არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რამ აღძრა ყოფილი პარტიზანი და ქურდი, ცხოვრება შეეცვალა? რატომ შეიცვალა სპორტის ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონმა ცხოვრების მიზანი? როგორ დაჯილდოვდა ერთი მამის რწმენა? ვნახოთ, რას ამბობენ თავად ისინი.

„შავბნელი წარსულის მიუხედავად, დღეს ბედნიერი ვარ“ — გარი ამბროსიო

ასაკი: 47

ქვეყანა: ფილიპინები

წარსულში: პარტიზანი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე პატარა ქალაქ ვინტარში. ქალაქი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ვაკე ადგილზე იყო გაშენებული და გარშემო მწვანე მცენარეებით დაფარული მთები ერტყა. იქ ანკარა მდინარეები მოედინებოდა და ჰაერი ძალიან სუფთა იყო. წყნარი გარემოს მიუხედავად, ცხოვრება ჭირდა. ხალხი საქონელს გვპარავდა და სახლს გვიძარცვავდა.

მოზარდობის ასაკში მეგობრებთან ერთად სმას და სიგარეტს მივეჩვიე და ამ ბიწიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად ფულსაც კი ვიპარავდი. საკუთარი ბებიაც არ დავინდე და ძვირფასეულობა მოვპარე. სამხედროებს ეჭვი ჰქონდათ, რომ პარტიზანულ ჯგუფს, „ახალ სახალხო არმიას“ მივეკუთვნებოდი და ხშირად სასტიკად მცემდნენ. ბოლოს იმ ზომამდე მიმიყვანეს, რომ გადავწყვიტე, ამ ჯგუფში მართლა გავერთიანებულიყავი. ხუთი წლის განმავლობაში მთებში ვცხოვრობდი პარტიზანებთან ერთად. მძიმე ცხოვრება გვქონდა. გამუდმებით სამხედროებს გავურბოდით და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით. მთებში ძრომიალით ისე დავიღალე, რომ ბოლოს ერთ-ერთი პროვინციის, ილოკოს ნორტეს გუბერნატორს ჩავბარდი. იგი კეთილად მეპყრობოდა და კარგი სამუშაოს მოძებნაშიც დამეხმარა. თუმცა ჩემს ცუდ ჩვევებს მაინც ვერ ველეოდი — სახლებს ვძარცვავდი და ხალხს ვაშინებდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი ლოიდა იეჰოვას მოწმე იყო. მან ხოვენსიო გამაცნო. მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, თუმცა ძველი ცხოვრების შეცვლა გამიჭირდა. უკანონო საქმეებს კვლავ ჩავდიოდი. სიგარეტს მხოლოდ ბიბლიის შესწავლის დროს არ ვეწეოდი. ბოლოს პოლიციამ კანონდარღვევისთვის დამიჭირა და 11 თვე ციხეში ვიჯექი. ამ დროის მანძილზე მხურვალედ ვლოცულობდი და იეჰოვას პატიებას ვთხოვდი. ვევედრებოდი, რომ წმინდა სულის ძალით ეხელმძღვანელა და გავეძლიერებინე.

გარკვეული დროის შემდეგ, ციხეში ერთმა იეჰოვას მოწმემ მომაკითხა და ბიბლია გადმომცა. წავიკითხე ბიბლია და გავიგე, რომ იეჰოვა მწყალობელი, მოსიყვარულე და ცოდვების მპატიებელი ღმერთია. მივხვდი, რომ იეჰოვამ წყალობა გამოავლინა ჩემდამი და თავისი გზების გაცნობის შესაძლებლობა მომცა. ცუდი ჩვევების მისატოვებლად იეჰოვას ძალა ვთხოვე. ჩემზე ძალიან იმოქმედა იგავების 27:11-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“. ეს სიტყვები ისე მივიღე, თითქოს იეჰოვა პირადად მე მომმართავდა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და ურთიერთობა განვაახლე. ამასთანავე, დავიწყე კრების შეხვედრებზე დასწრება და ბიბლიური პრინციპების გამოყენება. იეჰოვას დახმარებით ცუდი ჩვევები ნელ-ნელა დავძლიე და ღმერთს თავი მივუძღვენი.

