არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?

შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?

შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?

„როცა იკრიბებით . . . ყველაფერი აღსაშენებლად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:26).

1. პირველი კორინთელების მე-14 თავის თანახმად, რა მიზანს ემსახურება ქრისტიანული შეხვედრები?

რა კარგი შეხვედრა გვქონდა! ალბათ, შენც გითქვამს მსგავსი რამ კრების შეხვედრის შემდეგ. მართლაც, კრების შეხვედრებზე ძალიან ვმხნევდებით და ეს არც არის გასაკვირი. დღესაც, ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ქრისტიანული შეხვედრების მთავარი მიზანი დამსწრეთა სულიერად გაძლიერებაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში პავლე მოციქული ხაზს უსვამს ქრისტიანული შეხვედრების კონკრეტულ მიზანს. მე-14 თავში ის არაერთხელ აღნიშნავს, რომ კრების შეხვედრის თითოეული ნაწილი იმავე მიზანს — ‘კრების აღშენებას’ უნდა ემსახურებოდეს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:3, 12, 26 ). *

2. ა) რატომ არის კრების შეხვედრები აღმშენებლური? ბ) რა კითხვას გაეცემა ამ სტატიაში პასუხი?

2 ჩვენ ვიცით, რომ კრების შეხვედრები აღმშენებლური და დამრიგებლური ხასიათის უპირველესად იმიტომ არის, რომ მათ ღვთის სული ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ, ყოველი შეხვედრის დაწყებამდე ჩვენს ზეციერ მამა იეჰოვას მთელი გულით ვთხოვთ, თავისი წმინდა სულით აკურთხოს ჩვენი შეკრება. ჩვენ ისიც ვიცით, რომ კრების თითოეულ წევრს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ შეხვედრის პროგრამა, რაც შეიძლება აღმშენებლური იყოს. მაგრამ პირადად რა უნდა გავაკეთოთ, რომ სამეფო დარბაზში ყოველკვირეული შეხვედრები ყოველთვის იყოს სულიერი გამოცოცხლებისა და გამხნევების წყარო?

3. რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული შეხვედრები?

3 ჩვენ განვიხილავთ კრების შეხვედრების ზოგ თავისებურებას, რაც კრების ჩამტარებლებმა უნდა გაითვალისწინონ. აგრეთვე, როგორ შეუძლია მთელ კრებას თითოეული დამსწრის აღშენებაში თავისი წვლილის შეტანა. ეს საკითხი დიდ ინტერესს უნდა იწვევდეს ჩვენში, რადგან კრების შეხვედრები წმინდა შეკრებებია. სინამდვილეში, კრებებზე დასწრება და მათში მონაწილეობის მიღება ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი მხარეა (ფსალმ. 26:12; 111:1; ეს. 66:22, 23).

შეხვედრა, რომლის მიზანიც ბიბლიის შესწავლაა

4, 5. რა არის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის მიზანი?

4 ყველას გვინდა, რომ „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულმა შესწავლამ უშედეგოდ არ ჩაიაროს. კარგად რომ გვესმოდეს ამ შეხვედრის მთავარი მიზანი, მიმოვიხილოთ ზოგიერთი ცვლილება, რაც „საგუშაგო კოშკსა“ და სასწავლო სტატიებს შეეხო.

5 ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემა 2008 წლის 15 იანვრიდან გამოიცემა. მის გარეკანზე მნიშვნელოვან დეტალს შენიშნავთ. კარგად დააკვირდით იმ ჟურნალის გარეკანს, რომელიც ხელში გიკავიათ. კოშკის ქვევით დაინახავთ გადაშლილ ბიბლიას. ეს დამატებული დეტალი ხაზს უსვამს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის მიზანს. მიზანი კი ის არის, რომ ამ ჟურნალის დახმარებით ბიბლია შევისწავლოთ. დიახ, „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ შესწავლაზე ღვთის სიტყვა ‘იხსნება და განიმარტება’, როგორც ეს ძველად, ნეემიას დროს ხდებოდა (ნეემ. 8:8; ეს. 54:13).

6. ა) რა ცვლილება შევიდა „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლ სტატიებში? ბ) რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ტექსტში მითითებული მუხლების გვერდით წერია „წაიკითხეთ“?

