არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვაა ჩვენი უზენაესი უფალი!

იეჰოვაა ჩვენი უზენაესი უფალი!

იეჰოვაა ჩვენი უზენაესი უფალი!

„უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28).

1. რას შეადარა პავლე მოციქულმა ქვეყნიერება, როგორც ამას 1 კორინთელების 7:31-ში ვკითხულობთ?

„ცვალებადია ქვეყნიერების სცენა“, — თქვა მოციქულმა პავლემ (1 კორ. 7:31, სქოლიო). როგორც ჩანს, მან ეს ქვეყნიერება შეადარა სცენას, სადაც მსახიობები დრამაში მონაწილეობენ. სცენაზე გამუდმებით ცვლიან ერთმანეთს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები.

2, 3. ა) რას შეიძლება შევადაროთ ის, რომ იეჰოვას უზენაესი მმართველობა სრულად არ ვრცელდება მთელ სამყაროში? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

2 დღეს მსოფლიოში მოვლენები დრამატული სიუჟეტით ვითარდება. ეს დრამა, რომელშიც შენც მონაწილეობ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა. სწორედ დღეს უნდა გამართლდეს იეჰოვას უზენაესობა. მსგავსი „სიუჟეტით“ შეიძლება ვითარდებოდეს მოვლენები ქვეყანაში, სადაც არსებობს კანონიერი მთავრობა, რომელსაც სურს თავის სახელმწიფოში იყოს წესრიგი, მაგრამ მას წინ ეღობება კრიმინალური სამყარო. თაღლითები, მოძალადეები და მკვლელები ცდილობენ, ხელთ იგდონ მართვის სადავეები, რითაც ხელს უშლიან მთავრობის სრულფასოვან ფუნქციონირებას და მოქალაქეებსაც მთავრობის მიერ დაწესებული კანონების დარღვევისკენ უბიძგებენ.

3 იგივე ხდება მთელ სამყაროში. სამყაროს მართვის კანონიერი უფლება მხოლოდ „უზენაეს უფალ იეჰოვას“ აქვს (ფსალმ. 71:5). მაგრამ მთელი მსოფლიო კრიმინალური სამყაროს ხელშია, რომელსაც ბოროტი მართავს (1 იოან. 5:19). იგი ეჭვქვეშ აყენებს ღვთის კანონიერ უფლებას, იყოს უზენაესი მმართველი, ხოლო ხალხს უზენაესი უფლის მმართველობის წინააღმდეგ განაწყობს და ორგულობისკენ უბიძგებს. რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა? რატომ უშვებს ღმერთი ამას? რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს?

დრამის ძირითადი სიუჟეტი

4. რომელი ორი საკვანძო საკითხი გასდევს დრამის სიუჟეტს?

4 დრამის სიუჟეტს ორი საკვანძო საკითხი გასდევს: იეჰოვას უზენაესობა და ადამიანთა ერთგულება. საღვთო წერილში იეჰოვას ხშირად ეწოდება „უზენაესი უფალი“. ფსალმუნმომღერალი, რომელიც ბოლომდე ენდობოდა იეჰოვას, მღეროდა: „უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28). „უზენაესობა“ აღმატებულ ძალაუფლებას ნიშნავს. შესაბამისად, უზენაესი მმართველი აღმატებულ ძალაუფლებას ფლობს. აქედან გამომდინარე, იეჰოვა ღმერთს სრული უფლება აქვს, იყოს უზენაესი მმართველი (დან. 7:22).

5. რატომ უნდა ვაღიაროთ იეჰოვა უზენაეს უფლად?

5 იეჰოვა ღმერთი, ჩვენი შემოქმედი არის მთელი დედამიწისა და სამყაროს უზენაესი მმართველი (წაიკითხეთ გამოცხადების 4:11 ). გარდა ამისა, იეჰოვა არის ჩვენი მოსამართლე, წესების დამდგენი და მეფე (ეს. 33:22). ჩვენ ღვთის გარეშე ვერ ვიარსებებთ, რადგან მან შეგვქმნა. სწორედ ამიტომ უნდა ვაღიაროთ იგი უზენაეს უფლად. თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ „იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება“, ყოველთვის ვაღიარებთ მას ყველაზე აღმატებულ მმართველად (ფსალმ. 103:19; საქ. 4:24).

