არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუბრები ბიბლიურ თემებზე რა არის სულიწმიდა?

საუბრები ბიბლიურ თემებზე რა არის სულიწმიდა?

საუბრები ბიბლიურ თემებზე რა არის სულიწმიდა?

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ესაუბრებიან ადამიანებს ბიბლიურ საკითხებზე. გაგჩენიათ კითხვები ბიბლიიდან, რომლებზეც პასუხის მიღებას ისურვებდით? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვას მოწმე სკოტი ესაუბრება მამაკაცს, სახელად ბრედს.

რას გულისხმობთ სულიწმიდაში?

ბრედი: როგორც ვიცი, იეჰოვას მოწმეები არ არიან ქრისტიანები და არც სულიწმიდის სწამთ.

სკოტი: პირველ რიგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. სწორედ იესო ქრისტესადმი რწმენამ მომიყვანა ამ დილას თქვენს კარებთან, რადგან იესომ დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ექადაგათ. მაგრამ მაინტერესებს, რას გულისხმობთ სულიწმიდაში?

ბრედი: სულიწმიდა არის სამების მესამე წევრი, დამხმარე, რომლის გამოგზავნასაც იესო დაგვპირდა. მინდა სულიწმიდის მხარდაჭერას ვგრძნობდე. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

სკოტი: ბევრი თქვენსავით ფიქრობს. მე პირადად მქონდა საშუალება, რომ გამომეკვლია, რა წერია ბიბლიაში ამ საკითხზე. თუ გაქვთ რამდენიმე წუთი, სიამოვნებით გაგიზიარებთ იმას, რაც თავად გავიგე.

ბრედი: დიახ, რამდენიმე წუთი მცალია.

სკოტი: სხვათა შორის, მე სკოტი მქვია. თქვენ?

ბრედი: ბრედი. სასიამოვნოა.

სკოტი: ჩემთვისაც სასიამოვნოა, ბრედ. ბევრ დროს არ წაგართმევთ. მინდა ერთ კონკრეტულ საკითხს შევეხო. თქვენ აღნიშნეთ, რომ სულიწმიდა არის იესოს მიერ დაპირებული დამხმარე. მე გეთანხმებით, მაგრამ თქვენი აზრით, სულიწმიდა ღვთის თანასწორი პიროვნებაა?

ბრედი: დიახ, ყოველ შემთხვევისთვის მე ასე ვიცი.

პიროვნებაა სულიწმიდა?

სკოტი: მოდით, ბიბლიაში ვნახოთ ერთი მონაკვეთი, რომელიც იმის დადგენაში დაგვეხმარება, არის თუ არა სულიწმიდა პიროვნება. შეიძლება თქვენთვის ნაცნობია ეს ბიბლიური მუხლები. საქმეების 2:1—4-ში წერია: „ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ყველანი ერთად იყვნენ. უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე. აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ“.

ბრედი: დიახ, ეს ისტორია ნაცნობია ჩემთვის.

სკოტი: თქვენ როგორ ფიქრობთ, ბრედ, შეიძლება ერთი პიროვნება მეორე პიროვნებით აივსოს?

ბრედი: რა თქმა უნდა, არა.

სკოტი: მოდით, იმავე თავში კიდევ ერთი, მე-17 მუხლი ვნახოთ. მუხლის პირველ ნაწილში ვკითხულობთ: „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე“. შეიძლება, რომ ღმერთმა თავისი თანასწორი ღმერთი გადმოღვაროს?

ბრედი: არა მგონია.

სკოტი: იოანე ნათლისმცემელმაც გაამახვილა ყურადღება სულიწმიდაზე მათეს 3:11-ში. გთხოვთ, თავად წაიკითხოთ ეს მუხლი.

ბრედი: „მე წყლით გნათლავთ, რადგან მოინანიეთ, მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო. ის წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ“.

სკოტი: დიდი მადლობა. მიაქციეთ ყურადღება, რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი აქ სულიწმიდაზე?

ბრედი: ის აქ სულიწმიდით ნათლობაზე საუბრობს.

სკოტი: მართალი ბრძანდებით. ალბათ ისიც შენიშნეთ, რომ იოანემ ცეცხლით ნათლობაც მოიხსენია. რასაკვირველია, ცეცხლი პიროვნება არ არის. თქვენი აზრით, ამბობს ეს მუხლი იმას, რომ სულიწმიდა პიროვნებაა?

ბრედი: არა.

სკოტი: იმ მუხლებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ, ჩანს, რომ სულიწმიდა არ არის პიროვნება.

ბრედი: ასე გამოდის.

რა გაგებით არის სულიწმიდა დამხმარე?

სკოტი: ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ სულიწმიდა დამხმარეა. იოანეს 14:26-ში იესომ მას დამხმარე უწოდა. მოდით, ერთად ვნახოთ ეს მუხლი: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“. ზოგი ამ მუხლიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ სულიწმიდა პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია დახმარება და სწავლება.

ბრედი: მართალია, მეც ასე ვიცოდი.

