არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიენდე იეჰოვას — ის აუცილებლად დაგეხმარება

მიენდე იეჰოვას — ის აუცილებლად დაგეხმარება

მიენდე იეჰოვას — ის აუცილებლად დაგეხმარება

მოგვითხრო ედმუნდ შმიდტმა

1943 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე უნდა წარვმდგარიყავი, როცა ზემოხსენებული რჩევა გამახსენდა. იმ დროს უკვე 25 წლის ვიყავი და ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო თითქმის ოთხი წელი მქონდა ციხეში გატარებული. იესოს პირველი მოწაფეების მსგავსად, მინდოდა „ადამიანებზე მეტად ღმერთს“ დავმორჩილებოდი (საქმეები 5:29). ვიდრე ამ ისტორიას მოგიყვებით, მინდა მოგითხროთ, როგორ ვირწმუნე ღმერთი.

დავიბადე 1922 წლის 23 აპრილს კლივლენდში (ოჰაიო, აშშ) ჩვენივე ბინაში. ბინის ქვემოთ მამაჩემს საცხობი ჰქონდა. ოთხი თვის შემდეგ მამაჩემი ედმუნდი ბიბლიის მკვლევარების (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) კონგრესს დაესწრო ჩვენი სახლიდან 160 კილომეტრით დაშორებულ სიდარ-პოინტში, ქალაქ სანდასკის მახლობლად.

კონგრესზე დამსწრეებს მოუწოდეს: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. მომდევნო კვირადღეს მამაჩემიც შეუდგა ამ საქმეს. სიცოცხლის ბოლომდე, 1988 წლის 4 ივლისამდე, 66 წლის განმავლობაში ის ერთგულად ასრულებდა ამ საქმეს. დედაჩემი მერიც სიკვდილამდე, 1981 წლამდე, ღმერთს ერთგულად ემსახურებოდა.

მშობლებს ღვთის თაყვანისცემაში ვუერთდები

ჩვენი ოჯახი კლივლენდში პოლონურენოვან კრებას ესწრებოდა. შაბათობით ბავშვები უფროსებთან ერთად კარდაკარ ვქადაგებდით. კვირაობით მშობლები შეხვედრებისთვის განკუთვნილ მთავარ დარბაზში ბიბლიურ მოხსენებებს ისმენდნენ. ამ დროს დაახლოებით 30 ბავშვს ერთ-ერთი გამოცდილი ძმა ბიბლიის შესწავლას გვიტარებდა წიგნით „ღვთის ქნარი“. * ცოტა ხანში ბიბლიის შესწავლების ჩატარება მეც დავიწყე და კარგ შედეგებსაც მივაღწიე.

1931 წლის ივლისში მე და ჩემი ძმა ფრენკი მშობლებთან ერთად ბიბლიის მკვლევართა კიდევ ერთ კონგრესს დავესწარით, ამჯერად სამხრეთით, 160 კილომეტრით მოშორებულ კოლუმბუსში. სწორედ ამ კონგრესზე ეწოდათ ბიბლიის მკვლევარებს წმინდა წერილების საფუძველზე იეჰოვას მოწმეები (ესაია 43:10—12). კონგრესამდე ვქადაგებდით და ხალხს ვეპატიჟებოდით ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენებაზე, რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას. მას შემდეგ დაახლოებით 79 წელია, რაც იეჰოვა ღმერთს ვემსახურები მის ხალხთან ერთად.

ნაყოფიერი მსახურება რთულ პერიოდში

1933 წელს ეკონომიკურმა კრიზისმა მთელი მსოფლიო მოიცვა. შეერთებულ შტატებში 15 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მთელი მუშახელის მეოთხედი, უმუშევარი დარჩა. ზოგი ქალაქი გაკოტრდა, გაჭირვებულების დასახმარებლად არც სოციალური სამსახურები არსებობდა. ამ დროს ჩვენი ქრისტიანი და-ძმები ერთმანეთს გვერდში ედგნენ. კვირაობით შეხვედრებზე თანაქრისტიანებისთვის ჩვენი საცხობიდან პურ-ფუნთუშეული მიგვქონდა. იმ თანხას, რომელიც თვის ბოლოს გვრჩებოდა, მამა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში აგზავნიდა. მან იცოდა, რომ ამ ფულს ბიბლიური ლიტერატურის დასაბეჭდად გამოიყენებდნენ.