6. რას ნიშნავს უმწიკვლობა?

6 იეჰოვას უზენაესობას რომ მხარი დავუჭიროთ, უნდა ვიყოთ უმწიკვლონი და დავრჩეთ მისი ერთგულნი. „უმწიკვლობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს ზნეობრივ სისუფთავეს ან სისრულეს. უმწიკვლო ადამიანი არის ერთგული და მართალი. ღვთის მსახური იობი სწორედ ასეთი კაცი იყო (იობ. 1:1).

დრამის დასაწყისი

7, 8. როგორ დააყენა სატანამ ეჭვქვეშ უზენაესი უფლის, იეჰოვას მმართველობა?

7 ერთმა სულიერმა ქმნილებამ, 6 000-ზე მეტი წლის წინათ, ეჭვქვეშ დააყენა უზენაესი უფლის, იეჰოვას მმართველობა. ამ ურჩ და ეგოისტ ქმნილებას დაუძლეველი სურვილი ჰქონდა, მისთვის ეცათ თაყვანი. სწორედ ამიტომ მის სიტყვებსა და ქმედებებს სარჩულად საკუთარი თავის განდიდების დაუცხრომელი სურვილი ედო. მან შეცდომაში შეიყვანა პირველი ადამიანები, ადამი და ევა და ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ აამხედრა. ის ამტკიცებდა, რომ იეჰოვა მატყუარა იყო და ამით ჩირქი მოსცხო მის სახელს (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5 ). ეს ურჩი ქმნილება გახდა ღვთის მთავარი მეტოქე, სატანა (მოწინააღმდეგე), ეშმაკი (ცილისმწამებელი), გველი (ცრუ) და დრაკონი (შთამნთქმელი) (გამოცხ. 12:9).

8 სატანა ღმერთს დაუპირისპირდა და საკუთარი თავი მმართველად გამოაცხადა. როგორ გადაჭრიდა უზენაესი უფალი იეჰოვა ამ პრობლემას? მაშინვე გაანადგურებდა ურჩ სატანას, ადამსა და ევას? მას საამისოდ ნამდვილად ჰქონდა ძალა და თუ ასეთ ზომას მიიღებდა, დაამტკიცებდა, რომ აღმატებულ ძალას ფლობდა. გარდა ამისა, თუ იეჰოვა თავისი კანონის დამრღვევებს დაუყოვნებლივ დასჯიდა, ეს იმას დაადასტურებდა, რომ იეჰოვა თავისი სიტყვის შემსრულებელია. რატომ არ დასაჯა ღმერთმა ეს სამი ურჩი ქმნილება?

9. რას ამტკიცებდა სატანა?

9 სატანის მტკიცებით, იეჰოვას არ ჰქონდა უფლება, ადამიანებისგან მორჩილება მოეთხოვა, რადგან მან შეძლო, ადამი და ევა მოეტყუებინა და ღვთის წინააღმდეგ განეწყო. უფრო მეტიც, სატანამ ყველა გონიერი ქმნილების ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. როგორც იეჰოვას ერთგული მსახურის იობის შემთხვევიდან გამოჩნდა, სატანა ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანს ჩამოაშორებდა ღმერთს (იობ. 2:1—5).

10. რისი უფლება მისცა ღმერთმა სატანას, როცა თავისი უზენაესობის გასამართლებლად დაუყოვნებლივ არ მიიღო ზომები?

10 იეჰოვას თავისი უზენაესობა რომ გაემართლებინა, დაუყოვნებლივ არ მიუღია ზომები. მან სატანას დრო მისცა, რომ დაემტკიცებინა თავისი „სიმართლე“. ღმერთმა აგრეთვე ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ერთგულება გამოევლინათ მისდამი და მხარი დაეჭირათ მისი უზენაესობისთვის. საუკუნეების გასვლის შემდეგ სატანის მმართველობის შედეგად შეიქმნა ძლევამოსილი კრიმინალური სამყარო. იეჰოვა საბოლოოდ გაანადგურებს ეშმაკსა და მის მიერ შექმნილ კრიმინალურ სამყაროს, რითაც ყველას დაუმტკიცებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია იყოს, უზენაესი მმართველი. იეჰოვა ღმერთი იმდენად დარწმუნებული იყო იმაში, რომ თავის უზენაესობას გაამართლებდა, რომ ამის შესახებ ედემში გამოვლენილი ურჩობისთანავე იწინასწარმეტყველა (დაბ. 3:15).