სკოტი: იესომ ამ შემთხვევაში ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა. მაგალითად, ნახეთ, ლუკას 7:35-ში რა თქვა მან სიბრძნეზე: „სიბრძნის სიმართლეს მისი შვილები ამტკიცებენ“. ნიშნავს ეს იმას, რომ სიბრძნე პიროვნებაა და შვილები ჰყავს?

ბრედი: არა. ეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი აზრია.

სკოტი: დიახ, გეთანხმებით. იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ სიბრძნეზე შედეგები მოწმობს. ბიბლიაში ხშირად შეხვდებით ხატოვან გამოთქმებს, მაგალითად გაპიროვნებას, ანუ უსულო საგნების გასულიერებას. ჩვენ ხშირად ყოველდღიურ საუბარშიც ვიყენებთ ასეთ ხატოვან გამოთქმებს. მაგალითად, შეიძლება ვინმემ თქვას, „გააღე ფანჯარა, რომ მზე შემოვიდეს ოთახში“.

ბრედი: ზოგჯერ მეც ვამბობ ასე.

სკოტი: როცა ასე ამბობთ, განა მზეში პიროვნებას გულისხმობთ, რომელიც გინდათ, სახლში შემოვიდეს?

ბრედი: არა, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით არის ნათქვამი.

სკოტი: ასე რომ, როცა იესომ სულიწმიდას დამხმარე და მასწავლებელი უწოდა, ხომ შეიძლებოდა, რომ მას ეს გადატანითი მნიშვნელობით ეთქვა?

ბრედი: შესაძლოა. ეს იმ მუხლებიდანაც გამოჩნდა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ სულიწმიდის გადმოღვრასა და ადამიანების სულიწმიდით მონათვლასთან დაკავშირებით. მაგრამ, მაშ რა არის სულიწმიდა?

რა არის სულიწმიდა?

სკოტი: საქმეების 1:8-ში იესო გვიხსნის, რა არის სულიწმიდა. ხომ არ წაიკითხავდით?

ბრედი: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“.

სკოტი: ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო სულიწმიდას ძალას უკავშირებს. წინა მუხლებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, საიდან მომდინარეობს ეს ძალა?

ბრედი: მამა ღმერთისგან.

სკოტი: მართალია. სულიწმიდა ის ძალაა, რომელიც ღმერთმა სამყაროს შესაქმნელად გამოიყენა. ამას ვიგებთ ბიბლიის პირველი წიგნის დაბადების 1:2-დან: „ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით“. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ „მოქმედ ძალად“ არის ნათარგმნი, აგრეთვე ითარგმნება, როგორც სული. ეს არის უხილავი ძალა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი თავის განზრახვებს ახორციელებს და თავის ნებას გვიმჟღავნებს. მინდა კიდევ ერთი ბიბლიური მუხლი წავიკითხოთ, ლუკას 11:13. გთხოვთ წაიკითხოთ.

ბრედი: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“.

სკოტი: თუ ჩვენი ზეციერი მამა აძლევს სულიწმიდას მას, ვინც სთხოვს, შეიძლება ითქვას, რომ სულიწმიდა მამის თანასწორია?

ბრედი: არა. ვხვდები, რასაც გულისხმობთ.

სკოტი: წეღან მითხარით, ბრედ, რომ ბევრი დრო არ გქონდათ და არ მინდა დიდხანს დაგაყოვნოთ. საუბრის ბოლოს მინდა, ერთი კითხვა დაგისვათ. იმ ბიბლიური მუხლებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ, როგორ ფიქრობთ, რა არის სულიწმიდა?

ბრედი: ღვთის ძალა.

სკოტი: მართალია. იესომ იოანეს 14:26-ში წმინდა სულს გადატანითი მნიშვნელობით უწოდა დამხმარე და მასწავლებელი.

ბრედი: ეს ნამდვილად არ ვიცოდი.

სკოტი: იესოს სიტყვებიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ.

ბრედი: რას?

სკოტი: ჩვენ შეგვიძლია ღმერთს სულიწმიდა ვთხოვოთ, როცა პრობლემები გვაქვს და როცა მის შესახებ ჭეშმარიტების გაგება გვსურს.

ბრედი: საინტერესოა. ამაზე ვიფიქრებ.

სკოტი: წასვლამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ და შეგიძლიათ ამ საკითხზეც იფიქროთ. რადგანაც სულიწმიდა ღვთის მოქმედი ძალაა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ღმერთს შეუძლია ის თავისი ნებისამებრ გამოიყენოს.

ბრედი: რა თქმა უნდა.

სკოტი: მაშ, რატომ არ იყენებს ის ამ უსაზღვრო ძალას იმისათვის, რომ ბოლო მოუღოს დღეს არსებულ ბოროტებასა და ტანჯვას? ოდესმე გიფიქრიათ ამ საკითხზე? *

ბრედი: კი, მიფიქრია.

სკოტი: თუ გსურთ, შემიძლია მომდევნო კვირას, ამავე დროს შემოგიაროთ და ამ საკითხზე ვისაუბროთ.

ბრედი: სიამოვნებით დაგელოდებით.

[სქოლიო]

^ აბზ. 59 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.