იმ დროს მსახურებაში ძალიან გვეხმარებოდა რადიოგადაცემები. ჩვენს კონგრესებზე წარმოთქმული მოხსენებები 400-ზე მეტი რადიოსადგურით გადაიცემოდა. 1930-იან წლებში ბრუკლინში მოწმეები თავად ამზადებდნენ გრამოფონებსა და ჩანაწერებს, რომლებსაც მსახურებაში ვიყენებდით. შემდეგ ანგარიშებში ვინიშნავდით, რამდენჯერ მოვასმენინეთ ხალხს ბიბლიური მოხსენება და რამდენმა მოისმინა.

1933 წელს გერმანიის ხელისუფლების სათავეში ადოლფ ჰიტლერი და ნაცისტური პარტია მოვიდა. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ (იოანე 15:19; 17:14). იმის გამო, რომ გერმანელი მოწმეები არ ერეოდნენ პოლიტიკაში და არ ამბობდნენ „ჰაილ ჰიტლერ!“-ს, მათი დიდი ნაწილი დააპატიმრეს ან საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. ბევრი სიკვდილითაც დასაჯეს; ზოგმა უმძიმეს სამუშაოს ვერ გაუძლო და დაიღუპა. გაუსაძლისი პირობების გამო, მრავალი გათავისუფლების შემდეგ მალევე დაიღუპა. ბევრმა არც კი იცის, როგორ იდევნებოდნენ იმ პერიოდში იეჰოვას მოწმეები სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის შეერთებულ შტატებში.

1940 წელს დავესწარით დეტროიტში (მიჩიგანი) გამართულ კონგრესს. 28 ივლისს ამ კონგრესზე ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. კონგრესამდე ერთი თვით ადრე, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმა ფედერალური კანონის დარღვევად ითვლებოდა და ამის გამო შეიძლება მოსწავლეები სკოლიდან გაერიცხათ. როგორ გაართვეს მოწმეებმა ამ სიტუაციას თავი? მათ დააარსეს სკოლები, რათა მოწმეების ბავშვებს სწავლის გაგრძელება შესძლებოდათ. ამ სკოლებს „სამეფოს სკოლებს“ უწოდებდნენ.

1939 წლის სექტემბერში ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ომით გამოწვეული არეულობა შეერთებულ შტატებსაც მოსწვდა. ახალგაზრდა მოწმეებს სცემდა და ავიწროებდა ყველა, ვისაც არ ესმოდა ჩვენი პოზიცია. მონაცემების თანახმად, 1940—1944 წლებში შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეებზე ჯგუფური თავდასხმის 2 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დევნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იაპონელებმა 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორი დაბომბეს. რამდენიმე კვირით ადრე პიონერად (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სრული დროით მსახურობენ) დავიწყე მსახურება. ჩემი შეგროვილი ფულით ავტომობილის 7-მეტრიანი მისაბმელი ვაგონი ვიყიდე და რამდენიმე მოწმესთან ერთად საქადაგებლად ლუიზიანაში გადავედი.

დევნა სამხრეთში

ადგილობრივებმა ნება დაგვრთეს, რომ ჩვენი მისაბმელი ვაგონი ქალაქ ჯენერეტის ახლოს პეკანის კაკლის ბაღში გაგვეჩერებინა. ერთ შაბათს ქუჩაში ქადაგება გადავწყვიტეთ, მაგრამ პოლიციის უფროსის ბრძანებით მისმა ხალხმა დაგვაპატიმრა და ქალაქის მერიაში წაგვიყვანა. შენობის გარეთ 200-მდე კაცი შეიკრიბა. პოლიციამ გარეთ ყოველგვარი დაცვის გარეშე გამოგვიშვა. საბედნიეროდ, ხალხმა გზა დაგვითმო და მშვიდობიანად შევძელით გავლა. მომდევნო დღეს მეზობელ ქალაქ ბატონ-რუჟში წავედით, რომ თანამორწმუნეებისთვის მომხდარის შესახებ გვეამბო.

