არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ერთიანობა განადიდებს ღმერთს

ქრისტიანული ერთიანობა განადიდებს ღმერთს

ქრისტიანული ერთიანობა განადიდებს ღმერთს

„გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას“ (ეფეს. 4:3).

1. როგორ განადიდებდნენ პირველი საუკუნის ეფესოელი ქრისტიანები ღმერთს?

ეფესოს ქრისტიანული კრების ერთობა ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას განადიდებდა. ეფესოში, რომელიც დიდ სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა, ზოგი ქრისტიანი იმდენად მდიდარი იყო, რომ მონებიც ჰყავდა, სხვები კი თავად იყვნენ მონები და ხელმოკლედ ცხოვრობდნენ (ეფეს. 6:5, 9). მათ შორის ზოგი იუდეველი იყო, რომლებიც სამი თვის მანძილზე პავლე მოციქულის ქადაგებას ისმენდნენ სინაგოგაში. ბევრი წარსულში არტემიდას თაყვანისმცემელი იყო და ჯადოქრობას მისდევდა (საქ. 19:8, 19, 26). როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტებამ გააერთიანა სხვადასხვა წარმომავლობისა თუ მრწამსის ადამიანები. პავლემ კარგად იცოდა, რომ კრებების ერთიანობა იეჰოვას განადიდებდა. მან დაწერა: „მას [ღმერთს] დიდება კრების . . . მეშვეობით“ (ეფეს. 3:21).

2. რა საფრთხე შეექმნა ეფესოს კრების ერთიანობას?

2 მიუხედავად ამისა, ეფესოს კრების ერთობას საფრთხე დაემუქრა. პავლემ გააფრთხილა ამ კრების უხუცესები: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:30). ზოგი ძმა კვლავ განხეთქილებას თესავდა კრებაში და აღვივებდა ისეთ სულს, რაც პავლეს სიტყვების თანახმად, „ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფეს. 2:2; 4:22).

პავლე ეფესოელებს ერთობისკენ მოუწოდებს

3, 4. როგორ ამახვილებს ყურადღებას ეფესოელების მიმართ მიწერილი პავლეს წერილი ერთობაზე?

3 პავლეს ესმოდა, რომ ქრისტიანებს ერთობის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაეშურებინათ. ღვთის შთაგონებით პავლემ ეფესოელებს მისწერა წერილი, რომელშიც ძირითად ყურადღებას ქრისტიანულ ერთობაზე ამახვილებდა. პავლემ ეფესოელების საყურადღებოდ თქვა, რომ ღმერთი ‘ქრისტეში კვლავ მოუყრიდა თავს ყველაფერს’ (ეფეს. 1:10). მან ქრისტიანები შეადარა სხვადასხვა ქვას, რომელსაც შენობის ასაგებად იყენებენ: „მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის“ (ეფეს. 2:20, 21). გარდა ამისა, პავლემ იუდეველებისა და უცხოტომელების ერთობაზე გაამახვილა ყურადღება და შეახსენა მათ, რომ ყველა ღვთის შვილები იყვნენ. მან იეჰოვას უწოდა „მამა, ვის წინაშეც ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფეს. 3:5, 6, 14, 15).

4 ეფესოელების მე-4 თავიდან დავინახავთ, რატომ არის საჭირო ძალისხმევა ერთობის შესანარჩუნებლად, როგორ გვეხმარება ამ მხრივ იეჰოვა და რა თვისებები უწყობს ხელს ერთსულოვნებას. ამ სტატიის პრაქტიკული ღირებულება რომ დაინახოთ, თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ეფესოელების მე-4 თავი.

რატომ არის საჭირო ერთიანობისთვის ძალისხმევა?

5. როგორ ემსახურებიან ღვთის ანგელოზები ღმერთს ერთსულოვნად, და რატომ არის ჩვენთვის უფრო რთული ერთობის შენარჩუნება?

5 პავლე ევედრებოდა ძმებს, ‘გულმოდგინედ დაეცვათ სულის ერთიანობა’ (ეფეს. 4:3). განვიხილოთ ღვთის ანგელოზების მაგალითი, საიდანაც დავინახავთ, რაოდენ აუცილებელია ერთიანობისთვის ძალისხმევა. ორი აბსოლუტურად მსგავსი ქმნილება არ არსებობს. იეჰოვამ მილიონობით ანგელოზი შექმნა. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და პიროვნული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა (დან. 7:10). მიუხედავად ამისა, ისინი ერთსულოვნად ემსახურებიან იეჰოვას, რადგან ყველა უსმენს და ემორჩილება მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:20, 21 ). ადამიანებიც ანგელოზების მსგავსად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ ერთობის შენარჩუნებაში ცოდვილი მიდრეკილებებიც უშლით ხელს.

