არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი სულიერ სამყაროში?

ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი სულიერ სამყაროში?

ვისთან უნდა დავამყაროთ კავშირი სულიერ სამყაროში?

ყოვლისშემძლე ღმერთმა სულიერ ქმნილებებს გარკვეული პასუხისმგებლობები მიანდო. მაგალითად, მან იესო ქრისტე დედამიწაზე მმართველობის უფლებით აღჭურვა და ერთგულ ანგელოზებს სასიხარულო ცნობის გაცხადების ხელმძღვანელობა დააკისრა (გამოცხადება 14:6). მაგრამ ლოცვების მოსმენა არავისთვის დაუვალებია. ლოცვებს მხოლოდ ღმერთი ისმენს.

იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (ფსალმუნი 65:2). ის ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს. ლოცვასთან დაკავშირებით მოციქულმა იოანემ თავის თანამსახურებს მისწერა: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის [ღმერთი] გვისმენს. უფრო მეტიც, თუ ვიცით, რომ რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს, ისიც ვიცით, რომ რაც ვითხოვეთ, გვექნება, რადგან ვთხოვეთ მას“ (1 იოანე 5:14, 15).

ღვთის ერთგულ ანგელოზებს არ სურთ, რომ მათთან დავამყაროთ კავშირი ან ლოცვით მივმართოთ. მათ ესმით, რომ ლოცვებს მხოლოდ იეჰოვა ისმენს და ისიც კარგად იციან, რომ იეჰოვა ლოცვებს ზოგჯერ მათი მეშვეობით პასუხობს. როგორ? მაგალითად, როცა ისრაელის განადგურებით შეწუხებული წინასწარმეტყველი დანიელი იეჰოვას ლოცვით მიმართავდა, ღმერთმა მის ლოცვას იმით უპასუხა, რომ ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა საიმედო ცნობით (დანიელი 9:3, 20—22).

გვიკავშირდებიან მიცვალებულები?

უნდა დავამყაროთ მიცვალებულებთან კავშირი? ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს ვითომდა გარდაცვლილის სულთან დაუმყარებია კავშირი. მაგალითად, ირლანდიაში მცხოვრებ ერთ ქალს დაუკავშირდა მედიუმი, რომელმაც უთხრა, რომ წინა ღამით მის ქმარს, ფრედს, ელაპარაკა. ფრედი რამდენიმე კვირის მკვდარი იყო. მედიუმმა ირლანდიელ ქალს ის მოუყვა, რაც მხოლოდ მან და ფრედმა იცოდნენ. რა ადვილი იქნებოდა ქალისთვის იმის დაჯერება, რომ ფრედი ცოცხალი იყო სულთა სამყაროში და მედიუმის მეშვეობით ცდილობდა მასთან დაკავშირებას. მაგრამ ასეთი შეხედულება აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლია გარკვევით ამბობს მკვდრების მდგომარეობაზე (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო).

მაშ, რით აიხსნება მსგავსი შემთხვევები? ერთ-ერთი იარაღი, რასაც დემონები ადამიანების მოსატყუებლად იყენებენ ის არის, რომ თავს მიცვალებულთა სულებად ასაღებენ. ასე იყო ფრედის შემთხვევაშიც. რა მიზნით აკეთებენ ამას დემონები? ადამიანებს ბიბლიური სწავლებებიდან რომ გადაახვევინონ და იეჰოვასადმი რწმენა და ნდობა შეუსუსტონ. უდავოდ, სატანასა და დემონებს შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები „ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით მათთვის, ვინც დაღუპვას იღებს“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).

მართლაც, არსებობენ მედიუმები და ის ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ მედიუმებს ნამდვილად შეუძლიათ გარდაცვლილის სულთან დაკავშირება. სინამდვილეში, ისინი კავშირს მიცვალებულების სულებთან კი არ ამყარებენ, არამედ იმ სულებთან, რომლებიც იეჰოვას მტრობენ. მსგავსად ამისა, ბევრს ჰგონია, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, მაგრამ ასეთები ცდებიან. ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა სერიოზული გაფრთხილება დაწერა: „ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს“ (1 კორინთელები 10:20, 21).

როცა ვიცით, რომ შეგვიძლია ლოცვით მოსიყვარულე და მზრუნველ უზენაეს ღმერთს მივმართოთ, რატომღა უნდა აღვუვლინოთ ლოცვები სხვებს? ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9).

[ჩანართი 9 გვერდზე]

როცა ვიცით, რომ შეგვიძლია ლოცვით მოსიყვარულე და მზრუნველ უზენაეს ღმერთს მივმართოთ, რატომღა უნდა აღვუვლინოთ ლოცვები სხვებს?

[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

სიმართლე და სიცრუე

სიმართლე: სატანა რეალური პიროვნებაა

„თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14).

„იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).

„შემცოდველი ეშმაკისგან არის, რადგან ეშმაკი დასაბამიდან სცოდავს“ (1 იოანე 3:8).

„დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).

„ის [ეშმაკი] თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).

სიცრუე: სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი ზეცაში აგრძელებს ცხოვრებას

„პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19).

„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

„ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10).

„ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4).

სიმართლე: ღვთის ერთგული ანგელოზები ზრუნავენ ჩვენზე

„იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფსალმუნები 34:7; 91:11).

„განა ყველანი [ანგელოზები] მომსახურე სულები არ არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრაელები 1:14).

«ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“» (გამოცხადება 14:6, 7).

სიცრუე: იესო ღვთის თანასწორია

„მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3).

„როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:28).

„ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს“ (იოანე 5:19).