11. რას აკეთებს ღვთის ბევრი ერთგული მსახური იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად?

11 ბევრმა რწმენა გამოავლინა იეჰოვას მიმართ და მისი ერთგული დარჩა. მათ მხარი დაუჭირეს იეჰოვას უზენაესობას და მისი სახელის განწმენდაში მიიღეს მონაწილეობა. ესენი იყვნენ აბელი, ენოქი, ნოე, აბრაამი, სარა, მოსე, რუთი, დავითი, იესო ქრისტე და მისი პირველი მოწაფეები; დღეს მათ რიგებს მილიონობით ღვთის ერთგული მსახური უერთდება. ისინი, ვინც მხარს უჭერენ იეჰოვას უზენაესობას, ამტკიცებენ, რომ სატანა მატყუარაა. ეს ერთგული მსახურები აგრეთვე აბათილებენ ეშმაკის მტკიცებას, რომ ყველას ჩამოაშორებს ღმერთს, და ამით იეჰოვას სახელის განწმენდაში იღებენ მონაწილეობას (იგავ. 27:11).

დრამის დასასრული

12. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა უსასრულოდ არ მოითმენს ბოროტებას?

12 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მალე გაამართლებს თავის უზენაესობას. ის უსასრულოდ არ მოითმენს ბოროტებას. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. იეჰოვამ განაჩენი გამოუტანა ბოროტ ქვეყნიერებას, როცა წარღვნით გაანადგურა. მან სოდომი და გომორა, ასევე ფარაონი და მისი ჯარი აღგავა მიწის პირისაგან. სისერა და მისი ჯარი, ასურეთის მეფე სინახერიბი და მისი ლაშქარიც სრულიად უძლურნი აღმოჩნდნენ უზენაესის წინაშე (დაბ. 7:1, 23; 19:24, 25; გამ. 14:30, 31; მსაჯ. 4:15, 16; 2 მეფ. 19:35, 36). ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა ღმერთი მარადიულად არ შეიწყნარებს თავისი სახელისა და თავისი ერთგული მსახურების შეურაცხყოფას. გარდა ამისა, ჩვენ დღეს აშკარად ვხედავთ იესოს მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს (მათ. 24:3).

13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავნადგურდეთ იეჰოვას მტრებთან ერთად?

13 ღვთის მტრებთან ერთად რომ არ გავნადგურდეთ, იეჰოვას უზენაესობას მხარი უნდა დავუჭიროთ, დავრჩეთ მისი ერთგულნი და შევინარჩუნოთ უმწიკვლობა. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ სატანის მიერ ჩამოყალიბებულ კრიმინალურ მმართველობას არ ვაღიარებთ და არ მოვექცევით სატანის ქვეყნიერების წამყვანი ძალების გავლენაში (ეს. 52:11; იოან. 17:16; საქ. 5:29). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავამართლებთ ჩვენი ზეციერი მამის უზენაესობას და გვექნება გადარჩენის იმედი, როცა იეჰოვა განწმენდს თავის სახელს და დაამტკიცებს, რომ სამყაროს უზენაესი მმართველია.

14. რას ვიგებთ ბიბლიის ფურცლებიდან?