6. რომელი თვისებები დაეხმარება თანაქრისტიანებს, თავიანთი სისუსტეების მიუხედავად, სიხარულით ითანამშრომლონ ერთმანეთთან?

6 ხშირად არასრულყოფილ ადამიანებს ერთმანეთთან თანამშრომლობა უჭირთ. მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს, თუ მშვიდი ძმა, რომელიც ფიცხ ძმასთან მსახურობს, ხშირად აგვიანებს და ამის გამო საყვედურს იღებს? ალბათ, ორივე გაღიზიანდება ერთმანეთზე, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ არც ერთი არ იქცევა სწორად. მათ შეიძლება გაუჭირდეთ მსახურებაში თანამშრომლობა. პავლე გვირჩევს, როგორი თვისებები უნდა გამოვიმუშაოთ, რომ თავად შევუწყოთ ხელი ერთობას: „გევედრებით, იმ მოწოდების ღირსად იაროთ, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:1—3).

7. რატომ არის აუცილებელი არასრულყოფილ და-ძმებთან ერთსულოვნად მსახურება?

7 არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ და-ძმებთან ერთსულოვნად მსახურება, რადგან ყველანი ერთი სხეული ვართ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთია სხეული, ერთია სული და ერთია იმედი, რომლისკენაც ხართ მოწოდებულნი. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლობა. ერთია ყველას ღმერთი და მამა“ (ეფეს. 4:4—6). თუ გვინდა, რომ იეჰოვამ თავისი სული მოგვცეს და კურთხევებიც არ მოგვაკლოს, ერთ მუშტად უნდა ვიყოთ შეკრული. უნდა დავტოვოთ კრება იმის გამო, რომ ვიღაცამ გვაწყენინა? სხვაგან სად მოვისმენთ „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“? (იოან. 6:68).

როგორ უწყობს ხელს ერთობას „ძღვენი ადამიანთა სახით“

8. რას აკეთებს იესო კრების ერთობის შესანარჩუნებლად?

8 პავლემ მოიყვანა ყველასთვის კარგად ცნობილი მეომრის მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყენებს იესო ‘ძღვენს ადამიანთა სახით’ კრებაში ერთობის შესანარჩუნებლად. გამარჯვებულ მეომარს შეეძლო წამოეყვანა ტყვე სახლში, რომ ცოლისთვის შეემსუბუქებინა საოჯახო საქმეები (ფსალმ. 68:1, 12, 18). მსგავსად ამისა, ქვეყნიერებაზე გამარჯვებულმა იესომ, ასე ვთქვათ, წაასხა კრებაში ტყვეები, რომლებიც თავიანთი სურვილით გაჰყვნენ იესოს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:7, 8). როგორ იყენებს იესო ამ ტყვეებს? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „მოგვცა ზოგი მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად, წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, სანამ ყველა არ მივაღწევთ ერთიანობას რწმენაში“ (ეფეს. 4:11—13).

9. ა) როგორ გვეხმარება „ძღვენი ადამიანთა სახით“ ერთობის შენარჩუნებაში? ბ) რატომ უნდა შეიტანოს კრების ერთობაში თითოეულმა თავისი წვლილი?

9 ეს მოსიყვარულე მწყემსები, „ძღვენი ადამიანთა სახით“, კრების ერთობას უწყობენ ხელს. მაგალითად, თუ უხუცესი ხედავს, რომ ორ ძმას ერთმანეთში უთანხმოება აქვს, ის ‘რბილად უნდა მიუდგეს და გამოასწოროს’ ისინი, რომ კრების ერთიანობა არ დაირღვეს (გალ. 5:26—6:1). უხუცესები, „ძღვენი ადამიანთა სახით“, ბიბლიის საფუძველზე გვასწავლიან და რწმენას გვიმტკიცებენ. ამგვარად, ისინი ერთობას უწყობენ ხელს და თითოეულს მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. პავლემ დაწერა, რომ „აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუით“ (ეფეს. 4:13, 14). როგორც სხეულის თითოეული ნაწილი ავსებს ერთმანეთს, ასევე ქრისტიანული საძმოც ერთსულოვანი უნდა გახდეს, რაშიც ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:15, 16 ).

