არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი გულით გაისარჯეთ იეჰოვას კურთხევების მისაღებად!

მთელი გულით გაისარჯეთ იეჰოვას კურთხევების მისაღებად!

მთელი გულით გაისარჯეთ იეჰოვას კურთხევების მისაღებად!

„[ღმერთი] აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6).

1, 2. ა) რას აკეთებს ბევრი ღვთის კურთხევის მისაღებად? ბ) რატომ უნდა გვსურდეს იეჰოვას კურთხევის მიღება?

„ღმერთმა გაკურთხოთ!“ ხშირად ასეთ სიტყვებს ახალდაქორწინებულებს ეუბნებიან. სხვადასხვა რელიგიის წინამძღოლები ხალხს, მათ შინაურ ცხოველებსა და სახლ-კარსაც კი აკურთხებენ. მოგზაურები ხშირად ინახულებენ რელიგიურ ნაგებობებს იმ იმედით, რომ ღვთისგან კურთხევას მიიღებენ. პოლიტიკოსებიც ხშირად შესთხოვენ ღმერთს თავიანთი ერის კურთხევას. მისაღებია ასეთი ლოცვები? ისმენს ღმერთი მათ თხოვნას? ვის აკურთხებს ღმერთი და რატომ?

2 იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში ყველა ერში იქნებოდნენ სუფთა გულის და მშვიდობისმყოფელი ადამიანები, რომლებიც სიძულვილისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (ეს. 2:2—4; მათ. 24:14; გამოცხ. 7:9, 14). ყველას, ვინც ასეთ ადამიანებს შორის ვართ, გვსურს და გვჭირდება კიდეც ღვთის კურთხევა, რომლის გარეშეც ვერაფერს მივაღწევთ (ფსალმ. 127:1). როგორ მივიღოთ ღვთის კურთხევა?

კურთხევებს მორჩილი ადამიანები იღებენ

3. რას მიიღებდნენ ისრაელები მორჩილების შემთხვევაში?

3 წაიკითხეთ იგავების 10:6, 7. აღთქმულ მიწაზე შესვლამდე იეჰოვამ ისრაელს უთხრა, რომ თუ მოუსმენდნენ მას, ყოველმხრივ აკურთხებდა და დაიცავდა (კან. 28:1, 2). იეჰოვას კურთხევა ‘გადმოვიდოდა და ეწეოდა მათ’. მორჩილი ადამიანები უსათუოდ მიიღებენ კურთხევებს.

4. რას ნიშნავს გულით მორჩილება?

4 როგორ მორჩილებას მოითხოვდა ღმერთი ისრაელისგან? ღვთის კანონის თანახმად, თუ ისრაელები იეჰოვას „მხიარულებითა და გახარებული გულით“ არ ემსახურებოდნენ, ეს მას გულს ატკენდა (წაიკითხეთ კანონის 28:45—47 ). იეჰოვა ჩვენგან არ მოითხოვს ავტომატურ მორჩილებას, როგორსაც ცხოველები და დემონებიც კი ავლენენ (მარ. 1:27; იაკ. 3:3). გულით მორჩილება ღვთისადმი გულწრფელ სიყვარულზე მეტყველებს. ასეთ მორჩილებას თან სდევს სიხარული, რადგან გვწამს, რომ იეჰოვას მცნებები დამამძიმებელი არ არის. უფრო მეტიც, ღმერთი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6; 1 იოან. 5:3).

5. როგორ დაეხმარება იეჰოვას დანაპირებისადმი რწმენა ღვთის მსახურს კანონის 15:7, 8-ის შესრულებაში?

5 განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება კანონის 15:7, 8-ში (წაიკითხეთ) მოცემული სიტყვები, ვიყოთ გულით მორჩილები. თუ ამ მუხლებში ჩაწერილ კანონს ნაძალადევად შეასრულებდა ღვთის მსახური, ეს ღარიბს გარკვეულწილად შეუმსუბუქებდა მდგომარეობას, მაგრამ ხელს არ შეუწყობდა ღვთის ხალხს შორის თბილ და მეგობრულ ურთიერთობას. რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნებოდა მისი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელი, რომ იეჰოვას არ შესწევს ძალა, იზრუნოს თავის მსახურებზე; გარდა ამისა, ის ხელიდან გაუშვებდა შესაძლებლობას, იეჰოვას მსგავსად გამოევლინა ხელგაშლილობა. იეჰოვა ხედავს, ვინ გასცემს უანგაროდ და ჰპირდება, რომ მას ყველა „საქმესა და შრომაში“ აკურთხებს (კან. 15:10). ამ დანაპირებისადმი რწმენა მოქმედებისკენ აღძრავს ღვთის მსახურს და შედეგად, ბევრ კურთხევას მიიღებს (იგავ. 28:20).