6 ვინაიდან ბიბლია ჩვენი მთავარი სახელმძღვანელოა, შესასწავლ სტატიებში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. ზოგ მითითებულ მუხლს გვერდზე მიწერილი აქვს „წაიკითხეთ“. ყველას მოგვიწოდებენ, რომ ეს მუხლები შეხვედრის დროს ჩვენს ბიბლიებში წავიკითხოთ (საქ. 17:11). როცა ღვთის რჩევებს ბიბლიაში საკუთარი თვალით ვკითხულობთ, ის ჩვენზე უფრო ღრმა კვალს ტოვებს (ებრ. 4:12). ამიტომ, წასაკითხი მუხლების ხმამაღლა წაკითხვამდე შეხვედრის ჩამტარებელმა აუდიტორიას საკმარისი დრო უნდა მისცეს მუხლების მოსაძებნად, რათა თავიანთ ბიბლიებში თვალი მიადევნონ.

მეტი დრო გვეძლევა ჩვენი რწმენის გამოსახატავად

7. რა შესაძლებლობა გვეძლევა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს?

7 შესასწავლ სტატიებს კიდევ ერთი ცვლილება შეეხო, კერძოდ, შემცირდა მისი მოცულობა. ამგვარად, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისას, აბზაცების წაკითხვას ნაკლები დრო ეთმობა, კომენტარების გაკეთებას კი — უფრო მეტი. ახლა კრებაში უფრო მეტს აქვს შესაძლებლობა, კომენტარებით საჯაროდ გამოხატოს თავისი რწმენა; აგრეთვე ჩართოს ბიბლიური მუხლები და მოიყვანოს მაგალითები, რომლებშიც ნაჩვენები იქნება, რამდენად ბრძნულია ბიბლიური პრინციპების დაცვა. გარკვეული დრო უნდა დაეთმოს სურათების აღწერასაც (წაიკითხეთ ფსალმუნების 22:22; 35:18; 40:9).

8, 9. რა როლი აკისრია „საგუშაგო კოშკის“ ჩამტარებელს?

8 თუმცა ეს ცვლილება იმ შემთხვევაში მისცემს მეტ ადამიანს განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუ თითოეული მოკლე კომენტარით შემოიფარგლება და წამყვანიც ხშირი კომენტარებისგან თავს შეიკავებს. მაგრამ რა უნდა გააკეთოს შესწავლის ჩამტარებელმა, რომ კომენტარების გაკეთების დროს ზომიერება დაიცვას და შეხვედრა ყველასთვის აღმშენებლური იყოს?

9 განვიხილოთ მაგალითი. კარგად ჩატარებული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა შეიძლება შევადაროთ ლამაზ თაიგულს. დიდი თაიგული მრავალი ცალკეული ყვავილისგან იკვრება. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაც ბევრი სხვადასხვა კომენტარისგან შედგება. როგორც თაიგულში თითოეული ყვავილი ზომითა და ფერით განსხვავდება, ისე შეხვედრებზე გაკეთებული კომენტარები განსხვავდება ერთმანეთისგან სიდიდითა და გადმოცემის სტილით. რა როლი აკისრია „საგუშაგო კოშკის“ ჩამტარებელს? შიგადაშიგ გამოთქმული მისი კომენტარები შეიძლება შევადაროთ თაიგულის გასაფორმებლად აქა-იქ ჩამატებულ მწვანე ტოტებსა თუ ფოთლებს. ასეთი მცენარეები თაიგულში არ ჭარბობს. ისინი თაიგულის გასაფორმებლად და შესაკრავად გამოიყენება. მსგავსად ამისა, წამყვანს უნდა ახსოვდეს, რომ მისი კომენტარები არ უნდა ჭარბობდეს. ისინი აუდიტორიის მიერ წარმოთქმულ იეჰოვას განსადიდებელ კომენტარებს უნდა ავსებდეს და ალამაზებდეს. მართლაც, კრების წევრების მიერ წარმოთქმული მრავალფეროვანი კომენტარები, რასაც წამყვანის მიერ კარგად შერჩეული სიტყვები ემატება, საერთო ჯამში, შესწავლას ლამაზი თაიგულივით მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის.

„ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს . . . ქების მსხვერპლს“

10. რის შესაძლებლობად მიიჩნევდნენ პირველი ქრისტიანები კრების შეხვედრებს?