კურთხევები: შავბნელი წარსულის მიუხედავად, დღეს ბედნიერი ვარ. ადრე ბიწიერ ჩვევებს ვემონებოდი, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი გავხდი (კოლოსელები 3:9, 10). დღეს პატივი მაქვს, იეჰოვას წმინდა ხალხთან მქონდეს ურთიერთობა და სხვებს ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას გაცნობაში დავეხმარო.

„მინდოდა, ბრაზილიის სახელით გამოვსულიყავი“ — ჟულიანა აპარესიდა სანტანა ესკუდეირუ

ასაკი: 31

ქვეყანა: ბრაზილია

წარსულში: საბრძოლო ხელოვნების ოსტატი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ქალაქ ლონდრინაში. ჩვენი რაიონი სისუფთავითა და სიწყნარით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მცხოვრებთა უმრავლესობა ღარიბი იყო. ათი წლის რომ ვიყავი, უფროსმა ძმამ წამახალისა, მასთან ერთად მეც დავუფლებოდი საბრძოლო ხელოვნებას, კერძოდ, ტაეკვონ-დოს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს, „ხელებისა და ფეხების მიმართულებას“. მამას არ უნდოდა, რომ ამ სპორტზე მევლო, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას მალე შეეგუა და აღარ შემეწინააღმდეგა.

ბევრს ვვარჯიშობდი და პარანას შტატში ბევრ ჩემპიონატში გავიმარჯვე. მოგვიანებით, ეროვნული ჩემპიონატებიც მოვიგე და 1993 წელს ტაეკვონ-დოში ბრაზილიის ჩემპიონი გავხდი. მინდოდა, საერთაშორისო ჩემპიონატებში მეასპარეზა. მაგრამ ჩემი ოჯახი ღარიბი იყო და საზღვარგარეთ გამგზავრების ფული არ ჰქონდა.

იმედი მქონდა, რომ სპორტის ეს სახეობა ოლიმპიური თამაშების სიაში შევიდოდა და ბოლოს ეს ასეც მოხდა. მინდოდა, ოლიმპიადაზე ბრაზილიის სახელით გამოვსულიყავი, ამიტომაც ბევრს ვვარჯიშობდი. მერე დამაფინანსეს კიდეც, რისი წყალობითაც საფრანგეთის, ვიეტნამის, სამხრეთი კორეის, იაპონიისა და სამხრეთი ამერიკის შეჯიბრებებში მივიღე მონაწილეობა. ჩემი მორიგი მიზანი პანამერიკულ თამაშებში მონაწილეობის მიღება იყო. შესარჩევ ტურებში იმდენად კარგად გამოვედი, რომ იმ სპორტსმენთა სამეულში მოვხვდი, რომლებიც 2003 წელს სანტო-დომინგოში (დომინიკელთა რესპუბლიკა) იასპარეზებდნენ.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 2001 წელს მე და ჩემმა შეყვარებულმა იეჰოვას მოწმეები გავიცანით და ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. თავდაპირველად, დიდი ენთუზიაზმით არ ვსწავლობდი. დაღლილობის გამო მიჭირდა კონცენტრირება და შესწავლის დროს ხშირად მეძინებოდა ხოლმე. მაგრამ რასაც ვსწავლობდი, ჩემს გულს სწვდებოდა და ეს აშკარად ვიგრძენი მორიგი დიდი შეჯიბრების დროს.

ვინაიდან პანამერიკულ თამაშებში უნდა მეასპარეზა, მწვრთნელებმა მითხრეს, რომ მოსამზადებელ ტურნირში უნდა გამოვსულიყავი. როცა ჩემი ჯერი დადგა და ტატამზე დავდექი, ასპარეზობის სურვილი საერთოდ დავკარგე. უცბად თავში ასეთმა აზრმა გამიელვა: ქრისტიანი არავისთან არ უნდა ჩხუბობდეს, თუნდაც სპორტში. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘მოყვასი საკუთარი თავივით გვიყვარდეს’ (მათე 19:19). მოვტრიალდი და იქაურობა ისე დავტოვე, სინანულის გრძნობა არ გამჩენია. ხალხი გაოცებული მიყურებდა.