6. რაში გვარწმუნებს ებრაელების 11:6?

6 როგორც დავინახეთ, ადამიანს უნდა სწამდეს, რომ იეჰოვა აჯილდოებს თავისი ნების შემსრულებელს. გარდა ამისა, ებრაელების 11:6 კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ იმაზე, რომ ღმერთი აჯილდოებს თავის „გულმოდგინედ მძებნელს“. ორიგინალის ენაზე ეს ფრაზა ნიშნავს ინტენსიურ და მიზანმიმართულ მცდელობას. ამ სიტყვების მნიშვნელობა გვარწმუნებს, რომ კურთხევებს უსათუოდ მივიღებთ, რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა „შეუძლებელია იცრუოს“ (ტიტ. 1:2). ათასობით წლის მანძილზე ღმერთმა არაერთხელ ცხადყო, რომ მისი დანაპირები სრულიად სანდოა. მისი სიტყვები არასდროს გამტყუნებულა (ეს. 55:11). შეგვიძლია ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებული, რომ თუ ნამდვილ რწმენას გამოვავლენთ, იგი დაგვაჯილდოებს.

7. როგორ მივიღებთ ღვთის კურთხევებს აბრაამის შთამომავლობის წყალობით?

7 იესო ქრისტე აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი გახდა. ცხებული ქრისტიანები ნაწინასწარმეტყველები შთამომავლობის სხვა წარმომადგენლები არიან. ცხებულებს დავალებული აქვთ, ‘ყველგან აუწყონ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც მათ სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში მოუხმო’ (გალ. 3:7—9, 14, 16, 26—29; 1 პეტ. 2:9). შეუძლებელია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, თუ უგულებელვყოფთ მათ, ვისაც იესომ თავისი საკუთრება ჩააბარა. „ერთგული და გონიერი მონის“ დახმარების გარეშე ვერც ღვთის სიტყვას ჩავწვდებით ბოლომდე და ვერც მის პრაქტიკულ ღირებულებას დავინახავთ (მათ. 24:45—47). თუ წმინდა წერილებიდან ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ, აუცილებლად მივიღებთ ღვთის კურთხევებს.

ღვთის ნების შესრულება უმთავრესია

8, 9. რა ძალისხმევა მოახმარა იაკობმა იმას, რომ თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანა?

8 იაკობს ესმოდა, რომ ღვთის კურთხევების მისაღებად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. მან არ იცოდა, როგორ შესრულდებოდა აბრაამისთვის მიცემული ღვთის დაპირება, მაგრამ სჯეროდა, რომ მისი პაპის შთამომავლები მრავალრიცხოვან ერად იქცეოდნენ. ამიტომ, ძვ. წ. 1781 წელს იაკობი ცოლის მოსაყვანად ხარანში ჩავიდა. იგი მხოლოდ იმით კი არ იყო დაინტერესებული, რომ კარგი შესახედაობის ქალი მოეყვანა, არამედ უნდოდა, გვერდში ჰყოლოდა იეჰოვას ერთგული ქალი, რომელიც კარგ დედობას გაუწევდა შვილებს.

9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იაკობმა გაიცნო თავისი ნათესავი რახელი. მას შეუყვარდა ეს ქალი და მამამისს ლაბანს დათანხმდა, რომ რახელის გამო შვიდ წელს იმუშავებდა. ეს არ იყო მხოლოდ შთამბეჭდავი სიყვარულის ისტორია. იაკობმა იცოდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა აღთქმა დაუდო მის პაპას, აბრაამს და ეს აღთქმა მამამისს, ისაკსაც გაუმეორა (დაბ. 18:18; 22:17, 18; 26:3—5, 24, 25). ისაკმა კი ამის შესახებ თავის ვაჟს იაკობს უთხრა: „ყოვლისშემძლე ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულად იქცევი. ის მოგცემთ აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავალს, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის მიწა, რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა“ (დაბ. 28:3, 4). იაკობმა რომ ღვთისმოშიში ქალი მოიყვანა და ამისათვის ძალ-ღონე არ დაიშურა, იმაზე მეტყველებს, რომ მას იეჰოვას დანაპირების სჯეროდა.

10. რატომ აკურთხა იეჰოვამ იაკობი?

10 იაკობი არ ცდილობდა გამდიდრებას იმისთვის, რომ ყოველმხრივ უზრუნველეყო ოჯახი. ის, ძირითადად, დაინტერესებული იყო იმით, რომ შესრულებულიყო იეჰოვას დანაპირები, რომელიც მისი წინაპრებისთვის ჰქონდა მიცემული. მისთვის ყველაზე მთავარი იეჰოვას ნების შესრულება იყო. იაკობი ყველაფერს აკეთებდა, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ღვთის კურთხევები მიეღო. ასეთი შემართება მან ხანდაზმულობის ასაკშიც კი არ დაკარგა, რისთვისაც იეჰოვამ აკურთხა (წაიკითხეთ დაბადების 32:24—29).

11. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის ნების თანახმად მოვიქცეთ?

11 იაკობის მსგავსად ზუსტად არც ჩვენ ვიცით, როგორ შეასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას. ღვთის სიტყვის შესწავლა გვეხმარება, ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ „იეჰოვას დღეზე“ (2 პეტ. 3:10, 17). მაგალითად, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როდის დადგება იეჰოვას დღე, მაგრამ ის ვიცით, რომ მალე მოვა. როგორც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, თუ ამ ბოლო დღეებში გულმოდგინედ ვიქადაგებთ, ჩვენს თავსაც ვიხსნით და ჩვენს მსმენელებსაც (1 ტიმ. 4:16).

12. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

12 აღსასრული შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს. იეჰოვა არ დაიცდის მანამდე, სანამ მისი ხალხი ყველას პირადად არ უქადაგებს (მათ. 10:23). ღმერთი გვაძლევს დროულ მითითებებს, როგორ გავხდეთ ეფექტური მქადაგებლები. ჩვენს რწმენას იმით ცხადვყოფთ, რომ ქადაგების დროს არ ვზოგავთ ძალებს და ბოლომდე ვიყენებთ ჩვენს უნარს. ყოველთვის ვქადაგებთ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ხალხი კარგად გვისმენს? შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, სად მოგვისმენს ხალხი? (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:5, 6 ). ჩვენი საქმეა ვიქადაგოთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ და ის არ დაიშურებს კურთხევებს (1 კორ. 3:6, 7). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ხედავს ჩვენს მონდომებას და ქადაგებისას წმინდა სულის მეშვეობით საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგვიწევს (ფსალმ. 32:8).

ითხოვეთ წმინდა სული

13, 14. ღვთის სულის დახმარებით როგორ არის შესაძლებელი ნებისმიერ საქმეში დახელოვნება?

13 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ არ ვართ კარგი მქადაგებლები ან ვთვლით, რომ თავს ვერ გავართმევთ ამა თუ იმ დავალებას? იეჰოვას უნდა ვთხოვოთ წმინდა სული, რომ ჩვენი პოტენციალი საუკეთესოდ გამოგვაყენებინოს (წაიკითხეთ ლუკას 11:13). ღვთის სულის დახმარებით შეგვიძლია დავხელოვნდეთ ნებისმიერ საქმეში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წარსულში არ გვქონია ამ საქმეში გამოცდილება. მაგალითად, ეგვიპტის ტყვეობიდან ისრაელის გათავისუფლებისთანავე ომში გამოუცდელმა მწყემსებმა და ყოფილმა მონებმა ღვთის სულით დაამარცხეს მტერი (გამ. 17:8—13). მოგვიანებით, ღვთის სული დაეხმარა ბეცალელსა და ოჰოლიაბს, რომ შეედგინათ იეჰოვას კარვის რთული გეგმა (გამ. 31:2—6; 35:30—35).

14 სწორედ წმინდა სულმა, უდიდესმა ძალამ შეაძლებინა ღვთის მსახურებს, რომ თავად აემუშავებინათ საბეჭდი დაზგა და გამოეცათ ლიტერატურა. ერთ-ერთ წერილში ძმა რობერტ მარტინმა, რომელიც იმ დროს ტიპოგრაფიის ზედამხედველი იყო, დაწერა, რისი გაკეთება შეძლეს 1927 წელს: „იეჰოვამ სასწაული მოახდინა და საჭირო დროს ჩვენს ხელში აღმოჩნდა საბეჭდი დაზგა, რომლის ფუნქციონირების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. მაგრამ ღმერთმა იცის, როგორ გამოიყენოს საუკეთესოდ ყველას პოტენციალი . . . სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ჩვენ შესანიშნავად გავართვით თავი ბეჭდვით საქმიანობას. დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს ლიტერატურის ბეჭდვა, რაც თავიდან წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა“. იეჰოვა ახლაც აკურთხებს მათ, ვინც ძალებს არ ზოგავს მისი ნების შესასრულებლად.

15. როგორ ეხმარება რომაელების 8:11 მათ, ვინც ცდუნების წინაშე დგას?