შეიძინეთ ღვთისმოსაწონი თვისებები

10. რა საფრთხეს უქმნის უზნეობა ჩვენს ერთობას?

10 ალბათ შენიშნავდით, რომ ეფესოელების მე-4 თავში მოწიფული ქრისტიანების საყურადღებოდ ხაზგასმულია, რომ ერთობის შესანარჩუნებლად ყველაზე მთავარი სიყვარულია. ამავე თავში საუბარია იმაზე, თუ რას მოიცავს სიყვარული. თუ სხვები გვიყვარს, თავს ავარიდებთ სიძვას და თავაშვებულობას. პავლემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, რომ „აღარ ევლოთ ისე, როგორც უცხოტომელები დადიან“. ეს ხალხი ერთ დროს „ყველანაირად ზნედაცემული და თავაშვებული“ იყო (ეფეს. 4:17—19). ჩვენ ვცხოვრობთ ზნეობრივად დაცემულ ქვეყნიერებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ერთობას. დღეს უზნეობაზე ხუმრობენ, მღერიან და ასეთი შინაარსის ვიდეომასალას გართობის მიზნითაც კი უყურებენ. ზოგი ფარულად ჩადის უზნეობას, ზოგი კი დაუფარავად აკეთებს ამას. თუ ვინმეზე დაქორწინებას არ აპირებ და მასთან მხოლოდ ფლირტი გაქვს, ასეთი საქციელი იეჰოვას და ქრისტიანულ კრებას ჩამოგაშორებს. ეს სახიფათოა, რადგან ამ დროს სიძვამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. გარდა ამისა, ფლირტმა დაქორწინებული შეიძლება მრუშობამდე მიიყვანოს, რაც მარტო დარჩენილ მშობელსა და შვილებზე უარყოფითად აისახება. ოჯახების ნგრევა ძირს უთხრის კრების ერთობას. სწორედ ამიტომ დაწერა პავლემ: „ასეთად არ გისწავლიათ ქრისტე“ (ეფეს. 4:20, 21).

11. რისკენ მოუწოდებს ბიბლია ქრისტიანებს?

11 პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოვიშოროთ არასწორი აზროვნება და შევიძინოთ ისეთი თვისებები, რაც ჩვენს ერთსულოვნებას შეუწყობს ხელს: „მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით, განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:22—24). როგორ „განვიახლოთ გონება?“ თუ ღვთის სიტყვიდან ნასწავლზე დავფიქრდებით და მოწიფული ქრისტიანების მაგალითს მივყვებით, შევძლებთ „ღვთის ნების თანახმად“ ახალ პიროვნებად შემოსვას.

გაისუფთავეთ ბაგეები

12. როგორ უწყობს ხელს მშვიდობას სიმართლის ლაპარაკი, და რატომ უჭირს სხვებს სიმართლის თქმა?

12 ოჯახსა თუ კრებაში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. გულახდილი და თავაზიანი საუბარი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს (იოან. 15:15). თუ ვინმე ატყუებს თავის ძმას, მათ შორის ნდობა იკარგება. პავლე მართებულად ამბობს: „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით“ (ეფეს. 4:25). შესაძლოა ზოგი ბავშვობიდან შეეჩვია ტყუილის თქმას, რის გამოც უჭირს სიმართლის ლაპარაკი. მაგრამ თუ ასეთი ადამიანი შეეცდება ამ მავნე ჩვევის მოშორებას, იეჰოვა დააფასებს მის მცდელობას და ყოველმხრივ დაეხმარება.

13. როგორ შეგვიძლია გადავეჩვიოთ უხეშად ლაპარაკს?