შინ რომ დავბრუნდი, დავჯექი და ჩემს მომავალ ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი. იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ის ბროშურა ავიღე, რომელშიც ირჩეოდა, თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ბროშურაში მითითებული მუხლი, ფსალმუნის 11:5 წავიკითხე, სადაც იეჰოვაზე ნათქვამია: „ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“. ფსალმუნმომღერლის ეს სიტყვები გულზე მომხვდა. გადავწყვიტე, სპორტისთვის თავი დამენებებინა.

მწვრთნელებს არ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება. ისინი ცდილობდნენ, აზრი შემეცვალა და მეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში საუკეთესო ვიყავი და წინ ოლიმპიადა მელოდა. მაგრამ მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია.

ამ დროისთვის მე და ჩემი შეყვარებული უკვე დაქორწინებულები ვიყავით. მოწმეებთან ერთად ჩემი ქმარი უკვე სამქადაგებლო მსახურებაში იღებდა მონაწილეობას. ის სახლში ბედნიერი ბრუნდებოდა და ყველა შემთხვევას მიყვებოდა. ვიცოდი, მასავით მეც რომ მექადაგა, ცხოვრება უნდა შემეცვალა. ჩემი რელიგია მივატოვე და საბოლოოდ, იეჰოვას მოწმედ მოვინათლე.

კურთხევები: მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ მტკიცე ოჯახი გვაქვს, რადგან ბიბლიის პრინციპებს ვიყენებთ. ჩემი ქმარი ბევრს აკეთებს კრებისთვის და მეც მხარში ვუდგავარ. შემეძლო, ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის მებრძოლა და სახელი მომეხვეჭა, მაგრამ ვიცი, რომ ამ უსამართლო ქვეყნიერებამ რაც უნდა შემომთავაზოს, იეჰოვა ღმერთის მსახურებას ვერაფრით შეედრება.

„მამაჩემს ჩემზე ხელი არასოდეს ჩაუქნევია“ — ინგო ციმერმანი

ასაკი: 44

ქვეყანა: გერმანია

წარსულში: ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში, ქალაქ გელზენკირხსენში, სადაც ქვანახშირის საბადოები მოიპოვებოდა. მამაჩემი იეჰოვას მოწმე იყო. დედას არ უნდოდა, რომ მე, ჩემი ძმა და ორი და მამის რწმენით აღვზრდილიყავით. მამა დღეში ათ საათს, ან უფრო მეტს მუშაობდა სატვირთო მანქანაზე. ხშირად ის დილის ორ-სამ საათზე იწყებდა მუშაობას. ყველაფრის მიუხედავად, მამა მაინც ზრუნავდა ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე. მაგრამ მე ამას არ ვაფასებდი.

თხუთმეტი წლის რომ გავხდი, მომწყინდა კრებებზე სიარული და მამას ვუთხარი, რომ იქ აღარ წავიდოდი. ერთი წლის შემდეგ კრივზე მივედი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისეთ ცხოვრებას ვეწეოდი, რომ მამას ლამის თმა გავუთეთრე. 18 წლისა სახლიდან წამოვედი.

სპორტმა ძალიან გამიტაცა. კვირაში ექვს დღეს ვვარჯიშობდი ჯერ კრივში, მერე სიმძიმეების აწევაში. შაბათ-კვირას ჩემს მეგობრებთან ერთად ღამის კლუბებში დავდიოდი. ერთხელ ჩხუბი მომივიდა ერთ კაცთან, რომელსაც ადვილად გავუსწორდი. კლუბის მეპატრონემ ეს რომ დაინახა, ჩემთან მოვიდა და დაცვაში მუშაობა შემომთავაზა; მითხრა, რომ კარგად გადამიხდიდა. მეც დავთანხმდი.