ჯენერეტში დაბრუნებულებს კარში ასეთი წერილი დაგვხვდა: „გთხოვთ, მომაკითხეთ მენავთობეთა ბანაკში“. ხელს ვინმე ე. ვონი აწერდა. ჩვენ ვიპოვეთ ბატონი ვონი, რომელმაც ოჯახში სადილზე დაგვპატიჟა. მან გვითხრა, რომ იმ დღეს მერიის შენობასთან ისიც იდგა თავის ხალხთან ერთად და რამე რომ მომხდარიყო, მზად იყო ჩვენ დასაცავად. ჩვენ ძალიან დავაფასეთ მისი მხარდაჭერა.

მომდევნო დღეს შერიფის შეიარაღებულმა თანაშემწეებმა დაგვაპატიმრეს და ლიტერატურა ჩამოგვართვეს. ვაგონის გასაღებიც წამართვეს და 17 დღე სამარტოო საკანში ჩამსვეს, სადაც თითქმის არაფერს მაჭმევდნენ. ბატონი ვონი შეეცადა ჩვენ დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. ხალხმა ისარგებლა ჩვენი პატიმრობით და ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, წაიღეს ან დაწვეს, მათ შორის ჩემი ვაგონი. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, რომ იეჰოვა იმისთვის მამზადებდა, რაც მომავალში მელოდა.

პატიმრობა ჩრდილოეთში

ლუიზიანადან ისევ ჩრდილოეთში დავბრუნდი და ერთ თვეში სხვა მოწმეებთან ერთად სპეციალურ პიონერად ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ოლეანში დამნიშნეს. იქ ყოფნისას კომისარიატში გამომიძახეს და რელიგიური მრწამსის გამო სამხედრო სამსახურის უარმყოფელის სტატუსი მომანიჭეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები შემიმოწმეს, ჩემს საბუთებს ასეთი შტამპი დაასვეს „სამხედრო აკადემიის კანდიდატი“.

მომდევნო ერთი წელი პიონერად მსახურების გაგრძელება შევძელი. მსახურების შეწყვეტასა და სამხედრო მომზადებაზე უარი ვთქვი, ამიტომ 1943 წელს ეფ-ბი-აიმ დამაპატიმრა. მათ ბრალდება წამიყენეს და გამაფრთხილეს, რომ მომდევნო კვირას სირაკიუსის (ნიუ-იორკის შტატი) ფედერალური სასამართლოს წინაშე წარვდგებოდი. სასამართლო ორი დღის შემდეგ იყო დაგეგმილი.

სასამართლოზე საკუთარ თავს თვითონ ვიცავდი. ქრისტიანულ შეხვედრებზე ახალგაზრდა მოწმეებს გვასწავლიდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით სასამართლოში და როგორ უნდა დაგვეცვა საკუთარი კონსტიტუციური უფლებები. ყოველთვის მახსოვდა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რჩევა. ზოგიერთი ბრალმდებელი იმასაც კი ამბობდა, რომ მოწმეებმა მათზე უკეთ იცოდნენ კანონები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დამნაშავედ მცნო. როცა მოსამართლემ ბოლო სიტყვის თქმის უფლება მომცა, ვუთხარი: „დღეს მთელი ერი ღვთის სასამართლოს წინაშე დგახართ, რადგან ღვთის მსახურებს ასე ექცევით“.

ოთხი წლით პატიმრობა მომისაჯეს ჩილიკოტას (ოჰაიოს შტატი) ფედერალურ ციხეში. ერთ-ერთ განყოფილებაში მდივნის მოვალეობის შესრულება დამავალეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ვაშინგტონიდან განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ჩამოვიდა. ის ჩვენს განყოფილებაში მოვიდა და თქვა, რომ ჰეიდენ კოვინგტონის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. კოვინგტონი ადვოკატი იყო და იეჰოვას მოწმეების უფლებებს იცავდა. ის ამერიკაში კონსტიტუციური სამართლის მცოდნე ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ითვლებოდა.