15 იეჰოვას სული ბევრ სხვა რამეშიც გვეხმარება. იგი თავის სულს ყველა ერთგულ მსახურს აძლევს და ერთი შეხედვით, გადაულახავ დაბრკოლებებს გადაალახვინებს. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ცდუნებებს ვერ ვუძლებთ? ამაში პავლე მოციქულის სიტყვები დაგვეხმარება, რომელიც რომაელების 7:21, 25-სა და 8:11-შია ჩაწერილი. „მის [ღვთის] სულს, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა“, შეუძლია დაგვეხმაროს, ვებრძოლოთ ხორციელ სურვილებს და გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე. ეს სიტყვები ცხებული ქრისტიანების საყურადღებოდ დაიწერა, მაგრამ ღვთის ყველა მსახურს ეხება. თუ რწმენას გამოვავლენთ იესოს მიმართ, ჩავკლავთ საკუთარ თავში არასწორ სურვილებს და მივყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას, მარადიულად ვიცოცხლებთ.

16. რა უნდა გავაკეთოთ ღვთის სულის მისაღებად?

16 ღმერთი თავის სულს არ მოგვცემს, თუ მთელი გულით არ გავირჯებით. ჩვენ ლოცვაში უნდა ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული და გულმოდგინედ უნდა შევისწავლოთ ღვთის სულის შთაგონებით დაწერილი ბიბლია (იგავ. 2:1—6). ღვთის სული ქრისტიანულ კრებაშიცაა. თუ რეგულარულად ვესწრებით კრების შეხვედრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სურვილი გვაქვს, მოვუსმინოთ „რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხ. 3:6). გარდა ამისა, ჩვენ თავმდაბლურად უნდა გამოვიყენოთ ნასწავლი. იგავების 1:23 მოგვიწოდებს: „მობრუნდით, როცა შეგაგონებთ და ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე“. ღმერთი თავის სულს აძლევს მათ, „ვინც მას მმართველად მიიჩნევს და ემორჩილება“ (საქ. 5:32).

17. რას ვიღებთ მონდომების შედეგად და რას შეგვიძლია ეს შევადაროთ?

17 მართალია, ღვთის კურთხევების მისაღებად გულმოდგინებაა საჭირო, მაგრამ მხოლოდ გულმოდგინება არ კმარა ყველა იმ სიკეთის მისაღებად, რასაც იეჰოვა თავისი ხალხისთვის აკეთებს. ჩვენს მონდომებას კურთხევები მოჰყვება; ეს შეიძლება შევადაროთ ჯანსაღ კვებას. ღმერთმა ისე შექმნა ჩვენი ორგანიზმი, რომ აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი საკვები მივიღოთ და, ამავე დროს, ვისიამოვნოთ. გარდა ამისა, ღმერთმა საკვებითაც მოგვამარაგა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მასაზრდოებელ ნივთიერებებს შეიცავს საკვები და უმეტესობა ჩვენგანს არც იმის ახსნა შეგვიძლია, თუ როგორ იღებს ჩვენი ორგანიზმი ენერგიას საკვების წყალობით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და მის ფუნქციონირებას იმით ვუწყობთ ხელს, თუ საკვებს ვიღებთ. თუ ჯანსაღი საკვებით ვიკვებებით, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. მსგავსად ამისა, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღოთ, იეჰოვა გვიდგენს მოთხოვნებს და გვეხმარება კიდეც ამ მოთხოვნების შესრულებაში. ჩვენ ყველაფრისთვის იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ. ის მართლაც იმსახურებს განდიდებას. ჩვენ უნდა მივყვეთ მის ნებას და სანაცვლოდ კურთხევებს მივიღებთ (ანგ. 2:18, 19).

18. რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, და რატომ?

18 გული დაუდეთ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც იეჰოვა გავალებთ. ყოველთვის იეჰოვას იმედი გქონდეთ და წარმატებასაც მიაღწევთ (მარ. 11:23, 24). დარწმუნებული იყავით, რომ „ვინც ითხოვს, იღებს“ (მათ. 7:8). სულით ცხებული ქრისტიანები „სიცოცხლის გვირგვინს“ მიიღებენ ზეცაში (იაკ. 1:12). ქრისტეს „სხვა ცხვარი“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აბრაამის შთამომავლის მეშვეობით მიიღონ კურთხევები. ისინი სიხარულით ისმენენ იესოს ხმას: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“ (იოან. 10:16; მათ. 25:34). დიახ, „[ღვთისგან] კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას . . . მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან“ (ფსალმ. 37:22, 29).

შეგიძლიათ ახსნათ?

• რას გულისხმობს გულით მორჩილება?

• რა მოითხოვება ღვთის კურთხევების მისაღებად?

• როგორ შეგვიძლია ღვთის წმინდა სულის მიღება, და როგორ გვეხმარება ის?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

იაკობი ანგელოზსაც კი შეეჭიდა იეჰოვას კურთხევის მისაღებად

თქვენც ასეთივე შემართება გაქვთ?

[სურათი 10 გვერდზე]

ბეცალელმა და ოჰოლიაბმა ღვთის წმინდა სულით შეასრულეს თავიანთი დავალება