არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3 როგორ?

3 როგორ?

ლოცვა

3 როგორ?

მრავალ რელიგიაში ლოცვის ისეთ გარეგნულ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორებიცაა პოზა, სიტყვები და რიტუალები. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გარეგნულ მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვლოცულობთ.

ბიბლიაში აღწერილია მრავალი შემთხვევა, როცა ღვთის ერთგული მსახურები სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პოზაში ლოცულობდნენ. სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგი ჩუმად ლოცულობდა, ზოგიც — ხმამაღლა. ლოცვისას ზოგს ცისკენ ჰქონდა თვალები აპყრობილი, ზოგი კი მიწაზე იყო დამხობილი. ლოცვის დროს მათ არც ხატები სჭირდებოდათ, არც კრიალოსნები და არც ლოცვების წიგნები. ისინი მთელი გულით, საკუთარი სიტყვებით ლოცულობდნენ. რატომ იყო ღვთისთვის მისაღები მათი ლოცვები?

როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ისინი ლოცვით მხოლოდ ერთ ღმერთს, იეჰოვას მიმართავდნენ. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც 1 იოანეს 5:14-შია ჩაწერილი: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის ნებისამებრ უნდა ვილოცოთ. რას ნიშნავს ეს?

ღვთის ნებისამებრ რომ ვილოცოთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რა არის ღვთის ნება. ასე ლოცვას კი ბიბლიის გამოკვლევის გარეშე ვერ შევძლებთ. ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვებს არ შეისმენს, თუ მეცნიერივით არ გამოვიკვლევთ ბიბლიას? არა. ღმერთს სურს, რომ გავიგოთ მისი ნება და მის შესაბამისად ვიცხოვროთ (მათე 7:21—23). ლოცვისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ.

რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვასა და მისი ნების შესახებ, მით უფრო იზრდება ჩვენი რწმენა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლოცვისთვის. იესომ თქვა: „ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მათე 21:22). რწმენა გულუბრყვილოდ ყველაფრის დაჯერებას არ ნიშნავს. ამაში იგულისხმება უხილავის დაჯერება, რომლის არსებობაც უტყუარი ფაქტებით დასტურდება (ებრაელები 11:1). ბიბლიაში უამრავი მტკიცებაა იმისა, რომ იეჰოვა, რომელსაც ვერ ვხედავთ, რეალური და სანდოა. ის მზად არის, შეისმინოს მათი ლოცვა, ვინც მას რწმენით მიმართავს. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ვთხოვოთ ღმერთს, მოგვცეს მეტი რწმენა და ისიც სიამოვნებით მოგვცემს იმას, რაც გვჭირდება (ლუკა 17:5; იაკობი 1:17).

ლოცვის დროს იესოს შემდეგი სიტყვებიც უნდა გავითვალისწინოთ: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). აქედან გამომდინარე, მამასთან, ანუ იეჰოვასთან, მიახლოებას იესოს გარეშე ვერ შევძლებთ. ამიტომ ეუბნებოდა იესო თავის მიმდევრებს, რომ მისი სახელით ელოცათ (იოანე 14:13; 15:16). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოცვით იესოს უნდა მივმართოთ. ჩვენ უბრალოდ იესოს სახელით ვლოცულობთ, რადგან გვახსოვს, რომ მხოლოდ მისი წყალობით შეგვიძლია მივუახლოვდეთ ჩვენს სრულყოფილ და წმინდა მამას.

ერთხელ იესოს უახლოესმა მიმდევრებმა სთხოვეს: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). ფაქტია, მათ უფრო მეტი აინტერესებდათ, ვიდრე ლოცვისთვის აუცილებელი ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. მათ აინტერესებდათ, თუ რის შესახებ უნდა ელოცათ.

[ჩანართი 6 გვერდზე]

ღმერთი ჩვენს ლოცვებს იმ შემთხვევაში შეისმენს, თუ მისი ნებისამებრ, რწმენით და იესოს სახელით მივმართავთ