გამომძიებელმა ორი პატიმრის, დენი ჰერტადოსა და ედმუნდ შმიდტის, პირადი არქივიც მოითხოვა. „რა დამთხვევაა, ბატონი შმიდტი აქ გახლავთ“, — უთხრა ჩემმა ზედამხედველმა გამომძიებელს. გამომძიებელი საიდუმლო დავალებით იყო ჩამოსული. ის ახლაღა მიხვდა, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცოდით მისი გეგმების შესახებ. ამის შემდეგ მალევე სამუშაოდ სამზარეულოში გადამიყვანეს.

პიონერად მსახურება, ბეთელი და ქორწინება

1946 წლის 26 სექტემბერს პირობით გამათავისუფლეს. ისევ პიონერობას შევუდექი, ამჯერად ჰაილენდ-პარკის კრებაში (კალიფორნია). 1948 წლის სექტემბერში ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა. მცხობლად მიმიწვიეს ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში (ბეთელი), სადაც იბეჭდება ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის. მანამდე გლენდეილის ერთ რესტორანში შეფ-მზარეულად ვმუშაობდი და დესერტებს ვამზადებდი, მაგრამ სამუშაო ბეთელში მიწვევისთანავე მივატოვე.

შვიდი წლის შემდეგ, 1955 წელს ევროპაში რამდენიმე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. ამ კონგრესებზე დასასწრებად მგზავრობის ფული ოჯახმა მომცა. კონგრესებს ლონდონში, პარიზში და რომში დავესწარი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ნიურნბერგში (გერმანია) ჩატარებული კონგრესი, რომელსაც უზარმაზარ სტადიონზე შეკრებილი 107 000 ადამიანი დაესწრო. ეს სწორედ ის სტადიონი იყო, სადაც ერთ დროს ჰიტლერი სიამაყით ადევნებდა თვალს თავისი ჯარების საზეიმო სვლას. კონგრესზე დამსწრეთა შორის იყვნენ ის მოწმეებიც, რომლებსაც ჰიტლერი განადგურებით ემუქრებოდა. საოცარი იყო მათთან ერთად ყოფნა!

ნიურნბერგში კონგრესზე შევხვდი ერთ გერმანელ მოწმეს, ბრიგიტ გერვაინს. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და დაახლოებით ერთ წელიწადში დავქორწინდით. დაქორწინების შემდეგ გლენდეილში დავბრუნდით, რომ მშობლებთან ახლოს გვეცხოვრა. 1957 წელს ჩვენი პირველი ვაჟი, ტომი დაიბადა, 1958 წელს — დონი, 1960 წელს კი — ჩვენი ქალიშვილი საბინა.

აზრიანი ცხოვრება

ზოგჯერ მეკითხებიან, ვნანობ თუ არა, რომ ღვთის მსახურების გულისთვის ამდენი დევნისა და პატიმრობის ატანა მომიწია. ნამდვილად არ ვნანობ. პირიქით, მადლიერი ვარ იეჰოვა ღმერთის, რომ საშუალება მომცა, მის ერთგულ მსახურებთან ერთად ვემსახურო მას. იმედი მაქვს, რომ ის, რაც გადავიტანე, სხვებსაც დაეხმარება ღმერთთან დაახლოებასა და ბოლომდე მასთან დარჩენაში.

ღვთის მსახურებისთვის მრავალმა საშინელ ტანჯვას გაუძლო. ეს ჩვენ არ გვიკვირს, რადგან ბიბლიაში წერია: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). ნამდვილად, ჭეშმარიტია ფსალმუნის 34:19-ში ჩაწერილი სიტყვები: „მრავალი უბედურება ხვდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 27 გვერდზე]

ლუიზიანაში ქადაგება 40-იანი წლების დასაწყისში

[სურათი 29 გვერდზე]

ბეთელში მსახურების დროს

[სურათი 29 გვერდზე]

მეუღლესთან ერთად