10 პავლე 1 კორინთელების 14:26—33-ში საუბრობს კრების შეხვედრებზე, რითაც წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ ტარდებოდა პირველ საუკუნეში კრების შეხვედრები. ამ მუხლებზე ერთი ბიბლეისტი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ადრეულ ქრისტიანულ შეხვედრებზე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ თითქმის ყველა მისი წევრი თავს ვალდებულად თვლიდა, თავისი წვლილი შეეტანა კრების შეხვედრების ჩატარებაში და ამას დიდ პატივად მიიჩნევდა. იქ არავინ მიდიოდა იმისათვის, რომ პასიური მსმენელის როლში ყოფილიყო; ისინი იქ არა მარტო მისაღებად მიდიოდნენ, არამედ გასაცემადაც“. მართლაც, პირველი ქრისტიანები კრების შეხვედრებს თავიანთი რწმენის გამოხატვის შესაძლებლობად მიიჩნევდნენ (რომ. 10:10).

11. ა) რა უწყობს ხელს კრების შეხვედრების აღშენებას და რატომ? ბ) რა რჩევები დაგვეხმარება კომენტარების გაუმჯობესებაში? (იხილეთ სქოლიო).

11 შეხვედრებზე ჩვენი რწმენის გამოხატვით დიდი წვლილი შეგვაქვს კრების აღშენებაში. უდავოდ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ რამდენი წელიც არ უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს, ყოველთვის გვსიამოვნებს ჩვენი და-ძმების კომენტარების მოსმენა. ჩვენს გულს ღრმად სწვდება ერთგული ხანდაზმული თანამორწმუნეების კომენტარები. ძალიან გვამხნევებს მზრუნველი უხუცესების კარგად გააზრებული და პრაქტიკული კომენტარები და ბავშვების სპონტანური პასუხები, რომლებიც ღიმილს გვგვრის და რომლებშიც იეჰოვასადმი მათი გულწრფელი სიყვარული ჩანს. აშკარაა, რომ კომენტარებით ყველას შეგვაქვს წვლილი ქრისტიანული შეხვედრების აღშენებაში. *

12. ა) რისი სწავლა შეიძლება მოსესა და იერემიას მაგალითებიდან? ბ) როგორ გვეხმარება ლოცვა კომენტარების გაკეთებაში?

12 თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაუბედავი ადამიანებისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს კომენტარების გაკეთება. თუ შენც მათ რიცხვს მიეკუთვნები, გახსოვდეს, რომ შენი მდგომარეობა უჩვეულო არ არის. ღვთის ერთგული მსახურები, მაგალითად, მოსე და იერემია ფიქრობდნენ, რომ ხალხის წინაშე ვერ ილაპარაკებდნენ (გამ. 4:10; იერ. 1:6). მაგრამ მათ იეჰოვა დაეხმარა მისი სახელის საჯაროდ განდიდებაში და შენც დაგეხმარება, რომ მას ქების მსხვერპლი შესწირო (წაიკითხეთ ებრაელების 13:15 ). რა უნდა გააკეთო, რომ იეჰოვას დახმარებით კომენტარის გაკეთების შიში დაძლიო? უპირველესად, კარგად მოემზადე კრების შეხვედრებისთვის. შემდეგ, სამეფო დარბაზში წასვლამდე ილოცე და იეჰოვას კონკრეტულად სთხოვე, კომენტარის გასაკეთებლად გამბედაობა მოგცეს (ფილ. 4:6). ვინაიდან, იეჰოვას „მისი ნებისამებრ“ სთხოვ, დარწმუნებული იყავი, რომ ის შეისმენს შენს ლოცვას (1 იოან. 5:14; იგავ. 15:29).

შეხვედრები, რომელთა მიზანია ‘აღშენება, გამხნევება და ნუგეშისცემა’

13. ა) რა გავლენას უნდა ახდენდეს კრების შეხვედრები დამსწრეებზე? ბ) რა კითხვა უნდა იქცევდეს უხუცესების განსაკუთრებულ ყურადღებას?

13 პავლე აღნიშნავს, რომ კრების შეხვედრების მნიშვნელოვანი მიზანია დამსწრეთა აღშენება, გამხნევება და ნუგეშისცემა * (1 კორ. 14:3). დღეს რა უნდა გააკეთონ ქრისტიანმა უხუცესებმა, რომ მათი გამოსვლები და-ძმებისთვის გამამხნევებელი და მანუგეშებელი იყოს? პასუხის მისაღებად, გავიხსენოთ შეხვედრა, რომელიც იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომიდან მალევე მოაწყო თავის მოწაფეებთან.

14. ა) რა მოვლენები უძღოდა წინ იესოს შეხვედრას მოციქულებთან? ბ) რატომ იგრძნობდნენ შვებას მოციქულები, როცა „იესო მივიდა მათთან“ და ლაპარაკი დაუწყო?