ყოველ შაბათ-კვირას კლუბის შესასვლელთან ვდგებოდი და მე ვწყვეტდი, ვინ შემეშვა და ვინ — არა. კლუბში 1000-მდე კაცი იყრიდა თავს, ამიტომ ძალიან დაკავებული ვიყავი. იქ ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავი იყო. იარაღებითა და გატეხილი ბოთლებით მემუქრებოდნენ. ზოგი, ვისაც კლუბში არ ვუშვებდი ან კლუბიდან ვაგდებდი, შურისძიების მიზნით გარეთ მელოდებოდა. მაშინ 20 წლის ვიყავი და თავი უძლეველი მეგონა. სინამდვილეში თავშეუკავებელი, აგრესიული, ამაყი, ამბიციური და ჯიუტი ვიყავი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: მამაჩემს ჩემზე ხელი არასოდეს ჩაუქნევია. ის ყოველთვის მიგზავნიდა „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. * ოთახი ჟურნალებით მქონდა სავსე, მაგრამ არ ვკითხულობდი. ერთხელაც ხელში რამდენიმე ჟურნალი ავიღე და გადავათვალიერე. იქ წავიკითხე, რომ დღევანდელი პოლიტიკური, კომერციული და რელიგიური სისტემა განადგურდებოდა. მაშინვე ჩემს დას დავურეკე. ის და მისი მეუღლე იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი.

გალატელების 6:7-ში ჩაწერილმა პრინციპმა აღმძრა, ცხოვრება შემეცვალა. გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ ჩემი დღევანდელი სიტყვები, საქციელი და გადაწყვეტილება ხვალინდელ დღეზე მოახდენდა გავლენას. ძალიან გამამხნევა ესაიას 1:18-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, — ამბობს იეჰოვა. — ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“. ეს მუხლი შესწავლის დასაწყისშივე დამეხმარა, თავი უღირსად არ მეგრძნო და არ მეფიქრა, რომ იეჰოვა არ მიმიღებდა.

ექვს თვეში დრამატული ცვლილებები მოვახდინე, თუმცა ეს დიდი ბრძოლის ფასად დამიჯდა. უნდა მიმეტოვებინა გახრწნილი გარემო და ცუდი საზოგადოება. ამიტომ მეგობრებს ვუთხარი, რომ ბიბლიას ვსწავლობდი და ნასწავლს მათაც ვუყვებოდი. ისინი მღვდელს მეძახდნენ და თავს მარიდებდნენ. ჩემი დის დახმარებით სხვა, ჩემთვის შესაფერისი სამუშაო ვიშოვე.

კრებებზე სიარულიც დავიწყე იმ სამეფო დარბაზში, სადაც ჩემი და დადიოდა მეუღლესთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლიდან ის დარბაზი 30 კილომეტრით იყო დაშორებული. სამეფო დარბაზი ჩემს სახლთანაც იყო ახლოს, მაგრამ მეშინოდა სადმე იმ ხალხს არ შევხვედროდი, ვინც ბავშვობიდან მიცნობდა. ჩემს უბანში კარდაკარ ქადაგებასაც ვერიდებოდი, რადგან ვშიშობდი, ისეთ ვინმეს არ გადავყროდი, ვინც კლუბიდან მყავდა გაგდებული ან ვისთვისაც ნარკოტიკები მქონდა მიცემული. სპორტმა ერთი კარგი რამ მასწავლა — ყველაზე რთულად შესასრულებელი ვარჯიშები, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ როცა მქადაგებლისთვის აუცილებელი მოთხოვნები დავაკმაყოფილე, შემართებით დავიწყე ქადაგება.

კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ კითხვა და სწავლა არ მიყვარდა. მაგრამ ვიცოდი, ძლიერი რწმენა რომ მქონოდა, ბიბლიური ჭეშმარიტების სიღრმეები უნდა მეკვლია. მივხვდი, რომ როგორც სიმძიმეების აწევას, ძლიერი რწმენის განვითარებასაც ძალისხმევა სჭირდება.

კურთხევები: დღეს ცოცხალი ვარ! თავს დღემდე ვაკონტროლებ, რომ სისუსტეებმა არ დამჯაბნოს. ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომელიც ბრწყინვალე ქრისტიანული თვისებებით გამოირჩევა. იეჰოვას მოწმეებს შორის ნამდვილი მეგობრები შევიძინე, რომლებსაც ბოლომდე ვენდობი. მამაჩემი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. ის ბედნიერი იყო, რომ შვილი დაუბრუნდა.

[სქოლიო]

^ აბზ. 34 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.