არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ლოცვების მომსმენი“

„ლოცვების მომსმენი“

დაუახლოვდით ღმერთს

„ლოცვების მომსმენი“

1 მატიანე 4:9, 10

ნამდვილად პასუხობს იეჰოვა ღმერთი თავის ერთგულ თაყვანისმცემელთა ლოცვებს? ბიბლიაში მოხსენიებული იაბეცის შემთხვევა, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, ადასტურებს, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენია“ (ფსალმუნი 65:2). იაბეცის შესახებ თხრობა ბიბლიაში ერთი შეხედვით შეუფერებელ ადგილას იწყება, კერძოდ, „პირველი მატიანეს“ წიგნის შესავალში ჩაწერილ საგვარეულო ნუსხაში. მოდით, განვიხილოთ 1 მატიანეს 4:9, 10.

იაბეცის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ამ ორ მუხლში გვხვდება. მე-9 მუხლის თანახმად, დედამისმა მას „იაბეცი დაარქვა . . . და თქვა, ტკივილით გავაჩინეო“. * რატომ შეარჩია დედამისმა ეს სახელი? მისი გაჩენისას ჩვეულებრივზე მეტი ტკივილის ატანა ხომ არ მოუწია? თუ ქვრივი იყო და იმას ჩიოდა, რომ ბავშვის დაბადებით მისმა ქმარმა ვეღარ გაიხარა? ამის შესახებ ბიბლია არაფერს გვეუბნება. მაგრამ გავიდოდა დრო და ის იამაყებდა თავისი ვაჟით. შესაძლოა იაბეცის ძმებიც მართალი ადამიანები იყვნენ, მაგრამ „იაბეცი თავის ძმებზე პატივდებული იყო“.

იაბეცი ხშირად და მთელი გულით ლოცულობდა. ერთხელ ლოცვისას მან ღმერთს ჯერ კურთხევა სთხოვა, შემდეგ კი სამი რამ, რითაც აჩვენა, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდა.

პირველ რიგში მან ღმერთს სთხოვა, განევრცო მისი მიწა (მუხლი 10). ეს კეთილშობილი ადამიანი არ იყო ხარბი და სხვისი ქონების მისაკუთრებაზე არ ფიქრობდა. მისი გულწრფელი თხოვნა უფრო ხალხს ეხებოდა, ვიდრე მიწას. ის შესაძლოა ღმერთს სთხოვდა, რომ საზღვრები მშვიდობიანი გზით გაეფართოვებინა, რათა ამ ტერიტორიებზე უფრო მეტ ღვთისმოშიშ ადამიანს ეცხოვრა. *

იაბეცის მეორე სათხოვარი ის იყო, რომ ღვთის „ხელი“ ყოფილიყო მასთან. ღვთის სიმბოლური ხელი მისი ძალაა, რომელსაც ის თავისი თაყვანისმცემლების დასახმარებლად იყენებს (1 მატიანე 29:12). თავის სათხოვარზე პასუხს იაბეცი ღვთისგან მოელოდა, რომლის ხელიც არ არის მოკლე მათთვის, ვისაც ის სწამს (ესაია 59:1).

იაბეცმა ლოცვაში ღმერთს ისიც სთხოვა, რომ უბედურებისგან დაეცვა. როგორც ჩანს, სიტყვებით „რომ მან არაფერი მავნოს“, იაბეცი ღმერთს იმას კი არ სთხოვდა, რომ უბედურება აერიდებინა მისთვის, არამედ გაჭირვების ან განსაცდელის დროს ძალა მიეცა ყოველივეს ასატანად.

იაბეცის ლოცვიდან გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. მის სიტყვებში ლოცვების მომსმენისადმი ნდობაც და რწმენაც გამოვლინდა. როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას? ეს მოკლე ისტორია ასეთი სიტყვებით მთავრდება: „ღმერთმაც შეუსრულა მას სათხოვარი“.

ლოცვების მომსმენი არ შეცვლილა. მას სიხარულს ანიჭებს თავისი თაყვანისმცემლების ლოცვები. ვინც ენდობა იეჰოვას და სწამს მისი, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 სახელი იაბეცი მომდინარეობს სიტყვიდან, რომლის ფუძეც ტკივილს ნიშნავს.

^ აბზ. 7 წმინდა წერილებში ჩაწერილ იაბეცის სიტყვებს თარგუმი ასეთ პერიფრაზირებას უკეთებს: „მაკურთხე შვილებით და განავრცე ჩემი საზღვრები მოწაფეებით“.