14 ჯერ გავიხსენოთ ის მოვლენები, რაც წინ უძღოდა იესოსა და მისი მოწაფეების შეხვედრას. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოციქულებმა „მიატოვეს ის და გაიქცნენ“ და, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ‘თავ-თავიანთ სახლებში დაიფანტნენ’ (მარ. 14:50; იოან. 16:32). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ გულდამძიმებული მოციქულები განსაკუთრებულ შეხვედრაზე მიიწვია. * მათ მიიღეს მოწვევა და „თერთმეტი მოწაფე გალილეაში წავიდა იმ მთაზე, სადაც იესომ დაუთქვა“. „იესო მივიდა მათთან“ და ლაპარაკი დაუწყო (მათ. 28:10, 16, 18). წარმოიდგინეთ, რა შვებას იგრძნობდნენ მოციქულები, როცა იესომ ინიციატივა გამოიჩინა მათთან შესახვედრად! რაზე ესაუბრა იესო მოციქულებს?

15. ა) რაზე ესაუბრა და რაზე არ ესაუბრა იესო მოციქულებს? ბ) როგორ იმოქმედა ამ შეხვედრამ მოციქულებზე?

15 იესომ შეხვედრა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „მთელი ძალაუფლება . . . მე მაქვს მოცემული“. შემდეგ მათ დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. ბოლოს ისინი სიყვარულით დაარწმუნა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ (მათ. 28:18—20). შენიშნეთ, რა არ გაუკეთებია იესოს? მას არ უსაყვედურია მოციქულებისთვის და ეს შეხვედრა იმისთვის არ მოუწყვია, რომ მათი მოტივები ეჭვქვეშ დაეყენებინა. მას არც ის შეუხსენებია, რომ რაღაც მომენტში რწმენა არ ეყოთ, და ამგვარად, მოციქულებისთვის დანაშაულის გრძნობა არ გაუმძაფრებია. პირიქით, იესომ მათ სერიოზული დავალება მიანდო, რითაც თავისსა და მამის სიყვარულში დაარწმუნა. როგორ იმოქმედა მოციქულებზე იესოს ასეთმა მიდგომამ? ისინი იმდენად აღშენდნენ, გამხნევდნენ და ნუგეშცემულ იქნენ, რომ ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში, კვლავ „ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42).

16. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს, რომ კრების შეხვედრები ყველასთვის გამომაცოცხლებელი იყოს?

16 დღეს უხუცესები ჰბაძავენ იესოს და შეხვედრებზე თანამორწმუნეებს იეჰოვას ურყევ სიყვარულში არწმუნებენ (რომ. 8:38, 39). როცა აუდიტორიის წინაშე გამოდიან, უხუცესები ძმების ძლიერ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას და არა მათ სისუსტეებზე. ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ ძმების მოტივებს. მათი საუბრებიდან ჩანს, რომ აფასებენ თანამორწმუნეებს, რადგან მათ უყვართ იეჰოვა და სურთ მისი ნების შესრულება (1 თეს. 4:1, 9—12). ცხადია, ზოგჯერ უხუცესებს სცენიდან უწევთ რჩევის მიცემა მთელი კრებისთვის, მაგრამ თუ რჩევას კრებაში რამდენიმე ადამიანი საჭიროებს, უმჯობესია ეს პირად საუბარში გაკეთდეს (გალ. 6:1; 2 ტიმ. 2:24—26). როდესაც აუდიტორიას მიმართავენ, უხუცესების მიზანი სათანადო დროს თანამორწმუნეების შექება უნდა იყოს (ეს. 32:2). ისინი ცდილობენ ისე ილაპარაკონ, რომ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ყველამ თავი გამოცოცხლებულად და გამხნევებულად იგრძნოს (მათ. 11:28; საქ. 15:32).

ნუგეშის წყარო

17. ა) რატომ არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ კრების შეხვედრები ნუგეშის წყარო იყოს? ბ) პირადად რისი გაკეთება შეგიძლია კრების შეხვედრების აღსაშენებლად? (იხილეთ ჩარჩო „ათი რჩევა, შეხვედრები აღმშენებლური რომ იყოს შენთვის და სხვებისთვის“)

