბა სწავლება ბედისწერის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საკამათო დოქტრინა გახდა.

ბედისწერის მნიშვნელობის განსაზღვრას ცხარე კამათი მოჰყვა. კალვინისტთა ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ღმერთმა ჯერ კიდევ ადამიანთა შეცოდებამდე განსაზღვრა, რომ რჩეულთა მცირე ნაწილს ქრისტეს მეშვეობით იხსნიდა, ხოლო დანარჩენებს ბედის ანაბარა დატოვებდა. აქედან გამომდინარე, ეს ჯგუფი მიიჩნევდა, რომ ადამიანები არ იყვნენ თანასწორნი და ხსნა დამოკიდებული იყო ღვთის განგებაზე. კალვინისტების მეორე ჯგუფის აზრით ხსნა ყველასთვის არსებობდა, ამიტომ თითოეულის პირად არჩევანზე, მის თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა ხსნას. კალვინის სიკვდილის შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა დავა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ღვთის განგება, ადამიანის თავისუფალი ნება და გადარჩენა.

კალვინიზმის მემკვიდრეობა

მეოცე საუკუნეში ჰოლანდიის კალვინისტური (რეფორმატორული) ეკლესია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რასობრივ დისკრიმინაციას ბედისწერის იდეით ამართლებდა. იმ პოლიტიკური კურსის შესახებ, რომლის თანახმადაც თეთრკანიანებს უპირატესობა ენიჭებოდათ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ განაცხადა: „ამ პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერდა ჰოლანდიის რეფორმატორული ეკლესია, რომელიც აპართეიდის გამართლებას რელიგიურ საფუძველზე ცდილობდა, თითქოს აფრიკანერები ღვთის რჩეული ხალხია, შავკანიანები კი მათი მონები. აფრიკანერთა მსოფლმხედველობით ეკლესია და აპართეიდი განუყრელი ცნებები იყო“.

1990-იან წლებში ჰოლანდიის რეფორმატორულმა ეკლესიამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ აპართეიდს უჭერდა მხარს. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რიუსტენბურგის დეკლარაციის სახელით არის ცნობილი, ეკლესიის წინამძღოლებმა აღიარეს: „ზოგიერთი ჩვენგანის მხრიდან შეცდომა იყო აპართეიდის ბიბლიით გამართლება, რის გამოც ბევრმა დაიჯერა, რომ ღმერთი იწონებს აპართეიდს“. წლების განმავლობაში აპართეიდის მხარდაჭერით ეკლესიამ არა მარტო ხელი შეუწყო რასობრივი დისკრიმინაციის ნიადაგზე ხალხის ტანჯვას, არამედ ღმერთიც დამნაშავედ გამოიყვანა.

ჟან კალვინი 1564 წელს ჟენევაში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, სიკვდილის წინ მან მადლობა გადაუხადა თანამორწმუნეებს „იმ დაუმსახურებელი პატივისთვის“, რომელიც მას მიაგეს და პატიება ითხოვა მისთვის ჩვეული სისუსტეების, თავშეუკავებლობისა და სიფიცხის გამო. ამ ყოველივეს მიუხედავად, პროტესტანტული მიდგომა სამუშაოსადმი, რაშიც შრომისმოყვარეობა, თვითდისციპლინა და საქმისათვის თავდადება იგულისხმება, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ჟან კალვინის პიროვნებაზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, გვერდები 321—325 (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 21 გვერდზე]

რეფორმაციის შედეგად ევროპის ქალაქებიდან თუ ქვეყნებიდან ზოგი კათოლიციზმს მიემხრო, ზოგი ლუთერანობასა და კალვინიზმს, რამაც ევროპა რელიგიური განხეთქილებების კერად აქცია.

[რუკა 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ესპანეთი

საფრანგეთი

პარიზი

ნუაიონი

ორლეანი

ბურჟი

შვეიცარია

ჟენევა

[სურათი 19 გვერდზე]

კალვინის „დარიგებანი“ (1536) პროტესტანტული რწმენის საფუძველი გახდა

[საავტორო უფლება]

© INTERFOTO/Alamy

[სურათი 20 გვერდზე]

სერვეტის მკვლელობა ლაქად ატყვია კალვინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას

[საავტორო უფლება]

© Mary Evans Picture Library

[სურათი 21 გვერდზე]

„ჟენევის ბიბლია“ (1560) იყო პირველი ბიბლია ინგლისურ ენაზე, რომელშიც მუხლები დანომრილი იყო

[საავტორო უფლება]

Courtesy American Bible Society

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

French town: © Mary Evans Picture Library