14 იეჰოვას უზენაესობისა და კაცობრიობის ერთგულების საკითხი მთელ ბიბლიას გასდევს. ბიბლიის პირველი წიგნის „დაბადების“ პირველ სამ თავში მოთხრობილია, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და როგორ გახდა ადამიანი ცოდვის მონა მაშინ, როცა ბოლო წიგნის „გამოცხადების“ ბოლო სამ თავში საუბარია იმაზე, თუ როგორ დაიბრუნებს კაცობრიობა ყოველივეს, რაც ცოდვის შედეგად დაკარგა. ბიბლიის ფურცლებზე დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ მოიყვანს სისრულეში უზენაესი უფალი იეჰოვა თავის განზრახვას, რომელიც კაცობრიობას, დედამიწას და მთელ სამყაროს ეხება. წიგნ „დაბადებაში“ ნაჩვენებია, როგორ მოიკიდა ფეხი მსოფლიოში ბოროტებამ სატანის წაქეზებით, მაგრამ „გამოცხადების“ ბოლო ნაწილი გვიმჟღავნებს, თუ როგორ მოისპობა ბოროტება და მისი სულისჩამდგმელი სატანა ეშმაკი და როგორ შესრულდება ღვთის ნება მთელ დედამიწაზე, როგორც ეს ზეცაში მოხდა. ბიბლიაში ახსნილია ცოდვისა და სიკვდილის ნამდვილი მიზეზი და ნაჩვენებია, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ქვეყნიერების სცენიდან“ გაქრება ცოდვა და სიკვდილი და ღვთის ერთგულნი მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ.

15. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდეს ღვთის უზენაესობისადმი მიძღვნილი დრამა?

15 მალე ქვეყნიერების სცენა სრულიად შეიცვლება. ცოტაც და ფარდა დაეშვება და ღვთის უზენაესობისადმი მიძღვნილი საუკუნოვანი დრამა დასრულდება. სატანას ქვეყნიერების სცენის დატოვება მოუწევს, რაც მას საბოლოო განადგურებამდე მიიყვანს. მაშინ ღმერთი გახდება მთელი სამყაროს მმართველი. მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს ჩვენი თვალით ვიხილოთ და ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კურთხევები მივიღოთ, ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი იეჰოვას უზენაესობას. ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალურები. თუ გვინდა, რომ ‘იეჰოვა ჩვენ გვერდით’ იყოს, ჩვენც უნდა დავდგეთ მის მხარეს! (ფსალმ. 118:6, 7).

ჩვენ შევძლებთ ერთგულების შენარჩუნებას!

16. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ შევძლებთ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას?

16 ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას, შევინარჩუნოთ უმწიკვლობა და დავრჩეთ მისი ერთგული. პავლე მოციქულმა დაწერა: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა, თანაც ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორ. 10:13). პავლეს სიტყვების თანახმად, რის გამო შეიძლება ვცდუნდეთ, და რა გამოსავალს მოგვცემს ღმერთი?

1719. ა) რა ცდუნებებს აჰყვა ისრაელი უდაბნოში? ბ) რატომ შეგვიძლია დავრჩეთ იეჰოვას ერთგული?

17 როგორც უდაბნოში მოხეტიალე ისრაელის შემთხვევებიდან გამოჩნდა, შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ღვთისადმი ჩვენი ერთგულება გამოიცდება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:6—10). ისრაელებს შეეძლოთ გაეძლოთ ცდუნებისთვის, მაგრამ ‘ბოროტი მოისურვეს’, როცა იეჰოვამ სასწაულებრივად მისცა მათ ერთი თვის სამყოფი მწყერი. რაღაც პერიოდი ხალხს არ ჰქონდა ხორცი, მაგრამ ღმერთმა ისინი მოამარაგა საკმაო რაოდენობის მანანით. მიუხედავად ამისა, ისრაელებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას; ისინი სიხარბემ შეიპყრო და მთელი დღე და ღამე მწყერს აგროვებდნენ (რიცხ. 11:19, 20, 31—35).

18 უფრო ადრე, სანამ ღმერთი მოსეს სინას მთაზე კანონს გადასცემდა, ისრაელი კერპთაყვანისმცემლობაში ჩაება. მათ დაიწყეს ხბოს თაყვანისცემა და ცეკვა-თამაში გამართეს. საკმარისი იყო, გვერდით არ ჰყოლოდათ თავიანთი წინამძღოლი, რომ ისრაელები მაშინვე ცდუნებას აჰყვნენ (გამ. 32:1, 6). აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ათასობით ისრაელი მოხიბლა მოაბელმა ქალებმა, რომლებთანაც უზნეობა ჩაიდინეს. ამ დროს ათასობით ისრაელი დაიხოცა (რიცხ. 25:1, 9). დროდადრო ისინი იწყებდნენ დრტვინვას. ერთხელ მათ მოსეს და თვით ღვთის წინააღმდეგ დაიწყეს დრტვინვა (რიცხ. 21:5). ისრაელმა მას შემდეგაც დაიწყო დრტვინვა, როცა ბოროტი კორახი, დათანი, აბირამი და მათი თანამზრახველები განადგურდნენ. მათ თვალში ეს უსამართლობა იყო. შედეგად, 14 700 ისრაელი ღმერთმა სიკვდილით დასაჯა (რიცხ. 16:41, 49).