13 იეჰოვა გვასწავლის, რომ დავაფასოთ ყველა კრებასა თუ ოჯახში და ხელი შევუწყოთ ერთობას. ამას იმით მივაღწევთ, თუ ენას გავაკონტროლებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა . . . მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფეს. 4:29, 31). უხეშად ლაპარაკს რომ გადავეჩვიოთ, სხვების დაფასება და პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. მაგალითად, თუ ქმარი ცოლს უხეშად ელაპარაკება, ის უნდა შეეცადოს, ცოლის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს განსაკუთრებით იმიტომ, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს ქალებს. ღმერთმა ზოგი ქალი წმინდა სულითაც კი სცხო, რომ ქრისტესთან ერთად იმეფონ ზეცაში (გალ. 3:28; 1 პეტ. 3:7). ქალებიც, რომლებიც ხშირად უყვირიან ქმრებს, უნდა შეიცვალონ და გაიხსენონ, როგორ იკავებდა იესო თავს მაშინაც კი, როცა ჰქონდა გაბრაზების მიზეზი (1 პეტ. 2:21—23).

14. რატომ არის სახიფათო განრისხება?

14 გარდა იმისა, რომ ქრისტიანებმა უხეშად ლაპარაკის ჩვევა უნდა მოიშორონ, აუცილებელია, რისხვის დაოკება ისწავლონ. რისხვაც უშლის ხელს კარგ ურთიერთობებს. ის ცეცხლის მსგავსია, რომელიც ადვილად ედება ყველაფერს და ანადგურებს (იგავ. 29:22). შეიძლება ვინმე თვლის, რომ უკმაყოფილება უნდა გამოთქვას, მაგრამ ამ დროს იგი უნდა შეეცადოს თავი ხელში აიყვანოს და რისხვა არ გადმოანთხიოს, რომ ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. ქრისტიანებმა უნდა ისწავლონ მიტევება, წყენა გულში არ ჩაიდონ და აღარასდროს გაიხსენონ (ფსალმ. 37:8; 103:8, 9; იგავ. 17:9). პავლემ ურჩია ეფესოელებს: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). ვინც არ იოკებს რისხვას, ადგილს აძლევს ეშმაკს, რომ კრებაში განხეთქილება შეიტანოს და ერთობა დაარღვიოს.

15. რა მოხდება, თუ ისეთ რამეს მივითვისებთ, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის?

15 კრებაში ერთობას ისიც შეუწყობს ხელს, თუ სხვის საკუთრებას არ მივითვისებთ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს“ (ეფეს. 4:28). იეჰოვას ხალხს შორის ურთიერთნდობაა, მაგრამ თუ ვინმე მიისაკუთრებს ისეთ რამეს, რაც მას არ ეკუთვნის, ეს დაარღვევს ერთობას.

ღვთის სიყვარული გვაერთიანებს

16. როგორ შეგვიძლია აღმშენებლური საუბრებით ხელი შევუწყოთ ერთობას?

16 ქრისტიანული კრების ერთიანობა იმის შედეგია, რომ ყველას გვიყვარს ღმერთი, რაც აღგვძრავს სხვებს სიყვარულით მოვექცეთ. ჩვენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელიც ჩვენდამი სიკეთეს ავლენს. ეს გვიბიძგებს, გავითვალისწინოთ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევა: „თქვენი პირიდან . . . მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს . . . კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:29, 32). იეჰოვა გვპატიობს არასრულყოფილ ადამიანებს ცოდვებს, ამიტომ ჩვენც გვმართებს ვაპატიოთ სხვებს შეცდომები.

17. რატომ უნდა ვცდილობდეთ ერთიანობის მთელი გულით შენარჩუნებას?

17 ღვთის ხალხის ერთობა განადიდებს იეჰოვას. ღვთის სული სხვადასხვაგვარად გვეხმარება, ხელი შევუწყოთ ერთობას. ჩვენ არ გვსურს, შევეწინააღმდეგოთ ამ სულს. პავლემ დაწერა: „ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმინდა სულს“ (ეფეს. 4:30). ერთიანობა ძღვენია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ხარობს, ვინც ერთობას ინარჩუნებს და განადიდებს იეჰოვას. „ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფეს. 5:1, 2).

როგორ უპასუხებთ?

• რა თვისებები ეხმარება ქრისტიანებს ერთობის შენარჩუნებაში?

• როგორ უწყობს ხელს ჩვენი საქციელი ერთობას?

• როგორ გვეხმარება ჩვენი მეტყველება, გავიხაროთ სხვებთან კარგი ურთიერთობით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები გაერთიანებულად სცემენ ღმერთს თაყვანს

[სურათი 18 გვერდზე]

გაქვთ გააზრებული, რომ ფლირტი სახიფათოა?