17 რაც დრო გადის, სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრება სულ უფრო რთულდება. ამიტომ გვინდა, რომ ქრისტიანული შეხვედრები ჩვენთვის ნუგეშის წყარო იყოს (1 თეს. 5:11). ერთი და, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ქმართან ერთად საშინელი განსაცდელი გადაიტანა, იხსენებს: „სამეფო დარბაზში თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს იეჰოვას ვყავდით ხელში აყვანილი. ქრისტიანი და-ძმების გარემოცვაში ისეთი განცდა გვქონდა, რომ იეჰოვა ჩვენს ტვირთს ატარებდა და შინაგანი სიმშვიდე გვეუფლებოდა“ (ფსალმ. 55:22). თუ გვინდა, რომ კრების შეხვედრები გამამხნევებელი და მანუგეშებელი იყოს, ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქრისტიანული კრების აღშენებაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 წინასწარმეტყველების თანახმად, პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრებისთვის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი გაუქმდებოდა. მაგალითად, ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ „უცხო ენებზე“ და არ ვწინასწარმეტყველებთ (1 კორ. 13:8; 14:5). თუმცა პავლეს მითითებები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს დღეს ქრისტიანული შეხვედრები.

^ აბზ. 11 რჩევები კომენტარების გაუმჯობესების შესახებ, იხილეთ 2003 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 19—22.

^ აბზ. 13 „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ „გამხნევებასა“ და „ნუგეშისცემას“ შორის არსებული სხვაობის შესახებ ამბობს, რომ ბერძნული სიტყვა, რომელიც „ნუგეშისცემად“ ითარგმნა, „ბევრად მეტ სათუთ გრძნობას გამოხატავს, ვიდრე სიტყვა [გამხნევება]“ (შეადარეთ იოანეს 11:19).

^ აბზ. 14 შესაძლოა ეს ის შეხვედრა იყო, რომელზეც მოგვიანებით პავლემ თქვა, რომ იესო „ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას“ (1 კორ. 15:6).

როგორ უპასუხებთ?

• რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული შეხვედრები?

• რატომ ემსახურება კრების აღშენებას შეხვედრებზე გაკეთებული კომენტარები?

• რას ვსწავლობთ იმ შეხვედრიდან, რომელიც იესომ თავის მიმდევრებთან მოაწყო?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათები 22, 23 გვერდებზე]

ათი რჩევა, შეხვედრები აღმშენებლური რომ იყოს შენთვის და სხვებისთვის

წინასწარ მოემზადე. თუ სამეფო დარბაზში განსახილველ მასალას წინასწარ მოამზადებ, პროგრამას უფრო ყურადღებით მოისმენ. ეს კი გონებაში ღრმად ჩაგებეჭდება.

დაესწარი რეგულარულად. კრების შეხვედრა გამამხნევებელია, როცა მას ბევრი ესწრება. ამიტომ შენს იქ ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიდი თავის დროზე. თუ ადგილს პროგრამის დაწყებამდე დაიკავებ, სიმღერასა და ლოცვაში მონაწილეობას მიიღებ, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნაწილია.

თან იქონიე, რაც საჭიროა. თან წაიღე ბიბლია და ყველა ის პუბლიკაცია, რაც შეხვედრის დროს გამოიყენება. ამგვარად, თვალს მიაყოლებ განხილულ მასალას და მას უკეთ ჩასწვდები.

ყურადღება არაფერმა გაგიფანტოს. მაგალითად, ტექსტური შეტყობინებები შეხვედრის შემდეგ წაიკითხე და არა შეხვედრის მსვლელობისას. ამ რჩევის გათვალისწინებით პირად საქმეებს თავის ადგილს მიუჩენ.

მიიღე მონაწილეობა. რაც მეტი გააკეთებს კომენტარს, მით მეტი გამხნევდება და სულიერად აღშენდება რწმენის განმამტკიცებელი მრავალფეროვანი კომენტარებით.

გააკეთე მოკლე კომენტარები. შენი მოკლე კომენტარებით ბევრს მისცემ მონაწილეობის მიღების საშუალებას.

შეასრულე დავალებები. კარგად მოემზადე „თეოკრატიული მსახურების სკოლისა“ და სამსახურებრივი შეხვედრის დავალებებისთვის. წინასწარ გაივარჯიშე და ყველანაირად ეცადე, რომ დავალება არ გააუქმო.

შეაქე მონაწილეები. გამომსვლელებსა და მათ, ვინც კომენტარს აკეთებს უთხარი, რომ მათი ძალისხმევა ძალიან ფასდება.

გქონდეთ ურთიერთობა. შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ თავაზიანი მისალმება და აღმშენებლური საუბარი უფრო სასიამოვნოსა და სასარგებლოს გახდის კრებაზე დასწრებას.