19 არც ერთი ცდუნება, რომელთა წინაშეც ისრაელი დადგა, არ იყო ისეთი გაუსაძლისი, რომ ვერ დაეძლიათ. ხალხი იმიტომ აჰყვა ამ ცდუნებებს, რომ დაკარგეს რწმენა და დაივიწყეს იეჰოვა, მის მიერ გამოვლენილი სიყვარული, მზრუნველობა და სამართლიანობა. ისრაელის მაგალითი გვანახვებს, რომ ცდუნებები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, ყველა ადამიანს ხვდება. თუ მთელი ძალით შევეწინააღმდეგებით ცდუნებას და იეჰოვას მივენდობით, შევინარჩუნებთ მისადმი ერთგულებას. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ცდუნებას“, რომელიც ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს და არ დაუშვებს, ისეთი განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდეთ, რომელსაც ვერ გადავიტანთ (ფსალმ. 94:14).

20, 21. რა გამოსავალს გვაძლევს იეჰოვა განსაცდელის დროს?

20 იეჰოვა განსაცდელების დროს გაგვაძლიერებს და „გამოსავალსაც მოგვცემს“. მაგალითად, მოწინააღმდეგეები შეიძლება ფიზიკურადაც შეგვეხონ იმ მიზნით, რომ რწმენაზე უარი გვათქმევინონ. ასეთი მოპყრობის დროს შესაძლოა კომპრომისზე წავიდეთ, რომ თავი დავაღწიოთ ცემას, წამებას და სიკვდილსაც კი. 1 კორინთელების 10:13-ში მოცემული ღვთის შთაგონებით დაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ასეთი განსაცდელები დროებითია. იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადოთ. იგი რწმენას განგვიმტკიცებს და სულიერად გაგვაძლიერებს, რომ შევძლოთ ერთგულების შენარჩუნება.

21 იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვაძლიერებს. სწორედ წმინდა სული გვეხმარება, ბიბლიიდან გავიხსენოთ ის აზრები, რაც ცდუნების დასაძლევად ძალას მოგვცემს (იოან. 14:26). ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, განვაგრძოთ სწორი გზით სიარული. ჩვენ ყოველთვის მხედველობაში გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად ერთგულების შენარჩუნება. ბიბლიიდან მიღებული ცოდნა ბევრს დაეხმარა, სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩენილიყო. მაგრამ ეს მათ საკუთარი ძალით კი არ შეძლეს, არამედ იეჰოვამ შეაძლებინა, რომ არ აჰყოლოდნენ ცდუნებას და ბოლომდე ღვთის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ღმერთი იმავეს გააკეთებს ჩვენს შემთხვევაშიც. იგი თავის ერთგულ ანგელოზებსაც იყენებს „იმათ მოსამსახურებლად . . . ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“ (ებრ. 1:14). მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რომ მხოლოდ ერთგულებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თვალით იხილონ, როგორ გაამართლებს იეჰოვა თავის უზენაესობას, და მარადიულად გაიხარონ. ჩვენც ვიქნებით მათ გვერდით, თუ უზენაესი უფლის, იეჰოვას ერთგულნი დავრჩებით!

როგორ უპასუხებთ?

• რატომ უნდა ვაღიაროთ იეჰოვა უზენაეს უფლად?

• რას ნიშნავს, დავრჩეთ ღვთის ერთგულნი?

• რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა მალე გაამართლებს თავის უზენაესობას?

1 კორინთელების 10:13-ის თანახმად, რატომ შეგვიძლია ერთგულების შენარჩუნება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 24 გვერდზე]

სატანამ აცდუნა ადამი და ევა და იეჰოვას წინააღმდეგ აამხედრა

[სურათი 26 გვერდზე]

ყოველთვის მზად იყავი იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად!