არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1 რატომ?

1 რატომ?

ლოცვა

1 რატომ?

ლოცვა ერთ-ერთია იმ საკითხთა შორის, რომელიც ადამიანებში დიდ ინტერესს იწვევს. მოდი ვიმსჯელოთ იმ შვიდ ძირითად კითხვაზე, რომლებიც ადამიანებს ლოცვასთან დაკავშირებით უჩნდებათ, და ერთად გამოვიკვლიოთ ბიბლიური პასუხები ამ კითხვებზე. ეს სტატიები დაგეხმარებათ, დაიწყოთ ლოცვა ან თუ ლოცულობთ, გააუმჯობესოთ თქვენი ლოცვები.

ლოცვა მრავალი კულტურისა და რელიგიის განუყოფელი ნაწილია. ზოგი მარტო ლოცულობს, ზოგი ჯგუფურად. სალოცავად ზოგი ეკლესიაში მიდის, ზოგი ტაძარში, ზოგი სინაგოგასა თუ მეჩეთში. ლოცვისთვის ყველა სხვადასხვა რამეს იყენებს — ხალიჩას, კრიალოსანს, სალოცავ ბორბალს, ხატებს, ლოცვანს ან დაფებზე დაწერილ ლოცვებს, რომლებსაც კედლებზე ჰკიდებენ.

დედამიწაზე მცხოვრები სხვა ყველა ცოცხალი არსებისგან ადამიანი იმით განსხვავდება, რომ შეუძლია ღმერთს ლოცვით მიმართოს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველებთან ბევრი რამ გვაქვს საერთო. მაგალითად, მათ მსგავსად ჩვენც გვჭირდება საკვები, ჰაერი და წყალი; ჩვენც ვიბადებით, ვცოცხლობთ და ვკვდებით (ეკლესიასტე 3:19). მაგრამ ლოცვით მხოლოდ ჩვენ ვლოცულობთ. რატომ?

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენში ჩადებულია ამის მოთხოვნილება. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ლოცვა არის საშუალება, რომელიც ადამიანს აკავშირებს სულიერ სამყაროსთან ანუ იმასთან, რასაც ის წმინდად და მარადიულად მიიჩნევს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანი შექმნილია ზებუნებრივ ძალასთან დაკავშირების სურვილით (ეკლესიასტე 3:11). იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

მაშ, სხვა რით შეიძლება აიხსნას ამდენი რელიგიური ნაგებობისა თუ ნივთის არსებობა და ლოცვაში გატარებული უამრავი საათი, თუ არა სულიერისკენ ადამიანის სწრაფვით? ზოგი სულიერი წყურვილის მოკვლას საკუთარი ძალებით ცდილობს, ზოგი — სხვების დახმარებით. მაგრამ, ალბათ, არაერთხელ გიგრძვნიათ, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ საკმაოდ უმწეოები და წინდაუხედავები ვართ. გარდა ამისა, ჩვენი სიცოცხლეც საკმაოდ ხანმოკლეა. მხოლოდ მას, ვინც მარადიულია, ჩვენზე ბრძენი და ძლიერია შეუძლია მოგვცეს ის, რაც გვჭირდება. რა არის სულიერი მოთხოვნილება, რომელიც ლოცვისკენ აღგვძრავს?

არასდროს გიგრძვნიათ, რომ გჭირდებათ სწორი მიმართულება, გონივრული რჩევა ან კითხვებზე პასუხი, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ მოგცემთ? არ გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ ვინმემ განუგეშოთ, როცა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო იტანჯებით? ან რჩევა მოგცეთ, როცა რთული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ? ან გაპატიოთ დანაშაული, როცა სინდისი გქენჯნით?

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს ყველაფერი ლოცვისთვის კარგ საბაბს გვაძლევს. ამ საკითხში ყველაზე სანდო წიგნი ბიბლიაა, რომელშიც მრავალი ერთგული ადამიანის ლოცვაა ჩაწერილი. ისინი ლოცვით ითხოვდნენ ნუგეშს, ხელმძღვანელობას, პატიებას და პასუხს ურთულეს კითხვებზე (ფსალმუნი 23:3; 71:21; დანიელი 9:4, 5, 19; აბაკუმი 1:3).

მართალია, ეს მლოცველები სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ მათ რაღაც საერთოც ჰქონდათ. მათი ლოცვა შესმენილ იქნა, რადგან გამოირჩეოდა იმით, რასაც დღეს ბევრი ყურადღებას არ აქცევს. მათ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიემართათ ლოცვით.