არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“

„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“

„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“

„ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათ. 23:9, 10).

1. ვის ცნობენ იეჰოვას მოწმეები თავის წინამძღოლად, და რატომ?

ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს ჰყავთ წინამძღოლები, მაგალითად კათოლიკურ ეკლესიას რომის პაპი ხელმძღვანელობს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი არაერთი პატრიარქი თუ მიტროპოლიტი. იეჰოვას მოწმეები არც ერთ ადამიანს არ აღიარებენ თავიანთ წინამძღოლად და არც არავის მიმდევრები ხდებიან. ამით სრულდება იეჰოვას წინასწარმეტყველება თავისი ძის, იესოს შესახებ: „აი, მოწმედ მივეცი იგი ერებს, წინამძღოლად და მეთაურად მივეცი ერებს“ (ეს. 55:4). ცხებული ქრისტიანებისა და მათი თანამსახური „სხვა ცხვრისგან“ შემდგარი საერთაშორისო კრება იეჰოვას მიერ დანიშნული წინამძღოლის გარდა არავის ცნობს (იოან. 10:16). ისინი ეთანხმებიან იესოს სიტყვებს: „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათ. 23:10).

ისრაელის სულიერი მთავარი

2, 3. რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღვთის ძემ ისრაელის ცხოვრებაში?

2 ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე საუკუნეებით ადრე იეჰოვამ თავის ხალხს, ისრაელს უთხრა, რომ ანგელოზი წაუძღვებოდათ. ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ იეჰოვამ მათ მიმართა: „ანგელოზს წაგიმძღვარებ, რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე. იფრთხილე მის წინაშე და მოუსმინე მის ხმას. არ ეურჩო მას, არ გაპატიებს ცოდვას, რადგან მასშია ჩემი სახელი“ (გამ. 23:20, 21). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს ანგელოზი, რომელშიც იეჰოვას სახელია, ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო.

3 ადამიანად დაბადებამდე ღვთის ძეს მიქაელი ერქვა. წიგნ „დანიელში“ მიქაელს ეწოდება „[დანიელის ხალხის, ისრაელის] მთავარი“ (დან. 10:21). როგორც მოწაფე იუდამ აღნიშნა, მიქაელი დანიელის დღეებამდე ისრაელის საქმეებში მათსავე სასარგებლოდ ერეოდა. მოსეს სიკვდილის შემდეგ სატანას, როგორც ჩანს, უნდოდა, რომ მოსეს სხეული ბოროტი განზრახვით გამოეყენებინა და ისრაელი კერპთაყვანისმცემლობაში ჩაეთრია. მიქაელმა ხელი შეუშალა სატანას თავისი მიზნის მიღწევაში. იუდა წერს: «მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: „იეჰოვამ შეგრისხოს“» (იუდ. 9). მოგვიანებით, სანამ ისრაელი იერიხონს აიღებდა, იესო ნავეს ძეს უეჭველად მიქაელი, „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“ გამოეცხადა და ღვთის მხარდაჭერაში დაარწმუნა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 5:13—15 ). როდესაც ერთ-ერთი სამეფოს მმართველი დემონი ცდილობდა, შეეჩერებინა ანგელოზი, რომ მას წინასწარმეტყველ დანიელისთვის მნიშვნელოვანი ცნობა არ გადაეცა, მთავარანგელოზმა მიქაელმა დახმარება აღმოუჩინა ამ ანგელოზს (დან. 10:5—7, 12—14).

ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლის გამოჩენა

4. რა წინასწარმეტყველური ცნობა გადასცეს დანიელს მესიის გამოჩენის შესახებ?

4 სანამ მმართველი დემონი ანგელოზისთვის ხელის შეშლას შეეცდებოდა, იეჰოვამ ანგელოზ გაბრიელის მეშვეობით დანიელს წინასწარმეტყველური ცნობა გადასცა იმის შესახებ, რომ გამოჩნდებოდა „მესია, წინამძღოლი“ (დან. 9:21—25). * ზუსტად ნაწინასწარმეტყველებ დროს, ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე, იესო იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. მასზე წმინდა სული გადმოვიდა და გახდა ცხებული — ქრისტე, მესია (მათ. 3:13—17; იოან. 1:29—34; გალ. 4:4). ქრისტე შეუდარებელი წინამძღოლი იქნებოდა.

5. როგორ ცხადყო იესომ დედამიწაზე მსახურების დროს, რომ საუკეთესო წინამძღოლი იყო?

5 დედამიწაზე მსახურების დაწყებისთანავე იესომ ცხადყო, რომ მართლაც „მესია, წინამძღოლი“, იყო. მას სულ რაღაც რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა მსახურება, როცა შეკრიბა მოწაფეები და პირველი სასწაული მოახდინა (იოან. 1:35—2:11). მოწაფეები მას ყველგან დაჰყვებოდნენ, სადაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (ლუკ. 8:1). იესომ ასწავლა მათ, როგორ უნდა ექადაგათ. ის ნებისმიერ სიტუაციაში იწყებდა ქადაგებას და ამ საქმისთვის ძალებს არ ზოგავდა, რითაც კარგ მაგალითს აძლევდა მოწაფეებს (ლუკ. 9:1—6). კარგი იქნება, თუ ქრისტიანი უხუცესებიც მიჰბაძავენ მას.

6. კიდევ რით აჩვენა ქრისტემ, რომ ის კარგი მწყემსი და წინამძღოლი იყო?

6 იესომ მოსიყვარულე მწყემსს შეადარა თავი და ამით ყურადღება გაამახვილა, კიდევ რა თვისება უნდა ჰქონდეს წინამძღოლს. აღმოსავლელი მწყემსები ფარას წინ მიუძღოდნენ. თავის წიგნში უილიამ ტომსონი წერს: „მწყემსი ცხვარს მხოლოდ იმ მიზნით კი არ მიუძღოდა წინ, რომ გზა გაეკვლია მათთვის, არამედ მოსალოდნელი საფრთხისგანაც დაეცვა . . . მას ფარა მწვანე საძოვრებზე მიჰყავდა და იცავდა მტაცებლებისგან“ (In The Land and the Book). იესო რომ მოსიყვარულე მწყემსი და კარგი წინამძღოლი იყო, მისივე სიტყვებიდან ჩანს: „მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის . . . ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“ (იოან. 10:11, 27). იესომ მართლაც თავი გასწირა თავისი ცხვრებისთვის. იეჰოვამ ის „აამაღლა მეთაურად და მხსნელად“ (საქ. 5:31; ებრ. 13:20).

ქრისტიანული კრების ზედამხედველები

7. რისი მეშვეობით ხელმძღვანელობს იესო ქრისტიანულ კრებებს?

7 ზეცაში ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე მკვდრეთით აღმდგარმა იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათ. 28:18). იესომ წმინდა სული მიიღო მამისგან, რათა განემტკიცებინა მოწაფეები (იოან. 15:26). მან მოწაფეებზე ეს სული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გადმოაფრქვია (საქ. 2:33). სწორედ წმინდა სულით ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება. იეჰოვამ ზეცაში თავის ძეს მისცა ძალაუფლება, რომ ხელმძღვანელობა გაეწია კრებებისთვის დედამიწაზე (წაიკითხეთ ეფესოელების 1:22; კოლოსელების 1:13, 18). იესო ქრისტიანულ კრებას იეჰოვას წმინდა სულით ხელმძღვანელობს და ანგელოზები, რომლებიც მას „ღმერთმა დაუმორჩილა“, მასთან თანამშრომლობენ (1 პეტ. 3:22).

8. ვისი მეშვეობით უწევდა იესო პირველ საუკუნეში კრებებს ხელმძღვანელობას, და ვის იყენებს დღეს?

8 იესომ აგრეთვე წმინდა სულით მისცა კრებებს „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომელთაგანაც ზოგი „მწყემსი და მასწავლებელია“ კრებაში (ეფეს. 4:8, 11). მოციქულმა პავლემ ქრისტიან ზედამხედველებს მოუწოდა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება“ (საქ. 20:28). თავდაპირველად ქრისტიანულ კრებაში ყველა ზედამხედველი ცხებული ქრისტიანი იყო. ხელმძღვანელი საბჭო იერუსალიმის კრების მოციქულებისა და უხუცესებისგან შედგებოდა. ქრისტე ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით უწევდა ზედამხედველობას ყველა ცხებულ ძმას დედამიწაზე (ებრ. 2:11; საქ. 16:4, 5). ამ ბოლო დღეებში იესომ „მთელი თავისი ქონება“, ანუ ყველაფერი, რაც დედამიწაზე ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება, ჩააბარა „ერთგულ და გონიერ მონას“, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს (მათ. 24:45—47). ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურ სხვა ცხვარს ესმით, რომ თანამედროვე ხელმძღვანელი საბჭოს მორჩილებით თავიანთ წინამძღოლს, ქრისტეს ემორჩილებიან.

ქრისტე უძღვება სამქადაგებლო საქმეს

9, 10. როგორ წარმართა ქრისტემ სამქადაგებლო საქმე ისე, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელებულიყო?

9 სამქადაგებლო საქმიანობას იესომ ჩაუყარა საფუძველი. მან ისე ორგანიზებულად წარმართა ეს საქმიანობა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელდა. დედამიწაზე მსახურების დროს მან მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: «არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში, არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:5—7). იესოს მოწაფეებმა იუდეველებსა და პროზელიტებს შორის განსაკუთრებით ახ. წ. 33 წლიდან დაიწყეს დიდი ენთუზიაზმით ქადაგება (საქ. 2:4, 5, 10, 11; 5:42; 6:7).

10 მოგვიანებით, წმინდა სულის დახმარებით იესომ გააფართოვა სამქადაგებლო საქმე — სასიხარულო ცნობა სამარიელებსაც ექადაგათ და სხვა არაიუდევლებსაც (საქ. 8:5, 6, 14—17; 10:19—22, 44, 45). სასიხარულო ცნობა რომ ერებს შორის გავრცელებულიყო, იესომ თავად აირჩია ტარსოსელი სავლე და ქრისტიანად აქცია. იესომ თავის მოწაფეს, ანანიას დაავალა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს . . . წადი, ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ (საქ. 9:3—6, 10, 11, 15). ეს მამაკაცი მოციქული პავლე გახდა (1 ტიმ. 2:7).

11. როგორ გააფართოვა იესომ წმინდა სულის მეშვეობით სამქადაგებლო საქმიანობა?

11 როდესაც არაიუდევლებს შორის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების დრო დადგა, ღვთის სულმა პავლე მისიონერულ მოგზაურობაში გაგზავნა მცირე აზიასა და ევროპაში. წიგნ „საქმეებში“ ლუკა წერს: «როცა ისინი [სირიის ანტიოქიის კრების ქრისტიანი წინასწარმეტყველები და მასწავლებლები] საჯაროდ ემსახურებოდნენ იეჰოვას და მარხულობდნენ, წმინდა სულმა უთხრა მათ: „ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის გამოყავით, რომლისთვისაც მოვუწოდე“. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს» (საქ. 13:2, 3). იესომ ტარსოსელ სავლეს თავისი „რჩეული ჭურჭელი“ უწოდა, რომელიც მის სახელს ერებს ამცნობდა. როგორც ვხედავთ, ამჯერადაც კრების თავის, ქრისტეს ხელმძღვანელობით გაფართოვდა სამქადაგებლო საქმიანობა. პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს აშკარად გამოჩნდა, რომ იესო წმინდა სულით ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ „იესოს სული“, ანუ წმინდა სულით აღძრული იესო აძლევდა მითითებას პავლესა და მის თანამშრომლებს, სად და როდის უნდა წასულიყვნენ. სწორედ ხილვაში ნახა პავლემ, რომ ევროპისკენ უნდა აეღოთ გეზი (წაიკითხეთ საქმეების 16:6—10).

იესო ხელმძღვანელობს კრებებს

12, 13. როგორ ჩანს წიგნ „გამოცხადებიდან“, რომ იესო გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს თითოეულ კრებას პირველ საუკუნეში?

12 იესო გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს პირველი საუკუნის კრებებს, რომლებიც სულით ცხებული ქრისტიანებისგან შედგებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რა სულიერი მდგომარეობა იყო თითოეულ კრებაში, რაც აშკარად ჩანს „გამოცხადების“ მე-2 და მე-3 თავებიდან. იგი ასახელებს შვიდ კრებას, რომელიც მცირე აზიაში არსებობდა (გამოცხ. 1:11). აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ იესომ იმ დროს არსებული სხვა კრებების სულიერი მდგომარეობაც კარგად იცოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 2:23).

13 იესომ შეაქო ზოგი კრება, რადგან მოთმინებას ავლენდნენ, განსაცდელების დროს ერთგულებას ინარჩუნებდნენ, მის მითითებებს მიჰყვებოდნენ და განდგომილებთან არ ჰქონდათ ურთიერთობა (გამოცხ. 2:2, 9, 13, 19; 3:8). მაგრამ მან გაკიცხა რამდენიმე კრება იმის გამო, რომ გაუნელდათ ღვთის სიყვარული, შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, სიძვასა თუ სექტანტობას (გამოცხ. 2:4, 14, 15, 20; 3:15, 16). იესო, მოსიყვარულე მწყემსი, მათაც კი, ვისაც მკაცრად შეაგონებდა, ეუბნებოდა: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხ. 3:19). მართალია, იესო დღეს ზეცაშია, მაგრამ კრებებს ღვთის სულის მეშვეობით ხელმძღვანელობს. ბოლოს, ის ასეთი სიტყვებით მიმართავს კრებებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხ. 3:22).

1416. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ იეჰოვას ხალხის უშიშარი წინამძღოლი იყო დედამიწაზე? ბ) რა შედეგი მოაქვს იმას, რომ იესო, თავისი დანაპირებისამებრ, „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ მოწაფეების გვერდით იქნებოდა? გ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

14 ჩვენ დავინახეთ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი (იესო) ისრაელის უშიშარი წინამძღოლი იყო. მოგვიანებით, პირველ საუკუნეში იგი თავისი ერთგული მოწაფეების მოსიყვარულე მწყემსი და წინამძღოლი გახდა. დედამიწაზე მსახურების დროს მან ჩაუყარა საფუძველი სამქადაგებლო საქმეს და აღდგომის შემდეგ გამუდმებით ადევნებს თვალს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებას დედამიწაზე.

15 იესომ წმინდა სულის დახმარებით სამქადაგებლო საქმიანობა დედამიწის კიდეებამდე გააფართოვა. ზეცაში ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:12). ქრისტეს ხელმძღვანელობით პირველ საუკუნეში გრანდიოზული საქმე შესრულდა — მთელ დედამიწას ემცნო სასიხარულო ცნობა (კოლ. 1:23).

16 იესომ აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა ბოლო დღეებამდე გაგრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს ქადაგება და ყველა ერიდან მოწაფეების მომზადება დაავალა, შეჰპირდა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). 1914 წელს იესოს სამეფო ძალაუფლება მიეცა. მას შემდეგ ის უფრო მეტად უდგას მხარში თავის მიმდევრებს და უფრო აქტიურად ხელმძღვანელობს კრებებს. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ამ წინასწარმეტყველების შესახებ მეტი რომ გაიგოთ, იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, მე-11 თავი.

გასამეორებელი კითხვები

• როგორ ცხადყო ღვთის ძემ, რომ ისრაელის უშიშარი წინამძღოლი იყო?

• რისი მეშვეობით ხელმძღვანელობს ქრისტე კრებებს დედამიწაზე?

• როგორ ხელმძღვანელობს იესო სასიხარულო ცნობის ქადაგებას?

• რა აჩვენებს, რომ ქრისტე გულდასმით აკვირდება თითოეული კრების სულიერ მდგომარეობას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

„ანგელოზს წაგიმძღვარებ“

[სურათი 23 გვერდზე]

როგორც ძველად, ისე დღესაც ქრისტე თავისი ფარის დასამწყემსად იყენებს „ძღვენს ადამიანთა სახით“